თანამედროვე გენერიკები ბრენდებზე არანაკლებ ეფექტურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამედროვე გენერიკები ბრენდებზე არანაკლებ ეფექტურია

ეს ყველაფერი კი ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

  • ბატონო დევი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული პროდუქტის რა ნაწილი იხარჯება მოსახლეობის ჯანდაცვაზე?

devi-xecinasvili.jpg- მინდა გითხრათ მნიშვნელოვანი და სასიხარულო რამ: ჩვენ, ყველა ერთად - მოსახლეობა, სახელმწიფო და კერძო სექტორი - ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს ვხარჯავთ.

2010 წლისთვის ეს დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი იყო. ეს ძალიან სერიოზული დონეა, რომელიც ტიპურია ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის. ამერიკა მეტს ხარჯავს, რისთვისაც მას აკრიტიკებენ კიდეც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენთან ერთი ადამიანი ჯანდაცვაზე, ვთქვათ, 440 დოლარს ხარჯავს წელიწადში, ევროპის განვითარებული ქვეყნის მცხოვრებისთვის ეს დანახარჯი 3 ათას დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ასეთი განსხვავება იმით არის გამოწვეული, რომ ევროპის განვითარებული ქვეყნების შიდა პროდუქტი გაცილებით მეტია.

მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტის დახარჯვა თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ქვეყანას სხვა ხარჯებიც აქვს.

  • მაგრამ აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ დანახარჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რატომ არის ასეთი უეფექტო დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა?

- მართალია, დანახარჯი პროცენტულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მაინც მცირე თანხაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ეფექტურად ვხარჯოთ ეს ფული. ამ თანხას მნიშვნელოვნად ვერ გავზრდით, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, სწრაფად არ იზრდება. სწორედ ამიტომ უნდა შემუშავდეს ჯანდაცვის სისტემის ისეთი პარამეტრები, რომ ამ მცირე თანხით ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიღების შანსი გაჩნდეს.

ჯერჯერობით თანხების ოპტიმალური გადანაწილება ვერ ხერხდება. რასაც ახლა გეტყვით, ყველაფერი სერიოზულ კვლევებზეა დაფუძნებული. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენში ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯის ნახევარზე მეტი ფარმაცევტული დანახარჯია, ანუ იმ თანხის ნახევარი, რაც საერთოდ ჯანდაცვაზე იხარჯება, წამლებში მიდის. შედარებისთვის, ევროპის ქვეყნებში წამლებზე 12-15% იხარჯება, დანარჩენი თანხა კი სხვა სამედიცინო სერვისებზე.

  • როგორ შეიძლება ამის შეცვლა და საერთოდ, რა იწვევს ჩვენში წამლებზე ასეთი მაღალი დანახარჯის არსებობას?

- დანახარჯის ფორმულა, მარტივად რომ ვთქვათ, წამლის ფასის ნამრავლია მოხმარებული წამლის რაოდენობაზე. ჩვენს შემთხვევაში კვლევები აჩვენებს, რომ ორივე მათგანი ნორმალურზე მეტია ანუ ჩვენში წამლებიც ძვირია და არც მათი მოხმარება შეესაბამება ცოდნაზე დაფუძნებული მედიცინის მოთხოვნებს. მაგალითად, ეგრეთ წოდებული იოლი სტანდარტის მიხედვით ერთ დაავადებაზე ორზე ნაკლები წამალი ინიშნება, - ეს მიიჩნევა ნორმალურ დონედ, ჩვენში კი სამზე მეტს ნიშნავენ. ასეთი მარტივი შედარებებიც კი გვიჩვენებს, სად არის პრობლემა.

მეორე საკითხია, რა ტიპის წამლები ინიშნება ავადმყოფობის დროს. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ერთი და იმავე წამლის სხვადასხვა ანალოგის ფასი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ბრენდები, ახალი ინოვაციური პრეპარატები, რომელთა შექმნასა თუ შემოწმებაში ფარმაცევტულმა კომპანიებმა დიდი ფული ჩადეს, ძვირი ღირს. გარკვეული ხნის შემდეგ ასეთ წამლებს გასდით საავტორო უფლებების ვადა და სხვა კომპანიები იმავე ფორმულით, მაგრამ სხვა დასახელებით ამ წამლის წარმოებას იწყებენ. ეს გენერიკია. გენერიკში აქტიური ნივთიერება იგივეა, რაც ბრენდში, მაგრამ მისი ფასი გაცილებით მცირეა. შემიძლია, გაგაცნოთ საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები. მაგალითად, ართრიტის გენერიკებითა და ბრენდებით მკურნალობის ფასს შორის ხუთმაგი განსხვავებაა.

  • ისევ პრობლემას მივადექით... შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ექიმები შეკრულები არიან ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებსაც ამა თუ იმ ბრენდის ნაწარმი შემოაქვთ?

- ამის თაობაზე ობიექტური მონაცემები არ არსებობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ასიდან 95 შემთხვევაში ექიმი ბრენდს უნიშნავს.…

  • ამით თავს ხომ არ იზღვევს ექიმი?

- თავსაც იზღვევს, პაციენტიც ბრენდს უფრო ენდობა... მაგრამ როდესაც ფასებში ასეთი სხვაობაა, ალბათ უნდა არსებობდეს პოლიტიკა, რომელიც ექიმისგან გენერიული ფორმების გამოყენებას მოითხოვს. ეს არის საკითხი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განიხილება. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებთან კავშირს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს კავშირი უდავოდ არსებობს.

მაგალითად, ჩვენ ვკითხეთ ექიმებს: თუ წამლის გამოყენებისას რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, ვის აცნობებენ ამის შესახებ? აღმოჩნდა, რომ ექიმები ამ ინფორმაციას კოლეგებს და… ფარმაცევტულ კომპანიებს უზიარებენ. ეს კი ნიშნავს, რომ კავშირი არსებობს და რომ ამ კავშირს ექიმები იყენებენ. საერთოდ კი ექიმს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან.

  • ბატონო დევი, მაინც რატომ ღირს მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში ასე ძვირი და თითქმის ყოველდღიურად რატომ იმატებს მათი ფასი? ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? გათვალისწინებულია თუ არა მოსახლეობის ინტერესები ამ ფასების ნორმირებისას?

- მოდი, ასე ვთქვათ: საქართველოში რეგულატორული კონტროლი ფასებზე არ არსებობს. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ფასების ნორმატიული კონტროლი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კარგ ფასს ნორმატიული ჩარევის გარეშე, კონკურენტული უნდა იყოს. მხოლოდ კონკურენციით შეიძლება, ქვეყანაში ნორმალური ფასები შევინარჩუნოთ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2010 წლიდან დღემდე საქართველოში წამლების საცალო ფასი შემცირდა, უპირველეს ყოვლისა, თბილისში. 2009 წლის მიწურულიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე გაჩნდა კონკურენცია, რომელმაც გარკვეული შედეგი გამოიღო. რასაკვირველია, მრავალი ჩვენი თანამემამულე ამას შესაძლოა ვერ ამჩნევდეს, განსაკუთრებით რაიონებში, - კონკურენცია ყველგან ერთნაირი არ არის, თანაც ფარმკომპანიების მარკეტინგული პოლიტიკა ძალიან დახვეწილია, - მაგრამ ფაქტია, კონკურენციის ზრდამ შედეგი მოგვცა. ეს შედეგი კარგად უნდა გავაანალიზოთ და მერე ვთქვათ, არის თუ არა ის საკმარისი.

სადღეისოდ კონკურენტულ ზეწოლას ძირითადად “ფარმადეპო” ქმნიდა, თუმცა ამ სფეროში ისევ არის გარკვეული ცვლილებები და იმედი მაქვს, ერთი-ორი ახალი ქსელი კიდევ განვითარდება. ამას მოჰყვება ის, რომ კონკურენციის შედეგები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება...


  • დიახ, მაგრამ კონკურენციის გაზრდა, წესით და რიგით, დაბალი ფასების შეთავაზებით უნდა ხდებოდეს, ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით არის - ფასები იმატებს...

- ეს ძალიან საინტერესო თემაა. უკვე გითხარით, რომ ფასებმა დაიწია. სხვათა შორის, ბრენდებზეც, ზოგიერთ მათგანზე - 20%-თაც კი.

  • ეს ძირითადად ფასდაკლების სისტემაში ექცევა...

- მარკეტინგი ძალიან რთული თემაა... სხვათა შორის, გაიზარდა ფასები გენერიულ ფორმებზე, რომლებსაც ექიმები არ ნიშნავენ, მაგრამ თვითმკურნალობის დროს ყიდულობს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ იგრძნეს შეჩვეულ წამლებზე ფასების მომატება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მოხმარების თვალსაზრისით სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ ანუ ვეცდებით გენერიულ ფორმებზე გადასვლას, ამით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და მკურნალობის საფასურიც საგრძნობლად შემცირდება.

  • უცხოეთში როგორი დამოკიდებულებაა გენერიკებისადმი?

- იქაც მიმდინარეობს ბრძოლა მათ დასანერგავად. გერმანული სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა, რომელიც გენერიკულ სისტემაზე გადადის, პირდაპირ წერს, რომ გენერიკებით, ოღონდ კარგი და ხარისხიანი გენერიკებით მკურნალობა ბრენდებით მკურნალობასთან შედარებით 5-6-ჯერ იაფი ჯდება. გერმანიის გარდა ყველგან ცდილობენ, გენერიკების მოხმარება სისტემურად დაინერგოს და გაიზარდოს, იმიტომ რომ თანამედროვე გენერიკები ბრენდებზე არანაკლებ ეფექტიანია და არ არსებობს არავითარი საფუძველი, ბრენდში გაცილებით მეტი გადაიხადო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაციენტმა მიიღოს, ენდოს ექიმის მიერ დანიშნულ გენერიკს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ფასებს შორის ასეთი დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამედროვე გენერიკით მკურნალობის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ბრენდით ჩატარებული მკურნალობის ხარისხს.

