კომა, ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილი – უნდა გვეშინოდეს თუ არა წამლის ანოტაციის? - კლინიკური ფარმაკოლოგის განმარტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანოტაციების „საშინელებათა სია“: რატომ გვაშინებს წამლის ინსტრუქცია და რა არის „ნოცებოს ეფექტი?“

წამლის ანოტაციის წაკითხვა და რეალური გვერდითი მოვლენები – როგორ გვღუპავს “ნოცებოს ეფექტი“

Mkurnali.ge-ზე ცოტა ხნის წინ, სტატია გამოვაქვეყნეთ, სადაც გიყვებოდით, თუ როგორ ცდილობს თანამედროვე პაციენტი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით საკუთარი სიმპტომების „ამოხსნას“ და რა ფსიქოლოგიური ბარიერები ხვდება მას ამ გზაზე. თუმცა, მკურნალობის პროცესში არსებობს კიდევ ერთი კრიტიკული ეტაპი, სადაც შფოთვა პიკს აღწევს - ეს არის მომენტი, როდესაც პაციენტი ხელში წამლის ინსტრუქციას იღებს.

რატომ უწერია უბრალო ტკივილ გამაყუჩებელ პრეპარატსაც კი გვერდით მოვლენებში „კომა“ ან „სუნთქვის გაჩერება“? - როგორ არ უნდა დაგვემართოს გვერდითი მოვლენები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესახებ წავიკითხეთ? ამ თემებზე ავერსი ფარმას სასწავლო პროგრამების მენეჯერი და თსსუ-ს ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი ლალი დათეშიძე გვიპასუხებს.

რატომ არის წამლის ინსტრუქცია „საშიში“?

ხშირად პაციენტები ჩივიან, რომ წამლის ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ მკურნალობის სურვილი ეკარგებათ. რატომ უწერია უბრალო ტკივილგამაყუჩებელსაც კი ისეთი რისკები, როგორიცაა კომა ან სუნთქვის გაჩერება?

ლალი დათეშიძე: „წამლის გამოყენების მიზანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, თუმცა არცერთი მედიკამენტი არ მოქმედებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ „სამიზნეზე“. სწორედ ამიტომ, სასურველ ეფექტთან ერთად, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თანმხლები მოვლენა ანუ გვერდითი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს წამლის სწორად და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და დროებითია, მაგალითად, გულისრევა ან თავბრუსხვევა, და მკურნალობის გაგრძელებისას ან შეწყვეტის შემდეგ თავისთავად ქრება. ამავე დროს, არსებობს იშვიათი, მაგრამ უფრო მძიმე რეაქციებიც, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია დროული რეაგირებისთვის. წამლის ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა პაციენტს აუცილებლად დაემართება. ეს ინფორმაცია მიზნად ისახავს ინფორმირებას და უსაფრთხოებას, რათა პაციენტმა და სამედიცინო პერსონალმა იცოდნენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან კონსულტაცია.

farmacevti-1771437189.jpg

წამლის მწარმოებელი კომპანიების ვალდებულებაა, წამლის ანოტაციაში მიუთითონ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, თუნდაც უკიდურესად იშვიათი. ამიტომ უბრალო ტკივილგამაყუჩებელსაც შეიძლება ეწეროს კომა ან სუნთქვის გაჩერება, რაც არ ნიშნავს, რომ ასეთი შედეგები ხშირია.“

რას ნიშნავს ტერმინები: „ხშირი“, „იშვიათი“ და „ძალიან იშვიათი“?

ამ ტერმინების მიღმა კონკრეტული მათემატიკური სიზუსტე დგას, რაც პაციენტს ეხმარება რეალური რისკის შეფასებაში.

