5 ივნისი - ბუნების დაცვის საერთაშორისო დღეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ივნისი - ბუნების დაცვის საერთაშორისო დღეა

ერთჯერადი პარკები, ბოთლები, ჭურჭელი... მანქანის ნაწილებიც კი დღეს მაღალტექნოლოგიური პლასტმასისგან არის დამზადებული. რა მოიტანა ტექნიკურმა პროგრესმა, ამის შესახებ ქვემოთ შეიტყობთ და დაკვირვებულმა თვალმა შესაძლოა ის საფრთხეც შეამჩნიოს, რომელიც ელის მსოფლიოს პლასტმასით გამოწვეული ეკოკატასტროფის ან ხელოვნურად გამოყვანილი პლასტმასის “მჭამელი” მიკროორგანიზმებისაგან. საქართველოში ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ წყნარ ოკეანეში არის უზარმაზარი ნაგვის  მატერიკი, რომლის ფართობი 10 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 90% პლასტმასის ნაგვისგან შედგება (პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვა). მსოფლიოს საზოგადოებას უკვე დიდი ხანია გაუჩნდა შიში, რომ ბიოდეგრადაციისადმი (ანუ ბუნების, გარემოს დამშლელი ზემოქმედებისადმი) პლასტმასის მდგრადობა ათასწლეულებით განისაზღვრება, დედამიწა უახლოეს მომავალში შესაძლოა მთლიანად პლასტმასის ნარჩენებით აღმოჩნდეს დაფარული. მეზღვაურებიც და თევზებიც წყნარი ოკეანის ამ ნაწილს გვერდს უვლიან: აქ ნაგვის მეტი, პრაქტიკულად, არაფერია და მისგან წარმოქმნილი კუნძული-ნაგავსაყრელები ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ადგილი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სუბტროპიკულ მორევად არის ცნობილი - მეტად მასშტაბური და ნელი დინებაა, რომელიც წრიულად, საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს და ჰაერის ტემპერატურისა და წნევის ძლიერ ცვლილებებს იწვევს. იგი თავისებური უდაბნოა ოკეანეში, ღარიბი პლანქტონით, დიდი თევზებითა და ძუძუმწოვრებით. მუდმივი შტილისა და თევზეულის სიმწირის გამო ამ ადგილებს გვერდს უვლიან გემები. აქ დინება ორმა უზარმაზარმა ნაგვის გროვამ შექმნა. ერთი აღმოსავლეთით, ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის მდებარეობს და მისი ფართობი ორჯერ აჭარბებს ტეხასის შტატისას. მეორე დასავლეთით, იაპონიის აღმოსავლეთი ნაპირის მახლობლად არის თავმოყრილი. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ყველაფერში ჰავაელები ან იაპონელები იყვნენ დამნაშავენი: დიდ წყნაროკეანურ ნაგავს მთელი კაცობრიობა აგროვებს. 1950 წლიდან მოყოლებული, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაში პოლიეთილენის ბოთლები და პარკები გაჩნდა, ყოველ ათ წელიწადში ამ კოლოსალური სანაგვის ფართობი მესამედით და უფრო მეტით იზრდება. დღეს თითოეული სანაგვის ზომა რუსეთის ევროპული ნაწილის ტოლია. გაეროს მონაცემებით, ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ ოკეანის ყოველ კვადრატულ მილში 46 ათასი პლასტმასის ფრაგმენტს ნახავდით. ადამიანის მიერ ყოველწლიურად წარმოებული 90 მილიონი ტონა პლასტმასის 10% ოკეანეში ხვდება. თავის მხრივ, ამ რაოდენობის 70% ოკეანის ფსკერზე ილექება და მთლიანად ანადგურებს იქაურ ეკოსისტემას. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება წყლის ზედაპირზე. ცნობილია, რომ პლასტმასის ნაკეთობათა უმრავლესობა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესების გავლენით არ იშლება, სამაგიეროდ, მზის სხივების ზემოქმედებით პატარ-პატარა ნაწილებად იყოფა. ზღვის სანაპიროზე მრავალ თქვენგანს უნახავს სანთებელების, ბოთლებისა თუ პარკების ასეთი პოლირებული ნაწილები, რომლებიც არცთუ ისე უვნებელია - ფრინველებისა და თევზების საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. ასეთი ნარჩენები, გარდა იმისა, რომ მომწამვლელია, თავადაც იჟღინთება შხამიანი ნაერთებით. ეკოლოგების მონაცემებით, მათგან ყოველწლიურად მილიონამდე ზღვის მსხვილი ფრინველი და ცხოველი იღუპება. ნაგავი ადამიანისთვისაც მავნებელია. იგი აზიანებს გემებისა და წყალქვეშა ნავების გარსაცმს, ანაგვიანებს პლაჟებსა და სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიას. და მთავარი პრობლემა - დაშლისადმი მდგრადობის გამო ის თანდათან გროვდება კუნძულ მიდუეიზე, რომელიც აღმოსავლეთ ნაგავსაყრელის ახლოს მდებარეობს. პლაჟი 3 მეტრი სისქის ნაგვის ფენით არის დაფარული, ალაგ-ალაგ კი ზღვის წყლისგან გაპრიალებული პლასტმასის ნარჩენებისგან უკვე ნამდვილი პლაჟები წარმოიქმნა. იმ სახელმწიფოთა მთავრობები, რომლებიც ნაგვის კუნძულების პრობლემას შეეჯახნენ, გასაწმენდი სამუშაოებისთვის მოხალისეთა კამპანიებს უწევენ ორგანიზებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეცნიერთა აზრით, არარეალურია ოკეანის გლობალური ტრალირებაც, რომელიც პლანქტონზეც დამღუპველად მოქმედებს. გარდა ამისა, შეუძლებელია იმ ნაგვის მოგროვება, რომელიც ათეულობით მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული. საქმეში ჩახედული ადამიანები დაინტერესებულ პირებს ურჩევენ, უფრო სერიოზულად მოეკიდონ ისეთი მასალების შექმნის საკითხს, რომლებიც თავისთავად დაიშლება ან კონტინენტებზევე მოაგვარონ ნაგვის გადამუშავების საკითხები, რადგან ოკეანეში დაგროვილი ნაგვის მხოლოდ 20% იყრება პირდაპირ წყალში, ძირითადი მასა კი წყალს ხმელეთიდან მოაქვს - უამრავი პარკი, ბოთლები, შესაფუთი მასალები, რომლებიც ყოველწლიურად მილიარდობით ტონა იყრება.

