საკვებმა რომ არ გვაწყინოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებმა რომ არ გვაწყინოს

გაფუჭებული საკვების მიღებამ და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება?

ამ და სხვა კითხვებზე ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე გვიპასუხებს.

- მავნე მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ცხელი და ნოტიო ამინდი ყველაზე ხელსაყრელია. ისინი აქტიურად იწყებენ გამრავლებას, ცხოველქმედებას და ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დიდ ზიანს აყენებენ ადამიანს. ალბათ შეგიმჩნევიათ, დილით მომზადებული წვნიანი (სუპი, ბორშჩი, ბულიონი) გაზქურაზე დატოვების შემთხვევაში საღამოს უკვე ამჟავებულია, აქაფებულია. თვით მაცივარშიც კი ფუჭდება ზოგიერთი პროდუქტი.

არ არის გასაკვირი, რომ საკვებით მოწამვლა სწორედ ზაფხულში ხშირდება. წელიწადის ამ სეზონმა უპრობლემოდ რომ ჩაიაროს, საჭიროა ვიცოდეთ, როგორი პროდუქტი შევიძინოთ, როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ კერძი.

პროდუქტის შეძენა შემთხვევით არ მიხსენებია; შენახვისა და მომზადების წესების დარღვევამ შესაძლოა გააფუჭოს საკვები, მაგრამ ისიც შესაძლოა, პროდუქტი შეძენისას უკვე ინფიცირებული იყოს. ამ შემთხვევაში ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის ბრუცელოზი, სალმონელოზი, ხოლო არასათანადოდ მომზადებული ან შენახული კერძის მიღებისას - კვებითი მოწამვლა (სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექცია).

  • ბრუცელოზი

დაავადების წყაროსა და რეზერვუარს უპირატესად წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (თხა, ცხვარი, ძროხა), ღორი წარმოადგენს. დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი, ბრუცელა, ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა (ალიმენტური, აეროგენული, კონტაქტური) გზით იჭრება.

ალიმენტური გზით ინფექციის შეჭრა ხშირად ხდება აუდუღარი რძისა და რძის ნაწარმის საშუალებით. ადამიანისგან ადამიანს ინფექცია არ გადაედება.

დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით. დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მადის დაქვეითება, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, უძილობა. წამყვანი ნიშანია ტემპერატურა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ასევე ტალღისებურიც. ხშირია კისრისა და საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება.

მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით, სიმპტომური საშუალებებით.

დაავადებისგან თავის დასაცავი ძირითადი ღონისძიებაა ცხოველებში ინფექციის ლიკვიდაცია, სანიტარიულ-ვეტერინარიული წესების მკაცრი დაცვა. აუცილებელია რძის ადუღება და პასტერიზაცია. ჯანმრთელ ცხოველებს უტარდებათ ვაქცინაცია ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ. ინფექციის კერებში ტარდება დეზინფექცია.

  • სალმონელოზი

ინფექციის ძირითადი წყაროა ღორი, ძროხა, კატა, ძაღლი, შინაური ფრინველები, განსაკუთრებით - ქათამი, იხვი და ბატი, რომლებიც სალმონელას - დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის - რეზერვუარებს წარმოადგენენ.

მეორე ადგილი უკავია ავადმყოფ და ბაქტერიამატარებელ ადამიანს. განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი ადამიანის მუშაობა კვების ქსელში. ინფექცია გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული საკვებისა და წყლის საშუალებით. ხორცსა და შინაგან ორგანოებში მიკრობების მოთესვა, გარდა თვით ცხოველის დაავადებისა, შესაძლოა პროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და კულინარიული დამუშავების წესების დარღვევამაც გამოიწვიოს.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 6-7 დღემდე მერყეობს. მოკლე საინკუბაციო პერიოდი - რამდენიმე საათიდან 1,5 დღემდე - უფრო მეტად საკვებით ინფიცირებისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს ხდება ორგანიზმის მასიური ინფიცირება. კონტაქტური გზით (დაავადებული ადამიანისგან) ინფიცირებისას მაინფიცირებელი დოზა მცირეა, ხოლო საინკუბაციო პერიოდი - უფრო ხანგრძლივი.

ინფიცირებული საკვების მიღების შემდეგ დაავადება იწყება მწვავედ, უეცრად (ხშირად ტოქსიკოინფექციის მსგავსად მიმდინარეობს), ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მკვეთრი მომატებით, განმეორებადი პირღებინებით. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, თავის, მუცლის ტკივილს, თავბრუხვევას; ენა შელესილია, მშრალი; ვითარდება ფაღარათი, თავდაპირველად - თხელი, ფაფისებური, შემდეგ - თხიერი, უხვი და ქაფიანი, შეიცავს მცირეოდენ ლორწოს.

მკურნალობა მიმართულია ორგანიზმის გაუწყლოებისა და ინტოქსიკაციის წინააღმდეგ. სიმძიმის მიხედვით ინიშნება დასალევი ან გადასასხმელი ელექტროლიტების ხსნარი. თუ დაავადება გართულდა სხვა ბაქტერიული ფლორით, ინიშნება ანტიბიოტიკი. სალმონელოზის სპეციალური პროფილაქტიკის მეთოდი (აცრა) არ არსებობს.

დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სანიტარიული რეჟიმისა და ჰიგიენის წესების დაცვა.

  • კვებითი ინტოქსიკაცია

ასე იხსენიება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნომენკლატურის მიხედვით, სტაფილოკოკებით გამოწვეული კვებითი ტოქსიკოინფექცია. სტაფილოკოკების მიერ გამომუშავებული ენტეროტოქსინი ორგანიზმში ინფიცირებულ საკვებთან ერთად ხვდება (თვით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიკრობები ტოქსინს არ გამოიმუშავებენ).

საკვების მომზადებისა და შენახვის წესების დარღვევის შემთხვევაში (განსაკუთრებით - საკონდიტრო ნაწარმისა, თუ დაბინძურებულია და დატოვებულია ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათის განმავლობაში) მასში იწყება სტაფილოკოკების გამრავლება.

დაავადება ვლინდება ინფიცირებიდან 1-6 საათის შემდეგ. მძიმე შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, შოკი. დაავადება უმეტესად საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, ნორმალური ან სუბფებრილურია. სითხის მარაგის აღდგენის (რეჰიდრატაციის) ფონზე ავადმყოფი უკეთესობას გრძნობს 8-24 საათის შემდეგ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება სისუსტე.


- როგორ შევიძინოთ ზაფხულში უსაფრთხო პროდუქტები?

- რძის პროდუქტები მალფუჭებადია, ამიტომ აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. ხაჭო, მაწონი, იოგურტი, არაჟანი და პასტერიზებული რძე თავსდება +4 გრადუსზე, მხოლოდ სტერილიზებული რძე ძლებს +20 გრადუსამდე. ამიტომ ეს პროდუქტები უნდა შეიძინოთ ისეთ მაღაზიებში, სადაც ისინი მაცივარში, დახლ-მაცივარშია მოთავსებული, თუმცა არც აქ ვართ დაზღვეულნი; შესაძლოა, სახლში მიტანის შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ პროდუქტი ამჟავებულია. ეს იმის ბრალია, რომ შენახვის პირობები მაღაზიაშივე დაირღვა. ამიტომ ზაფხულში რძის ნაწარმის შეძენისას კარგად დააკვირდით ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვარგისობის ვადას. ეცადეთ იყიდოთ რაც შეიძლება ახალი პროდუქტი.

თუ არ გსურთ გაიგოთ, რა არის ბრუცელოზი, სალმონელოზი, გირჩევთ, არ შეიძინოთ ქუჩაში "სოფლის რძე" და "სოფლის კვერცხი". გარდა იმისა, რომ ზაფხულში ქუჩაში დარღვეულია ყოველგვარი სანიტარიული რეჟიმი, ისიც კი არ იცით, ჯანმრთელია თუ არა პროდუქტის გამყიდველი. ზოგს ახალმოწველილი რძის ან ახალდადებული ქათმის კვერცხის უმად მირთმევა უყვარს. გირჩევთ, დაივიწყოთ ეს ჩვევა.

ეცადეთ, სიცხეში რაც შეიძლება ნაკლებად შეიძინოთ ხორციანი პროდუქტი - ბლინი, ჩებურეკი, ჰოთდოგი. ის მალე ფუჭდება და მძიმე მოწამვლას იწვევს. საზოგადოდ, უმჯობესია, ზაფხულში მცენარეულ საკვებზე - მცენარეული ზეთით შეზავებულ სალათებზე, ხილსა და ბოსტნეულზე გადახვიდეთ, მაგრამ ყურადღება არც ამ შემთხვევაში უნდა მოადუნოთ. კარგად გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, რაც მთავარია, კარგად დაიბანეთ ხელები. ნუ დაივიწყებთ, რომ დიზენტერიის გამომწვევი შიგელას ბაქტერიები ნიადაგში ცხოვრობენ და თუ მცენარეული პროდუქტი კარგად არ გარეცხეთ, ამ დაავადებისგან დაზღვეული ვერ იქნებით. ამავე მიზეზით გირჩევთ, ბაზარში ან ქუჩაში შეძენისას ხილს გემოს ნუ გაუსინჯავთ - გაურეცხავი ხილი, თანაც დაუბანელი ხელით მირთმეული, ძალიან სახიფათოა.

თუ ბოსტნეულის სალათს მაიონეზით შეაზავებთ, გარკვეული წესების დაცვა აქაც მოგიხდებათ. მაიონეზიც მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ კერძი შეკაზმეთ უშუალოდ ჭამის წინ და მომზადებისთანავე მიირთვით, ნუ შეინახავთ მეორე დღისთვის, თუნდაც მაცივარში. არ შეიძინოთ მაიონეზი ბაზრობაზე და ღია დახლებზე, იყიდეთ მხოლოდ მაცივარში მოთავსებული.

- როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ კერძი ზაფხულში?

