რატომ გვახველებს
ამ ყველაფრისგან ხველით ვთავისუფლდებით. უფრო სწორად, ხველა ჩვენდაუნებურად აღმოცენდება და უსიამოვნო შეგრძნებაც ქრება. ერთჯერად ხველას, როგორც წესი, ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ ხშირი ხველისას სასწრაფოდ ვეძებთ გამოსავალს და ვცდილობთ, ეს სიმპტომი ხალხური საშუალებებით თუ ჩვეულებრივი მედიკამენტებით მოვიცილოთ. მაინც რა არის ხველა? რა არის საჭირო მისი მიზეზის დასადგენად? ამ და სხვა შეკითხვებით საქართველოს ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალს ვეწვიეთ. გვესაუბრება თერაპევტი, მედიცინის დოქტორი მიმოზა კანკია.
- რა არის ხველა და როდის აღმოცენდება ის?
- სამეცნიერო განმარტების თანახმად, ხველა რეფლექსური აქტია, რომლის მიზანიც არის ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრილი გამაღიზიანებელი აგენტის (ანთებითი ლორწოს, მტვრის ნაწილაკების) მოცილება. ზოგჯერ ხველას დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ამრიგად, ხველა ზოგჯერ გვიცავს, ზოგჯერ კი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ცნობილია, რომ ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს და ზოგიერთ მათგანს სასუნთქი გზების დაავადებებთან საერთო არაფერი აქვს.
- როგორი შეიძლება იყოს ხველის ხასიათი?
- ხველა შეიძლება იყოს მშრალი, არაპროდუქტიული - ამ დროს პაციენტს ნახველი არ აქვს - და პროდუქტიული ანუ ნახველიანი. ხველის ტემბრი და ხასიათი პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცნობილია, რომ ხახის უკანა კედლის, ტრაქეის, სახმო იოგებისა თუ ბრონქების გაღიზიანებისას ხველა სხვადასხვანაირია. სურდოს ანუ რინიტის დროს ხველას იწვევს ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით სეკრეტის წარმოქმნა და ხახის უკანა კედელზე მისი ჩადინება. პაციენტი ხშირად გრძნობს, რომ ხველა სწორედ სეკრეტის ჩადინებას მოსდევს.
უშუალოდ ხახის უკანა კედლის ანთების (ფარინგიტის) დროს ხველა ზედაპირულია, ხოლო როცა ინფექცია ვრცელდება უფრო ქვემოთ და მოიცავს ტრაქეასა და სახმო იოგებს (ტრაქეიტი, ლარინგიტი) - ხმამაღალი, ძლიერი.
მიზეზის დასადგენად, გარდა ხველის ხასიათისა, მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობაც. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ხველას. მწვავე ხველა გრძელდება არაუმეტეს სამი კვირისა. ქვემწვავეს უწოდებენ ხველას, რომლის ხანგრძლივობაც სამიდან 8 კვირამდეა. რვა კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველა ქრონიკულია.
- განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან მწვავე და ქრონიკული ხველის მიზეზები?
- მწვავე ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია ან მის ფონზე აღმოცენებული ბრონქიტია. ასეთი ხველა უმეტესად ორ კვირაში გაივლის. როცა ვირუსული ინფექციის შემდეგ ხველა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება ან პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ზოგჯერ კი, პირიქით, უარესდება, აუცილებელია ექიმთან მისვლა - სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული ინფექციის თანდართვა და ისეთი სერიოზული დაავადების აღმოცენება, როგორიც არის ფილტვების ანთება ანუ პნევმონია.
მოზრდილთა შემთხვევაში ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია რინიტი (სურდო, ცხვირის ლორწოვანის მწვავე ანთება), თამბაქოს წევა, ასთმა და წნევის დამწევი ზოგიერთი მედიკამენტის, კერძოდ, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება. ხშირად ხველას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. ხველის მიზეზები განაპირობებს იმ სიმპტომებსაც, რომლებიც თან ახლავს ქრონიკულ ხველას. ესენია:
- ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნება;
- გულძმარვა ან წვის შეგრძნება საყლაპავის საპროექციო ადგილზე;
- იშვიათად - სისხლის მინარევი.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევებიც, როცა ქრონიკული ხველა მძიმე დაავადების ნიშანია. მაგალითად, ფილტვის სიმსივნისა, გულის უკმარისობისა, ტუბერკულოზისა, თუმცა ყოველი ამ დაავადების დროს ხველასთან ერთად ყურადღებას იპყრობს სხვა სიმპტომებიც.
- უმეტესად ვინ უჩივის ხველას და რა პრობლემებს უქმნის ის პაციენტს?
