ქოლესტერინის სამკურნალო მედიკამენტების გვერდითი ეფექტები - სტატინებმა შესაძლოა, მეხსიერების დაქვეითება და გონებრივი დარღვევები გამოიწვიოს
– ფიზიკური აქტიურობა დაჯანსაღი კვება – მომატებული ქოლისტერინის საწინააღმდეგო უპირველესი ღონისძიებებია. მიუხედავად ამისა, ხშირად აუცილებელია ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაც.
სტატინების ზემოქმედება ღვიძლზე
ზოგჯერ სტატინების მიღებას შეიძლება მოჰყვეს სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, რაც ღვიძლის ანთების ნიშანია. თუ ფერმენტების აქტივობის მატება უმნიშვნელოა და ნორმის ზედა ზღვარს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება, მედიკამენტის მიღება შეიძლება გაგრძელდეს. იშვიათად, როცა მატება მნიშვნელოვანია, შესაძლოა სტატინი შეიცვალოს სხვა სტატინით.
სტატინების აღნიშნული გვერდითი ეფექტის გათვალისწინებით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 6-8 კვირის შემდეგ ტარდება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა.
თუ პაციენტი სტატინებით მკურნალობის ფონზე ამჩნევს უჩვეულო დაღლილობას, სისუსტეს, უმადობას, ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, შარდის გამუქებას ან კანისა და თვალების მოყვითალო შეფერვას, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
სისხლში გლუკოზის მატება ან დიაბეტი ტიპი 2
დღეს არსებული მონაცემებით, სტატინებით მკურნალობის ფონზე შესაძლოა სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება და შემდგომში დიაბეტი ტიპი 2-ის აღმოცენება. ეს რისკი საკმაოდ მცირეა, თუმცა მაინც საკმარისად ჩაითვალა იმისათვის, რომ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას აღენიშნა.
სისხლში გლუკოზის მატება უმთავრესად მაშინ ვითარდება, როცა ის სტატინების მიღების დაწყებამდეც მაღალია.
სადავო არაა, რომ სტატინები დიაბეტით დაავადებულებს იცავენ გულის შეტევისა და ინსულტისაგან. ამ მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის გამო სადავოა, რამდენად ყურადსაღებია გლუკოზის უმნიშვნელო მომატება სტატინების მიღების ფონზე. სადღეისოდ ითვლება, რომ სტატინების დადებითი ეფექტი ბევრად უფრო აღემატება მათ გვერდით ეფექტებს.
ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები
კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ აღინიშნა, არის მეხსიერების დაქვეითება და გონებრივი დარღვევები. ეს გვერდითი ეფექტები მედიკამენტის შეწყვეტისას უკუგანვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ სტატინების მიღებასა და აღწერილ გვერდით ეფექტებს შორის ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არის დადგენილი, თუმცა, თუ მკურნალობის ფონზე დაქვეითდა გონებრივი შესაძლებლობები, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.