ლალი დათეშიძე: „ეს ტერმინები გვერდითი მოვლენების რეალურ სიხშირეს ნიშნავს. გვერდითი მოვლენების სიხშირის სრული, სტანდარტული კლასიფიკაცია, რომელიც წამლის ინსტრუქციებში და მარეგულირებელ დოკუმენტებში გამოიყენება, შემდეგნაირია:

  • ძალიან ხშირი: გვერდითი მოვლენა (-ები) ვითარდება 10%-ზე მეტ შემთხვევაში.
  • ხშირი: გვერდითი მოვლენა(-ები) ვითარდება ადამიანთა 1%–10%-ში.
  • იშვიათი: გვერდითი მოვლენა(-ები) ვითარდება 0.1%–1%-ში.
  • ძალიან იშვიათი: გვერდითი მოვლენა(-ები) ვითარდება < 0.01%-ში.
  • სიხშირე უცნობია: გვერდითი მოვლენა(-ები) დაფიქსირებულია, მაგრამ არ არის დათვლადი, მონაცემი საკმარისი არ არის სიხშირის დასადგენად.“

გვერდითი ეფექტი თუ მძიმე ალერგიული რეაქცია?

პაციენტისთვის გადამწყვეტია იმის ცოდნა, როდის უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება სასწრაფოდ.

ლალი დათეშიძე: „ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტი ხშირად არის: გულისრევა, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე ალერგიული რეაქცია კი მოიცავს შემდეგ ნიშნებს: სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი გამონაყარი და ქავილი. ასეთი ნიშნების დროს აუცილებელია გადაუდებელი დახმარება.“

wamali-1771437215.png

რატომ აქვთ ბავშვთა მედიკამენტებსაც „საშინელებათა სია“?

მშობლები ხშირად შფოთავენ, როცა ბავშვისთვის განკუთვნილ სიროფზე ვრცელ ანოტაციას ხედავენ.

ლალი დათეშიძე: „ბავშვთა მედიკამენტების ანოტაციებში ვრცელი გვერდითი მოვლენების სია იმით არის განპირობებული, რომ ბავშვების ორგანიზმი ფიზიოლოგიურად განსხვავდება მოზრდილებისაგან. მათი მეტაბოლიზმი, ენზიმური აქტივობა და ორგანოების რეაქტიულობა სპეციფიკურია. ამასთან, კლინიკური კვლევები ბავშვებში შეზღუდულია. ამიტომ მწარმოებლები აღნიშნავენ ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მოზრდილებში დაფიქსირდა ან ბავშვებში მცირე მონაცემებით არის ცნობილი. ასეთი ვრცელი სია უზრუნველყოფს უსაფრთხოებას: იშვიათი, მაგრამ სერიოზული რეაქციების შემთხვევაშიც მშობელი და ექიმი იცნობენ რისკებს.“

ნოცებოს ეფექტი: როცა შიში სიმპტომებს ბადებს

არსებობს თუ არა სტატისტიკა, რამდენად ხშირად ემართებათ ადამიანებს გვერდითი მოვლენები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესახებ წინასწარ წაიკითხეს?

ლალი დათეშიძე: „ძალიან კარგი კითხვაა. ნოცებოს ეფექტი აღწერს იმ მოვლენას, როდესაც ადამიანს უვითარდება არასასურველი სიმპტომები არა თავად წამლის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო, არამედ ნეგატიური მოლოდინის შედეგად. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ გვერდითი მოვლენების წინასწარ წაკითხვა ან მათზე გამახვილებული ყურადღება რეალურად ზრდის ისეთი სიმპტომების სიხშირეს, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. ზოგჯერ ეს მაშინაც კი ხდება, როცა ადამიანი პლაცებოს იღებს.

ბოლო წლების სისტემატურმა მიმოხილვებმა და მეტაანალიზებმა დაადასტურა, რომ ნოცებოს ეფექტი კლინიკურად მნიშვნელოვანი ფენომენია და განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება სუბიექტური სიმპტომებით, მაგალითად ტკივილითა და დისკომფორტით. დადგინდა, რომ ნეგატიური მოლოდინი ხშირად უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, ვიდრე პოზიტიური მოლოდინის დამამშვიდებელი ეფექტი. დღეს სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ იმაზე, რა ინფორმაცია მიეწოდება პაციენტს, არამედ იმაზეც, როგორ მიეწოდება იგი.“

წამლების „ომი“ ორგანიზმში და კვების როლი

შეუძლია თუ არა ორმა „უსაფრთხო“ წამალმა სიცოცხლისთვის საშიში კომბინაცია შექმნას?

