სისხლდენა
ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელსაც მოჰყვება სისხლის რაოდენობრივი ცვლილება, მის ფუნქციათა მოშლა და ჰომეოსტაზის რღვევა. გვესაუბრება ექიმი ტრანსფუზიოლოგი დათო ჩიქავა
- რა იწვევს სისხლდენას?
- სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ტრავმით, არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
- პათოლოგიური პროცესებით (ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
- ორგანიზმში ვიტამინების ბალანსის ცვლილება;
- ტოქსინების ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის კედლის განვლადობის მომატება;
- დაავადებები, რომლებიც სისხლის ქიმიურ შედგენილობას ცვლის, მათ შორის - ჰემოფილია, სიყვითლე, ქუნთრუშა, სეფსისი და სხვა.
- რამდენი სახის სისხლდენა არსებობს?
- წარმოშობის მიხედვით - ორი სახისა: პირველადი, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისთანავე იწყება და მეორეული - ადრეული ინფექციური პროცესის გარეშე, რომელიც იწყება დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედების ან ტრავმის პირველსავე საათებში. ამ დროს არტერიული წნევის მომატების ან სისხლძარღვის სპაზმის მოხსნის გამო სისხლის ნაკადი წყვეტს კოაგულაციის შედეგად შედედებულ თრომბს.
არსებობს გვიანი მეორეული სისხლდენაც, რომელიც იწყება ჭრილობის დაინფიცირების შემდეგ ნებისმიერ დროს და გამოწვეულია ჩირქოვანი ანთებითი პროცესების გამო სისხლძარღვის კედლის დაზიანებით ან დაზიანების ადგილას წარმოქმნილი თრობის დაშლით.
არსებობს სისხლდენა გარეგანი და შინაგანი.
გარეგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი სხეულის გარეთ იღვრება და თვალითაც ადვილი შესამჩნევია.
შინაგანია, როდესაც სისხლი იღვრება სხეულის ამა თუ იმ ღრუში ან ღრუ ორგანოში (პლევრაში, მუცლის ღრუში, გულმკერდის ღრუში, კუჭში, საშვილოსნოში და ა.შ.), მაგრამ არა გარეთ.
ქსოვილოვანია სისხლდენა, როდესაც სისხლი რომელიმე ორგანოს ქსოვილში (კანქვეშა უჯრედებში, ტვინოვან ქსოვილში) იღვრება, დიფუზურად იჟღინთება და წარმოქმნის სისხლგროვას - ჰემატომას.
ფარულია სისხლდენა, რომელსაც გამოხატული გარეგნული ნიშნები არ აქვს. მას მხოლოდ ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის სპეციალური მეთოდებით ადგენენ.
იმის მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვის მთლიანობაა დარღვეული, სისხლდენა შეიძლება იყოს:
არტერიული - ამ დროს სისხლი მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად დიდი წნევით გადმოიტყორცნება. სისხლი ალისფერია. მისი გადმოტყორცნა შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე სისხლნაკლულობას და სწრაფ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რადგან ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მოშლის შედეგად ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს.
ვენური - სისხლი მუქი ალუბლისფერია და მდორედ, უწყვეტად და თანაბარზომირად მოედინება. წვრილი და საშუალო კალიბრის ვენების დაზიანების თანმხლები სისხლდენა მოკლე ხანში იშვიათად იწვევს მწვავე ანემიას.
რაც შეეხება მსხვილი კალიბრის ვენებიდან სისხლდენას, მას ზოგჯერ ახასიათებს სუნთქვის რიტმში სუსტად მოპულსირე ნაკადი. იგი განსაკუთრებით საშიშია თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვებში მოსალოდნელი აიროვანი ემბოლიის განვითარების გამო.
კაპილარული სისხლდენის დროს ცალკეული სისხლმდენი სისხლძარღვები არ ჩანს, ჭრილობიდან სისხლი ისე ჟონავს, როგორც სველი ღრუბლიდან წყალი. კაპილარული სისხლდენა თავისთავადაც ადვილად წყდება, ამიტომ მას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვს (ჰემოფილია, სეფსისი, ღვიძლის დაავადებები).