- ქრონიკული ხველა ნებისმიერს შეიძლება აწუხებდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მწეველებს აღენიშნებათ. მნიშვნელოვანი მიზეზია პასიური მწეველობაც. ქრონიკული ხველა უფრო ხშირია ქალებში, ვინაიდან ხველის რეფლექსის მიმართ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან. ქრონიკული ხველა პაციენტს დიდ პრობლემას უქმნის - აწუხებს თავად მას და ამასთანავე მოსვენებას უკარგავს მისი ოჯახის წევრებსა თუ თანამშრომლებს. გარდა ამისა, მუდმივი ხველა ღლის ადამიანს, იწვევს თავის ტკივილს, თავბრუხვევას, სისუსტეს, მუცლის კუნთების ტკივილს.
ჩვეულებრივ, ხველა აღმოცენდება სასუნთქ გზებზე გამღიზიანებელი ფაქტორების - ლორწოვანი სეკრეტის, კუჭის მჟავე წვენის, უცხო ნაწილაკების, სუნამოების, მძაფრსანელებლებიანი საკვების ზემოქმედების დროს. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ასტიმულირებს ხველის რეფლექსს. ამ მიზეზებთან დაკავშირებული ხველა ხშირი არ არის, დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღინიშნება და არც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. შემთხვევითი ხველა, მით უფრო - დაბინძურებულ გარემოში არ არის ანომალია. ის სასუნთქი გზების უცხო ნაწილაკებისგან გაწმენდაში გვეხმარება და ჩვენს ორგანიზმს ინფექციისაგანაც იცავს. ამ შემთხვევაში მღელვარების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.
- ქრონიკული ხველის მიზეზებს შორის თქვენ ცხვირის ანთებითი დაავადებებიც დაასახელეთ. რატომ აღმოცენდება ამ დროს ხველა?
- ჯანმრთელი ადამიანის ცხვირში, წიაღებსა და პირის ღრუში გამუდმებით წარმოიშობა ლორწო, რომელიც ცხვირის ღრუს ნორმალურ დატენიანებასა და გაწმენდას უზრუნველყოფს. ამ ლორწოს ნაწილს ჩვენ გარეთ გამოვყოფთ, ხოლო ნაწილი ისე ჩაედინება ხახის უკანა კედელზე, რომ ვერც კი ვგრძნობთ. როცა სურდოს, წიაღების ინფექციის ან ალერგიის გამო სეკრეტი ჭარბად წარმოიქმნება, ჩვენ გვაწუხებს მისი დაგროვება ხახის უკანა კედელზე, ცხვირის ღრუს უკანა არეში - პოსტნაზალურად. პოსტნაზალური წვეთი იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას, რაც ხველის რეფლექსის გამშვები მექანიზმია. თუ ჩადინება ქრონიკულია, ხველაც ქრონიკულ ხასიათს იღებს. ასეთი ხველისას დიაგნოსტიკას ხშირად ის ართულებს, რომ პაციენტები პოსტნაზალურად წვეთის ჩადინებას ვერ გრძნობენ.
- როდის უნდა ვივარაუდოთ, რომ ხველის მიზეზი ბრონქული ასთმაა?
- ბრონქული ასთმა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. როცა ხველას თან ახლავს ამოსუნთქვის გაძნელება და სტვენის მაგვარი ხმიანობა, ხოლო ექიმი მოისმენს ხიხინს, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. მიზეზის დადგენა მაშინ ჭირს, როცა პაციენტს ასთმის ხველითი ვარიანტი აქვს. ამ დროს მხოლოდ შეტევითი ხველა აღინიშნება. ჩვეულებრივ, ასეთი ხველა სეზონურია, ძლიერდება ზემო სასუნთქი გზების ინფექციისას, სიცივის ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისას.
- როგორც ზემოთ ბრძანეთ, ხშირად ქრონიკული ხველის მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებაა. რა იწვევს ამ დროს ხველას?
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისას კუჭში არსებული მჟავა სეკრეტი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება, აღიზიანებს ხახის უკანა კედელს და ხველას იწვევს. ტიპობრივ შემთხვევებში, როცა პაციენტი შეიგრძნობს გულძმარვას, დიაგნოსტიკა არ არის რთული, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა რეფლუქსის ერთადერთი სიმპტომი ხველაა.
- რა არის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები და რამდენად ხშირია ხველა მათი გამოყენებისას?
- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს (მაგალითად კაპტოპრილს, ენალაპრილს) დღეს ფართოდ იყენებენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ. დადგენილია, რომ პაციენტთა თითქმის 20%-ში ეს პრეპარატები ხველას იწვევს. ხველა უმეტესად მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში იწყება, თუმცა შესაძლოა, 6 თვის შემდეგაც აღმოცენდეს. ხველა უმეტესად მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში გაივლის, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ერთ თვეს ან უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.
- არ შეიძლება არ ვისაუბროთ ქრონიკული ხველის ცნობილ მიზეზებზე - ქრონიკულ ბრონქიტსა და ბრონქოექტაზიაზე...
