მაგნიტოთერაპია და ულტრაფონოფორეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგნიტოთერაპია და ულტრაფონოფორეზი

სითბო, სიცივე, ელექტრული დენი, მაგნიტური, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივება, ასევე სამკურნალო ტალახები, მასაჟი და ჰირუდოთერაპია.

ფიზიოთერაპიას, როგორც დამხმარე საშუალებას, დიდი ეფექტი აქვს არაერთი დაავადების მკურნალობაში. გარდა ამისა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენება შეიძლება დაავადებათა საპროფილაქტიკო საშუალებად, რადგან ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, ააქტიურებენ ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებს.

ფართოდ გამოყენებულ ფიზიოთერაპიულ მეთოდებზე, მაგნიტოთერაპიასა და ულტრაფონოფორეზზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი, ფიზიოთერაპევტი სალომე გვასალია:

  • მაგნიტოთერაპია

- ქალბატონო სალომე, რა არის მაგნიტოთერაპია, რას ეფუძნება მისი მოქმედების მექანიზმი და ეფექტურობა?

- მაგნიტოთერაპია არის ფიზიოთერაპიული პროცედურა მაგნიტური ველის მოქმედებით. არსებობს: მუდმივი, ცვალებადი, ბრუნვადი, პულსირებული და იმპულსური მაგნიტური ველი. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბიოლოგიური ქსოვილები ყველაზე ეფექტურად რეაგირებენ მაგნიტურ იმპულსურ ველზე.

პროცედურის არსია ქსოვილებში ბიოაქტიური მოლეკულების სტიმულაცია და მათი მოქმედების ეფექტურობის გაზრდა იმპულსური მაგნიტური ველების დახმარებით.

კლინიკური ეფექტები:

1. ტკივილგამაყუჩებელი;

2. ანთების საწინააღმდეგო;

3. სედაციური;

4. ჰიპოტენზიური;

5. დესენსიბილიზაცია;

6. შეშუპების საწინააღმდეგო;

7. ტროფო და იმუნომასტიმულირებელი;

8. მიკროცირკულაციისა და ლიმფის დენადობის სტიმულაცია;

9. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სტიმულაცია.

მაგნიტოთერაპიის განსაკუთრებული ეფექტებია:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • ინსულტის შემდგომი სწრაფი რეაბილიტაცია;
  • დაზიანებული ნერვ-კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა;
  • ხერხემლისა და სახსრების არეში ტკივილის ინტენსივობის კუპირება, რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება;
  • სისხლის რეოლოგიის გაუმჯობესება;
  • ქსოვილების კვების გაუმჯობესება;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება;
  • კოლაგენის სტიმულაცია.

- ძირითადად რომელი პათოლოგიების დროს ინიშნება მაგნიტოთერაპია?

- მაგნიტოთერაპია ინიშნება სხვადასხვა პათოლოგიის დროს, მათ შორისაა:

1. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები: ტვინში სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევა, შაკიკი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, იშემიური ინსულტი;

2. ნევროლოგიური დაავადებები: დისკოგენური რადიკულოპათია, მაჯის გვირაბის სინდრომი, ნერვული დაბოლოებების ტრავმული დაზიანება, დიაბეტური პოლინეიროპათია, სხვადასხვა ნევრალგია, ვერტებრალური მიელოპათიის სინდრომი, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი;

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: ნეიროცირკულატორული დისტონია ჰიპერტონული გამოვლინებით, ჰიპერტონული დაავადება (2-3 ხარისხი), გულის იშემიური დაავადება (1-2 ხარისხი), აორტაზე შუნტირების შემდგომი პერიოდი, პერიფერიულ სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზები, დიაბეტური ანგიონეიროპათია;

4. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული და მწვავე დაავადებები: ართრიტი, ართროზი, კოქსართროზი, პოდაგრული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ქრონიკული ოსტეომიელიტი;

5. კიდურების ტრავმული დაზიანებები: მოტეხილობა, ღრძობა, მყეს-იოგოვანი სისტემის დაზიანება, კუნთოვანი დაზიანება და ა.შ.

6. სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები: ბრონქული ასთმა, ბაქტერიულ-ვირუსული პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, პოსტკოვიდური ნარჩენი მოვლენების რეაბილიტაცია;

7. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: გასტრიტი, დუოდენიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სხვადასხვა გენეზის ჰეპატიტები, ქოლეცისტიტი, ნაღვლ-სადინარების დისკინეზია, ქრონიკული პანკრეატიტი, ოპერირებული კუჭის სინდრომი, პოსტქოლიცისტექტომიის სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა.

8. ოტოლარინგოლოგიური დაავადებები: სინუსიტი, ფრონტიტი, ქრონიკული და მწვავე ევსტაქიტი, ქრონიკული ლარინგიტი, ნეირო-სენსორული სმენის დაქვეითება;

9. კანის სხვადასხვა დაავადება: ტროფიკული წყლული, დამწვრობა, ძნელად შესახორცებელი ჭრილობები;

10. დამხმარე საშუალებად ონკოლოგიურ ავადმყოფებთან, ჩატარებული მკურნალობის შემდგომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად (მეტასტაზების გავრცელების აღმოფხვრა);

11. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

12. ძილის დარღვევა.