პარენქიმული ორგანოების - ფილტვების, ელენთის, თირკმელების, ღვიძლის - სისხლძარღვები ისე ღრმად არიან შეზრდილნი პარენქიმაში, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია. ამიტომ პარენქიმული სისხლდენისას სისხლმდინარია ჭრილობის მქონე შინაგანი ორგანოს მთელი ზედაპირი - მისი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი.
პარენქიმული სისხლდენა საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივია, ამიტომ განსაკუთრებით საშიშიც არის.
შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ფარული სისხლდენის ერთგვარი ნაირსხეობაა ჰემატურია - შარდში სისხლის ელემენტების (ერითროციტების) არსებობა. განასხვავებენ მიკრო და მაკროჰემატურიას. ჰემატურია შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. მიკროჰემატურიის დროს შარდში ერითროციტები მხოლოდ მიკროსკოპიული გამოკვლევის შედეგად ჩანს, მაკროჰემატურიისას კი შეუიარაღებელი თვალითაც - შარდი წითელი ან ჟანგისფერია.
- თუ დანაკარგი დიდი არ არის, სისხლდენას ორგანიზმის მიერ სისხლის მოცულობის თვითაღდგენა მოჰყვება. როგორ ხდება ეს პროცესი?
- ჰემოსტაზი, სისხლის მოცულობის თვითაღდგენა, სისხლმბადი ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. სისხლდენის შემდეგ ორგანიზმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სისხლმომარაგების აღსადგენად ირთვება ადაპტაციური რთული მექანიზმები, რომლებიც გულისხმობს:
- სისხლძარღვების სპაზმს და კოაგულაციური პროცესების გააქტიურებას (თრომბის წარმოქმნას) სისხლის შემდგომი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად;
- სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას ორგანოებში ჟანგბადოვანი შიმშილის აღსაკვეთად;
- დეპო ორგანოებიდან სისხლის რეზერვის გადმოსროლას მოცირუკულირე სისხლის მოცულობის გასაზრდელად.
სისხლის შედედება ანუ კოაგულაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც თხევადი სისხლი სქელ, ელასტიკურ მასად იქცევა. ეს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს სისხლდენისა და სისხლის დაკარგვით გამოწვეული საფრთხისგან იცავს. სისხლის შედედებაში მთავარ როლს სისხლის ფორმიანი ელემენტები, თრომბოციტები ასრულებენ.
ჯანმრთელი ადამიანის 1 კუბურ მილიმეტრ სისხლში 200-400 ათასი თრომბოციტია. საკმარისია, რომელიმე სისხლძარღვის მთლიანობა დაირღვეს, რომ სისხლისმიერ ფაქტორთა გავლენით თრომბოციტები სისხლში მოცირკულირე ნივთიერება ფიბრინოგენს უმალვე გადააქცევენ ცილა ფიბრინად, რომელიც სისხლძარღვში დაზიანების ადგილას იკავებს პოზიციას და იქ ერთგვარ ბადეს შლის, რომელშიც ადვილად ებმებიან თავად თრომბოციტები. ეს კომპლექსი წარმოადგენს თრომბს, რომელიც საცობივით ეცობა სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილს და სისხლდენას აჩერებს.
- ცნობილია, რომ სისხლის დაკარგვის შედეგად ვითარდება მწვავე ანემია. სიტუაცია დაკარგული სისხლის რაოდენობის მიხედვითა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით ფასდება, ამის საფუძველზე კი წყდება შემდგომი მოქმედების, სამედიცინო ჩარევის საკითხი...
- სისხლის დანაკარგის მიხედვით განასხვავებენ მწვავე ანემიის 4 ხარისხს.
I ხარისხი - ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაჯისცემა გახშირებულია, მაჯა - საკმარისი ავსებისა, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში. სისხლში ჰემოგლობინის დონე აღემატება 8გ%-ს, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი არ აღემატება 5%-ს.
II ხარისხი - პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა: მაჯისცემა - ხშირი, არტერიული წნევა 80 მმ ვწყ.სვ-ამდეა დაქვეითებული, ჰემოგლობინის დონე - 8გ%-მდე, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 15%-ს.
