დიასახლისის გვერდი
პრასისა და ქათმის სალათა
საჭირო მასალა:
- 1 დიდი კონა პრასი
- 300 გ ქათმის ხორცი
- 100 გ ბულიონი
- 1 კბილი ნიორი
- 50 გ ზეთი
- სოიის სოუსი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით
გრძელ ღეროებად დაჭრილი პრასი მოშუშეთ ზეთში ბულიონთან ერთად. დაამატეთ წინასწარ მოხარშული და გრძლად დაჭრილი ან დაჩეჩილი ქათმის ხორცი, შეაზავეთ ნივრით, მარილითა და წიწაკით. სუფრასთან მიიტანეთ ცხლად, წინასწარ მოასხით სოიის სოუსი.
თეთრ ღვინოში მოშუშული ხორცი
საჭირო მასალა:
- 1 კგ ხორცი
- 1 ცალი სტაფილო
- 1 კონა ნიახური
- 1 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 60 მლ ზეითუნის ზეთი
- 375 მლ თეთრი ღვინო
- 475 მლ ქათმის ბულიონი
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი რეჰანი
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
- 2 ს/კ დაჭრილი ქონდარი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხორცი და წვით შეწითლებამდე. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, ტაფაში კი მოშუშეთ ნიორი, ნიახური და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო. ბოსტნეული რომ დარბილდება, დაასხით ღვინო, დაამატეთ ხორცი და შუშეთ, სანამ წვენი არ განახევრდება. დაამატეთ ქათმის ბულიონი და დაჭრილი მწვანილი. შუშეთ თვდახურული, ნელ ცეცხლზე 2 საათი, დროდადრო მოურიეთ. შემდეგ თავსახური მოხადეთ და კიდევ 10 წუთი შუშეთ, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ბულიონი კიდევ დაამატოთ. ბოლოს მარილითა და პილპილით შეაზავეთ.
შნიცელი მილანურად
საჭირო მასალა:
- ხბოს 4 შნიცელი ძვლიანად
- 2 კვერცხი
- 0,5 ჩ/ჭ რძე
- 0,5 ჩ/ჭ ფქვილი
- 4 ჩ/ჭ პურის ნამცეცი, შეზავებული მარილითა და პილპილით
- 0,5 ჩ/ჭ კარაქი
- ლიმონის ნაჭრები მოსართავად
შნიცელი დაბეგვეთ, სათითაოდ ამოავლეთ ჯერ რძეში, მერე - ფქვილში. კვერცხი ათქვიფეთ ცოტაოდან წყალში, ამოავლეთ შნიცელი ჯერ კვერცხში, მერე - პურის ნამცეცებში. შედგით მაცივარში 1 საათით, რომ კვერცხი და საფანელი კარგად გაუჯდეს. ტაფაზე გააცხელეთ კარაქი, შეწვით შნიცელი ორივე მხრიდან, სანამ არ შეყავისფრდება. სუფრასთან მიიტანეთ ლიმონის ნაჭრებთან ერთად.
ღვიძლი ხახვით ვენეციურად
საჭირო მასალა:
- 500 გ ხბოს ღვიძლი
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 3 ს/კ კარაქი
- 4 თავი ხახვი
- 1/2 ჩ/ჭ დანამცეცებული პური
- მარილი, ძმარი - გემოვნებით
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი და გააცხელეთ. ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ნელ ცეცხლზე. ხახვს მოაყარეთ მარილი. ათქვიფეთ კვერცხი და ამოავლეთ ღვიძლის ნაჭრები ჯერ კვერცხში, მერე - პურის ნამცეცებში. შეწვით ტაფაზე, წვის დროს მოაყარეთ მარილი. შემწვარ ღვიძლს ზემოდან მოაყარეთ მოშუშული ხახვი და მოასხით ძმარი. შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.