ვინ ცხოვრობს ყველაზე დიდხანს მსოფლიოში და როგორ ახერხებენ ამას?
მსოფლიო ბანკმა გაეროსთან, საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-თან და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან ერთად შეაგროვა მონაცემები, რის საფუძველზეც შედგენილია სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობის მქონე ქვეყნების რეიტინგი.
-
სიცოცხლის ხანგრძლივობით გამორჩეული 10 ქვეყანა
-
-
მე-10 ადგილი ნორვეგია
-
ამ ქვეყნის მცხოვრებლები საშუალოდ 81,3 წელს ცხოვრობენ. საპენსიო ასაკი 67 წელია. ამასათან, 60 წელს გადაცილებული ადამიანები დღეს ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენენ.
-
-
მე-9 ადგილი საფრანგეთი
-
საფრანგეთის მცხოვრებთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 81,67 წელია. საპენსიო ასაკი – 60 წელი. ქვეყნის მოსახლეობის 24%-ს შეადგენენ 60 წელს გადაცილებული პენსიონერები.
-
-
მე-8 ადგილი ისრაელი
-
ისრაელის მოსახლეობა საშუალოდ 81,76 წლამდე ცხოვრობს. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის არის 67 წელი, ხოლო ქალებისთვის – 62 წელი. 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები ქვეყნის მოსახლეობის 12%-ია.
-
-
მე-7 ადგილი შვედეთი
-
შვედეთის მცხოვრები საშუალოდ 81,8 წელიწადს ცხოვრობს. შვედები პენსიაზე გადიან 65 წლის ასაკში. 60 წელს გადაცილებული ადამიანები ქვეყნის მთელი მოსახლეობის 25%-ია. საინტერესო ფაქტია, რომ შვედეთში პენსიონერთა მხოლოდ 4,1% ცხოვრობს შვილებთან ერთად, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალ მაჩვენებლად ითვლება.
-
-
მე-6 ადგილი ავსტრალია
-
ავსტრალიელები საშუალოდ 81,85 წელს ცოცხლობენ, კაცები პენსიაზე გადიან 65 წლის ასაკში, ხოლო ქალები – 64 წლის ასაკში. ავსტრალიის მთლიანი მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ 60 წელს გადაცილებულები.
-
-
მე-5 ადგილი იტალია
-
იტალიელები საშუალოდ 82,09 წელს ცოცხლობენ. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის არის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის – 60 წელი. იტალიის მოსახლეობის 27%-ი 60 წელზე უფროსია.
-
-
მე-4 ადგილი ესპანეთი
-
ესპანელი საშუალოდ 82,33 წელს ცხოვრობს. ქალიც და მამაკაციც პენსიაზე გადიან 65 წლის ასაკში, ხოლო 60 წელს გადაცილებული ადამიანები ქვეყნის მოსახლეობის 23%-ს შეადგენენ.
-
-
მე-3 ადგილი ისლანდია
-
ისლანდიის მცხოვრებთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,36 წელია. ადამიანები პენსიონერები ხდებიან, 67 წლის ასაკში. 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 17%-ია.
-
-
მე-2 ადგილი იაპონია
-
იაპონელები საშუალოდ 82,59 წელს ცხოვრობენ და პენსიაზე გადიან 65 წლის ასაკში. იაპონიაში მოსახლეობის 32%-ი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
-
-
1 ადგილი შვეიცარია
-
დღეგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ შვეიცარიელები. ამ ქვეყნის მცხოვრებთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 82,70 წელია. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის – 64 წელი. მოსახლეობის 23%-ი 60 წელზე უფროსია.
რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 66,05 წელია, უკრაინაში – 68,1 წელი, ხოლო ბელორუსიაში – 70,2 წელი.
-
ვინ ცხოვრობს ყველაზე დიდხანს მსოფლიოში და როგორ ახერხებენ ამას?
ისტორიის მანძილზე კაცობრიობა მარადიული ახალგაზრდობის წყაროს ეძებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის ნაპოვნი, ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი – 71 წელი.