- ქრონიკული ბრონქიტი ბრონქების ქრონიკული ანთებაა. ახასიათებს პერიოდული გამწვავება, რომლის დროსაც ხველის ინტენსივობა და ნახველის რაოდენობა იმატებს, თუმცა ხველა და ნახველის გამოყოფა ქრონიკული ბრონქიტისათვის ძალზე დამახასიათებელი სიმპტომია და რემისიის დროსაც გვხვდება. წესისამებრ, დაავადებულთა უმრავლესობა მწეველია. გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს დაავადებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს, დიაგნოსტიკა არ არის რთული.
ბრონქოექტაზია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ბრონქების ლოკალური (ადგილობრივი) დეფორმაცია, ჩირქოვანი ანთება და მასში წარმოქმნილი სეკრეტის გაძნელებული გამოყოფა. ამ დროს პაციენტს აწუხებს ხველა, რომელიც მეტად არის გამოხატული ადგომის შემდეგ. ნახველი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, "სავსე პირით", სუნიანია, ყვითელია.
- ქრონიკულ ხველაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ფილტვის სიმსივნე...
- ფილტვის სიმსივნე ქრონიკული ხველის მთავარი მიზეზი ნამდვილად არ არის, ის პირველობას ზემოთ განხილულ დაავადებებს უთმობს. მიუხედავად ამისა, როცა ქრონიკული ხველა მწეველ ადამიანს აქვს, ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს სიმსივნის მაღალ ალბათობას და ატარებს გამოკვლევას მის გამოსარიცხად.
- როგორ სვამენ ქრონიკული ხველის გამომწვევი დაავადების დიაგნოზს?
- ექიმი პაციენტს სრულყოფილად სინჯავს და ზოგ შემთხვევაში აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე გამოკვლევას. მათ შორის:
- გულმკერდის რენტგენოგრაფიას - მისი მეშვეობით ვადგენთ ფილტვში ანთებითი პროცესის არსებობას, ვავლენთ წარმონაქმნს, ვაზუსტებთ, არის თუ არა პლევრის ღრუში სითხე;
- კომპიუტერულ ტომოგრაფიას - ის ზოგჯერ საჭიროა რენტგენოგრაფიით აღმოჩენილი ცვლილებების ხასიათის დასაზუსტებლად. ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა სინუსიტის შემთხვევაშიც;
- ნახველის ლაბორატორიულ (მიკროსკოპიულ, ბაქტერიოლოგიურ) გამოკვლევას. ის საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ნახველში არსებული უჯრედები და გამოვავლინოთ მიკროორგანიზმები. გარდა ამისა, ტარდება ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრაც, რაც სათანადო ანტიბიოტიკის შერჩევაში გვეხმარება;
- სპირომეტრიას - სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით ფილტვის სუნთქვითი ფუნქციის შეფასებას. ამ გამოკვლევის მეშვეობით ვადგენთ სასუნთქი გზების ობსტრუქციის (სპაზმური შევიწროების) არსებობა-არარსებობას;
- ბრონქოსკოპიას - სპეციალური ხელსაწყოთი ბრონქების სანათურის დათვალიერებას.
- როგორ მკურნალობენ ხველას, როგორია ანტიბიოტიკების როლი ამ შემთხვევაში?
- ხველა არ არის დაავადება, ის დაავადების სიმპტომია, ამდენად, ჩვენი მიზანია ვუმკურნალოთ არა ხველას, არამედ მის მიზეზს. ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როცა ხველის მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად, ფილტვების ანთება ან ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება.
ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ ხველაზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ, ვინაიდან ისინი ვირუსებს ვერ თრგუნავენ. მწვავე ხველა, რომელიც ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, ორიოდე კვირაში გაივლის. მკვლევრები ერთხმად აღიარებენ, რომ არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებული ხველის ხანგრძლივობას შეამცირებდა. ხველა უმეტესად მაინც ორი კვირა გრძელდება და მხოლოდ მაშინ გაივლის, როცა იმუნური სისტემა თავად "მოერევა" ვირუსს. რა თქმა უნდა, ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს გარკვეული შვება მოაქვთ.
ხველას ამცირებენ სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატებიც, რადგან აქვეითებენ ცხვირის ღრუში ლორწოს პროდუქციას, აადვილებენ ცხვირით სუნთქვას.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: ხველის დამთრგუნველებად და ამოსახველებლებად.
ხველის დამთრგუნველები გამოიყენება მშრალი ხველის დროს. ისინი თრგუნავენ ხველის ცენტრს, ხველის რეფლექსს და ამ გზით ამცირებენ ხველას.
ამოსახველებლები ხელს უწყობენ ნახველის გათხიერებას და აადვილებენ ამოხველებას, რითაც სასუნთქი გზების განთავისუფლებაში გვეხმარებიან.
ბუნებრივია, ქრონიკული ხველის დროს მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი დაავადების (ასთმის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, პოსტნაზალური წვეთების და სხვა) მკურნალობას გულისხმობს.