მასალა მომზადებულია

“ჰოწსტუფფწორკს”-ის პუბლიკაციების

მიხედვით

პრობლემის გადაჭრის გზას სკოლის მოსწავლემ მიაგნო

იდეა, რომ ბაქტერიები შეიძლება პლასტმასის გასანადგურებლად იქნეს გამოყენებული, უკვე აღარ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს. 2009 წელს კანადელმა საშუალო სკოლის მოსწავლემ, დენიელ ბარდმა , გამოიყვანა ბაქტერია, რომელსაც პლასტმასის ნაგვის გადამუშავება შეეძლო. იგი პლასტმასის ნაკუწებით “კვებავდა” საფუარა სოკოების კულტურას და ხელოვნური გადარჩევის გზით ბაქტერიების კულტურიდან გამოყოფდა იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც უარს არ ამბობდნენ პლასტმასის გადამუშავებაზე, მერე კი ტემპერატურის ცვლილებებთან ერთად აჯვარებდა სხვებზე უფრო პროდუქტიულ ბაქტერიებს. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ მან იმას მიაღწია, რომ მიღებულმა შტამმა 6 კვირის განმავლობაში 43%-ით დაშალა პლასტმასა. თავისი აღმოჩენის წყალობით კანადურ სამეცნიერო გამოფენაზე დანიელმა საპრიზო ადგილი მოიპოვა. ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს “ნაგვის პრობლემის” მოგვარების მართლაც საუკეთესო გზაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით რთულად ყოფილა. პლასტმასა ჩვენი ყველაფერია. მისგან შედგება ჩვენი საკანალიზაციო და წყალადენი მილები, კომპიუტერები, სხვადასხვა კონსტრუქციის დეტალები, ელექტროსადენების იზოლაცია და სხვა. თუ ეს ბაქტერიები წარმატებით გამრავლდნენ, კაცობრიობას წარმოუდგენელი კოლაფსი ელის. ამ სიახლის წაკითხვის შემდეგ შეიძლება კიტ პედლერისა და ჯერი დევისის ფანტასტიკური ნაწარმოები “მუტანტი 59” გაგახსენდეთ (ის ჯერ კიდევ 1971 წელს გამოსცა ლონდონში გამომცემლობა “სოუვენირ პრესს”-მა). ამ ნაწარმოებში მეცნიერის “მიკრობიოლოგიური ქმნილება”, რომელსაც პლასტმასის “შეჭმა” შეუძლია, შემთხვევით კანალიზაციაში ხვდება და მთელ ლონდონს “ატერორებს”. ჩერდება მეტრო, ტრანსპორტი, მწყობრიდან გამოდის კავშირგაბმულობის სისტემა, კატასტროფას განიცდიან გემები თუ საჰაერო ხომალდები, იკეტება მაღაზიები - სახელმწიფო პარალიზებულია... სამწუხაროდ, დენიელ ბარდის სამუშაოს დეტალებს არ აკონკრეტებენ. ისიც კი არ არის ცნობილი, რომელი მიკროორგანიზმები გამოიყენა ბარდმა, რა პირობებში ხდებოდა კულტივირება, რა ტიპის პლასტმასა მუშავდებოდა, თუმცა ცნობილია, რომ კანადის მეცნიერების ამომავალ ვარსკვლავს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს. უნდა გაირკვეს ასეთი მიკრობების უსაფრთხოების საკითხი ადამიანის ჯანმრთელობისა და მთელი პლანეტის ეკოსისტემისთვის. რაც არ უნდა სერიოზულად იდგეს პლასტმასის ნარჩენების უტილიზაციის საკითხი, არავინ მოინდომებს მის ჩატარებას პლასტმასის იმ კომპონენტების დაშლის ფასად, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება. და მაინც, ფაქტია, რომ პლასტმასის ნაგვის პრობლემა დღესდღეობით მეტად მწვავეა. ყოველწლიურად მსოფლიოში იწარმოება (და უმრავლესობა იყრება) ასეულობით მილიარდი მხოლოდ პოლიეთილენის პაკეტი. გავიხსენოთ, რა კატასტროფამდე მიგვიყვანა ამან - წყნარ ოკეანეში მასიური ნაგავსაყრელ-არქიპელაგის წარმოქმნამდე, რომელიც ათასობით და ათეულათასობით კილომეტრზეა განფენილი და სადაც პრაქტიკულად განადგურებულია ყველაფერი ცოცხალი.

