გაიხალისეთ ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაიხალისეთ ცხოვრება

ახლობლებთან ურთიერთობა აგეწეწათ, გზაში ყოველდღე საცობში გიწევთ დგომა, ამინდი კვლავ ჭირვეულობს... ერთი სიტყვით, ცხოვრებას სიხარული აღარ მოაქვს!

დეპრესია ხშირად ფეხაკრეფით მოგვეპარება ხოლმე და მთელ სამყაროს ნაცრისფრად მოგვაჩვენებს. თავდაპირველად გვგონია, გადავიღალე, ეს არის და ეს, დავისვენებ და უგუნებობაც გაივლისო, მაგრამ გადის დრო და თავს უფრო და უფრო უარესად ვგრძნობთ. ძლიერდება აპათია, დგება მომენტი, როდესაც არაფრის კეთება აღარ გვინდა, აღარც ფიქრი, აღარც რამის შეგრძნება.

ამას ემატება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არესა და შინაგან ორგანოებში და ჩნდება ყოველივეს დაუყოვნებლივ აღკვეთის დაუოკებელი სურვილი. ამ მდგომარეობას ბევრი ექიმების დახმარებით აღწევს თავს, ზოგს კი ამაში ოჯახის წევრები და მეგობრები ეხმარებიან.

მელანქოლიის საუკუნე

ასე მონათლეს სპეციალისტებმა ჩვენი ეპოქა - დეპრესია ხომ დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სულიერ მდგომარეობად იქცა. მიზეზი? - ცხოვრების დაძაბული რიტმი, მუდმივი საინფორმაციო პრესინგი, პირადი სივრცის უკმარისობა. შემთხვევითი როდია, რომ დეპრესიის მსხვერპლნი უმეტესად დიდი ქალაქის მცხოვრებნი არიან, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებიც გონებრივ შრომას ეწევიან. დეპრესია იმ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა. როგორ დავძლიოთ იგი?

გამოიძინეთ

დეპრესიულ მდგომარეობას ყოველთვის თან ახლავს უძილობა. ძილი - საუკეთესო მკურნალია. დაძინებამდე კარგად გაანიავეთ საწოლი ოთახი და შეძლებისდაგვარად ღია დატოვეთ სარკმელი. ჰაერი ჟანგბადით რომ გამდიდრება, უფრო მეტხანს იძინებთ და გამოძინებულიც ადგებით.

მისდიეთ სპორტს

დილის ვარჯიში რატომღაც ყველამ დაივიწყა. არადა, მას ნამდვილად შეუძლია, მთელი დღის სამყოფი ენერგიით აგავსოთ. მთავარია სწორად შეარჩიოთ კომპლექსი, რომელიც თქვენს სხეულსა და გადაღლილ კუნთებს ყველაზე მეტად სჭირდება. ერთმანეთს შეუთავსეთ გონებრივი და ფიზიკური შრომა. ამისთვის ქალაქგარეთ საკუთარ ან მეგობრის აგარაკზე მუშაობაც საკმარისია, სადაც სუფთა ჰაერზე ჯდომისგან მოდუნებული კუნთების გაშლა და ამუშავება მართლაც ენით აუწერელ შვებას მოგგვრით.

შეხვდით მეგობარს

შეხვდით მას, ვისაც გულს გადაუშლით, გაუზიარებთ საკუთარ განცდებს და სასარგებლო რჩევებსაც მიიღებთ. თუ ასეთი არავინ გეგულებათ, იტირეთ. ცრემლებს შვება მოაქვს.

იცხოვრეთ დღევანდელი დღით

გულში ნუ ჩაიდებთ წყენას, ყველაფერი წარსულში დატოვეთ. ნურც განცდილზე იფიქრებთ ბევრს. არ შეუშინდეთ მომავალს! შეცვალეთ გარემო. წადით ტყეში, სოფელში, მშვიდად ისეირნეთ, მოინახულეთ ადგილები, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. სამსახურში თავი უფრო მეტად დაზოგეთ. ზოგჯერ ადრიანად დაწექით დასაძინებლად. ნახავთ, დილით მთების დაძვრის სურვილითა და ენერგიით იქნებით აღსავსე.

მოიწყვეთ SPA-სალონი საკუთარ აბაზანაში

დაღლილი და რთული დღის შემდეგ დაძაბულობის მოსახსნელად ძვირადღირებულ SPA-სალონში სტუმრობა სულაც არ არის აუცილებელი. ვიდრე საშინაო საქმეებს მოჰკიდებდეთ ხელს, დაუთმეთ საკუთარ თავს 20 წუთი, ეს ხომ არც ისე ბევრია. აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, დაუმატეთ არომატული ქაფი. წყალი სასიამოვნოდ ჩამორეცხავს თქვენი სხეულიდან განვლილი დღის ყველა უსიამოვნებასა და სირთულეს. შეგიძლიათ, სააბაზანოში საყვარელი ხილის წვენით სავსე ჭიქაც შეიტანოთ.

თუ დღე განსაკუთრებით მღელვარე იყო და გრძნობთ, რომ ნერვები სიმებივით გაქვთ დაჭიმული, კატაბალახას აბაზანა მოგიხდებათ: 6 სადილის კოვზ კატაბალახას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. ასეთი აბაზანა დაგამშვიდებთ და სწრაფად ჩაძინებაშიც დაგეხმარებათ.


