თუ ზღვაზე მიემგზავრებით
2010 წლის საზაფხულო კოლექციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იტალიელ დიზაინერთა მოდელები. ვინ, თუ არა მზიანი იტალიის ბინადრებმა, იციან პლაჟის მოდის მსოფლიო კანონები და ასწრებენ, ბაზარს მიაწოდონ ზუსტად ის, რაც ამ სეზონზე წარმოუდგენლად პოპულარული იქნება.
ამრიგად, იტალიელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2010 წლის საზღვაო სეზონი ანტიდეპრესიული და ანტიკრიზისული განწყობით უნდა გავატაროთ. დიზაინერები ამ ზაფხულს მკვეთრ ფერებს, მყვირალა მოხატულობას (მოდურია გეომეტრია და აბსტრაქციაც კი), მაცდუნებელ თარგებს და მრავალ სხვა საინტერესო დეტალს გვთავაზობენ.
ერთიანი და ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები თანაბრად აქტუალურია (თუმცა კი ქალბატონები უპირატესობას მაინც ამ უკანასკნელს ანიჭებენ).
ერთადერთი, რასაც დიზაინერები ხაზს უსვამენ, არის ის, რომ პლაჟის ტანსაცმელი რაიმე ორიგინალური შტრიხით - ფერთა მოულოდნელი შეხამებით, საინტერესო დეკორით უნდა გამოირჩეოდეს. მოსასხამები, ტუნიკები, მოდური ბიჟუტერია და აქსესუარები წარმატებით შეავსებენ საცურაო კოსტიუმს.
ფერთა პალიტრა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალფეროვანია, თუმცა მოდის კანონმდებლები არც შავისა და თეთრის შეხამებას ივიწყებენ. ასევე მოდურია ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი, ვერცხლისფერი. პარეო (თეძოზე მოსახვევი შარფი) წლეულს არცთუ ისე აქტუალურია. ამჯერად დიზაინერები გვთავაზობენ ტუნიკებს, მოსასხამებს, აბრეშუმის, სატინისა და შიფონის პერანგებს, რომელთა სტილი და ფერი საცურაო კოსტიუმთან იქნება შეხამებული.
აქვე გვინდა, რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მოგცეთ:
- ეცადეთ, საცურაო კოსტიუმი შეიძინოთ არა ბაზრობაზე, არამედ მაღაზიაში, სადაც თქვენ მიერ მოწონებული მოდელის მოზომვის საშუალება გექნებათ - ამ ნივთის თვალზომით შერჩევა რთულია და შინ დაბრუნებულს გული დაგწყდებათ, თუ კოსტიუმი ან დიდი, ან პატარა მოგივიდათ.
- ვიდრე საცურაო კოსტიუმის მოდელს შეარჩევდეთ, სარკეში კრიტიკულად შეათვალიერეთ საკუთარი ფიგურა და წარმოიდგინეთ, როგორი ტიპის კოსტიუმი უფრო მოგიხდებათ. ყურადღება შეაჩერეთ იმ მოდელებზე, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ფიგურის ღირსებებს და დაფარავს ნაკლს.
თუ რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ და მათი დამალვა გსურთ, ჯობს არჩევანი ერთიან, დახურულ კოსტიუმზე შეაჩეროთ. მაღალი და ჩამოქნილი თეძოების პატრონი, რაღა თქმა უნდა, ყველანაირ მოდელს მოიხდენს, მაგრამ განსაკუთრებით მოუხდება დახურული კოსტიუმი გვერდებზე მაღალი ჭრილით. ტანდაბალმა გოგონებმა არჩევანი უმჯობესია ერთიან კოსტიუმზე შეაჩერონ, რომელსაც ექნება მკერდზე დაბალი, ხოლო თეძოებთან მაღალი ჭრილი. ასეთი მოდელი თქვენს ფიგურას სიმაღლეს `შემატებს~. თუ დიდი მკერდი გაქვთ, აჯობებს იპოვოთ ერთიანი, დახურული მოდელი ღრმა დეკოლტეთი. საუკეთესო ვარიანტი იქნება ზურგზე თასმებგადაჯვარედინებული კოსტიუმი. ასეთი მოდელი თქვენს მკერდს ლაზათიანად წარმოაჩენს.
თუ სხეულის ქვედა ნაწილი - ფართო, ხოლო ზედა შედარებით ვიწრო გაქვთ, სცადეთ, ისეთი მოდელი მოიზომოთ, რომელსაც მკერდზე კვადრატული ჭრილი და ბიუსტჰალტერის ფართო ბრეტელები ექნება.
ლამაზი მკერდის, მაგრამ განიერი თეძოების პატრონებმა ჯობს ყურადღება მიაქციონ გაცალკევებულ მოდელებს, რომლებსაც ექნება ტრუსი-შორტი - ეს უკანასკნელი წარმატებით დაფარავს ფიგურის ქვედა ნაწილის ზედმეტობებს.
დაიჭირეთ თადარიგი
იმისთვის, რომ მზისა და ზღვისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, გულდასმით უნდა დაგეგმოთ შვებულება და დეტალურად მოიფიქროთ, რა შეიძლება დაგჭირდეთ მგზავრობისას.
- გზაში აუცილებლად დაგჭირდებათ სველი ჰიგიენური ხელსახოცები, ამიტომ შეიძინეთ რამდენიმე შეკვრა, რადგან მცხუნვარე ზაფხულში ალბათ ბევრჯერ მოგიხდებათ ხელებისა და სახის გაწმენდა.
- ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო აფთიაქის კოპლექტაცია. აუცილებელი მინიმუმი მოიცავს მცირე ტრავმის დროს პირველი დახმარების საგნებს: ბამბას, პლასტირს, წყალბადის ზეჟანგს, სტერილური დოლბანდის ტამპონებს, დოლბანდის ხვეულას, იოდს, ბრილიანტის მწვანეს. ასევე ხელთ უნდა გქონდეთ სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო), ტკივილგამაყუჩებელი და ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები. წაიყოლეთ მარილოვანი ფხვნილიც, რომელიც დიარეის შემთხვევაში აღადგენს ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს.
მზისგან დამცავ საშუალებებთან ერთად არც დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს წაღება დაგავიწყდეთ.