რეაბილიტაცია კვებითი ინტოქსიკაციის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეაბილიტაცია კვებითი ინტოქსიკაციის შემდეგ

საზოგადოდ, ორგანიზმის ინტოქსიკაცია მისი შხამებით (ტოქსინებით) დაზიანების გამო ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს ტოქსინები, მავნე ნივთიერებები, ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, შესაბამისად, თქვენს ყურადღებასაც საკვებისმიერ ინტოქსიკაციაზე შევაჩერებთ.

უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი ორგანიზმის ინტოქსიკაციისა და დასნებოვნების უმთავრესი წყაროა, რადგან აღნიშნული სახის საკვებში უხვად მრავლდება ტოქსინების (შხამების) გამომყოფი მიკრობები. ორგანიზმში საკვებ პროდუქტთან ერთად მოხვედრისას ეს მიკრობები კუჭსა და ნაწლავებში სერიოზულ ანთებას იწვევენ. შემდგომ პათოგენური მიკროორგანიზმები სისხლში ხვდება და აქედან იწყებს ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებზე უარყოფით გავლენას. ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება ღვიძლს, გულსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

გახსოვდეთ, მოწამვლის დროს აღმოცენებული დიარეა (იგივე ფაღართი) და ღებინება იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი თავად ცდილობს პარაზიტებისაგან განთავისუფლება-გაწმენდას. ამ დამცველობით მექანიზმთა (სიმპტომთა) არარსებობა უფრო მეტად საშიშია, ვიდრე მათი გამოვლენა (ანუ ორგანიზმის მიერ მათი ჩართვა).

ინტოქსიკაციის სამკურნალო კურსის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო (ანუ აღდგენითი) კურსის ჩატარება. რა ხდება ორგანიზმში მოწამვლის შემდეგ და როგორ უნდა აღვადგინოთ მისი დამცველობითი მექანიზმები, განსაკუთრებით - კუჭისა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციობა? ამ მნიშვნელოვან საკითხებს სწორედ წინამდებარე სტატიაში გაეცნობით.

როგორ დავეხმაროთ კუჭს

უხარისხო საკვები უპირველესად კუჭში ხვდება, შესაბამისად, ტოქსინების პირველ დარტყმას სწორედ ეს ორგანო განიცდის. კუჭის ფუნქციობის აღსადგენად პირველი დახმარება სწორი კვებაა. კვების ყველაზე სწორი რეჟიმი ინტოქსიკაციის შემდეგ ორგანიზმის გადატვირთვისაგან დაცვაა. მიღებულმა საკვებმა არ უნდა გადატვირთოს კუჭი, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭი ზედმეტად არ უნდა გადაივსოს, გაიწელოს და გაღიზიანდეს. ამისათვის საჭიროა დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფებით ისეთი საკვების მიღება, რომელიც არც ცხელი იქნება და არც ცივი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიღებული საკვების კონსისტენციას. ინტოქსიკაციის შემდეგ აუცილებელია საკვები თხევადი ან ფაფისებრი იყოს ადვილად მონელებისათვის.

რას მოიცავს აღდგენითი დიეტა

მოწამვლის შემდეგ პირველი და მთავარი დახმარება დიეტაა. თუ ინტოქსიკაციის შემდეგ ადამიანს ჯერ კიდევ არ აღუდგა მადა, ძალდატანებით ჭამა არასასურველია. ასეთ დროს საკმარისია სითხეების მიღება. სითხეები აუცილებელია არა მხოლოდ ორგანიზმის გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, არამედ მინერალებით მის შესავსებად. სითხეების მიღება გულისხმობს არა მხოლოდ ჩვეულებრივი წყლის დიდი რაოდენობით დალევას, არამედ მინერალურისაც (აუცილებლად გაზგასული და თბილი სახით). სასარგებლოა აგრეთვე მცენარეთა ნაყენების მიღებაც, კერძოდ, ჩირისაგან მომზადებული კომპოტების, მწვანე ჩაის, ასკილის, კრაზანას, შავი მოცხარისა და მაყვლის ნაყენების. ინტოქსიკაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში რეკომენდებულია შემდეგი საკვები:

  • წყალზე მომზადებული ფაფები (ბრინჯის, შვრიის, სიმინდისა და წიწიბურასი);
  • ქათმის ბულიონი;
  • უცხიმო ხორცი (კურდღლის, ფრინველის);
  • მოხარშული თევზი;
  • ხრაშუნა პური (რუსულად “ხლებცი”);
  • ვაშლისა და სტაფილოს პიურეები;
  • ბოსტნეულის წვნიანები;
  • კარტოფილის პიურე კარაქის გარეშე.

