სტრესის გავლენა იმუნიტეტზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესის გავლენა იმუნიტეტზე

სტრესის დოქტრინის ფუძემდებელმა, ჰანს სელიემ, ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების მიმართულებაზე დამოკიდებულებით, შემოიტანა ცნებები „ეუსტრესი“ (პოზიტიური ანუ დადებითი სტრესი) და „დისტრესი“ (ნეგატიური ანუ უარყოფითი სტრესი).

  • სტრესის მოქმედების მექანიზმი იმუნურ სისტემაზე

იმუნიტეტი არის ორგანიზმის სენშეუვალობა, ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას გენეტიკურად უცხო ელემენტების (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და სხვა პათოგენები) შეღწევისგან, ასევე საკუთარი დაზიანებული უჯრედების ელიმინაციისგან (გამოყოფა-გათავისუფლებისაგან). იმუნური სისტემის სიძლიერე (სიმყარე) არ არის მუდმივი და შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის გავლენით შეიცვალოს.

სტრესის ზემოქმედებით გამოიყოფა ჰორმონები: კორტიკოსტეროიდები და კატექოლამინები, რომლებიც განსაზღვრავენ იმუნური სისტემის მდგომარეობას. ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფენ სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები). სწორედ ისინი კლავენ და შთანთქავენ უცხო უჯრედებს.

სტრესის დროს ლეიკოციტები სისხლიდან გადაინაცვლებენ კანში, როგორც შესაძლო დაზიანების ზონაში, რითაც იზრდება კანის იმუნიტეტი; ლეიკოციტების გადანაცვლება ხდება ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსებში, ღვიძლსა და ლიმფურ კვანძებში, ამავე დროს, მათი კონცენტრაცია მცირდება სისხლსა და ელენთაში, რაც ასუსტებს საერთო იმუნიტეტს. ლეიკოციტების გარდა, შეინიშნება იმუნური სისტემის სხვა სტრუქტურების გადანაწილებაც (B-ლიმფოციტები და T-ლიმფოციტები, ნეიტროფილები), რაც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას.

ამრიგად, ხანმოკლე სტრესი („ეუსტრესი“) დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის ფუნქციობაზე. მაგრამ სტრეს-ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებისას იმუნური სისტემის რეზერვები ამოიწურება და იმუნური სისტემა სუსტდება („დისტრესი“). გარდა ამისა, კორტიზოლის ხანგრძლივი ზემოქმედებისას იმუნური სისტემის უჯრედები მასობრივად იღუპება, რაც ამცირებს მის დამცავ ფუნქციას.

  • სუსტი იმუნიტეტის ნიშნები

სუსტ იმუნიტეტს არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები და მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმის სენშეუვალობის დაქვეითებაზე. მაგალითად, ჰერპესის ვირუსის გააქტიურება და გამონაყარის გამოჩენა ტუჩების ლორწოვანსა და სხვა უბნებზე იმუნური სისტემის დასუსტების მანიშნებელია. ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ხშირი ავადობა, ხანგრძლივი და არაეფექტური მკურნალობა სუსტი იმუნიტეტის გამო ორგანიზმის დაბალი წინააღმდეგობის მაჩვენებელია. ეს სისხლის ანალიზის შედეგებითაც დასტურდება.

იმუნიტეტის დასუსტების ფონზე თავს იჩენს ინფექციის „მიძინებული“ კერები, აქტიურდება ანთებითი პროცესები და ქრონიკული დაავადებები.

  • რა კავშირია სტრესსა და იმუნიტეტს შორის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს უცხო ცილების, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ლიმფოციტების დახმარებით. ლიმფოციტები ძირითადი იმუნური უჯრედებია, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აქვთ.

ეს უჯრედები ორგანიზმში მოძრაობენ ლიმფური და სისხლის ძარღვების მეშვეობით. ასევე შეიძლება კონცენტრირებული იყოს იმუნური სისტემის ორგანოებში:

  1. თიმუსში;
  2. ძვლის ტვინში;
  3. ელენთაში.

