როგორ არ ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ საყოფაცხოვრებო გარემოზე
-
როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვწყდეთ გარემოს?
ჩვენ ვცხოვრობთ ქალთა მასიური ემანსიპაციის ეპოქაში. ამ დროში, დაჯდე სახლში და ბავშვები გაზარდო, ნამდვილად არ არის მარტივი. ერთი მხრივ, მიუხედავად გაწეული დიდი შრომისა, ეს საქმე არ არის დაფასებული და მეორე მხრივ, არსებობს გარესამყაროსგან იზოლაციის რისკი. ხშირად ოჯახის საქმითა და ბავშვების მოვლა-პატრონობით დაკავებულ ქალს ავიწყდება როგორც პირადული, ისე სოციალური აქტივობა.
ბრიჯიტ ჟაკლინი, 7 შვილის დედა, ოჯახის აქტიურ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტია, მოვუსმინოთ მის რჩევებს.
-
ვისწავლოთ დროის განაწილება
როდესაც არ ვმუშაობთ, უპირველესი რისკია, რომ მთელი ჩვენი დრო დაეთმობა ოჯახს, რაც იზოლაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„შეადგინეთ ოჯახის საქმეების გეგმა და ჩამოწერეთ პრიორიტეტების მიხედვით, თითოეული საქმე იქნება თქვენ თავთან დათქმული შეხვედრა“ – გვირჩევს ბრიჯიტ ჟაკლინი.
მაგალითად, დილა დაუთმეთ ერთ საქმეს, თქვენი გუნება-განწყობის მიხედვით და მეორე დღეს იგივე საქმეს ხელი აღარ მოკიდოთ.
ფრთხილად იყავით! რადგან თავად აკეთებთ საქმეს, თქვენ თავთან დათქმული შეხვედრა შეიძლება გადადოთ, რასაც მეგობართან არ გააკეთებდით, ამ ცდუნებას უნდა გაუძლოთ!
-
იყავით ფორმაში, ოჯახშიც კი!
როდესაც ვტრიალებთ ისეთ გარემოში, სადაც ისევ ჩვენი შვილები, მეუღლე ან სხვა ბავშვების დედები არიან, ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვამ შეიძლება მეორე ადგილზე გადაიწიოს.
„მოემზადეთ ისე, თითქოს სამსახურში მიდიოდეთ“ – გვირჩევს ჩვენი ექსპერტი.
ჩაიცვით გამოსასვლელად, გაიკეთეთ მაკიაჟი! თუ მოშვებული იქნებით – ესეც იზოლაციის მოლიპული ფერდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. კარგი ამბავი ის არის, რომ ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი – თქვენი ჩაცმულობა თქვენს უფროსს მოეწონება თუ არა? ასიამოვნეთ თქვენს თავს! სარკეში ჩახედვისას ნამდვილად დაგეუფლებათ კმაყოფილების გრძნობა.
-
გაანაწილეთ საოჯახო საქმე
თქვენ დიასახლისი ხართ და არა მადლობისთვის მომუშავე! თქვენი პასუხისმგებლობაა ოჯახის საქმეების განაწილება. ოჯახის წევრებმა მიალაგონ თავიანთი ოთახები, გავიდნენ საყიდლებზე, დაასუფთაონ სახლი.
„საოჯახო საქმეში ჩართეთ მთელი ოჯახი“ – გვახსენებს ბრიჯიტ ჟაკლინი.
ამით თქვენი თავისთვის დროს გამოათავისუფლებთ.
-
გაწევრიანდით ასოციაციებში
„გაწევრიანდით ასოციაციებში, ეს იქნება კულტურული, კულინარიული თუ პოლიტიკური. ეს საქმე ძალიან დაგეხმარებათ არ დარჩეთ იზოლაციაში და რაღაც საერთო მიზნისთვის იმოქმედოთ“ – აგრძელებს ჩვენი ექსპერტი.
ამით თქვენ შეძლებთ შვილების გარდა, თქვენი ნიჭი მოახმაროთ სხვასაც და სოციალურად დაფასებული და აღიარებული გახდეთ. ეს ბალანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
-
გაერთიანდით ქალთა წრეებში
არსებობს ქალთა წრეები, რომელთა უმთავრესი მიზანი ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებაა. ისინი ერთმანეთს უსმენენ, ამხნევებენ და საბოლოოდ, ყველა ღებულობს სარგებელს.
-
დაკავდით რაიმე გარე აქტივობით
მოიფიქრეთ, რა არის თქვენი გატაცება: თეატრი, ხატვა, სიმღერა, სპორტი… ჩაეწერეთ კურსებზე.
„მთავარია ისეთ ჯგუფში შეხვიდეთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ“ – ამბობს ბრიჯიტ ჟაკლინი.
ამით თქვენ კიდევ ერთი სასაუბრო თემა გექნებათ, გარდა თქვენი შვილების სიყვარულისა.
-
თავს ნუ დაიდანაშაულებთ, როცა საქმე ფულს ეხება
თქვენი ოჯახური საქმიანობა მიიღეთ ისე, როგორც ნამდვილი სამსახური. საკმარისია, დათვალოთ ის ფული, რასაც ძიძას გადაუხდიდით, ბავშვი რომ სახლში დაგეტოვებინათ ან სკოლიდან გამოეყვანა.
„თქვენს მეუღლესთან ერთად დათვალეთ ეს თანხა, სხვა ოჯახური ხარჯების გარდა, რა თქმა უნდა“ – გვთავაზობს ექსპერტი.
ამით ფინანსურად უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს, როცა რაიმე აქტივობაში ჩაერთვებით.
-
იყავით ცნობისმოყვარე
სულ რომ იმოძრაოთ, დაინტერესდით სხვებით –
„გაესაუბრეთ მეზობლებს, სხვა ბავშვების მშობლებს, უბანში გამყიდველებს“ – გვთავაზობს ბრიჯიტი.
გარშემომყოფებთან დაახლოება იზოლაციისგან დახსნის საშუალებაა. თუ იქნებით სხვებისთვის გახსნილები, ეს სტიმული, რომ მხრები არ ჩამოყაროთ, მუდამ დაღლილი არ იყოთ და თქვენს ნაჭუჭში არ ჩაიკეტოთ.
-
დაეყრდენით თქვენს მეუღლეს
მას საქმე აქვს, ისევე როგორც თქვენ! ასე რომ ერთმანეთს დაეხმარეთ.
„გაატარეთ დრო ერთად“ – გვირჩევს ბრიჯიტი.
ასე მხოლოდ დიასახლისის სტატუსი არ გექნებათ. უპირველ ყოვლისა, თქვენ ქალი ხართ და მისი ცოლი ხართ. თუ მეგობრებთან ერთად გინდათ წასვლა, ის ამას გაიგებს.
-
სპორტდარბაზის სიკეთე
კვირაში ორჯერ მიმართეთ სპორტულ აქტივობას. პირველ რიგში, ეს ფორმის შენარჩუნებაში მოგეხმარებათ, მეორე მხრივ კი, მორალურად უფრო მხნედ იგრძნობთ თავს.
-
ბედნიერება გადამდებია
ხშირად გაიღიმეთ, ეს სხვებს იზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს.