მედიკამენტები ქოლესტერინის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტები ქოლესტერინის წინააღმდეგ

ჯანსაღი კვება – მომატებული ქოლისტერინის საწინააღმდეგო უპირველესი ღონისძიებებია. მიუხედავად ამისა, ხშირად აუცილებელია ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაც.

მედიკამენტის არჩევანი და მათი კომბინირებული გამოყენების გადაწყვეტილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის ინდივიდუალური რისკფაქტორები: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტები. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ იმ მედიკამენტთა ჯგუფები, რომლებიც დღეს არსებული რესურსების გათვალისწინებით მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ შეიძლება დაინიშნოს:

სტატინები

სტატინები ბლოკავენ ღვიძლში ქოლესტერინის წარმოქმნაში მონაწილე ფერმენტს. აღნიშნულის შედეგად სისხლში ქოლესტერინის შემცველობა ქვეითდება. გარდა ამ ეფექტისა, სტატინები ხელს უწყობენ არტერიების კედლებზე დაგროვებული ქოლესტერინის – ეგრეთ წოდებული ქოლესტერინული ფოლაქის – რეაბსორბციას (უკუშეწოვას), რითაც გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების დაავადების უკუგანვითარებას შეიძლება შეუწყონ ხელი. ამ ეფექტის წყალობით, კვლევათა თანახმად, 25 – 35%-ით მცირდება „გულის შეტევის“, ინსულტის, უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი. კვლევები ასევე ადასტურებენ, რომ სტატინები განმეორებითი ინსულტისა და ინფარქტის რისკს 40%-ით ამცირებენ.

სტატინები უპირატესად დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს აქვეითებენ, თუმცა მცირე ეფექტი შეიძლება აღინიშნოს სხვა ტიპის ქოლესტერინის შემცველობის მოწესრიგების (რეგულირების) თვალსაზრისითაც.

დადგენილია, რომ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც სტატინებს უკვე იღებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორების გათვალისწინებით, სტატინები კიდევ 15–20 მილიონ პირს შეიძლება დაენიშნოს. დღეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ექიმები ნიშნავენ სისხლში ქოლესტერინის და მისი სხვადასხვა კომპონენტის (ე.წ. ლიპიდური სპექტრის) კვლევას. მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. დაბალი სიმკვრივის, ანუ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება არის სტატინების მიღების უმთავრესი ჩვენება.

სტატინები – რისკი და სარგებელი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატინები საკმაოდ ეფექტური საშუალებებია ინფარქტისა და ინსულტის წინააღმდეგ, თუმცა, ნებისმიერი ეფექტური მედიკამენტის მსგავსად, სტატინებსაც აქვთ გვერდითი მოვლენები. ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ მათ შესახებ.

კუნთების ტკივილი და დაზიანება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი სტატინებით მკურნალობის დროს არის კუნთების ტკივილი. მას პაციენტი შეიგრძნობს როგორც კუნთების მომატებულ მგრძნობელობას, დაღლას ან სისუსტეს. ტკივილი შეიძლება ვარირებდეს მცირე დისკომფორტიდან ისეთ ძლიერ ტკივილამდე, რომელიც ყოველდღიურ აქტიურობას აძნელებს.

სტატინებით გამოწვეულ კუნთების ტკივილთან დაკავშირებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირია ე. წ. „ნოცებო“ ეფექტი. ნოცებო ეფექტი არის ფენომენი, როცა მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმირებული პაციენტები იმაზე ხშირად მიუთითებენ მის არსებობას, ვიდრე გვერდითი ეფექტი გვხვდება რეალურად.

სტატინებით გამოწვეული კუნთების ტკივილის შესასწავლად ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც პაციენტთა ნაწილი ღებულობდა სტატინს, ნაწილი კი პლაცებოს. პლაცებო არის გარეგნულად ჩვეულებრივი მედიკამენტის მსგავსი აბი, რომელიც არ შეიცავს აქტიურ ქიმიურ ნივთიერებას. კვლევებით გამოვლინდა, რომ სტატინების მიღებისას კუნთების ტკივილის სიხშირე 5%-ით ნაკლებია, ვიდრე პლაცებოს მიღებისას. ამ შედეგმა გამოავლინა, რომ ტკივილი ხშირად პაციენტის განწყობის ან წარმოსახვის შედეგია.

კვლევებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტთა 30% წყვეტს სტატინების მიღებას კუნთების ტკივილის გამო არა მარტო მედიკამენტის, არამედ პლაცებოს მიღების შემთხვევაშიც. ამ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კუნთების ტკივილი ხშირად ამ გვერდითი ეფექტის შიშს უკავშირდება და არა რეალურად არსებულ ცვლილებებს.

