სარკის წინ საკითხავი
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის ჩანთა, შავი ელეგანტური კაბა ან საგვარეულო ძვირფასეულობა. ასეთ ნივთებს უცხოეთში მუსტ ჰავე-ს უწოდებენ. თუ თქვენს მუსტ ჰავე სიაში ჯერ კიდევ არ არის აბრეშუმის შარფი, დროა, შეიძინოთ. იმისთვის, რომ ჯეროვნად შეაფასოთ აბრეშუმის შარფის მნიშვნელობა, რამდენიმე საათი უნდა გაატაროთ პარიზის კაფეში და თვალი ადევნოთ პარიზელ ქალბატონებს, რომლებიც შარფის ტარების თანდაყოლილი ნიჭით იბადებიან.
აქ ნახავთ თავზე მოხვეულ, ლაბადის საღილეში გაყრილ, წელზე შემორტყმულ, ჩანთის სამშვენისად გამოყენებულ, ყელზე უამრავ ვარიანტად შემოხვეულ შარფებს...
აბრეშუმის შარფის მთავარი ღირსება ის არის, რომ ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილი ხდება, გამოკვეთს ფერთა აქცენტებს, ანიჭებს ქალს შარმსა და ინდივიდუალობას. საკმარისია, ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მოიხვიოთ აბრეშუმის შარფი, რომ უმალვე გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული გამოჩნდებით. აბრეშუმის შარფმა შეიძლება ძვირფასეულობაც კი შეცვალოს.
ოჰ, ეს დრესკოდი!..
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დგება აქტიური შოპინგის დროც. მუქ, პრაქტიკულ სვიტერებსა და შარვლებს მსუბუქი, ხალისიანი ფერის ტოპები და კაბები ცვლის. ბუნებრივია, აქცენტს ამ დროს საპლაჟო სამოსზე ვაკეთებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმიანი გარდერობის განახლებაც.
საქმიან გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს თეთრი პერანგი ან ბლუზონი, მუხლამდე ქვედაბოლო წელზე ქამრით, კლასიკური პიჯაკი და ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლით. ვიწრო, ტანზე მომდგარმა შარვლებმა წელს ადგილი ფართოს დაუთმო.
რაც შეეხება ფერს, მოდურია არა პასტელის ტონები, როგორც შარშან და შარშანწინ, არამედ მკვეთრი, ნეონური. ცხადია, ფერადი ტოპები საღამოსთვის უფროა მისაღები, ვიდრე ოფისისთვის, მაგრამ რამდენიმე ცალი მაინც ჩართეთ საქმიან გარდერობში. მკაცრ პიჯაკთან ერთად თვალში საცემი არ იქნება. სამაგიეროდ, მოსაწყენ საოფისე ჩაცმულობას გაახალისებს.
არ დაგავიწყდეთ აქსესუარები: მოხერხებული და ტევადი პორტფელი საქმიანი ქაღალდებისთვის და მოდური მზის სათვალე 70-იანი წლების სტილში.
რა არ მოსწონთ მამაკაცებს
გარდერობის განახლებისას ქალი იშვიათად ეკითხება რჩევას მამაკაცს, მაგრამ ბევრმა როდი იცის, როგორი სამოსი მიაჩნიათ მამაკაცებს მაცდურად, სექსუალურად და როგორი არ მოსწონთ.
ბრიტანელებმა, რომლებიც განთქმულნი არიან სოციოლოგიური კვლევის სიყვარულით, გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, ქალის რომელი ტანსაცმელი აღიზიანებთ განსაკუთრებით მამაკაცებს.
- მამაკაცებს არ უყვართ უფორმო, ფართო შარვლები, რომლებიც, მათი აზრით, ამახინჯებს ქალის სხეულის პროპორციებს, მაგრამ ამავე დროს არც მეტისმეტად მომდგარი სამოსი მოსწონთ, რადგან ის იმაზე მეტად უსვამს ხაზს ქალის ფორმებს, ვიდრე საჭიროა.
- არ მოსწონთ კომბინეზონები, იმიტომ რომ გოგონები მასში მუშებს ჰგვანან;
- არ მოსწონთ ფოჩებიანი სამოსი და მამაკაცური კოსტიუმები.
- მამაკაცების აზრით, ყველაზე საშინელი ფეხსაცმელებია აგები (უგგს) უაზრო ფორმის გამო და გლადიატორები - მაღალი სანდლები, რომლებიც მთელ სიგრძეზე თასმებით იკვრება.
- არასასურველი აქსესუარების სიაში მოხვდა თმის რკალი (UGGS), ხილაბანდი და მასიური სათვალეები, რომელთა გარეშეც ქალი, მით უმეტეს - ზაფხულობით, თითქმის წარმოუდგენელია.
შეიძლება თუ არა, ეს ნუსხა ადეკვატურად მივიჩნიოთ? იქნებ ბრიტანელი მამაკაცები მეტისმეტად მკაცრად ეკიდებიან ქალის ჩაცმულობას? შეძლებს კი ქალი მამაკაცის გულის მოსაგებად უარი თქვას საყვარელ სამოსსა თუ აქსესუარზე?..