კვერცხი - რა უნდა ვიცოდეთ მისი შეძენისას და როგორ შევინახოთ

კვერცხის შენახვისას მთავარია:
- მუდმივად შევინარჩუნოთ სიგრილე - 20 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს;
- არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს - ამიტომ არაფრით არ შეიძლება შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა - ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭში იოლად იჭრება მიკრობები. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში ასევე შეიძლება შეიჭრან მავნე მიკრობები, შიგნით გამრავლდნენ და მოწამვლა გამოიწვიონ.
სოფლის თუ ფერმის?
მაღაზიებში, წესისამებრ, ფერმის კვერცხები იყიდება ("იკრძალება კვერცხის მიღება ვეტერინარიული საბუთების გარეშე (ფორმა 2), რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რომ მეფრინველეობის მეურნეობაში სალმონელოზით და ზოონოზური ინფექციებით კვერცხის დაბინძურება გამორიცხულია" ("სანიტარიული წესები სასურსათო ვაჭრობის საწარმოებისთვის", ნაწილი IX, პუნქტი 21)), თუმცა ყველას შეგვიმჩნევია, რომ სოფლად, გლეხების ეზოებში ლაღად მოსეირნე ქათმების კვერცხი გაცილებით გემრიელია. მაშ, რომელი შევიძინოთ?
სოფლის კვერცხი, მართლაც, უფრო გემრიელია. უმთავრესად იმიტომ, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი საკვები აქვს: ნედლი ბალახი, ჭიაღუა, მარცვლეული.
ფერმის ქათმები კი ერთგვაროვნად, საგანგებოდ შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან. სამაგიეროდ, ფერმაში გაცილებით მკაცრად კონტროლდება ფრინველის ჯანმრთელობა (ამის გამო ფერმის ქათმების საკვებში, სამწუხაროდ, ანტიბიოტიკებიც ურევია) და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია კვერცხის დასნებოვნების შესაძლებლობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარდა ამისა, ფერმის კვერცხი უფრო სუფთაა: ფერმა ისეა მოწყობილი, რომ კვერცხები დადებისთანავე შორდება ფრინველს და ამიტომ არ ბინძურდება.
გლეხურ მეურნეობაში ფრინველების ჯანმრთელობის კონტროლიც ნაკლებია, კვერცხის დასვრის შანსიც - მეტი. გარდა ამისა, იქ ხშირად კვერცხის შენახვის ვადასა და პირობებსაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას - შესაძლოა, კვერცხებს, უბრალოდ კარადაში აგროვებდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში და მერე გაყიდონ.
ერთი სიტყვით, ფერმის კვერცხი გაცილებით საღი და უვნებელია, თუმცა გემოთი და კვებითი ღირებულებით ბევრად ჩამოუვარდება სოფლის კვერცხს. ამიტომ გირჩევთ, სოფლის კვერცხი მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვათ (5-წუთიანი ხარშვა ხოცავს სალმონელას), ხოლო თუ უმი კვერცხის კერძს ამზადებთ, ჯობს ფერმისა გამოიყენოთ.
ყოველი შემთხვევისთვის მაინც იცოდეთ: თუკი უმი კვერცხის მიღებიდან 12-24 საათში დაგეწყოთ შემცივნება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, შესაძლოა ეს სალმონელოზის ნიშნები იყოს.
არ შეშინდეთ, დაავადება ანტიბიოტიკებით იოლად იკურნება. მაგრამ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
რას ნიშნავს დიეტური კვერცხი?
„დიეტური“ კვერცხი უბრალოდ ახალს ნიშნავს. დადებიდან 7 დღის განმავლობაში (200C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას) კვერცხი დიეტურად მიიჩნევა, ამის შემდეგ კი „ჩვეულებრივი“ ხდება (ანუ უფრო დაბალი ხარისხისა, ვიდრე დიეტური).
200C ტემპერატურაზე ჩვეულებრივი კვერცხი 25 დღე ინახება, ხოლო 0-იდან 20C-ამდე ტემპერატურაზე - 120 დღე (არსებობს კვერცხის საღად შენახვის უფრო რთული მეთოდებიც, მაგალითად, კირის ხსნარში შენახვა, თუმცა ჩვენში მათ იშვიათად იყენებენ).
თუმცა, შენახვისას კვერცხი წონასაც კარგავს და კვებითი ღირებულებაც უქვეითდება. თანდათან მცირდება ნაჭუჭის დამცავი აპკის სიმტკიცეც, რითაც იზრდება კვერცხის შიგთავსში მიკროორგანიზმების შეღწევისა და გამრავლების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება ახალი კვერცხი შეიძინოთ და მიირთვათ.