მოწამვლის შემდეგ პირველ დღეებში არ უნდა მიირთვათ:

  • რძე და რძემჟავა პროდუქტები;
  • ცხიმიანი, ცხარე, შებოლილი, შემწვარი და მით უფრო დაკონსერვებული პროდუქტი;
  • უმი ხილი და ბოსტნეული, კენკრა;
  • კომბოსტო და პარკოსნები;
  • თაფლი;
  • კვერცხი;
  • შოკოლადი და სხვა ტკბილეული;
  • ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები;
  • ყავა და კაკაო.

აუცილებელია გვირილის ნაყენის მიღება. ამისათვის ორ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთით, გადაწურეთ და თბილი მიირთვით 4-ჯერ დღეში (ანუ ყოველ მიღებაზე 1/4 ჭიქა ნაყენი). ჩაის ნაცვლად რეკომენდებულია ასკილისა და შავი მოცხარის ნახარშების დალევა.

როგორ აღვადგინოთ ნაწლავის მიკროფლორა

მოწამვლით დასუსტებულ ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები იღუპება, სამაგიეროდ, პათოგენური მიკრობები ინტენსიურად მრავლდება. ამ პროცესს დისბაქტერიოზს უწოდებენ.

კვებითი ინტოქსიკაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში, საკვები რაციონის კორეგირება უნდა ეფუძნებოდეს ნაწლავების მოქმედებას. შეკრულობის (ყაბზობის) დროს მეტი სითხე და უჯრედისით მდიდარი პროდუქტია რეკომენდებული, ფაღარათის დროს კი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს უმი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, საკვები რაციონი უნდა გამდიდრდეს შემომგარსველი მოქმედების მქონე საკვებით (ფაფები, მოხარშული ხორცი და თევზი). მეტეორიზმის (ნაწლავებში აირების დაგროვების) დროს უკუნაჩვენებია კომბოსტო, რძე და პარკოსნები, აუცილებელია ცილებით მდიდარი საკვების მიღება.

ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად რეკომენდებულია ბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლებას უწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პრეპარატები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომელთა სულ ცოტა 10% ფეხს იკიდებს ნაწლავებში და აქტიური ცხოველმყოფელობის ფონზე თრგუნავს პათოგენურ ფლორას. ამით ადგილობრივი იმუნიტეტი ნაწლავებში სულ უფრო მეტად ფორმირდება და მყარდება.

პრეპარატების პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური მედიცინის სხვადასხვა საშუალებაც, მაგალითად, კამის წყალი. აიღეთ 4 ჩაის კოვზი კამის თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათს გააჩერეთ შეფუთული, შემდგომ გადაწურეთ და დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში დალიეთ 50-70 მლ-ის მოცულობით.

შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალძარღვას ნაყენი კოთხუჯის ფესვთან ერთად. ამისათვის დასახელებული ნედლეული ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გადაურიეთ. აიღეთ 2 ჩაის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთს გააჩერეთ. მომზადებული ნაყენი დალიეთ 50 მლ-ის მოცულობით დღეში სამჯერ ჭამის წინ.

დისბაქტერიოზს, ნაწლავებში მიმდინარე ლპობით პროცესებსა და, შესაბამისად, მეტეორიზმს ეფექტურად ებრძვის ნიორი. მიირთვით ერთი კბილი უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე და საღამოს ჭამიდან ორ საათში.

გახსოვდეთ, ტოქსინების გავლენით ნაწლავების მიკროფლორა ძალიან მალე ნადგურდება, ხოლო მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც რეაბილიტაციის პერიოდში მოთმინებაა საჭირო, მკაცრად უნდა დაიცვათ შესაბამისი დიეტა და აუცილებლად მიირთვათ რეკომენდებული ნაყენები და სითხეები.