ორგანოთა გადანერგვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა გადანერგვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ადრე სიკვდილისთვის ან მძიმე ინვალიდობისთვის იყვნენ განწირულნი, თუმცაღა მისი განვითარების გზაზე თავს იჩენს განსაზღვრული ეთიკურ-ზნეობრივი პრობლემებიც.

საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის #1 მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე.

- ბატონო გია, ვიდრე ძირითად საკითხებზე გადავიდოდეთ, მოდი, ორიოდე სიტყვით ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა არის ტრანსპლანტაცია.

- ტრანსპლანტაცია გულისხმობს ორგანოთა, ქსოვილთა ან უჯრედთა გადანერგვას, როცა საკუთარი სტრუქტურები სათანადოდ არ ფუნქციობენ. ეს არის მკურნალობის ერთ-ერთი ქმედითი მეთოდი, რომლის მიზანი ადამიანის გადარჩენაა.

- როდის ტარდება ორგანოს გადანერგვა?

- ორგანოს გადანერგვა ტარდება დაავადების ტერმინალურ, შორს წასულ სტადიებში და მისი მიზანია დაავადებული ორგანოს ჯანმრთელით შეცვლა.

- როდის დაიწყო საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ისტორია?

- საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ისტორია დაიწყო 1977 წლიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა თირკმლის გადანერგვა. ეს იყო რუსეთიდან ჩამოტანილი გარდაცვლილის თირკმელები. ოპერაცია განხორციელდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ამაში აქტიურად მონაწილეობდა პროფესორი ლაური მანაგაძე, რომელიც ამჟამად უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორია.

- შედეგიანი აღმოჩნდა ეს ოპერაცია?

- არა, ოპერაცია არ ყოფილა შედეგიანი, ვინაიდან იმ დროს არ არსებობდა ოპერაციის შემდგომი მედიკამენტური მკურნალობის საშუალება. იმუნოსუპრესანტები, რომლებსაც დღეს ორგანოგადანერგილი პაციენტები იღებენ, იმ დროისთვის ჯერ სათანადოდ არ გახლდათ დახვეწილი. ორგანოების, კერძოდ, თირკმლის, გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 1995 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. წელს, მაგალითად, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე 10 წარმატებული გადანერგვა განახორციელა და მეტის გაკეთებაც შეიძლება, ფინანსური საშუალება რომ იყოს.

- რა ორგანოების გადანერგვა შეიძლება?

- მედიცინის განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას იძლევა, გადაინერგოს თირკმელი, ღვიძლი, პანკრეასი, გული, ფილტვი, ნაწლავი, თუმცა საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ თირკმელი ინერგება, რადგან, ჯერ ერთი, ტექნიკურად ეს შედარებით მარტივია, და მეორე - შეიძლება, გადანერგვა ცოცხალი დონორისაგან განხორციელდეს.

- ტრანსპლანტაციისთვის ორგანოთა დონაციის რა საშუალება არსებობს?

- მთელ მსოფლიოში ტრანსპლანტაცია ტარდება როგორც ცოცხალი დონორებისგან მიღებული ორგანოების, ასევე გვამური დონაციის გამოყენებით. საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ 2000 წელს მიღებული კანონის თანახმად, გადასანერგად გარდაცვლილის ორგანოთა გამოყენებაც დასაშვებია, თუმცა დღემდე გვამიდან არც ერთი გადანერგვა არ განხორციელებულა. ამის მთავარი მიზეზია მოსახლეობის ნეგატიური განწყობა გვამის ორგანოთა დონაციის მიმართ. ამ განწყობის შეცვლა ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ მასმედიის საშუალებების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ყველას უჭირს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ მისი გარდაცვლილი ახლობლის ღვიძლი, თირკმელი ან რომელიმე სხვა ორგანო სხვა ადამიანის გადასარჩენად იქნეს გამოყენებული.

ორგანოთა გადანერგვა წარმოადგენს მედიცინის ერთ-ერთ იმ სფეროს, რომლის განვითარებაც საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერისა და მათი დადებითი განწყობის გარეშე წარმოუდგენელია.

- ცოცხალი დონორის შერჩევა რა პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს?