  • საერთოდ, რა ინფორმაცია გაქვთ ქართული წარმოების გენერიკებზე? რატომ არის, რომ მათი ფასი ხშირად ბევრად არ ჩამოუვარდება ბრენდის ფასს? და კიდევ, რამდენად ხარისხიანია ქართული წარმოების გენერიკები?

- რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, ბუნებრივია, თვითღირებულება წამლის ფასზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ საცალო ფასი რეალურად უფრო მარკეტინგის საკითხია... თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა შეიძლება ითქვას, რომ ქართული წამალი პრაქტიკულად არ არსებობს. აქტიური ნივთიერება მსოფლიოში რამდენიმე ადგილზე იწარმოება. მათ ამერიკული თუ ევროპული, ჩინური თუ ინდური ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ და მისგან წამლებს აწარმოებენ. შემდგომ ეს წამლები ქვეყანაში გადიან რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკმაოდ რთულ პროცესს.

საქართველოს კანონში 2010 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად, თუ რომელიმე წამალი რეგისტრირებულია, ასე ვთქვათ, კარგ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში ან კანადაში, ის საქართველოში აღარ საჭიროებს სპეციფიკურ რეგისტრაციას. ეს თავისთავად საკმაოდ ლოგიკურია იმიტომ, რომ იქაური სისტემები, იქაური მთავრობა ზრუნავს თავის მოსახლეობაზე და იმ ზრუნვის შედეგებით ჩვენ აქ ვსარგებლობთ. თქვენი კითხვა გულისხმობდა იმასაც, საერთოდ რა ფენომენია ქართული წამალი.

ქართული წამალი ძირითადად ჩინეთშია წარმოებული. როგორც წესი, ეს არის აბი, რომელიც აქ ჩამოდის და ადგილზე იფუთება. არის შემთხვევები, როცა ჩამოდის აქტიური ნივთიერება და აქ ხდება მისი ტაბლეტირება, დამზადება.

  • და მისი ხარისხიც ამა თუ იმ აპრობირებული ბრენდის იდენტურია, ისეთივე კარგია, როგორიც ბრენდის?

- მოდი, ასე ვთქვათ: ეს ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით. რაკი ეს წამალი შეიქმნა საქართველოში, მან აქვე უნდა გაიაროს რეგისტრაციისა და დაშვების ყველა ის ეტაპი, რომელსაც, ვთქვათ, გერმანიასა თუ კანადაში გადის მსგავსი ხერხით შექმნილი წამალი. აი, აქ ჩნდება კითხვა: არის თუ არა საქართველოში ეს პროცესი ისევე უზრუნველყოფილი, ხარისხზე ისევე ორიენტირებული, როგორც კანადასა თუ გერმანიაში.

მე მჯერა, რომ საქართველოში ადეკვატურად იზომება აქტიური ნივთიერების შემცველობა აბში, მაგრამ რამდენად ბიოეკვივალენტურია ის, ანუ რამდენად ახდენს გავლენას დაავადებაზე, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ამას სჭირდება სპეციალური კვლევები, რომლებიც ახალი წამლის რეგისტრაციის მნიშვნელოვან ხარჯვით ნაწილს მოიცავს. წამიკითხავს კიდეც და ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ, რომ წამლის ბიოეკვივალენტურობის შეფასების ნაწილი საქართველოში მოიკოჭლებს.

მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ თუ ჩვენ - მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექიმები, რიგითი მოქალაქეები - შევძლებთ და სისტემურად, სერიოზულად დავიწყებთ გენერიკული ფორმების წამლების დანერგვას, მკურნალობა გაცილებით გაიაფდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თანამედროვე ხარისხიანი სერვისების დაფინანსება.

  • მოდი, შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. რა ცვლილებების გატარებას მოითხოვს ჯანდაცვის დანახარჯების ოპტიმიზაცია და რა გზა არსებობს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

- ვფიქრობ, საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ: პირველი - უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გაიზარდოს კონკურენტულობა და ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა, რაც აუცილებლად ინვესტორებსაც მოიზიდავს და ფასებზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს, და მეორე - მოხმარების ნაწილში უნდა დაინერგოს გაიდლაინები და პროტოკოლები, ანუ მკურნალობის თანამედროვე წესები, დაინერგოს გენერიკული ფორმები და გატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა ექიმებსა და ფარმკომპანიებს შორის კავშირის შესასუსტებლად.