რატომ ვერ ჩაანაცვლებს ციფრული დიაგნოსტიკა ექიმთან ვიზიტს?
რატომ გვიყვარს თვითდიაგნოსტიკა - მოდაში შემოსული ხელოვნური ინტელექტი - რა შეცდომები შეიძლება დავუშვათ ამ დროს
დღეს, როდესაც ჯანმრთელობის შესახებ ნებისმიერი კითხვის დასმა ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო მარტივია, ვიდრე კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა, სამედიცინო სფეროს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. პაციენტები სულ უფრო ხშირად ენდობიან ალგორითმებს, თუმცა ავიწყდებათ მთავარი: ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს სამედიცინო განათლება, ის არ ფლობს კლინიკურ ინტუიციას და მხოლოდ სტატისტიკურად სავარაუდო პასუხებს აგენერირებს.
რატომ არის ეს ტენდენცია სახიფათო და რა იმალება „ციფრული სიმშვიდის“ მიღმა?
ნათია მორჩილაძე: „ექიმი ხედავს ადამიანს მთლიანობაში, AI კი მხოლოდ ციფრებს“
ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები ფრთხილ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი ნათია მორჩილაძე ამბობს, რომ პაციენტების მომართვიანობა, რომელთაც უკვე „მზა დიაგნოზი“ მოაქვთ, საგრძნობლად გახშირდა.

„ბოლო პერიოდში ხშირი გახდა პაციენტების მომართვიანობა, რომელთაც აქვთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დასმული დიაგნოზი. ვფიქრობ, პაციენტებმა არ უნდა ისარგებლონ მისი დასმული დიაგნოზით. პაციენტი არ არის შემფასებელი, რათა ჩატბოტის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია სწორად გაანალიზოს.“
ექიმი განსაკუთრებულ საფრთხეს ანალიზების პასუხების დამოუკიდებელ ინტერპრეტაციაში ხედავს. მისი განმარტებით, როდესაც პაციენტი ლაბორატორიულ მაჩვენებლებს ალგორითმს უზიარებს, მხედველობიდან რჩება უმნიშვნელოვანესი ნაწილი - პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური სურათი.
„ნებისმიერი პათოლოგიის დროს, იქნება ეს მეტაბოლური დარღვევა თუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, AI-ს ჩართვით პრეპარატების მიღება ნამდვილად არ არის სასურველი. ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული და პირიქით, გაუმჯობესების ნაცვლად მივიღოთ გაუარესებული მდგომარეობა. ექიმი ხედავს ადამიანს მთლიანობაში, ხელოვნური ინტელექტი კი მხოლოდ მშრალ მონაცემებს.“
„გამოცდილი ექიმი უშუალო კონტაქტის დროს ამჩნევს ბევრ ისეთ დეტალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ აღიქვამს. ექიმი აერთიანებს კლინიკურ გამოცდილებას, ანამნეზს, წვრილ დეტალებს. ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა, მაგრამ მკურნალობა ექიმის გარეშე დაუშვებელია.“ - ამბობს ენდოკრინოლოგი.
ფსიქოლოგიური მექანიზმი: კიბერქონდრია და კონტროლის ილუზია
თუ ექიმისთვის AI არაზუსტი დიაგნოსტიკის წყაროა, ფსიქოლოგისთვის ის შფოთვის გაღვივების ინსტრუმენტია. ფსიქოლოგი მარი მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ინტერნეტში პასუხების ძიება ფსიქიკის თავდაცვითი რეაქციაა: „როცა შიში ჩნდება, გონება ცდილობს სიტუაციის რაციონალიზაციას. თითქოს ცოდნა ხდება შფოთვის შემცვლელი, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა.“