თითოეული ეს ორგანო ინერვირებულია, ანუ შეუძლია ნერვულ სისტემასთან ინფორმაციის გაცვლა და უცხო სხეულებზე რეაგირების აქტივობის შეცვლა სხვადასხვა სტიმულის გავლენით.

ზოგიერთი მეცნიერი იმუნურ სისტემას სენსორულ ორგანოს ან „მეექვსე გრძნობას“ უწოდებს, რადგან იმუნურ სისტემას უცხო ცილებიდან მომავალი გარკვეული სიგნალების აღქმის უნარი გააჩნია. ამ სიგნალების ინტენსივობას არეგულირებს თავის ტვინი, სტრესი კი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

  • როგორ მოქმედებს სტრესი იმუნური სისტემის მუშაობაზე?

ხანმოკლე და შედარებით სუსტი სტრესორი (სტრეს-ფაქტორი) დროებით ააქტიურებს იმუნური სისტემის ფუნქციებს:

  1. წარმოიქმნება მეტი ანტისხეულები;
  2. სტიმულირდება იმუნური სისტემის უჯრედების გამრავლების პროცესი და ა.შ.

თუმცა, ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებული მძიმე სტრესით (დისტრესით) საპირისპირო სურათი შეინიშნება. სტრესული მოვლენის მნიშვნელობა და პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ყველა ადამიანს აქვს სტრესის განსხვავებული ზღურბლი, მის მიმართ განსხვავებული წინააღმდეგობის უნარი და ქცევის სტრატეგიები.

სტრესზე რეაგირებას ნერვული და ენდოკრინული სისტემები ახორციელებს. კერძოდ, გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. ითვლებოდა, რომ მისი მაღალი დონე თრგუნავს იმუნურ სისტემას. მაგრამ ბოლო პერიოდში მეცნიერებმა მიიღეს ექსპერიმენტული მონაცემები, რომლებიც უარყოფენ ამ ჰიპოთეზას. ფაქტობრივად, დისტრესის დროს ირღვევა ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის ფუნქციური ურთიერთქმედება. ეს იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებას – პათოლოგიისა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად გრძნობს სისუსტეს, ხშირად ავადობს და სწრაფად იღლება.

ამ პათოლოგიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა დისტრესის შემცირება. ადამიანი უნდა შეეცადოს სტრესზე რეაქციის შერბილებას ფსიქოთერაპიის დახმარებით, იმუნური სისტემისთვის უარყოფითი შედეგების შემცირებას, საკმარისად მიიღოს ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელთა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა.

  • რატომ არის საშიში ჯანმრთელობისათვის ხანგრძლივი სტრესი? რას შეიძლება ეწოდოს ხანგრძლივი სტრესი?

ითვლება, რომ სტრესი არის უსიამოვნო მდგომარეობა, მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი, რომელსაც ყველანაირად უნდა ვერიდოთ. მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ორგანიზმი ახდენს მთელი ძალების მობილიზებას რომელიმე პრობლემის დასაძლევად, სტრესი ხდება დამხმარე: ორგანიზმი იწყებს გარკვეული ჰორმონების გამომუშავებას და ადამიანი ხშირად მოქმედებს საკუთარი შესაძლებლობების მიღმა. ამიტომ, სტრესი, როგორც ფსიქოფიზიკური რეაქციების კომპლექსი, ნორმას წარმოადგენს და სასარგებლოცაა.

პათოლოგიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც სტრესული რეაქციები ხშირად აღმოცენდება, თანაც არა გადაჭარბებულ სტიმულებზე, არამედ სრულიად ჩვეულებრივზე. დროთა განმავლობაში ეს პროცესი ქრონიკულ ხასიათს იძენს და მუდმივი ფსიქიკური გადაძაბვის გამო რამდენიმე თვეში ვითარდება. შედეგად შეიძლება განვითარდეს მძიმე ფსიქოპათოლოგიები – ნევროზი, დეპრესია და უფრო სერიოზული ფსიქიკური აშლილობა.

ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ადაპტაციის მექანიზმების მოშლა და ქრონიკული პათოლოგიების განვითარება: ნერვული სისტემის დაავადებების გარდა, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და იმუნოდეფიციტი.

  • როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ სტრესშია?

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის დაღლილობის ქრონიკული განცდა, სისუსტე, ცუდი ძილი და გამოუძინებლობა, ძილიანობა ანუ ძილის მუდმივი სურვილი, ასევე, მდგომარეობა, როცა ღამის მშვიდი ძილიც კი არ იძლევა ძალთა აღდგენისა და დასვენების განცდას. ჩნდება სოციალური კონტაქტების შემცირების სურვილი, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, რადგან გარშემომყოფები აღიზიანებენ. ჩნდება უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ, რომელიც გამოიხატება უიმედობითა (გამოუვალი მდგომარეობებით) და პანიკის შეტევებით.

ფიზიკურ ნიშნებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დარღვევა და ყაბზობა, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ვეგეტატური პრობლემები – სინათლის შიში, ხმაური და კანკალი.

ქრონიკული სტრესი და ჭარბი კორტიზოლი ანგრევს იმუნურ სისტემას, რაც ხდება გარკვეული დაავადებების, მათ შორის სიმსივნური და აუტოიმუნური პათოლოგიების განვითარების საფუძველი.

სტრესის დროს კუნთები მუდმივად დაძაბულია (დაჭიმულია): ამ გზით ორგანიზმი ცდილობს, შესაძლო დაზიანებებისაგან თავის დაცვას, რაც გამოწვეულია ადამიანის დაბნეულობა-გაფანტულობით. ამის გამოა, რომ სტრესს ხშირად თან ახლავს ტკივილი ხერხემლის კისრის არეში.

  • როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ხანგრძლივი სტრესის პირობებში

ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება და დამცავი ფუნქციის გაძლიერება, უპირველესად, შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით.

რაციონალური კვება – მიკროელემენტებითა და ვიტამინებით არაბალანსირებული და არარეგულარული კვება უარყოფითად აისახება იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად რეკომენდებულია რაციონში ბოსტნეულის (ტკბილი წიწაკა, პომიდორი, ხახვი, მწვანილი, სტაფილო, გოგრა), ვაშლის, კენკრის, ციტრუსებისა და თხილის ჩართვა.

წყლის რეჟიმი – წყლის მიღების შესაბამისი რეჟიმის დაცვა და მწვანე ჩაის სმა ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას და აძლიერებს ორგანიზმს.

ფიზიკური აქტივობა – ზომიერი ფიზიკური აქტივობა სიარულის, ვარჯიშის, ცურვის საშუალებით აძლიერებს იმუნურ სისტემას, შეზღუდული აქტივობა კი ამცირებს მას. უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმის ფიზიკურად გადაძაბვა, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა იწვევს მის გამოფიტვას და, შესაბამისად, ამცირებს დაცვის ფუნქციას.

ძილის რეჟიმი – ადამიანის ორგანიზმი ძალების აღდგენას 6-8 საათის ძილის შემდეგ ახერხებს. ამგვარად, იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა.

იმუნური სისტემა დარტყმას იღებს არა მხოლოდ სტრესის ფაქტორის სიძლიერისა და ხანგრძლივობისგან, არამედ მასზე ადამიანის ფსიქო-ემოციური რეაქციისგანაც. ამიტომ, სტრესის პერიოდში საჭიროა აქტიურობის შენარჩუნება, ურთიერთობა მეგობრებთან, ლიტერატურის კითხვა, მომავლის დაგეგმვა და უარყოფითზე ყურადღების ნაკლებად გამახვილება.