დღეგრძელობით გამორჩეულ თითოეულ ქვეყანას აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის საკუთარი საიდუმლო.
-
იაპონია
იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია – 83 წელი.
აქტიური საზოგადოებრივი (სოციალური) ცხოვრება და დიეტური ჩვევები იაპონიის დღეგრძელობის მთავარი ფაქტორია. ამ ქვეყნის მცხოვრებლები გაცილებით მეტხანს ცხოვრობენ, ვიდრე სხვაგან მსოფლიოში. რა არის იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?
სამხრეთ იაპონიის კუნძული ოკინავა, რომელსაც „უკვდავების ქვეყანას“ უწოდებდნენ, დიდი ხანია იპყრობს მეცნიერთა ყურადღებას, რადგან ის დღეგრძელთა რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენია. აქ 100 წელს გადაცილებული ოთხასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მეცნიერები ამ ფენომენს, პირველ რიგში, კვების თავისებურებებით (დიეტური ჩვევებით) ხსნიან.
ადგილობრივი დიეტა ძირითადად შედგება სოიოს ყველის ტოფუსგან, ტკბილი კარტოფილისა და მცირე რაოდენობით თევზისგან.
აქტიური სოციალური ცხოვრება, რომელიც ხანდაზმულებს აქვთ და მჭიდრო საზოგადოება, ასევე ამცირებს სტრესს და ზრდის ერთიანობის შეგრძნებას. თუმცა, ამ უპირატესობებით სარგებლობისთვის, ენის სწავლა მოგიწევთ, აღნიშნავს დანიელა გატი, კომპანია Velvet Media-ს დირექტორი, რომელიც მრავალი წელია იაპონიაში ცხოვრობს. „იაპონიას აქვს ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხი, მაგრამ იმისათვის, რომ გაიგოთ მენტალიტეტი, რომელიც ბევრად უფრო განსხვავდება დასავლურისაგან, ვიდრე ეს ჩანს, თქვენ უნდა გადალახოთ ენობრივი ბარიერი“, – ამბობს დანიელა გატი. „მათ, ვინც აპირებს იაპონიაში ემიგრაციას, დიდი დრო უნდა დაუთმოს ენის შესწავლას. ეს არის საზოგადოებაში ღრმა ინტეგრაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების გასაღები“, – დასძენს გატი.
საიდუმლო არ არის, რომ იაპონელები ყველაზე დღეგრძელები არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ერი ცნობილია სიმსუქნის რეკორდულად დაბალი პროცენტით. ეს, თავის მხრივ, ორ რამეზეა დამოკიდებული – კვებასა და ფიზიკურ აქტივობაზე. ოკინავური დიეტის საფუძველია ბოსტნეული და ზღვის მცენარეები. იაპონელებისთვის შემოქმედებითი მუშაობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ცხოვრებაში. ისინი ღრმა სიბერეშიც კი აგრძელებენ მუშაობას, ყველაზე ხშირად ამუშავებენ ბაღს და მოჰყავთ ბოსტნეული.
კიდევ ერთი იაპონური საიდუმლო არის იკიგაი. იკიგაი არის ფილოსოფია, რომელიც ეხმარება ადამიანს იპოვოს კმაყოფილება, სიხარული და შემეცნება ყველაფერში, რასაც ყოველდღიურად აკეთებს და ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცხოვრების მთავარი აზრი, რაც აიძულებს ადამიანს დილით გაღვიძებას, გახარებას და შთაგონებას.
-
ესპანეთი
ხმელთაშუა ზღვის დიეტა, მდიდარი ბოსტნეულით, ღვინით და გულისთვის სასარგებლო ზეითუნის ზეთით, ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალ მაჩვენებელს ესპანეთში – საშუალოდ 82,8 წელი.
ესპანელების დღეგრძელობის კიდევ ერთი საიდუმლო სიესტაა (სადილობის შემდეგ დასვენება).
„მთავარი საქმე სამუშაო საათების ორგანიზებას ეხება“, – ამბობს მიქელ ანხელ დიას-და-ბესორა.