ხშირად „დაგუგლული“ დიაგნოზი გადადის კიბერქონდრიაში - მდგომარეობაში, როცა ადამიანი შიშის დადასტურებას ეძებს. ამის მიზეზი ხშირად ექიმთან კომუნიკაციის დეფიციტიცაა. პაციენტმა ექიმის ხანმოკლე ვიზიტი შეიძლება აღიქვას, როგორც პრობლემის გაუფასურება, რის გამოც „დანაკლისის“ შევსებას ციფრულ სამყაროში ცდილობს.
როცა „დამახინჯებული“ აღქმა დიაგნოზს ცვლის
მარი მგალობლიშვილი იხსენებს შემთხვევას პრაქტიკიდან: „პაციენტი ამბობდა, რომ ცუდად ხდებოდა, თუ ყოველ ორ საათში არ შეჭამდა. ენდოკრინოლოგთან სიმპტომები ისე აღწერა (თავბრუს ხვევა, დაბინდვა), რომ ექიმმა “შიმშილის აუტანლობის“ დიაგნოზი დაუსვა, თუმცა რეალურად ეს ნევროზული სიმპტომატიკა იყო. თუ ცოცხალ სპეციალისტთანაც კი შეიძლება მოხდეს შეცდომა პაციენტის სუბიექტური აღქმის გამო, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია. ადამიანებს უჭირთ კითხვის სწორად ფორმულირება, რასაც მცდარ პასუხებამდე მივყავართ.“
ფსიქოლოგი გვაფრთხილებს, რომ არასწორი ციფრული დიაგნოზი აყალიბებს მცდარ იდენტობას - „მე ავად ვარ“, რაც ადამიანს საკუთარი სხეულის მუდმივი ძიებისკენ უბიძგებს.

“მნიშვნელოვანია შიდა ზღვრის დაწესება, რამდენ ინფორმაციას ვიღებთ და როდის უნდა გავჩერდეთ. ფსიქოლოგიურად ჯანსაღი მიდგომაა, ინფორმაციის გამოყენება როგორც გზამკვლევის და არა დიაგნოზის დასმის. პაციენტმა პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს თავის თავს დასვას დიაგნოზი და იკვლიოს, იქ სადაც ამ საქმის პროფესიონალები არსებობენ.
ამ ბალანსის შენარჩუნებაში ფსიქოლოგის როლი შუამავლურია, ადამიანს ეხმარება გაარჩიოს, როდის არის ინფორმაციის ძიება თვითზრუნვა და პრევენცია, და როდის გადაიქცევა შფოთვის წყაროდ. ჩვენ ფსიქოლოგები თერაპიულ სივრცეში ვმუშაობთ რეალურ შფოთვის საწყისზე და არა სიმპტომების უსასრულო ანალიზზე. ვსწავლობთ სხეულის მოსმენას და ინფორმაციის გამოყენებას მხარდაჭერისთვის და არა საკუთარი თავის დასაშინებლად.“
სამედიცინო მიჯაჭვულობა ხელოვნურ ინტელექტზე - საგანგაშო სტატისტიკა
თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა ჯანმრთელობის მართვაზე 2024-2025 წლების საერთაშორისო კვლევებში ნათლად აისახა. მონაცემები ადასტურებს, რომ სამედიცინო მიჯაჭვულობა AI-ზე კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
1. თვითდიაგნოსტიკის მასშტაბები გამოკითხულ მომხმარებელთა 65% აღიარებს, რომ ექიმთან კონსულტაციამდე სიმპტომებს პირველ რიგში ხელოვნურ ინტელექტს ან საძიებო სისტემებს უზიარებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირველადი ნდობა ციფრულ ალგორითმებზე უფრო სწრაფად მყარდება, ვიდრე პროფესიონალებზე.

2. დაგვიანებული მკურნალობის რისკი პაციენტების 42% აცხადებს, რომ AI-ს მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მათ გადააწყვეტინა ექიმთან ვიზიტის გადადება. მათ ჩათვალეს, რომ პრობლემა არ იყო სერიოზული, რამაც რიგ შემთხვევებში დაავადების გართულება გამოიწვია.
3. კიბერქონდრიის ზრდა შემთხვევათა 35%-ში თვით დიაგნოსტიკის პროცესში პაციენტები პოულობენ იმაზე ბევრად მძიმე დაავადებებს, ვიდრე რეალურად აწუხებთ. ამან ბოლო ორ წელიწადში კიბერქონდრიის (ჯანმრთელობაზე შფოთვითი ძიება) მაჩვენებელი 25%-ით გაზარდა.
4. დიაგნოზების უზუსტობა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩატბოტების მიერ დასმული დიაგნოზების სიზუსტე რთული კლინიკური შემთხვევების დროს მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ალგორითმი ვერ ცვლის სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
დასასრულს, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს საინტერესო გზამკვლევი, მაგრამ ის ვერასდროს შეცვლის ექიმის თვალს, მის გამოცდილებასა და იმ უშუალო, ადამიანურ კავშირს, რომელიც მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესის მთავარი საფუძველია.