ძალიან იშვიათად სტატინებმა შეიძლება გამოიწვიონ კუნთების სერიოზული დაზიანება – რაბდომიოლიზი. რაბდომიოლიზს ახასიათებს კუნთების უძლიერესი ტკივილი, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა. ამ გვერდითი ეფექტის რისკი ძალიან დაბალია და არსებული მონაცემების თანახმად, მილიონი პაციენტიდან ერთს უვითარდება. რაბდომიოლიზის რისკი იზრდება სტატინების გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციისა და მაღალი დოზებით მკურნალობისას.

სტატინების ზემოქმედება ღვიძლზე

ზოგჯერ სტატინების მიღებას შეიძლება მოჰყვეს სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, რაც ღვიძლის ანთების ნიშანია. თუ ფერმენტების აქტივობის მატება უმნიშვნელოა და ნორმის ზედა ზღვარს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება, მედიკამენტის მიღება შეიძლება გაგრძელდეს. იშვიათად, როცა მატება მნიშვნელოვანია, შესაძლოა სტატინი შეიცვალოს სხვა სტატინით.

სტატინების აღნიშნული გვერდითი ეფექტის გათვალისწინებით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 6-8 კვირის შემდეგ ტარდება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა.

თუ პაციენტი სტატინებით მკურნალობის ფონზე ამჩნევს უჩვეულო დაღლილობას, სისუსტეს, უმადობას, ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, შარდის გამუქებას ან კანისა და თვალების მოყვითალო შეფერვას, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

სისხლში გლუკოზის მატება ან დიაბეტი ტიპი 2

დღეს არსებული მონაცემებით, სტატინებით მკურნალობის ფონზე შესაძლოა სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება და შემდგომში დიაბეტი ტიპი 2-ის აღმოცენება. ეს რისკი საკმაოდ მცირეა, თუმცა მაინც საკმარისად ჩაითვალა იმისათვის, რომ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას აღენიშნა.

სისხლში გლუკოზის მატება უმთავრესად მაშინ ვითარდება, როცა ის სტატინების მიღების დაწყებამდეც მაღალია.

სადავო არაა, რომ სტატინები დიაბეტით დაავადებულებს იცავენ გულის შეტევისა და ინსულტისაგან. ამ მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის გამო სადავოა, რამდენად ყურადსაღებია გლუკოზის უმნიშვნელო მომატება სტატინების მიღების ფონზე. სადღეისოდ ითვლება, რომ სტატინების დადებითი ეფექტი ბევრად უფრო აღემატება მათ გვერდით ეფექტებს.

ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები

კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ აღინიშნა, არის მეხსიერების დაქვეითება და გონებრივი დარღვევები. ეს გვერდითი ეფექტები მედიკამენტის შეწყვეტისას უკუგანვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ სტატინების მიღებასა და აღწერილ გვერდით ეფექტებს შორის ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არის დადგენილი, თუმცა, თუ მკურნალობის ფონზე დაქვეითდა გონებრივი შესაძლებლობები, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

გვერდითი ეფექტების რისკი

საბედნიეროდ, სტატინების გვერდითი ეფექტები იშვიათია. დადგენილია, რომ გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მეტია, როცა პაციენტი:

  • ქოლესტერინის დასაქვეითებლად იღებს რამდენიმე მედიკამენტს;
  • მდედრობითი სქესისაა;
  • მომცრო აგებულებისაა;
  • 80 წლის და მეტი ასაკისაა;
  • აქვს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
  • იღებს ალკოჰოლს;
  • აქვს ჰიპოთიროიდიზმი ან ნერვ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები.

სტატინების გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის ზოგიერთი მედიკამენტი. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ამიოდარონი (კორდარონი) – არითმიის სამკურნალო მედიკამენტი;
  • ჰემიფიბროზილი – ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატი;
  • შიდსის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ზოგი ანტიბიოტიკი (მაგ. კლარითრომიცინი) და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. იტრაკონაზოლი);
  • ზოგიერთი იმუნოსუპრესანტი (მაგ. ციკლოსპორინი).

სტატინების ეფექტზე მრავალი მედიკამენტი შეიძლება ახდენდეს ზეგავლენას, რის გამოც აუცილებელია, პაციენტმა ექიმს დაუსახელოს ან აჩვენოს ყველა ის მედიკამენტი, რომლებსაც იღებს.

