ყავა
თუმცა როდესაც ხელში სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯანი გვიჭირავს, არც კი გვახსოვს მცენარე, რომელიც ამ საოცარ სასმელს გვაძლევს. ყავა არაბიკა მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლეც ბუნებრივ პირობებში 4 მეტრს აღწევს, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული მისი ჯუჯა სახეობაც, რომლის სიმაღლე 1 მეტრია. ასეთი გაბარიტები საშუალებას გვაძლევს, ყავა ჩვენი ოთახის ბინადრად ვაქციოთ.
-
როგორ მოვუაროთ ყავას
ყავის ხე არ ითვლება მომთხოვნ მცენარედ, მაგრამ ეს შეხედულება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ სწორად დავიცავთ მისი მოვლის წესებს.
ყავას ზომიერი ტემპერატურა სჭირდება. ზამთარში 14-15 გრადუსიც ჰყოფნის (უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებ 12 გრადუსისა).
უყვარს სინათლე, თუმცა გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა მოვუჩრდილოთ - ფანჯარას თხელი ტიულის ფარდა უნდა ჩამოვაფაროთ.
ზაფხულში მცენარე უხვად უნდა მოირწყოს, ზამთარში კი ზომიერად, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შენობის ტემპერატურა. ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი ნესტი ისევე არ არის სასურველი, როგორც გამოშრობა.
გაითვალისწინეთ, რომ ყავის ხეს ტენი სჭირდება და ხშირად დანამეთ თბილი რბილი (არა ხისტი) წყლით. გარდა ამისა, შეიძლება ქოთანი დავდგათ ფართო სადგამზე, რომელიც წყლით იქნება სავსე.
აპრილიდან სექტემბრამდე ყავა აქტიურად იზრდება. ამ პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ თხევადი მზა სასუქი, ოღონდ ძალიან განზავებული. მცენარე მჟავა რეაქციის მქონე ნიადაგში უნდა დავაბინაოთ. ამისთვის მიწას სფაგნუმი და ტორფი უნდა დავუმატოთ.
-
ყავის ხე ლამაზია
ყავის ხე ლამაზი მცენარეა. ის კარგად იტოტება. აქვს მოგრძო, დაახლოებით 15 სანტიმეტრი სიგრძის ფოთლები მახვილი ბოლოთი და ტალღოვანი კიდეებით, მუქი მწვანე ტყავისებრი ზედაპირით.
ყვავილიც, რომელიც აპრილსა და მაისში იშლება, საკმაოდ მომხიბლავი და სურნელოვანია.
რაც შეეხება ნაყოფს, მის შესახებ ლაპარაკი საჭირო აღარ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყავა კოფეინით მდიდარი სასმელია. მასში კოფეინი სხვა ორგანულ ნივთიერებებთან ერთად არის წარმოდგენილი, რის გამოც ორგანიზმის რეაქცია ყავის მიღებისას ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე სუფთა კოფეინის მიღების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელსაც არც ჰიპერტონია აქვს და არც გულის დაავადება, ყავა ორგანიზმის სტიმულაციისა და დაღლილობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.