მასალა მომზადებულია

“მოტჰერ ნატურე ნეტწორკ” -ის

პუბლიკაციებზე დაყრდნობით

XXI საუკუნის ყველაზე დიდი საფრთხე ბაქტერია ამარცხებს ტანკს

“პროფესორ ლევ ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში, დღესაც მოქმედებს საიდუმლო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოწინააღმდეგის პირუტყვის (ძირითადად - ძროხებისა და ღორების) დაავადების გამომწვევი ბიოიარაღის შექმნაზე მუშაობს. რუსი მეცნიერები ცდილობენ, ისეთი ბაქტერიები “გამოზარდონ”, რომ, მიუხედავად აცრისა, ნებისმიერ ორგანიზმში შეიჭრან და იმუნური სისტემა დააზიანონ. ამასთან ერთად, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების სპექტრი ძალზე გაფართოვდა. მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ნათესებისა და პირუტყვის განადგურების “პროზაული” მიზნების მიღწევის შემდეგ რუსმა სამხედროებმა მეცნიერებს უფრო რთული ამოცანები დაუსახეს. ამჟამად რუსეთში განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია კვლევები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ან საწვავის “შემჭმელი” ბაქტერიებისა და ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნად. წარმოიდგინეთ - უხილავი “დამშეული” ბაქტერიები მადიანად ნთქავენ ტანკის ელექტროიზოლაციას და მოკლე ჩართვას მომენტალურად გამოჰყავს მწყობრიდან საბრძოლო მანქანა. ან კიდევ ავზი, რომელშიც საწვავი ესხა, უცბად თუ წყლით აღმოჩნდა სავსე, ნუ გაგიკვირდებათ - შესაძლოა, ესეც ბაქტერიების დამსახურება აღმოჩნდეს. ეს სტანისლავ ლემის ან აიზეკ აზიმოვის ფანტასტიკური ნოველიდან ნასესხები სიუჟეტი არ გეგონოთ, ამ მიმართულებით მრავალ ქვეყანაში სერიოზული და ძვირად ღირებული საიდუმლო სამეცნიერო კვლევები დღესაც მიმდინარეობს”.

ბესიკ ალადაშვილი,

“შპიონაჟის საიდუმლო”

დაბოლოს, თუ სკოლის მოსწავლემ შეძლო ისეთი ბაქტერიის გამოყვანა, რომელსაც პლასტმასის “შეჭმა” შეუძლია, წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები ექნებათ თანამედროვე ლაბორატორიებითა და უახლესი აპარატურით შეიარაღებულ მეცნიერებს. იქნებ მსგავსი ბაქტერია უკვე შექმნილიცაა და თავის დროს ელის? ხომ არ გახდება ის ახალი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი? ასეა თუ ისე, ფაქტია, ნარჩენი პლასტმასის პრობლემა დღემდე გადაწყვეტას ელის.