- ზაფხულში კერძის მომზადებისას დიასახლისის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს არა კერძის გემო და კვებითი ღირებულება, არამედ მისი უვნებლობის შენარჩუნება. კერძმა საკვებისმიერი მოწამვლა რომ არ გამოიწვიოს, მისი სწორად შენახვა უნდა ვიცოდეთ. რძიანი კერძები ძალიან სწრაფად ფუჭდება. წყალზე მომზადებული ფაფა მაცივარში შეიძლება სამი დღე შევინახოთ, ხოლო რძეზე მომზადებული - არა უმეტეს 24 საათისა.

რაც შეეხება მოხარშული კრემით მომზადებულ ტორტსა და სხვა ნამცხვრებს - მაცივარში მათი გაჩერება 6 საათზე მეტი ხნით არ შეიძლება.

მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელი ნიადაგია ხორცის ფარში, მისგან მომზადებული კერძები, ამიტომ მათი შენახვის ვადა ხანმოკლეა. გუფთა და შემწვარი კატლეტი მაცივარში მხოლოდ ერთი დღე-ღამით ინახება. ამასთანავე, სუფრასთან მიტანამდე აუცილებლად უნდა გააცხელოთ ან წამოადუღოთ.

შემწვარი ხორცი - ფრინველი, თევზი - შეიძლება მეორე დღესაც მიირთვათ, ოღონდ მანამდე კი არ უნდა გააცხელოთ, არამედ თავიდან უნდა შეწვათ.

მაკარონი ხორცის ფარშით უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ შეკაზმეთ.

კერძს, რომელიც შეიცავს ყველს, ნიორს, თევზს, მაცივარში შენახვისას კარგად დაახურეთ თავსახური, რათა მათი მძაფრი სუნი სხვა პროდუქტებს არ გადაედოს.

შემწვარი ან მოხარშული ქათამი, კატლეტი მაცივარში თავდახურული ჭურჭლით შეინახეთ ან ფოლგაში გადაახვიეთ.

პოლიეთილენის პარკით შეგიძლიათ შეინახოთ მწვანილი, ხახვი. უმჯობესია, წვნიანი იმდენი მოამზადოთ, რომ ორი დღე გეყოთ. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ხელახლა აადუღეთ, მაგრამ მხოლოდ იმდენი, რამდენსაც მიირთმევთ და არა მთელი ქვაბი. ამით დანარჩენ კერძს გემოსა და კვებით ღირებულებას შეუნარჩუნებთ.

კარტოფილი მოხარშეთ ან შეწვით იმდენი, რამდენსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ. მრავალჯერადი თერმული დამუშავება და ხანგრძლივი შენახვა მის გემოსა და კვებით ღირებულებას ამცირებს.

კერძი რომ გაცივდება, მერეღა შეინახეთ მაცივარში. ცხელი ქვაბი აფუჭებს მაცივარს და მასში შენახულ პროდუქტს.

- როგორ გავანაწილოთ პროდუქტი მაცივარში?

- საყინულეში ვინახავთ გაყინულ პროდუქტს, ნაყინს. მის ქვემოთ თაროზე - კარაქს, სოსისს, მოხარშულ ძეხვს. მეორე თაროზე ვდგამთ სალათებს, რძესა და რძის პროდუქტებს, ტორტს, მესამე თაროზე - ყველს, კონსერვებს, წვნიანს. სულ ქვემოთ ვათავსებთ ხილსა და ბოსტნეულს, მწვანილს.

- ზაფხულობით ბევრს უყვარს ქალაქგარეთ პიკნიკის, ლაშქრობის მოწყობა. რომელი პროდუქტი შეიძლება წავიღოთ თან?

- ნუ წაიღებთ თან მალფუჭებად პროდუქტს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ყველაზე უწყინარია მოხარშული კვერცხი, ყველი, შემწვარი ქათამი (თუ მას მეორე დღეს აღარ გამოიყენებთ), გალეტი, ნამცხვარი მშრალი შიგთავსის გარეშე (მაგალითად, კექსი), პური, ხაჭაპური, უმი ბოსტნეული - კიტრი, პომიდორი, ხახვი. ყველაფერი წაიღეთ წინასწარ გარეცხილი (ბოსტნეული, ხილი) და დაჭრილი (ყველი, ხორცი, პური), რათა ზედმეტად ხელით შეხება არ მოგიწიოთ - ხელს გზაში ყოველ წუთს ხომ ვერ დაიბანთ!

ყველი, ქათამი შეახვიეთ ფოლგაში, ხოლო ბოსტნეული, კვერცხი, პური შეგიძლიათ პოლიეთილენის პარკებში ჩაალაგოთ. არ დაგავიწყდეთ ხელსახოცები. კარგი იქნება, თუ სველ ხელსახოცებსაც წაიყოლებთ. რასაკვირველია, უმჯობესია, მზა საკვები ჩანთა-მაცივრით წაიღოთ. ის ძალიან მოხერხებულია მსგავსი შემთხვევებისთვის. უფრო მეტი ყურადღება და განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო, თუ თან პატარა ბავშვებიც მიგყავთ.