სტატინები და გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი და მისი წვენი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სტატინების მეტაბოლიზმში (გადამუშავებაში) მონაწილე ფერმენტის კონკურენტია. ის ამცირებს სტატინების დაშლას, ზრდის მათ კონცენტრაციას ორგანიზმში, რის გამოც მატულობს გვერდითი ეფექტების რისკი. აუცილებელია სტატინებით მკურნალობისას ექიმმა იცოდეს, რომ გრეიპფრუტს ან მის წვენს იღებთ.

გარდა სტატინებისა...

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი სწორედ სტატინებს დავუთმეთ – სტატინები ყველაზე ხშირად ინიშნება მომატებული ქოლესტერინის დროს. ამავე დროს არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სხვა საშუალებებსაც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები – ჩვენი ღვიძლი ქოლესტეროლს იყენებს ნაღვლის მჟავების მონელების პროცესის აუცილებელი კომპონენტის სინთეზისათვის. მედიკამენტები – ქოლესტირამინი, კოლესეველამი და კოლესტიპოლი ქოლესტეროლს არაპირდაპირი გზით – ნაღვლის მჟავების შებოჭვის ხარჯზე ამცირებენ. ეს აიძულებს ღვიძლს წარმოქმნას მეტი ნაღვლის მჟავები და ამისათვის ქოლესტეროლი გამოიყენოს. ეს სისხლში ქოლესტეროლის დონეს ამცირებს. ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტების გვერდითი ეფექტებია ყაბზობა, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა;
  • ქოლესტეროლის აბსორბციის ინჰიბიტორები – მიღებულ საკვებში არსებული ქოლესტეროლი წვრილ ნაწლავში შეიწოვება და სისხლში გადადის. მედიკამენტი ეზეტიმიბი აბრკოლებს საკვებში არსებული ქოლესტეროლის შეწოვას და ამ გზით ამცირებს ქოლესტეროლის დონეს სისხლში. ეს პრეპარატი ზოგჯერ სტატინებთან ერთად ინიშნება. გვერდით ეფექტთაგან აღსანიშნავია კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

სიახლე მაღალი ქოლესტერინის მკურნალობაში

მედიკამენტების ახალი ჯგუფია PCSK9 ინჰიბიტორები, რომლებიც განაპირობებენ ღვიძლის მიერ „ცუდი ქოლესტეროლის“ უფრო მეტ შეწოვას, რაც ამცირებს სისხლში „ცუდი ქოლესტეროლის“ კონცენტრაციას. აღნიშნული ახალი, საინექციო ფორმის მედიკამენტების გამოყენება შეიძლება გენეტიკური ჰიპერლიპიდემიის (მაღალი ქოლესტერინის) დროს (პაციენტს აქვს „ცუდი ქოლესტეროლის“ ძალიან მაღალი დონე) ან მაშინ, როცა პაციენტს აქვს კორონარული არტერიების დაავადება, მაგრამ გვერდითი ეფექტების გამო ვერ იღებს სტატინებს ან სხვა პრეპარატებს.

მედიკამენტები ტრიგლიცერიდების მომატებისას

სისხლში ტრიგლიცერიდების მომატების დროს პაციენტს შეიძლება დაენიშნოს:

  • ფიბრატები – ისინი ამცირებენ ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობით გამორჩეულ ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის სინთეზს და აჩქარებენ სისხლიდან ტრიგლიცერიდების მოცილებას. ზოგჯერ ფიბრატები და სტატინები ერთად ინიშნება, თუმცა ამ დროს გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება.
  • ნიაცინი – ნიაცინი ამცირებს ღვიძლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის სინთეზს. გვერდითი ეფექტების გამო ეს პრეპარატი უმთავრესად სტატინების აუტანლობისას გამოიყენება. ნიაცინის გვერდითი ეფექტებია წამოწითლება, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და თავის ტკივილი.
  • ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები – მას შეიცავენ ეგრეთ წოდებული მედიკამენტური დანამატები, რომელთაც ხშირად პაციენტები ფარმაცევტის რჩევით ღებულობენ. თუ პაციენტი მსგავს საშუალებას იღებს, მკურნალი ექიმი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული.

მივიღოთ თუ არა?

სწორედ ეს შეკითხვა შეიძლება დაიბადოს, როცა სტატიას წაიკითხავთ. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ ეფექტურ პრეპარატს აქვს როგორც მნიშვნელოვანი დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტები. ყოველ კონკრეტულ შემთვევაში ექიმი პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევს პრეპარატს და ახერხებს, რომ მკურნალობის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებდეს მის რისკს.

გაითვალისწინეთ, სათანადო ჩვენებით დანიშნული ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ ინსულტისა და ინფარქტის აღმოცენების და მათი შემთხვევების განმეორების რისკს.