მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა

თითოეული მათგანი მიუწვდომელის წვდომაა, რევოლუციური გარღვევაა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ღეროვანი უჯრედები ჩვეულებრივი უჯრედებისგან

2014 წელს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია ერთდროულად ორ მეცნიერს, იაპონელ სინიია იამანაკასა და ბრიტანელ ჯონ გერდონს მიანიჭეს. პრემია მათ ღეროვანი უჯრედების სფეროში აღმოჩენებისთვის მიიღეს. ამ ორმა უდიდესმა მეცნიერმა დაადგინა და დაამტკიცა, რომ თურმე შეიძლება, ზრდასრული ადამიანის ჩვეულებრივი უჯრედი ისე გადააპროგრამო, რომ მისგან ღეროვანი უჯრედი მიიღო. ეს კიდევ ერთი გადატრიალებაა მედიცინაში. ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით. ღეროვანი უჯრედების რამდენიმე წყარო არსებობს: ემბრიონული (იღებენ ჩანასახის ადრეულ სტადიაში); ფეტალური (იღებენ აბორტისშემდგომი მასალისგან); პოსტნატალური (ზრდასრული ორგანიზმის ღეროვანი უჯრედები); დაბოლოს, მომყოლში დარჩენილი სისხლი (რაც ძალიან ცოტაა). ემბრიონების გამოყენება ღეროვანი უჯრედების მისაღებად ეთიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ზრდასრული ორგანიზმისგან მიღებული ღეროვანი უჯრედები კი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებაქტიურნი არიან, როგორც წესი, ეთიკურ ასპექტში არავითარ პოლემიკას არ იწვევს. ჩვეულებრივი უჯრედების ღეროვან უჯრედებად გადაპროგრამებას მედიცინისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თუ იამანაკას მეთოდის წყალობით შესაძლებელი გახდა ღეროვანი უჯრედების განუსაზღვრელი მარაგის შექმნა, ეს მედიკოსებს ორგანიზმისთვის საჭირო ორგანოებისა და ქსოვილების "გამოზრდის" შესაძლებლობას მისცემს და ეს ყველაფერი ტრანსპლანტოლოგიაში რევოლუციას გამოიწვევს. ეს გახლავთ 50 წლის წინანდელი აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან დააფასეს. ასეთი უჯრედებისგან ყველაფრის გაზრდა შეიძლება და სულაც არ არის საჭირო ღეროვანი უჯრედების ემბრიონებისგან მიღება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ უჯრედების მეშვეობით შეიძლება ინფარქტგადატანილ გულზე იმ ნაწიბურის გაქრობა, რომელიც გულის შეკუმშვაში მონაწილეობას აღარ იღებს, შეიძლება პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა, შეიძლება პანკრეასის ჯირკვლის ან მისი ნაწილის "გამოზრდა", ანუ იმ ჯირკვლისა, რომელზეც ქირურგიულ ჩარევას დღემდე უფრთხიან მსოფლიოს წამყვანი ქირურგები, შეიძლება ღვიძლის "გამოზრდა"... მეცნიერები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ აღმოჩენის წყალობით კიდურების გაზრდა. სამაგიეროდ, ამ ტექნოლოგიით სულ ადვილად შეიძლება კანის ახალი უჯრედების შექმნა. დამწვრობამიღებული პაციენტები ყველაზე მძიმე ავადმყოფები არიან, რომელთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია. ქიმიური და თერმული დამწვრობები ძალიან საშიშია და თუ შესაძლებელი იქნება, რომ ამ ადამიანების ქსოვილის ერთი უჯრედისგან მთლიანი კანი მივიღოთ და მისი საშუალებით დავფაროთ დაზიანებული ადგილები - ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი აღმოჩენა 50 წლის წინ გაკეთდა, მისი პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ დღეს დაიწყო და კიდევ უამრავი რამ არის გამოსაკვლევი იმისთვის, რომ დალაგდეს ერთი უჯრედის სხვა საჭირო უჯრედად ტრანსფორმაციის (გარდაქმნის) პროცესი. ის მეთოდები, რომლებსაც სადღეისოდ იყენებენ, ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა, ამიტომ საჭიროა მათი შემდგომი შესწავლა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ჯონ გერდონისა და სინიია იამანაკას აღმოჩენა - ეს ბიოლოგიასა და მედიცინაში ფუნდამენტური გადატრიალებაა.


ა ვიტამინის აღმოჩენა

ინგლისელი ბიოქიმიკოსის, ფრედერიკ გოულენდ ჰოპკინსის აღმოჩენის შემდეგ, რომელმაც პირველმა ივარაუდა, რომ დაავადებასა და კვებას შორის გარკვეული კავშირია და რომ ორგანიზმს სჭირდება კვების შეუცვლელი ფაქტორები (მათ შემდგომ "ვიტამინები" უწოდეს), რომლებიც მხოლოდ გარკვეულ საკვებშია, მედიცინას დამხმარეებად სხვა ბიოქიმიკოსებიც მოევლინნენ. მეცნიერთა ორმა ჯგუფმა, რომელთაგან ერთს ელმერ მაკკოლუმი და მარგარეტ დევისი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მეორეს - თომას ოსბორნი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა, რომ ნაღების კარაქსა და კვერცხის გულში არსებობს ნივთიერება, რომელიც საკვებ ცხიმებთან არის დაკავშირებული. ამ ნივთიერებას 1916 წელს ა ვიტამინი უწოდეს: ეს გახლდათ პირველად აღმოჩენილი ვიტამინი და სწორედ ამის გამო მისი აღნიშვნა ანბანის პირველი ასოთი სრულიად ლოგიკური გახლდათ. სადღეისოდ ა ვიტამინის თვისებები კარგად არის შეწავლილი. ის აუცილებლად შედის სააფთიაქო პოლივიტამინურ კომპლექსებში, რომლებიც იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის არიან მოწოდებულნი. ის შეიძლება ექიმმა ფილტვების დაავადებებისა და კოლიტების დროს, ასევე სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველად დანიშნოს. უკვე ცნობილია ის პროდუქტებიც, რომელთა საშუალებითაც ორგანიზმში ეს მეტად ძვირფასი ვიტამინი შედის (ასევე ბეტა-კაროტინი - ნივთიერება, რომლისგანაც ა ვიტამინი ღვიძლში სინთეზირდება). ეს გახლავთ: ღვიძლი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ყველი, თევზის ქონი, ნარინჯისფერი ბოსტნეული და ხილი.

დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა

ასი წლის წინანდელი მედიცინა საერთოდ არ ჰგავდა თანამედროვეს: არც ექოსკოპია იყო და არც ანტიბიოტიკები... მაგრამ იმ დროს გაკეთებული ბევრი აღმოჩენა ჩვენს ცხოვრებაზე ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს. მაშ ასე, 1891 წელს გამოჩნდა დიფტერიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა. ის გერმანელმა ბაქტერიოლოგმა ემილ ადოლფ ფონ ბერინგმა შექმნა. ჯერ კიდევ 1890 წელს ბერინგმა იაპონელ მეცნიერთან, სიბასაბურო კიტასატოსტან ერთად გაარკვია, რომ დიფტერიაგადატანილი ცხოველების სისხლში ჩნდება ანტიტოქსინი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ამ დაავადებისადმი იმუნიტეტის განვითარებას. თუ დიფტერიაგადატანილი ცხოველის სისხლს ჯანმრთელ ცხოველს შეუყვანთ, ეს უკანასკნელი დაცული იქნება. ერთი წლის შემდეგ, 1891 წელს, ვაქცინა დაავადებულ ბავშვებს გაუკეთეს - იმ დროს ბერლინში დიფტერიის აფეთქება იყო. თუმცა შედეგი არასტაბილური აღმოჩნდა. ვაქცინაში არსებული ანტიტოქსინი მცირე დროის განმავლობაში მოქმედებდა და მხოლოდ იმ ბავშვებს ეხმარებოდა, რომლებშიც, დაავადების არსებობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ იყო დაავადების სიმპტომები გამოვლენილი. ამ მძიმე წუთებში ბერინგს მისი კოლეგა და მეგობარი, პაულ ერლიხი დაეხმარა. იმუნოლოგიაში თავისი აღმოჩენების დახმარებით ერლიხმა დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინის გაუმჯობესება, ანტიტოქსინის სწორი დოზის გამოთვლა და უფრო სუფთა ვაქცინის მიღება მოახერხა. გაუმჯობესებული ვაქცინა 1894 წელს წარმატებით გამოსცადეს 220 დაავადებულ ბავშვზე. ბავშვების გადარჩენისათვის ბერინგს 1901 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პირველი ნობელის პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბევრი მშობელი ბავშვების აცრაზე უარს ამბობს, სტატისტიკა შეუბრალებელია: სადღეისოდ ევროპის ბევრ ქვეყანაში დიფტერიისგან 10 მილიონიდან მხოლოდ ერთი ბავშვი იღუპება, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გერმანიაში, სადაც ვაქცინა შეიქმნა, 10 ათასიდან 35 შემთხვევაში დაავადება სავალალო შედეგით მთავრდებოდა.

ზედმეტი ქოლესტერინი გულს ვნებს

ეს აღმოჩენა რუსი მეცნიერის ნიკოლაი ანიჩკოვის დამსახურებაა, რომელმაც საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. გარკვეული დროის განმავლობაში ის ბოცვრებს ცხიმიანი ცხოველური საკვებით კვებავდა. ცხოველები საკმაოდ მოკლე დროში დაიღუპნენ. გაკვეთის დროს აღმოჩნდა, რომ სიკვდილის მიზეზი ქოლესტერინის ბალთებით კორონარული არტერიების დახშობა იყო. აქედან ექმმა გააკეთა დასკვნა, რომ ცხიმიანი საკვების ხანგრძლივად მიღება ადამიანისთვის სახიფათოა. ანიჩკოვის ექსპერიმენტს ბევრი აკრიტიკებდა და არაზუსტსა და არამეცნიერულს უწოდებდა. საქმე ისაა, რომ ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია და მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის შეგუებული ცხოველური პროდუქტების ათვისებას. თუმცა ამას ადამიანზე ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, შემდგომმა კვლევებმა მეცნიერის მთავარი დასკვნა დაადასტურა: ზედმეტი ქოლესტერინის გარეშე ათეროსკლეროზი არ ყალიბდება. აი, რატომ არის, რომ სადღეისოდ ექიმები აქტიურად მოგვიწოდებენ ყურადღება მივაქციოთ სისხლში ამ ნივთიერების კონცენტრაციას. თუ ანალიზი აჩვენებს, რომ მისმა რაოდენობამ მოიმატა, მაშინ საჩქაროდ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები. პირველ რიგში სრული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ. გასული 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოლესტერინის 20% ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, ხოლო დანარჩენ 80%-ს თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს. ასე რომ, მისი დონის მომატება შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი იყოს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი სპეციალური პრეპარატების მიღებასა და, რა თქმა უნდა, რაციონის შეცვლას გირჩევთ. აუცილებელია ცხიმიანი ცხოველური პროდუქტების შეზღუდვა, შეზღუდვა და არა მთლიანად ამოღება. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ წინ გვაქვს ბევრი აღმოჩენა, რომელიც კიდევ უფრო მეტ სინათლეს მოჰფენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ურთულეს პროცესს.