III ხარისხი - პაციენტის მდგომარეობა მძიმეა: მაჯისცემა - ძაფისებური, არტერიული წნევა 60 მმ ვწყ.სვ-ამდეა დაქვეითებული, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5გ%-ამდეა, სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 30%-ს.
IV ხარისხი - პაციენტი აგონიის მოსაზღვრე მდგომარეობაშია, მაჯისცემა არ ესინჯება, არტერიული წნევა არ ეზომება.
სისხლდენას, როდესაც სისხლნაკლებობა 35-40%-ია, პროფუზული ანუ ზღვარგადასული ეწოდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი უსწრაფესმა ზომებმაც კი ვერ გადაარჩინოს. მწვავე ანემიის ხარისხის გათვალისწინებით წყდება სისხლის ან სისხლის შემცვლელი ხსნარების გადასხმის საკითხი.
- რა პრინციპით ხდება სისხლის გადასხმა საჭიროების შემთხვევაში?
- როცა სისხლის გადასხმის აუცილებლობის საკითხი დაისმება, უნდა მოხდეს ავადმყოფის სისხლის ჯგუფის დადგენა; დონორის სისხლის ჯგუფის დადგენა; უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური შეთავსების სინჯი, ბიოლოგიური შეთავსების სინჯი. სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდება, თუ რომელი ჯგუფისა და რეზუსის მქონე დონორის სისხლი უნდა გადავუსხათ პაციენტს.
გადასხმული სისხლი ორგანიზმში ახდენს შენაცვლებით, მასტიმულირებელ, სისხლის აღმდგენ (ჰემოსტაზურ), გამაუვნებლებელ (დეზინტოქსიკაციურ), იმუნობიოლოგიურ და კვებით (ორგანოების ჟანგბადით უზრუნველმყოფ) მოქმედებას.
სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც პატრონები სუბიექტური მოსაზრებით უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე და ამას ფატალური შედეგი მოაქვს პაციენტისთვის. თუმცა არსებობს სისხლის გადასხმის უკუჩვენებები:
- ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეკომპენსაციური მდგომარეობა, მიმდინარე შეშუპებით, ასციტით და ა.შ.
- სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბებით მიმდინარე ფილტვის დაავადებები;
- ალერგიული დაავადებები (მწვავე ეგზემა, ბრონქული ასთმა და ა.შ.);
- ტუბერკულოზი აქტიური ინფილტრაციის სტადიაში.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დონორის, ასევე თვით პაციენტის სისხლი, რომელსაც წინასწარ, ოპერაციამდე აიღებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი იყენებენ არა მთლიანად სისხლს, არამედ მის ცალკეულ კომპონენტებს - ერითროციტულ მასას, ლეიკოციტურ მასას, თრომბოციტულ მასას, შრატს ან სისხლის შემცვლელებს: შოკის საწინააღმდეგო, დეზინტოქსიკაციური მიზნით, წყალმარილოვანი და მჟავატუტოვანი წონასწორობის აღსადგენად და ა.შ.
- რა უარყოფითი შედეგი მოჰყვება სისხლდენას, თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული?
- სისხლდენას მოჰყვება:
- მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
- გულის მუშაობის შეფერხება და ქსოვილების, განსაკუთრებით - თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების, ჟანგბადით მომარაგების გაუარესება;
- ანემია;
- DVC (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი). DVC სინდრომი სისხლდენის ყველაზე საშიში გართულებაა. იგი ვითარდება ძლიერი სისხლდენის შემდეგ, შოკის, შინაგან ორგანოთა ქირურგიული ოპერაციის დროს. მის მიზეზად შესაძლოა იქცეს ორგანიზმზე ტოქსინების, მაგალითად, ზოგიერთი გველის შხამის ზემოქმედებაც.