რატომ ვახშმობენ ესპანელები სხვებზე გვიან?
„როდესაც შესვენება მხოლოდ 30 წუთია, ადამიანი სასწრაფოდ ყლაპავს საკვებს. მაგრამ თუ ორი-სამი საათი აქვს, შეუძლია მშვიდად იჯდეს რესტორანში, მიირთვას რამდენიმე კერძი და ჩაროზი, კარგად გადაამუშავოს (მოინელოს) საკვები. ასეთი ჭამა (კვება), რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჭამა ჭამისთვის ან ჭამა გაძლებისთვის,“ – განმარტავს ექსპერტი.
ესპანეთის ქალაქების ვიწრო ქუჩები, მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობის მდებარეობა საცალფეხო ადგილებში (ფეხით სავალ უბნებში) ხალხს ფეხით ბევრ სიარულს აიძულებს. ესპანელებს ურჩევნიათ ფეხით ან ველოსიპედით სიარული, ვიდრე ტრანსპორტით გადაადგილება. ორგანიზმის უჯრედები ამ დროს ჟანგბადით მდიდრდება და გარემოსაც ნაკლები ზიანი ადგება.
-
სინგაპური
სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი მიღწევაა მისი თანამედროვე და ხელმისაწვდომი სამედიცინო სისტემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის სინგაპურელების სიცოცხლის ხანგრძლივობაში.
ქვეყნის მაცხოვრებლები საშუალოდ 83,1 წელს ცხოვრობენ.
ამ ქვეყანას აქვს ასევე დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში. სინგაპურში ჯანდაცვის სისტემის ძირითადი საფუძველი დაავადებათა პროფილაქტიკაა.
ხანგრძლივ ცხოვრებას ასევე ხელს უწყობს საზოგადოების კულტურა და კომფორტული ურბანული გარემო.
„ბევრი ადამიანი სტუმრობს სპორტულ დარბაზებს ან ვარჯიშობს ღია ცის ქვეშ ქალაქის მრავალ პარკში“, – აცხადებს ბინო ჩუა, მოგზაური ბლოგერი, რომელიც ახლა სინგაპურში ცხოვრობს. სინგაპურელები ვარჯიშობენ ღია ცის ქვეშ ქალაქის მრავალ პარკში.
ქალაქში ახლახან გაიხსნა პირველი თერაპიული პარკი სტრესის შესამცირებლად და ხანდაზმულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, სინგაპურში ცხოვრება არ უწყობს ხელს მავნე ჩვევების გავრცელებას. „სიგარეტი და ალკოჰოლი იქ ძლიერ იბეგრება და გაცილებით ძვირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, დასძენს ჩუა.
-
სარდინია, იტალია
იტალიელებმა უდავოდ ბევრი რამ იციან ცხოვრების არსის შესახებ, უყვართ გემრიელად ჭამა და სმა. ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მოიცავს კვების გარკვეულ წესჩვეულებებს, მოიცავს ჯანსაღი ზეითუნის ზეთის, ბოსტნეულის, პარკოსნების, თევზისა და რძის პროდუქტების მოხმარებას. მშრალი წითელი ღვინო, რომელსაც ყოველდღიურად ზომიერად მოიხმარენ იტალიელები, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამას ემატება რეგულარული ფიზიკური შრომა და მჭიდრო სოციალური კავშირები, ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარული მეზობლების მიმართ და დროის ერთად გატარება. აი, იტალიური სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო!
-
შვეიცარია
როგორც ჩანს, ეს არის საუკეთესო ქვეყანა მამაკაცებისთვის, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ 81 წელია – იმაზე მეტი, ვიდრე სხვაგან, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
შვეიცარიელების დღეგრძელობის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორებია ქვეყნის მდიდარი ეკონომიკა, მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიცინით, პირადი უსაფრთხოების მაღალი დონე და კეთილდღეობის განცდა.
ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს იმაზეც, რომ შვეიცარიელები ბევრ ყველსა და რძის პროდუქტს ჭამენ.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელები ძალიან არიან ორიენტირებულნი კარიერაზე, (იქ საერთაშორისო სათაო ოფისებში ბევრი ემიგრანტი მუშაკი იკავებს პოზიციებს), ქვეყნის პოზიცია ევროპის ცენტრში იძლევა ბევრი მოგზაურობისა და შრომასა და დასვენებას შორის კარგი ბალანსის საშუალებას.
ალპური პეიზაჟები ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს შვეიცარიელებს დასვენებისა და რელაქსაციისთვის. უქმე (დასვენების) დღეებშიც კი შესაძლებელია ევროპის ნებისმიერ ნაწილში სტუმრობა. აქ კერძო სკოლები „საუკეთესოა მსოფლიოში“, რაც ასევე დიდი არგუმენტი და მოტივაციაა ახალგაზრდა ოჯახებისთვის.
-
სამხრეთ კორეა
ბოლო კვლევების თანახმად, სამხრეთ კორეა, როგორც ჩანს, გახდება პირველი ქვეყანა, რომელშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რეკორდულ 90 წელს მიაღწევს.
ამაზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს სტაბილური და განვითარებული ეკონომიკა, სამედიცინო სერვისების ფართო ხელმისაწვდომობა და კორეელების შედარებით დაბალი არტერიუილი წნევა დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებლებთან შედარებით.
ადგილობრივი დიეტა მდიდარია ფერმენტირებული საკვებით, რომელიც, როგორც ცნობილია, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას, აძლიერებს იმუნიტეტს და თრგუნავს კიბოს განვითარებას. კორეული საკვები მდიდარია ბოჭკოებითა და ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერებებით), – აღნიშნავს კამილ ჰოები, ჭელლნესს თოურისმ ჭორლდწიდე-ის დამფუძნებელი.
ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს კულტურული ტრადიციები და აქტიური სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების ჩვეულებაც. მაგალითად, საზოგადოებრივი აბანოების, ანუ ჯიმჯილბენგის მონახულების ტრადიცია ხელს უწყობს სოციალიზაციას, ურთიერთობების დამყარებას, ეხმარება სტრესის მოხსნასა და გაახალგაზრდავებას – განმარტავს ჰოები.
კორეელებს აქვთ გონივრული მიდგომა ცხოვრებისადმი, რომელიც ნასესხებია ბუდისტური ფილოსოფიიდან. აღსანიშნავია ასევე, რომ მათ ურჩევნიათ კოლექტიური თანამშრომლობა ინდივიდუალურის ნაცვლად.
-
კავკასია
ეს რეგიონი, წიგნში „ცისფერი ზონები“, არ არის ნახსენები, მაგრამ მისი დღეგრძელები მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა მეცნიერების კვლევის საგანი იყო. დასკვნები, რომლებამდეც მკვლევარები მივიდნენ, მარტივი და ნათელია. ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველი კავკასიაში მთის სუფთა ჰაერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვაა (არა სპორტული დარბაზი, არამედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები), შეუღლებული დასვენებასთან, ჯანსაღ კვებასთან, პრობლემებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებასა და სტრესის ნაკლებობასთან. დიეტა ეფუძნება უსაფუარო პურს, მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის და რძის პროდუქტების სიმრავლეს, ნაკლებ ხორცეულს, მხოლოდ შინაურ ღვინოს. მთავარია, რომ ყველა აღნიშნული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და დამოუკიდებლად წარმოებული (მოყვანილი).
-
როგორ მივაღწიოთ დღეგრძელობას
დღეგრძელობის უნივერსალური რეცეპტი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მაგალითები მიუთითებს იმას, რომ მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მუდმივი შრომა, სხვებზე ზრუნვა, ცხოვრებისადმი აზრიანი და რაც მთავარია, ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულება.
თამამად შეიძლება ითქვას, დიდხანს ცოცხლობს ის, ვინც ტკბება ცხოვრებით, ვისაც უყვარს ცხოვრება ყველა მისი გამოვლინებით!