- აქვს თუ არა მაგნიტოთერაპიას უკუჩვენება?

- მაგნიტოთერაპიის უკუჩვენებებია:

  • ორსულობა;
  • ჰემოფილია ან/და სისხლდენისადმი მიდრეკილება;
  • ონკოლოგიური პათოლოგია;
  • კარდიოსტიმულატორი;
  • ინფექციური დაავადებები;
  • ფსიქიკური აშლილობები;
  • ჰიპოტონია;
  • ანევრიზმა;
  • გულის უკმარისობა;
  • ჰიპერტონული დაავადება (2-3 ხარისხის).

- ახლავს თუ არა მეთოდს გართულება?

- მაგნიტოთერაპიას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.

- როდის არის სასურველი მაგნიტოთერაპიის ჩართვა მკურნალობაში, დაავადების მწვავე თუ ქრონიკულ ფაზაში?

- მაგნიტოთერაპია ძირითადად მწვავე ფაზაშია რეკომენდებული, თუმცა, გამოიყენება განმეორებითი კურსის სახითაც.

- საშუალოდ რამდენ სეანსს მოიცავს ერთი სამკურნალო კურსი შედეგის მისაღწევად და რა სიხშირით (პერიოდულობით) შეიძლება მაგნიტოთერაპიის ჩატარება?

- ერთი სამკურნალო კურსი მოიცავს 12-15 სეანსს. რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ ჩატარება.

  • ულტრაფონოფორეზი

- აუხსენით მკითხველს რა მეთოდია ულტრაფონოფორეზი?

- ულტრაფონოფორეზი არის თერაპია, რომელიც იყენებს ულტრაბგერით ტალღებს კანსა და კანქვეშა ქსოვილებში ნივთიერებების (მედიკამენტები, გელები) მიწოდების გასაძლიერებლად.

ფიზიოთერაპიის ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციის სფეროში. პროცედურა მოიცავს კანზე, ადგილობრივად, სამკურნალო მედიკამენტის (გელის) დატანას და ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით მიკროვიბრაციების წარმოქმნას კანში. ეს ტექნიკა ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარიანობას და ხელს უწყობს ნივთიერებების ქსოვილებში შეღწევას.

- რა უპირატესობა აქვს ამ ფიზიოთერაპიულ მეთოდს?

- აღნიშნულ ტექნიკას რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს, ესენია:

  • ლოკალური მკურნალობა:

ფონოფორეზი სხეულის კონკრეტულ ზონაში მედიკამენტების მიზანმიმართული მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ლოკალიზებული დაავადებების სამკურნალოდ, ისეთების, როგორებიცაა ტენდინიტი, ართროზი, ჰემატომა, ბურსიტი და სხვა.

  • მედიკამენტების აბსორბციის გაზრდა:

ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება აძლიერებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამტარიანობას, რაც ეხმარება მედიკამენტების შეწოვას.

  • ტკივილის შემსუბუქება:

ფონოფორეზი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის უშუალოდ დაზიანებულ არეში მიწოდების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით სასარგებლოა ანთებასა და კუნთების სპაზმთან დაკავშირებული ტკივილის სამართავად.

  • სისტემური გვერდითი მოვლენების შემცირება:

ვინაიდან ულტრაფონოფორეზის დროს მედიკამენტების ადგილობრივი მიწოდება კონკრეტულ ზონაზეა მიმართული, მედიკამენტის პერორალურ მიღებასთან შედარებით სისტემური გვერდითი ეფექტების რისკი უფრო დაბალია.

  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება:

ულტრაბგერითი ტალღები, რომლებიც ფონოფორეზის დროს გამოიყენება, ასტიმულირებს სისხლის მიწოდებას დაზიანებულ მიდამოში. სისხლის ნაკადის გაუმჯობესება კი ზრდის ქსოვილთა ტროფიკას.

  • არაინვაზიურობა:

ულტრაფონოფორეზი არაინვაზიური და უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდია.

- რომელი პათოლოგიების დროს ინიშნება ძირითადად ულტრაფონოფორეზი?

