კულინარიული ჩანართი
სიცივე, მოქუფრული ცა გუნებას გვიფუჭებს, ტკბილეული კი ხელს უწყობს განწყობილების ამაღლებას. ამ დროს “ბედნიერების ჰორმონები” - ენდორფინები გამომუშავდება. გაზაფხულზე კი მიზანშეწონილი არ არის, ტკბილეულს მივეძალოთ.
წელიწადის ამ დროს იმუნიტეტი დაქვეითებულია, ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ამ დროს რაციონში უნდა შევიტანოთ ორგანიზმისთვის საჭირო ცილები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. სწორედ ამ პერიოდში შემოდის ბოსტნეული და მწვანილი, რაც ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა, რძის ნაწარმი კი საჭირო ცილებით მოგვამარაგებს.
სალათის ფოთლები დაბალკალორიული საკვებია, მაგრამ ძალზე ფასეული. იგი შეიცავს A, B, C, PP ვიტამინებს, კაროტინს, რკინასა და ფოსფორის მარილებს. ბევრი C ვიტამინია მწვანე ხახვში, ქინძში.
სალათა “გაზაფხული”
საჭიროა:
- 1 კონა სალათის ფოთოლი;
- 2 ცალი კიტრი;
- 1 კონა მწვანე ხახვი;
- 3-3 ძირი ოხრახუში, ქინძი, კამა;
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი;
- 1 ს.კ. ძმარი.
სალათის ფოთლები ხელით დავანაწევროთ. კარგად გარეცხილი კიტრი კანიანად დავჭრათ კუბებად. წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა. ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. გემოვნებისამებრ შევაზავოთ ზეთით, ძმრით, მარილით, სუნელებით, წიწაკით. შეიძლება, სალათას დავამატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ლორი ან მოხარშული ქათმის ფილე.
ბოლოკის სალათა
საჭიროა:
- 2-3 ცალი საშუალო ზომის ბოლოკი;
- 1-2 კიტრი;
- 1 კონა კამა;
- 2 კბილი ნიორი;
- არაჟანი ან კეფირი - მოსასხმელად.
ბოლოკი გავარჩიოთ და გავხეხოთ მსხვილად. კიტრი პატარა ნაჭრებად დავთალოთ. ნიორი დავნაყოთ და ავურიოთ მოსასხმელად გამზადებულ არაჟანს ან კეფირს. კიტრი, ბოლოკი და წვრილად დაჭრილი კამა ერთმანეთში ავურიოთ და მოვასხათ ნივრით შეზავებული არაჟანი ან კეფირი.
ბადრიჯანი ხორცით
საჭიროა:
- 4 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი;
- 300 გ ხორცის ფარში;
- 100-150 გ გახეხილი ყველი;
- 1 პატარა კონა რეჰანი;
- 1 ცალი პატარა მწვანე წიწაკა;
- მარილი - გემოვნებით.
ბადრიჯანს ამოვუღოთ გული სიგრძეზე ისე, რომ მიიღოს ნავის ფორმა. ამოცლილი გული წვრილად დავჭრათ და ხორცის ფარშს შევურიოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, მწარე წიწაკა და მარილი. ტაფაზე წავუსვათ ცხიმი, ზედ დავაწყოთ ფარშით დაჩურთული ბადრიჯნები. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ღუმელში და შევწვათ საშუალო ცეცხლზე შეწითლებამდე.
საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და ბარდით
საჭიროა:
- 1 200 გ ხორცი;
- 3 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა;
- 1 მუჭა მწვანე ზეთისხილი;
- 2 ცალი სტაფილო;
- 2 თავი ხახვი;
- 5-6 კბილი ნიორი;
- 250 გ ბარდა;
- ზაფრანა;
- ცოტაოდენი რეჰანი, როზმარინი, წიწაკა.
წყალში დავალბოთ ბარდა (მთელი ღამით). მოვხარშოთ ხორცი. მსხვილად დაჭრილი ხორცის ნაჭრები შევაწითლოთ, მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ნივრის კბილები, 5 წუთი კიდევ ვშუშოთ და გადმოვდგათ. მსხვილ მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ სტაფილო, ბულგარული წიწაკა. ქვაბის ძირზე დავყაროთ ბარდა, ზემოდან ხორცი დავაფინოთ, მოვაყაროთ მწვანილი და მწარე წიწაკა, დავფაროთ ბოსტნეულით, მოვაყაროთ ზეთისხილი და მოვასხათ იმდენი ბულიონი, ბოსტნეული და ხორცი, რომ დაფაროს. შევდგათ 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და 3 საათი გავაჩეროთ.