დაუთმეთ ყურადღება ცხოველებს

ვისაც ცხოველები ჰყავს, დაგვეთანხმება, რომ მათთან კონტაქტი ნამდვილად ხსნის დაძაბულობას. საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხშირად მიმართავენ ენიმალთერაპიას - ნევროზებისა და დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობას ცხოველების დახმარებით. განსაკუთრებთ კარგ "მკურნალებად" მიიჩნევიან ცხენები და დელფინები. მართალია, ჩვენს სინამდვილეში ძნელი წარმოსადგენია ჯირითი და წყალში მოჭყუმპალავე დელფინების ნახვა, მაგრამ დროდადრო თუ ამისთვისაც გამონახავთ დროს, დადებითი ემოციები გარანტირებული გექნებათ.

თვალებს მწვანე ახარებს

ქალაქური პეიზაჟი, რა თანამედროვე და ფეშენებელური შენობებითაც არ უნდა იყოს გაჯერებული, მოსაწყენია. მეტროსა და ოფისში დიდხანს ყოფნა, სადაც უამრავი ტექნიკური მოწყობილობაც გუგუნებს, უნებურად გვაღიზიანებს. სიმწვანეში სეირნობა კი სტრესის საუკეთესო წამალია. თანაც სეირნობისას იზრდება შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

თუ საშუალება გაქვთ, სახლის სიახლოვეს გაახარეთ მცენარეები, რომელთა სიმწვანეც ნაწილობრივ მაინც აგინაზღაურებთ დედაბუნებასთან ურთიერთობის დეფიციტს, რომელიც დიდი ქალაქის მცხოვრებთა დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზია. უბრალო, ხელნაკეთ ქოთანში ან თუნუქის კოლოფში დათესეთ ხორბალი. მე-4-მე-5 დღეს იგი გაღვივდება და ზრდას დაიწყებს. მისი ყოველდღიური ზრდა გაახარებს თვალსა და გულს.

გადახედეთ რაციონს

შოკოლადი და ბანანი შეიცავს ენდორფინებს, რომლებიც გუნება-განწყობას აუმჯობესებს, თხილი, კაკალი, წიწიბურა, პარკოსნები კი იმ ვიტამინების შემცველია, რომელთა დეფიციტიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სერიოზული ცვლილებების მიზეზად იქცევა.

ჭამეთ სიამოვნებით

გაიხსენეთ, როგორი მონდომებით ვამზადებთ გემრიელ კერძებს სასურველი სტუმრების მოლოდინში. გირჩევთ, ხშირად მოუწყოთ სადღესასწაულო ვახშამი საკუთარ თავსაც. ეს როდი ნიშნავს გოჭის შეწვას ან კალორიებით გაჯერებულ ტორტთან გმირულ შერკინებას; უბრალოდ იყიდეთ რამე გემრიელი, სუფრაზე დააწყვეთ ლამაზი ხელსახოცები და ჭურჭელი, შეგიძლიათ, რამდენიმე სანთელიც აანთოთ - მათი შუქი მყუდროების შეგრძნებას ბადებს და სულს მალამოდ ეცხება.

სპეციალისტები უკვე აღარ დავობენ იმის თაობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, ნორმალური განწყობის შესაქმნელად ადამიანმა დროდადრო მიირთვას, რაც სურს და რამდენიც სურს, მიუხედავად ჭარბი წონისა, რადგან მუდმივად უარის თქმა იმაზე, რაც ძალიან გვიყვარს, სწორედ ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია გუნება-განწყობის გაფუჭება და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესება.

მედიკამენტებთან ფრთხილად!

გახსოვდეთ, ზოგიერთ პრეპარატს დეპრესიის პროვოცირება შეუძლია. ასეთია მაგალითად ჰიპერტონიის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი მედიკამენტი. ეცადეთ, ყველა ასეთი პრეპარატის მიღების წინ დეტალურად გაეცნოთ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების ნუსხას.

ვის რა არგეთ?

აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი სხვას ეხმარება, მის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც განსაკუთრებულ სიხარულს, სიმსუბუქესა და კმაყოფილების განცდას წარმოშობს. კეთილი საქმის ჩადენის შემდეგ მაღლა იწევს თვითშეფასების მაჩვენებელი და უმჯობესდება განწყობა. ასე რომ, კმარა კოლეგებთან ქიშპი, დროულად იფიქრეთ შერიგებაზე, შესთავაზეთ თუნდაც ფინჯანი ყავა.

შეხვდით დილას პოზიტიურად

დილა მთელ დღეს თავისებურ ელფერსა და ტონალობას სძენს. რა მოთენთილსა და გამოუძინებელსაც არ უნდა გაგეღვიძოთ, ეცადეთ, დღეს ოპტიმისტურად შეხვდეთ. გაიხარეთ იმით, რომ უფალმა კიდევ ერთი დღით დაგასაჩუქრათ.

სძლიეთ სიზარმაცის პირველ წუთებს და ნახავთ, როგორ აივსებით პოზიტიური მუხტით, სამსახურში მისვლისას კი მხნეობით ყველას გააოცებთ. დაბოლოს, აუცილებელია იმის აღიარებაც, რომ ბედნიერება თავისთავად არ მოდის. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვიპოვოთ. დაუსახეთ თავს მიზანი, მოიკრიბეთ სიმამაცე და მისკენ სვლას შეუდექით.