- ულტრაფონოფორეზი ფართოდ გამოიყენება რეაბილიტაციაში სხვადასხვა ძვალ-კუნთოვანი მდგომარეობისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ. მათ შორისაა:

  • ტენდინიტი - მყესის ანთება. ხშირად ვითარდება არადოზირებული ფიზიკური დატვირთის ან ტრავმული დაზიანების შედეგად. ამ მდგომარეობის დროს, ფონოფორეზი გამოიყენება დაზიანების ადგილას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღებად.
  • ბურსიტი - სასახსრე ჩანთის ანთება. ფონოფორეზი ხელს უწყობს ანთების შემცირებასა და ტკივილის შემსუბუქებას.
  • მყესების დაზიანება: ფონოფორეზი ეხმარება შეხორცებით პროცესებს, ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
  • სახსრის კონტრაქტურა: ხშირად, სახსრის მოძრაობის დიაპაზონი იზღუდება ნაწიბუროვანი ქსოვილის არსებობის ან ხანგრძლივი უმოძრაობის გამო. ფონოფორეზი გამოიყენება რბილი ქსოვილების შებოჭილობის მოსახსნელად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
  • ოსტეოართროზი: სახსრების დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ხრტილის განლევით. ამ დროს ფონოფორეზი გამოიყენება იმ მედიკამენტების შესაყვანად, რომლებიც ხელს უწყობენ ოსტეოართროზთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების მართვას.
  • პლანტარული ფასციიტი: ფონოფორეზი შეიძლება გამოვიყენოთ ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად.
  • ეპიკონდილიტი - იდაყვის ლატერალური და/ან მედიალური მხარის ანთება. ფონოფორეზი ამ მდგომარეობის დროს ამცირებს ტკივილსა და ანთებას.

- აქვს თუ არა ულტრაფონოფორეზს უკუჩვენება?

- მეთოდის უკუჩვენებებს შორისაა:

1. თავის ტვინის სისხლძარღვების მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი;

2. ჰემოფილია ან/და სისხლის სისტემური დაავადებანი;

3. ავთვისებიანი წარმონაქმნები;

4. ზოგადი მძიმე მდგომარეობა;

5. ინფექციური დაავადებები, ფილტვის ტუბერკულოზი აქტიურ ფაზაში;

6. ფსიქიკური აშლილობები, ხშირი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსია;

7. სისხლდენები ან მათდამი მიდრეკილება;

8. მაღალი ტემპერატურა;

9. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

10. ჰიპერტონული დაავადება (3 ხარისხის);

11. კახექსია.

- ახლავს თუ არა მეთოდს გართულება?

- ულტრაფონოფორეზს გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია. ის უსაფრთხო თერაპიად არის მიჩნეული, როდესაც კვალიფიციური პროფესიონალის მიერ ტარდება. თუმცა, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც აქვს პოტენციური გვერდითი მოვლენები. ესენია:

  • კანის გაღიზიანება და სიწითლე სამუშაო არეზე.

ჩვეულებრივ, დროებითია და მალევე უკუგანვითარდება:

  • ალერგიული რეაქცია;
  • დამწვრობა ან დისკომფორტი.

ულტრაბგერითი მოწყობილობის არასწორმა გამოყენებამ, ასევე გადაჭარბებული ინტენსივობის ულტრაბგერამ ან ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან დისკომფორტი.

  • გადახურება;

ულტრაბგერითი ტალღების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების გადახურება.

- როდის არის სასურველი ულტრაფონოფორეზის ჩართვა მკურნალობაში?

- თერაპია ძირითადად მწვავე ფაზაშია რეკომენდებული, თუმცა გამოიყენება განმეორებითი კურსის სახითაც.

- რა წესები უნდა დავიცვათ ამ ფიზიოთერაპიული მეთოდის გამოყენებისას და ზოგადად, მკურნალობის პროცესში?

- ულტრაფონოფორეზი აუცილებელად უნდა შესრულდეს სპეციალისტის მიერ. პროცედურა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1. შეფასება:

აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება, იმის დასადგენად, რამდენად მიზანშეწონილია თერაპიის ჩატარება. შეფასება მოიცავს პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლას და არსებობის შემთხვევაში უკუჩვენებათა გამოვლენას.

2. მედიკამენტის შემცველი მალამოს დატანა:

შემდეგი ნაბიჯია საჭირო მედიკამენტის შემცველი გელის ან კრემის დატანა დაზიანებულ ადგილზე.

3. ულტრაბგერის აპლიკაცია:

ულტრაბგერითი აპარატის გადამცემი თავსდება პრეპარატით დასამუშავებელ მიდამოზე. აპარატი გამოყოფს დაბალი სიხშირის ულტრაბგერით ტალღებს, კანში იქმნება მიკროვიბრაცია, რაც ხელს უწყობს მემბრანის გამტარიანობის გაზრდას და მედიკამენტის შეწოვას.

4. მონიტორინგი:

მთელი პროცედურის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დისკომფორტი ან გვერდითი მოვლენა.

5. მკურნალობის შემდგომი მოვლა:

პროცედურის შემდეგ აუცილებელია სხვადასხვა ინსტრუქციის გათვალისწინება, მაგალითად: სასურველია დამუშავებულ ადგილზე მზის სხივის პირდაპირი მოქმედების არიდება.

- საშუალოდ რამდენ სეანსს მოიცავს ერთი სამკურნალო კურსი შედეგის მისაღწევად და რა სიხშირით (პერიოდულობით) შეიძლება ულტრაფონოფორეზის გამოყენება?

- სამკურნალო კურსი მოიცავს 12-15 სეანსს. წელიწადში შეიძლება 2-3 კურსის ჩატარება.