- ორგანოს გადანერგვა რომ განხორციელდეს, დონორისა და რეციპიენტის იმუნოლოგიური შეთავსებაა საჭირო. თავსებადობა განისაზღვრება წინასწარ, ლაბორატორიული გამოკვლევების გზით.

- ვის ეწოდება რეციპიენტი?

- რეციპიენტი არის ადამიანი, რომელსაც ენერგება ორგანო ან ქსოვილი, ხოლო დონორი - ადამიანი, რომლის სხეულიდანაც იღებენ გადასანერგ ორგანოს ან ქსოვილს.

- ვინ შეიძლება იყოს ორგანოს დონორი? მასა და რეციპინეტს შორის ნათესავური კავშირი აუცილებელია?

- დონორი შეიძლება იყოს როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი ადამიანი. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ სისხლით ნათესავი, მეუღლე ან პირი, რომელიც დონორთა გაცვლის პროგრამაში მონაწილეობს.

კანონში 2010 წელს შეტანილი დამატების შედეგად გაიზარდა ცოცხალ დონორთა არეალი - მას დაემატა პაციენტის მეუღლის ნათესავთა განსაზღვრული წრე.


- რას გულისხმობს დონორთა გაცვლა?

- საქართველოში მოქმედი კანონით, დონორთა გაცვლა შესაძლებელია, როცა ორგანოს დონორობაზე თანახმა გენეტიკური ნათესავის ან მეუღლის იმუნური პარამეტრები არ შეესაბამება კონკრეტული რეციპიენტის მაჩვენებლებს, მაგრამ ემთხვევა სხვისას. მაგალითად, ორ ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ თირკმლის გადანერგვა, ჰყავს დონორები, რომელთა იმუნური მაჩვენებლები შერჩეული რეციპიენტისას არ ეთავსება, მაგრამ ეთავსება მეორისას. ამ შემთხვევაში დონორთა გაცვლით ორგანოს გადანერგვა დასაშვებია. არსებობს ამ პრინციპის ასეთი პერიფრაზი: „მომეცი შენი დონორის ორგანო, რომელიც შენ არ გარგია, ჩემთვის კი თავსებადია; სანაცვლოდ მოგცემ ჩემი დონორის ორგანოს, რომელიც მე არ მარგია, ხოლო შენ გამოგადგება“.

- შეიძლება თუ არა გადასანერგი ორგანოს გაყიდვა?

- საქართველოში, ისევე როგორც ქვეყანათა უდიდეს უმრავლესობაში, დონორობა უფასოა. ორგანოს გაყიდვა ითვლება კრიმინალურ ქმედებად და კანონით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

- სურვილის შემთხვევაში სად შეიძლება დონორობაზე თანხმობის განცხადება?

- დონორობაზე თანხმობის განცხადება შესაძლებელია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში ან ვებგვერდზე - www.transplantation.ge.

- რა შეიძლება გამოიწვიოს დონორის არასწორად შერჩევამ?

- თუ დონორი არასწორად იქნა შერჩეული, მოსალოდნელია ორგანოს მოცილების რეაქცია - გადანერგილი ორგანო არ შეეზრდება მიმღებ ორგანიზმს და მოკლე ხანში მოსცილდება. არც ის არის გამორიცხული, დონორი შეიძლება სწორად იქნეს შერჩეული, მაგრამ მოცილების რეაქცია მაინც განვითარდეს. ამ შემთხვევაში, წესისამებრ, მოცილებას აქვს ქრონიკული ხასიათი და დიდხანს გრძელდება. შესაბამისად, გადანერგილი ორგანოც უფრო მეტხანს ფუნქციობს.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოცილების რეაქცია არ განვითარდეს და გადანერგილი ორგანო მიმღებ ორგანიზმს შეეთვისოს?

- უპირველეს ყოვლისა, სწორად უნდა იქნეს შერჩეული დონორი; მეორე - გადანერგვის შემდეგ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური ოპერაციის შემდგომი იმუნოსუპრესიული მკურნალობა.

- დონორს თუ სჭირდება რაიმე სახის მკურნალობა?

- დონორი პრაქტიკულად ჯანმრთელი რჩება და კლინიკიდან გაწერის შემდეგ არავითარი მკურნალობა არ სჭირდება.

