ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები

-შეგნებული გადაცდომები ადამიანის "ტვინის სიკვდილის" დიაგნოსტიკისას, რით ვიხელმძღვანელოთ დონორის ორგანოების სამართლიანად გადასანაწილებლად? ამ და სხვა კითხვებზე მაკა დანელია, მედიცინის დოქტორი, "ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების" მოდულის ხელმძღვანელი გვიპასუხებს.

  • უმთავრესად რა ეთიკური პრობლემები იჩენს თავს ტრანსპლანტაციასთან მიმართებით?

- ტრანსპლანტოლოგიაში თავჩენილი ეთიკური პრობლემები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

პირველი ეხება ტრანსპლანტოლოგიურ ოპერაციებთან დაკავშირებულ კომერციულ ურთიერთობებს;

მეორე დაკავშირებულია „ტვინის სიკვდილის" კრიტერიუმებით ადამიანის სიკვდილის კონსტატაციასთან;

მესამე საკითხია გვამის ან ცოცხალი დონორის ორგანოს ექსპლანტაცია-ამოღება;

მეოთხე უკავშირდება უკვე არსებული დონორის ორგანოების რეციპიენტებზე გადანაწილებას.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კომერცია მედიცინის ამ დარგში ღრმად არის შეჭრილი.

- ცნობილია, რომ დონორი ორგანოების ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით. როდესაც საუბარია ორგანოს გადანერგვის ოპერაციის ფასზე, საქმე ეხება არა თვით ორგანოს საფასურს, არამედ ქირურგის, სხვა სამედიცინო პერსონალის ჰონორარს, წამლებისა და სამედიცინო აპარატურის ღირებულებას.

ადამიანი არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ადამიანის მიზნის მისაღწევ საშუალებად. ვინაიდან ორგანო და ქსოვილი ადამიანის ორგანიზმის ნაწილებია, მათ არ უნდა ჰქონდეთ საბაზრო ეკვივალენტი და არ უნდა წარმოადგენდნენ ყიდვა-გაყიდვის საგანს.

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქმედობაუნარიან პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოს აღებაზე. თანხმობის ან უარის ნებაყოფლობითობა გულისხმობს პირის თავისუფლებას გადაწყვეტილების მიღებისას.

ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მათ შორის ორგანოს გაცემაზე, თანხმობა ნებაყოფლობითად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ პირი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისაგან. თუ ადამიანი თანახმაა გასცეს ორგანო სხვისთვის გადასანერგად განსაზღვრული საფასურის მიღების პირობით (მატერალური დაინტერესება) ან რაიმე სხვა გარემოების გამო (ფსიქოლოგიური ზეწოლა, სამსახურებრივი ინტერესები, მსჯავრდადებულისთვის სასჯელის შემსუბუქების დაპირება და სხვა), ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად, ხოლო თანხმობა - ნებაყოფლობითად. აქედან გამომდინარე, ნებაყოფლობითი თანხმობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავისუფალი თანხმობის სინონიმად. ამ შემთხვევაშიც აუცილებელი პირობაა პაციენტის ქმედობაუნარიანობა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, აგრეთვე - ის გარემოება, გაითვალისწინა თუ არა სამედიცინო პერსონალმა პაციენტის ინტელექტუალური დონე და მიაწოდა თუ არა ინფორმაცია მისთვის გასაგები ენით, სრულად და ამომწურავად.

ამრიგად, სამედიცინო ჩარევაზე, მათ შორის - ორგანოს აღებაზე, თანხმობის ან უარის ნებაყოფლობითობის/თავისუფლების აუცილებელი პირობებია:

  • პაციენტის ქმედობაუნარიანობა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება მისთვის გასაგები ენითა და ტერმინოლოგიით, ისე, რომ პაციენტმა სათანადოდ აღიქვას მიწოდებული ინფორმაცია;
  • ისეთ გარემოებათა არარსებობა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ პაციენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მათ შორის - მატერიალური დაინტერესებისა.

ტრანსპლანტაციის ნებაყოფლობითობის აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს კანონიც ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. სახელდობრ, აქ ნათქვამია, რომ ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევისა და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია.

იგივე პრინციპი - ნებაყოფლობითობა - ასახულია იმავე კანონის 115-ე მუხლში, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება; თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედობაუნარიანია.

დაუშვებელია პიროვნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.


  • რამდენად მნიშვნელოვანია ორგანოთა გადანერგვის სისტემაში გვამური ორგანოების გამოყენება?

- უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

ა) ცოცხალი დონორისგან ამა თუ იმ ორგანოს აღება ყოველთვის დაკავშირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის განსაზღვრულ რისკთან; აღწერილია შემთხვევები, როდესაც დონორი დაიღუპა საოპერაციო მაგიდაზე ან ოპერაციის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ;

ბ) მხოლოდ ცოცხალი დონორისგან მიღებული ორგანოები არასოდეს იქნება საკმარისი ორგანოებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამიტომ ქვეყნები, სადაც მკურნალობის ეს მეთოდი შედარებით ფართოდ არის დანერგილი, მნიშვნელოვან რესურსებს იყენებენ გვამური ორგანოების მოძიების შესაძლებლობის გასაზრდელად. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ არის დაკმაყოფილებული გადასანერგ ორგანოებზე არსებული მოთხოვნა, თუმცაღა გვამური ორგანოების გამოყენებამ გადანერგვების რაოდენობა მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაზარდა.

პოტენციური გვამური დონორების დიდი ნაწილი უბედური შემთხვევის ან ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების გამო იღუპება. ასეთ დროს დასტურდება ტვინის სიკვდილი, თუმცა, იმავე დროს, გრძელდება გულისცემა და სუნთქვა ხელოვნური ვენტილაციის წყალობით, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელდება შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებაც. ამდენად, ორგანო ფუნქციურად ვარგისია, რაც დადებით გავლენას ახდენს გადანერგვის შემთხვევაში ტრანსპლანტანტის ფუნქციობის ხანგრძლივობაზე.

საქართველოში თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმები 2000 წელს შემუშავდა, ხოლო ცნება მის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 1997 წლიდანაა ჩადებული. თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმი გულისხმობს მის დადასტურებას ორჯერ, მინიმუმ 12-საათიანი ინტერვალით, კლინიკური გასინჯვისა და ინსტრუმენტული გამოკვლევის (ეეგ-ს ან ტრანსკრანიალური დოპლერის) საფუძველზე.

  • საქართველოს კანონმდებლობა როგორ არეგულირებს გარდაცვლილის ორგანოს აღებას?

- გადანერგვის მიზნით გარდაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში განცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, შეიძლება, თუ:

ა) არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ მრწამსს, მის ეთიკურ პრინციპებს;

ბ) ამ კანონში ჩამოთვლილ პირთაგან მოცემული რიგითობის მიხედვით უპირატესი უფლების მქონე პირი თანახმაა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე.

1. გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედობაუნარიან პირებს:

ა) მეუღლეს;

ბ) შვილს;

გ) მშობელს;

დ) შვილიშვილს, შვილიშვილის შვილს;

ე) ძმას, დას;

ვ) ძმისწულს, დისწულს;

ზ) ბებიას, პაპას;

თ) ბიძას, დეიდას, მამიდას;

ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.

2. თუ გარდაცვლილს დარჩა თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავი, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.

3. ზემოთ დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის (არ არიან) ან შეუძლებელია მისგან (მათგან) პასუხის მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში.

  • როგორ ხდება უკვე არსებული დონორის ორგანოების განაწილება?

- ძირითადი კრიტერიუმია დონორ-რეციპიენტის წყვილის იმუნოლოგიური თავსებადობის ხარისხი. ამის შესაბამისად, ორგანო ეძლევა მას, ვისაც იგი უფრო მეტად შეესაბამება იმუნოლოგიური მაჩვენებლებით. იმ ადამიანის იმუნოლოგიური და ბიოლოგიური მონაცემები, რომელსაც ორგანოს გადანერგვა სჭირდება, შეაქვთ საინფორმაციო ბანკში. მეორე მხრივ, არსებობს დონორის ორგანოებისა და მათი იმუნოლოგიური მაჩვენებლების მონაცემთა ბაზა. ამ მონაცემებს აჯამებენ და ვისი პარამეტრებიც უფრო თავსებადია, იმ რეციპიენტს აძლევენ მოცემულ ორგანოს, რათა შემცირდეს ორგანოს მოცილების რეაქციის ალბათობა.

  • თუ ასეთი რამდენიმე რეციპიენტი აღმოჩნდა?

- ამ შემთხვევაში გადამწყვეტია რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ორგანო ეძლევა მას, ვისაც, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ნაკლებ ხანს შეუძლია ლოდინი.