სააღდგომო სუფრა
სააღდგომო სუფრის სადღესასწაულო ელფერი მხოლოდ კერძებზე როდია დამოკიდებული - მნიშვნელოვანია სუფრის ლამაზად გაფორმებაც. ბევრი შეღებილი კვერცხებისთვის ორი კვირით ადრე ამზადებს ჯეჯილს. ამისათვის საჭიროა, თეფშზე დავყაროთ მიწა, შევურიოთ ხორბლის მარცვლები, დავასხათ წყალი და დავდგათ მზიან ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ბალახი ამოიწვერება. ეს “დეკორატიული მინდორი” დავდგათ სუფრაზე.
მასში ჩაწყობილი ფერად-ფერადი კვერცხები სუფრის მთავარი სამშვენისია. ჯეჯილის ნაცვლად მოსართავად შეიძლება გამოვიყენოთ ყვავილები, ხის ტოტები და სხვა. სუფრის ცენტრში იდგმება სააღდგომო პასქა. ბავშვებისთვის შეგიძლიათ დაამზადოთ სპეციალური სუვენირები კვერცხების ჩასაწყობად. ტრადიციულ ქართულ სააღდგომო სუფრას ხშირად ამშვენებს ბატკნის ან ხბოს ხორცის ჩაქაფული, მოხარშული ხბოს ხორცი, ცივად მოხარშული დედალი ნიგვზისა და ნივრის საკაზმით. ცივი კერძებიდან სუფრაზე შეიძლება გვქონდეს ყველი, მხალი, ქორფა მწვანილი, ახალი ბოლოკი, შოთი... კარგი წითელი ღვინო თავისთავად იგულისხმება. თითოეულ დიასახლისს შეუძლია, საკუთარი გემოვნებისამებრ შეიტანოს მრავალფეროვნება სააღდგომო სუფრაში.
წითელი კვერცხი
სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი წითელი კვერცხია, რომელსაც ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლის ნიშნად წითლად ღებავენ. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი იცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ენდრო კვერცხს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ენდროთი შეღებილი სააღდგომო კვერცხი გამორჩეულად გემრიელია და დიდხანს არ ფუჭდება. სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭს აშრობენ, ფქვავენ და სამკურნალოდ იყენებენ. როგორც ვიცით, კვერცხის ნაჭუჭი მდიდარია კალციუმით და ენდროსთან ერთად განსაკუთრებით სასარგებლოა. სააღდგომო კვერცხების მოხატვის ტრადიციაც არსებობს. ბევრისთვის ეს ჰობიდაც იქცა. ცნობილი იუველირის, ფაბერჟეს ქმნილებებს დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. მის მიერ დამზადებული ულამაზესი დეკორატიული კვერცხები სპეციალურ ყუთებში ინახებოდა და მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ საჩვენებლად. ფაბერჟე ასლებს არასოდეს ამზადებდა, მისი თითოეული ნამუშევარი უნიკალურია. ისინი დღემდე ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კოლექციას.
სააღდგომო პასქა
სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია პასქა, რომელსაც ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს - მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრიტე. სააღდგომო პასქა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასქაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი - ეს არის იმ დიდი ზეიმის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის. დღეს პასქის შეძენა ბევრგან შეიძლება, თუმცა სახლში გამომცხვარს სულ სხვა გემო აქვს. პასქის ცხობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა სადღესასწაულო განწყობილებას ამძაფრებს. შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ ამდენ შრომად ნამდვილად ღირს. ტრადიციულად, საქართველოში პასქას ასეთი რეცეპტით ამზადებენ:
- 50 გ საფუარს დავაყაროთ 1 ს.კ. შაქარი და დავასხათ 1,5 ლ თბილი რძე. დავდგათ სითბოში აფუებამდე.
- 7 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ 700 გ შაქარი და თითო კვერცხის გული. ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ 300 გ გამდნარი კარაქი. აფუებულ საფუარნარევ რძეში ჩავყაროთ 1,500 გ ფქვილი და კარგად მოვზილოთ, დავდგათ სითბოში და ხუთი საათით დავტოვოთ. შემდეგ მეორედ მოვზილოთ, დავაყაროთ დარიჩინი, ჯავზი დანაყილ შაქართან ერთად, ქიშმიში, ვანილი, ცოტა მარილი და სხვა ნატურალური სანელებლები. ჩავასხათ ფორმებში მესამედზე, ფორმას წინასწარ წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ორცხობილას ფქვილი. კარგად რომ ამოვა, ამოვიღოთ.
ხაჭოს პასქა
სააღდგომო სუფრას ხშირად ამშვენებს ხაჭოს პასქა, რომელიც ძირითადად რუსეთშია გავრცელებული. იმას, რასაც ჩვენ პასქას ვუწოდებთ, იქ კულიჩი ჰქვია, პასკას კი ხაჭოს ნუგბარს ეძახიან, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება და სხვადასხვა ინგრედიენტის შერევით მზადდება. საქართველოში ის ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა ბოლო ხანს ჩვენთანაც დაიწყეს მომზადება. ხაჭოს პასქა ძალიან გემრიელი და ნოყიერია, შრომაც ნაკლები სჭირდება, თუმცა თავისი საიდუმლო მასაც აქვს. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:
ხაჭოს პასქა შესქელებული რძით
საჭიროა:
- 1,25 კგ ხაჭო;
- 300 გ კარაქი;
- 250 გ არაჟანი;
- 400 გ შესქელებული რძე;
- 1/2 ჭ შაქარი;
- 1ჭ ქიშმიში;
- ცოტა ვანილი.
ხაჭო გავხეხოთ საცერში, დავუმატოთ საცერშივე გაქნილი კარაქი და შაქარი. ეს ყველაფერი კარგად ავსრისოთ, დავუმატოთ არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და წინასწარ გარეცხილ-გამშრალებული ქიშმიში. მიღებული მასა კიდევ ერთხელ კარგად ავზილოთ, ჩავდოთ დოლბანდჩაფენილ ფორმაში, დავადოთ რაიმე მძიმე საგანი და რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.
ხაჭოს პასქა ხილით
1 კგ ხაჭო გავატაროთ საცერში (შეიძლება 2-3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებაც). ცალკე გავაკეთოთ გოგლი-მოგლი 3 კვერცხის გულისა და 100 გ შაქრისგან, რომელიც ორთქლზე უნდა აითქვიფოს. გატარებულ ხაჭოს დავუმატოთ სხვადასხვა ხილის ჩირი, ქიშმიში, ვანილი, გოგლი-მოგლი, 100 გ არაჟანი და 100 გ დარბილებული კარაქი, კარგად ავურიოთ და ჩავდოთ სპეციალურ ფორმაში, რომელშიც დოლბანდი იქნება ჩაფენილი. ვაცადოთ დაწრეტა და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.
რჩევა: ამ პასქისთვის უკეთესია მშრალი, ცხიმიანი ხაჭო. ხაჭოს პასქა ადვილად რომ მოვაშოროთ ყალიბს, დოლბანდი, რომელსაც ფორმაში ჩავაფენთ, წინასწარ უნდა დავასველოთ და გავწუროთ. თუ სპეციალური ყალიბი არ გაქვთ, შეიძლება ჩვეულებრივი საწურის ან ყვავილის ქოთნის გამოყენებაც. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მას ჰქონდეს პატარა ხვრელი, საიდანაც დაწრეტილი სითხე გამოვა.