- როდესაც წყვილ ორგანოებზე - თირკმელზე ან ფილტვზეა საუბარი, გასაგებია, რომ შესაძლებელია ცოცხალი დონორისგან მათი მიღება. რა ხდება იქ, სადაც საქმე ღვიძლს ან პანკრეასს ეხება?

- პანკრეასისა და ღვიძლის დონორიც შეიძლება ცოცხალი ადამიანი იყოს, ვინაიდან შესაძლებელია ამ ორგანოების ნახევრის გადანერგვა - დარჩენილი ნახევარი სავსებით საკმარისია დონორის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დონორი სამედიცინო თვალსაზრისით?

- დონორს არ უნდა ჰქონდეს ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ენდოკრინული დაავადება და, რაც მთავარია, ამოღებული ორგანოს ცალი ან ნაწილი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, რომ ცხოვრების ნორმალური ხარისხი უზრუნველყოს. თუ არსებობს თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ დარჩენილი ორგანო ან მისი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს დონორის სიცოცხლეს, ორგანოს ვერ ამოიღებენ.

- დონორი ორგანოების კონსერვაციის თაობაზეც მინდა გკითხოთ. თუ არსებობს ჩვენთან ორგანოთა ბანკი?

- ორგანოთა ბანკზე საუბრისას არ უნდა წარმოვიდგინოთ ოთახი, სადაც ქილებში ჩაწყობილი ორგანოები ალაგია. ტრანსპლანტაციის ბანკი მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ბანკია. ეს ბანკი მონიტორინგს უწევს აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა და დონორთა მდგომარეობას, რომელიც რეგისტრირდება სპეციალურად შექმნილ მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში. თუ შესაბამის პერიოდში გამოჩნდა გარდაცვლილის ორგანო, რომელიც გადასანერგად შეიძლება იქნეს გამოყენებული, საინფორმაციო ბანკში შეირჩევა მისთვის ოპტიმალური რეციპიენტი და საავადმყოფოდან, სადაც ორგანო ამოიღეს, ის პირდაპირ გაიგზავნება იმ საავადმყოფოში, სადაც რეციპიენტი იმყოფება.

საინფორმაციო ბანკში წარმოებს წლის განმავლობაში შესრულებულ ოპერაციათა რაოდენობრივი და კლინიკური ანალიზი. შექმნილია ორგანოგადანერგილი პაციენტის დღიური, წარმოებს ამბულატორიულ პაციენტთა ლაბორატორიული და სხვა სამედიცინო პარამეტრების მონიტორინგი.

- როგორია ორგანოს შენახვის მაქსიმალური ვადა?

- რამდენიმე საათი. ამასთან, აუცილებელია კონსერვაცია. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებითაც უნდა გამოირეცხოს ორგანო, რომ არ მოხდეს მასში არსებული სისხლძარღვების დათრომბვა. ამოღებიდან გადანერგვამდე ორგანო აუცილებლად დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.

- როგორ უნდა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა ორგანოს გადანერგვის შემდეგ, რათა ტექნიკურად წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს?

- ეს ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რაც არ უნდა კარგად შეარჩიო დონორი, ორგანოს მოცილების რეაქცია, თუნდაც სუსტი, მაინც დაიწყება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ პაციენტს ენიშნება სპეციალური მედიკამენტები იმუნური შეუთავსებლობის დასაძლევად, რომლებიც მან გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს. ეს მედიკამენტები საკმაოდ ძვირია, მათ მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო შეისყიდის და პაციენტებს უფასოდ ურიგებს.


- თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში მხოლოდ თირკმლის გადანერგვა ხორციელდება. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ სხვა ორგანოების გადანერგვაც...

- ორგანოთა გადანერგვა დასავლეთ ევროპის ქვეყანათა უმრავლესობაში წარმატებით ხორციელდება. ჩვენი ასოციაციის საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზეა 110-ზე მეტი პაციენტი. ამათგან 102-ს თირკმელი აქვს გადანერგილი, 8-ს - ღვიძლი. ყველა გადანერგილი ღვიძლი ნაოპერაციებია საქართველოს ფარგლებს გარეთ: საფრანგეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, აშშ-ში...

