გამოსხივების გამოყენება ფიზიოთერაპიაში

დამხმარე მოწყობილობათა მეშვეობით მიღებული სხვადასხვა სპექტრის სხივებითა თუ ელექტრომაგნიტური ველით წარმატებით მკურნალობენ მრავალ დაავადებას.
ფიზიოთერაპევტი ნაზი ჯეჯელავაიმაზე მოგვითხრობს, როგორ იყენებენ გამოსხივებას ფიზიოთერაპიაში, რომელ დაავადებათა მკურნალობაში ასრულებს ის მნიშვნელოვან როლს.
- ფიზიოთერაპიაში გამოიყენება ელექტრომაგნიტური და მაგნიტური გამოსხივება, ულტრაბგერა, სინათლის სხივები და ლაზერი.
- როდის იყენებთ ელექტრომაგნიტურ ველს?
- ელექტრომაგნიტური ველი გამოიყენება ისეთი ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს, როგორებიც არის ინდუქტოთერმია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით და მიკროტალღებით მკურნალობა.
ინდუქტოთერმია ელექტროთერაპიის მეთოდია, რომლის დროსაც ორგანიზმზე მოქმედებს მაღალი სიხშირის (13,65 მგჰერცი) მაგნიტური ველი. იგი ორგანიზმში 5-8 სმ სიღრმეზე იჭრება და წარმოქმნის სითბოს, სწორედ ამიტომ ეწოდება მეთოდს ინდუქტოთერმია: ინდუქტო - დამიზნება, თერმო - სითბო, ანუ პროცედურის დროს საჭირო ადგილას დამიზნებით წარმოიქმნება სითბური ეფექტი.
პაციენტებს ინდუქტოთერმია ხშირად ერევათ დიათერმიაში. ამ უკანასკნელის დროსაც წარმოიქმნება სითბო, მაგრამ ამ დროს ორგანიზმზე მოქმედებს მაღალი სიხშირის ცვლადი დენი, რომლის ტალღის სიგრძეა 184,6 მეტრი, ინდუქტოთერმიისას კი 22,13 მეტრის სიგრძის ტალღის მქონე ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს.
ულტრამაღალი სიხშირის ელექტროველით მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმი უწყვეტი ან იმპულსური ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას განიცდის. მიკროტალღებით მკურნალობისას ორგანიზმზე ვმოქმედებთ ელექტრომაგნიტური ტალღით, რომლის სიგრძე 100-დან 1 სმ-მდეა, მას ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ველსაც უწოდებენ. მისი ტალღები ორ ჯგუფად იყოფა: დეციმეტრულ და სანტიმეტრულ ტალღებად, ამიტომ განასხვავებენ დეციმეტრული და სანტიმეტრული ტალღებით მკურნალობის ტიპებს.
- როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი ადამიანზე?
- გარდა თერმულისა, ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას აქვს ექსტრათერმული ეფექტიც, ანუ წარმოიშობა დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც ველის მოქმედების არეში სწორხაზოვნად გადაადგილდება - ოსცილაციას იწყებს. პროცედურა ქსოვილებში 2-3 გრადუსით ზრდის ტემპერატურას, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებსაც კარგი ელექტროგამტარობა ახასიათებს: სისხლში, ლიმფაში.
ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებისას თავის ტვინსა და ნერვულ სისტემაში ძლიერდება შეკავების პროცესები, ფართოვდება სისხლძარღვები, იკლებს არტერიული წნევა.
ელექტრომაგნიტურ ველს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ქსოვილებზე ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს, განსაკუთრებით აქტიურია სითბოსადმი მგრძნობიარე - თერმოლაბილური - ბაქტერიების მიმართ. პროცედურათა შედეგად აქტიურდება ორგანიზმის იმუნოლოგიური ძალები, უმჯობესდება ფაგოციტური აქტივობა, იმატებს ფაგოციტების რაოდენობა.
ელექტრომაგნიტური ველი დადებით ძვრებს იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ნაღვლის დენას და მის გამოყოფას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს.
ცალკე აღსანიშნავია მიკროტალღების ზემოქმედება, რომელთა დეციმეტრული ტალღების სიგრძე 9 სმ-მდე აღწევს. ისინი ეცემა ადამიანის სხეულზე და შთაინთქმება ქსოვილების მიერ. მათი ენერგიის ნაწილი სითბურ ენერგიად გარდაიქმნება და სითბურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, ნაწილი კი ფიზიკურ-ქიმიურ ან ოსცილაციურ ეფექტს იწვევს - მათი ზემოქმედებით ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცილა ფუნქციებსა და თვისებებს იცვლის, ამის შედეგად კი წარმოიშობა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - კორტიკოსტეროიდული ჰორმონები, სეროტონინი და ჰისტამინი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დეციმეტრული ტალღების ზემოქმედებით უმჯობესდება გულის კუმშვითი ფუნქცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
სანტიმეტრული ტალღების ეფექტი ინფრაწითელი სხივების ეფექტის მსგავსია, ოღონდ, დეციმეტრული ტალღებისგან განსხვავებით, ისინი ორგანიზმში 2-3-ჯერ ნაკლებ სიღრმეზე იჭრება და ძირითადად კანის დონეზე მოქმედებს.
ელექტრომაგნიტური ველის ორგანიზმზე მოქმედების დადებითი ეფექტი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სწორად შერჩეული დოზირებით, რომელსაც პაციენტის მიერ სითბოს შეგრძნების მიხედვით ადგენენ. განასხვავებენ სუსტ, საშუალო და ძლიერ დოზებს. მკურნალობის კურსი ითვალისწინებს 10-15 პროცედურას, რომლებიც ყოველდღე ან დღეგამოშვებით ტარდება.
ელექტრომაგნიტური ველით მკურნალობენ ბრონქიტს, პნევმონიას, ბრონქულ ასთმას, გასტრიტს, ქოლეცისტიტს, ჰეპატიტს, გინეკოლოგიურ დაავადებებს, პროსტატიტს, ცისტიტს, ნეფრიტს, რევმატოიდულ ართრიტს, რადიკულიტს, ძვალ-სახსართა სისტემის სხვა დაავადებებს.
პროცედურის ჩატარება არ შეიძლება მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესების, ავთვისებიანი სიმსივნეების, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, ტუბერკულოზური პროცესის და თირეოტიქსიკოზის დროს.
- მაგნიტოთერაპიაზე რას გვეტყვით?
- მაგნიტოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს მუდმივი ან დაბალი სიხშირის მაგნიტური ველი, მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველისგან განსხვავებით, მაგნიტური ველების მოქმედების დროს სითბური ეფექტი პრაქტიკულად არ შეინიშნება. ფიზიოთერაპიაში იყენებენ მუდმივ, პულსირებად და ცვლად მაგნიტურ ველს. ორგანიზმზე მაგნიტური ველის მოქმედების მექანიზმი რთულია და ბოლომდე შეუსწავლელი. ცნობილია, რომ მისი მოქმედებით ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები იცვლება, ელექტრონები გადაადგილდება და გავლენას ახდენს წყალბადის კონცენტრაციაზე, სისხლის შედედების უნარსა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებზე. თიმუსზე, ელენთასა და ლიმფურ ჯირკვლებზე მაგნიტური ველის ზემოქმედებით იცვლება ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობა, სისხლში იმატებს ლიმფოციტებისა და იმუნოგლობულინების რაოდენობა.
მაგნიტურ ველს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ასტიმულირებს ქსოვილებში რეგენერაციულ პროცესებს. მას აქტიურად მიმართავენ პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიების დროს.