DVC სინდრომს თავდაპირველად სისხლის შედედების გააქტიურება ახასიათებს, რაც სისხლში ფიბრინოგენის კონცენტრაციის გაზრდით მიმდინარეობს, მოგვიანებით კი პერიფერიულ სისხლძარღვებში მასობრივად წარმოიქმნება თრომბები, რომლებიც მათ სანათურს ახშობს. თრომბირება ხდება მთელ ორგანიზმში. ამიტომაც ეწოდება სინდრომს დისემინირებული ანუ გაფანტული. ვითარდება თრომბინის დეფიციტი და სისხლი საერთოდ კარგავს შედედების უნარს. სისხლდენა ძირითად კერასთან ერთად უკვე სხვა სისხლძარღვებშიც იწყება, უფრო და უფრო ძლიერდება და პროფუზულ ხასიათს იღებს. ყველა ქსოვილი ღრუბლისებური და სისხლმდინარი ხდება. ამ დროს პაციენტის მდგომარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლის დანაკარგის სიჩქარესა და მოცულობაზე, პაციენტის ასაკსა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე.
სისხლის დანაკარგის აღდგენა უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა სისტემას აწვება ტვირთად, რის გამოც ამ სისტემაში განვითარებული ათეროსკლეროზის, ორგანული პათოლოგიის ან ფუნქციური მოშლილობის მქონე ადამიანს სისხლდენა საკმაოდ ძნელად გადააქვს. ძნელია მისი შედეგების აღმოფხვრა ბავშვებშიც, რადგან მათ ორგანიზმში ჰემოსტაზის ადაპტაციური მექანიზმი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომაც სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.
- როგორ დავეხმაროთ პაციენტს სისხლდენის დროს ექიმის მოსვლამდე?
- არტერიული სისხლდენის დროს საჭიროა, თითის ზეწოლით მივჭყლიტოთ არტერია სისხლდენის ადგილის ზემოთ, ჭრილობის ადგილას დავაფაროთ სტერილური ტამპონი და დავადოთ დამწოლი ნახვევი. ძლიერი სისხლდენისას კი ამ მიზნით შეიძლება რეზინის, თოკის, ქამრის გამოყენება.
ვენური სისხლდენისას მაღლა უნდა ავწიოთ დაზიანებული კიდური, ამოვუდოთ ქვემოდან რაიმე საგანი დასაფიქსირებლად და დავადოთ დამწოლი ნახვევი.
კაპილარული სისხლდენისას ჭრილობა უნდა დავამუშაოთ ანტისეპტიკური ხსნარით (იოდი, სპირტი, არაყი), დავაფაროთ სტერილური ბინტი და ფრთხილად გადავახვიოთ.
თუ სისხლდენა გაგრძელდა, მაშინ დამწოლი ნახვევია საჭირო. თუ ჭრილობაში ჩანს უცხო სხეული, საჭიროა ჭრილობის კიდეების გაფართოება, სასურველია წყალბადის ზეჟანგით დამუშავებაც.
ხალხური რეცეპტები
გარეგანი სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობაზე დავაფინოთ წინასწარ მდუღარე წყალგადავლებული ჭინჭრის ფოთლები.
სისხლის შედედების უნარს აძლიერებს ოხრახუში. შეგიძლიათ დიდი რაოდენობით ჩააჭრათ სადილში, ასევე მიიღოთ ნაყენის სახით.
ცხვირიდან სისხლდენისას საუკეთესო საშუალებაა კალანჰოესა და ალოეს წვენში დასველებული ტამპონები.
ძლიერი სისხლდენის დროს გვირჩევენ კოწახურის ფესვების ნაყენს, ასევე მრავალძარღვას ფოთლების ნაყენს.
ღრძილებიდან სისხლდენის დროს პირში გამოივლეთ მუხის ქერქის ნაყენი.
თუ თითი გაიჭერით და ჭრილობა საკმაოდ ღრმაა, დაკრიფეთ მრავალძარღვა, კარგად გარეცხეთ და მაგრად გადაიკარით თითზე.
არსებობს კიდევ მრავალი რეცეპტი, რომელსაც ძველთაგანვე იყენებენ სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი - გარეგანი თუ ფარული სისხლდენის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. სიტუაცია დროულ შეფასებასა და ადექვატურ ჩარევას საჭიროებს.