- ამრიგად, პაციენტმა, რომელსაც ორგანოს გადანერგვა სჭირდება, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას უნდა მიმართოს. დაახლოებით რა ღირს მკურნალობა?

მაგალითად ღვიძლის გადანერგვა ავიღოთ. აქ ორი დიდი პრობლემა იჩენს თავს: სათანადო დონორის პოვნა და ფინანსური უზრუნველყოფა.

ღვიძლის გადანერგვა საკმაოდ ძვირი ოპერაციაა: რუსეთში, მაგალითად, 150 ათასი ევრო ღირს, თურქეთში - 90 ათასი დოლარი, ბელორუსიაში - 53 ათასი დოლარი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში - უფრო ძვირი. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ ჩვენი პაციენტები და გაუწიონ სათანადო დახმარება, თუ შესრულდა ორივე პირობა, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.

- სახელმწიფო თუა ამაში ჩართული?

- სახელმწიფო ჩართულია. როგორც მოგახსენეთ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტებს სჭირდებათ იმუნოსუპრესორული მკურნალობა. განურჩევლად იმისა, სად განხორციელდა გადანერგვა, ოპერაციის შემდგომ მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე იღებს.

- ორგანოთა გადანერგვაზე საუბრისას ხშირად ჩნდება ასოციაცია კრიმინალთან. არსებობს ეჭვი, რომ ადამიანის გარდაცვალებას ხელოვნურად იწვევენ, რათა მისი ორგანო გაყიდონ. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ეჭვი?

- იატაკქვეშა ბიზნესისთვის ეს ძალზე მომგებიანი დარგია, მაგრამ ამგვარ ეჭვს უმეტესად მასმედიის არასწორი, ყოვლად დაუსაბუთებელი ინტერპრეტაცია აჩენს. ჩვენ ვცდილობთ, ახლო ურთიერთობა გვქონდეს ჟურნალისტებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, რათა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას.

ტრანსპლანტაციის დროს უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ორგანოს გადანერგვა აბსოლუტურად სტერილურ პირობებში უნდა მოხდეს, დონორი თავიდან ბოლომდე უნდა იქნეს გამოკვლეული, უნდა მოიძებნოს შესაბამისი რეციპიენტი, რომელსაც მისი ორგანო მიესადაგება... ასე რომ, ორგანოს სპონტანურად ამოღება გაყიდვის მიზნით ძნელი წარმოსადგენია.

- რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციისთვის რეციპიენტს ორგანოს გადანერგვის შემდეგ?

- გააჩნია ორგანოს. მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში მდგომარეობა ყოველ წუთს უმჯობესდება. იგივე შეიძლება ითქვას თირკმელზე, პანკრეასზე. ჩაირთვება თუ არა ორგანო, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებს, პაციენტის მდგომარეობის დადებითი დინამიკა ძალზე მკვეთრი და სწრაფი ხდება.

- კრიტიკულად რა დრო ითვლება?

- რაც უფრო მეტი ხანია გასული გადანერგვიდან, მით უფრო ნაკლებია მწვავე მოცილების რეაქციის განვითარების ალბათობა.

- რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს ასეთი რეაქცია?

- ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი თვეების განმავლობაში. 1-2 წლის შემდეგ მწვავე მოცილების რეაქციის განვითარების ალბათობა საგრძნობლად იკლებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ქრონიკულ მოცილებას. თუ გადანერგილმა ორგანომ დროთა განმავლობაში დაკარგა ფუნქცია, შეიძლება ჩატარდეს განმეორებითი გადანერგვა.

- რომელი ორგანოს გადანერგვა ხდება ყველაზე ხშირად?

- მსოფლიოში ყოველწლიურად 100 ათასამდე ორგანოს გადაუნერგავენ. ამათგან დაახლოებით 60% თირკმელია. მეორე ადგილზეა ღვიძლი - დაახლოებით 20%. შემდგომ მოდის გული და პანკრეასი, ხოლო უკანასკნელი ადგილი უკავია წვრილ ნაწლავს - მის წილად 1%-ზე ნაკლები მოდის.