ლალი დათეშიძე: „რამდენიმე წამლის ერთდროულად მიღება ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის გარეშე სარისკოა. ორი პრეპარატი, რომლებიც ცალ-ცალკე უსაფრთხოდ ითვლება, ერთად მიღებისას შეიძლება აძლიერებდეს ან ასუსტებდეს ერთმანეთის მოქმედებას. მაგალითად, ერთმა წამალმა შეიძლება შეანელოს მეორე წამლის დაშლა ღვიძლში, რის შედეგადაც ორგანიზმში მეორე წამლის კონცენტრაცია გაიზრდება და ტოქსიკურ დონეს მიაღწევს. განსაკუთრებით მაღალია რისკი ტკივილგამაყუჩებლების, დამამშვიდებლების, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებისა და ალკოჰოლის კომბინაციისას.“

pharmacistconsultation-1771437241.webp

სპეციალისტი ასევე განმარტავს საკვების გავლენას: „გრეიფრუტის წვენი თრგუნავს ზოგიერთი ფერმენტის (CYP3A4) აქტივობას, რაც ზრდის წამლების კონცენტრაციას სისხლში. რძე და კალციუმით მდიდარი პროდუქტები კი ცალკეულ წამლებთან ქმნიან კომპლექსებს, რითაც აფერხებენ წამლის შეწოვის პროცესს.“

ფალსიფიკაცია და შენახვის პირობები

შეიძლება თუ არა, გვერდითი მოვლენა გამოწვეული იყოს წამლის არასწორი შენახვით ან ფალსიფიკაციით?

ლალი დათეშიძე: „დიახ, სითბო, ტენიანობა ან სინათლე შესაძლოა ქიმიური სტრუქტურის შეცვლის მიზეზი გახდეს. ფალსიფიცირებული მედიკამენტის შემთხვევაში კი საეჭვო ნიშნებია: თუ წამალს ეფექტი საერთოდ არ აქვს ან ზედმეტად ძლიერია, შეფუთვა განსხვავებულია, ან გვერდითი მოვლენები უცნაური და აუხსნელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა წამლის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან კონსულტაცია.“

სტატისტიკა სამედიცინო მიჯაჭვულობა და გვერდითი რეაქციები

2024-2026 წლების საერთაშორისო სამედიცინო მონაცემები ცხადყოფს:

reading-anxiety-medication-leaflet-facebook-1200x628-1771437271.avif

  • ნოცებოს ეფექტი კლინიკაში: კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტების დაახლოებით 25%, ვინც პლაცებოს იღებდა, უჩიოდა ზუსტად იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც მათ ანოტაციაში წაიკითხეს.
  • მედიკამენტური ურთიერთქმედება: პაციენტების 30%, რომლებიც ერთდროულად 5-ზე მეტ მედიკამენტს იღებენ ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, აწყდებიან მძიმე ფარმაკოლოგიურ კონფლიქტებს.
  • ინსტრუქციის კითხვა: პაციენტების მხოლოდ 15% კითხულობს ანოტაციას სრულად. ამასთან, მათგან 60% აღიარებს, რომ წაკითხულის შემდეგ ეუფლებათ შიში, რაც მკურნალობისადმი ნდობას ამცირებს.
  • სამედიცინო შეცდომები: ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 10-15% განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მედიკამენტების არასწორი კომბინაციით ან გვერდითი რეაქციებითაა გამოწვეული.

ანოტაცია არის თქვენი უსაფრთხოების რუკა და არა დაშინების ინსტრუმენტი. მთავარია ინფორმაციის რაციონალური აღქმა და მჭიდრო კავშირი ფარმაცევტთან ან მკურნალ ექიმთან.