ქალი - ქრონიკული ვენური დაავადების სამიზნე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალი - ქრონიკული ვენური დაავადების სამიზნე

- როგორია ვენური დაავადების გავრცელება მამაკაცებსა და ქალებში?

- დადგენილია, რომ ყოველ დაავადებულ მამაკაცზე 5-7 დაავადებული ქალი მოდის. ასეთი განაწილება განსაკუთრებით თვალში საცემია ახალგაზრდა, რეპროდუქციულ ასაკში. ამ მიმართებით საუბრობენ არა ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ დაავადებაზე, არამედ ინფრარენულ ვენურ უკმარისობაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქვედა კიდურების, ისე მენჯის ვენური სისტემის ქრონიკულ უკმარისობას. ტერმინი “ინფრარენული ვენური უკმარისობა” აერთიანებს მენჯისა და ქვედა კიდურების ვენური სისტემების ქრონიკულ დაავადებებს: საკუთრივ ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ დაავადებას, ასევე - მენჯის სისხლსავსეობის სინდრომს. ცალკე განხილვის საგანია ჰორმონინდუცირებული ფლებოპათია, რომელიც უკვე საკმაოდ ხშირად გვხვდება. ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების უმეტესობა ვლინდება როგორც მენჯის, ისე ქვედა კიდურების ვენურ სისტემაში.

- რატომ ემართებათ ასე ხშირად ქალებს ქრონიკული ვენური დაავადება?

- ქალებში ქრონიკული ვენური დაავადების ფართო გავრცელება იმით არის გამოწვეული, რომ დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი მდედრობითი სქესია, უფრო სწორად, ამ სქესისთვის დამახასიათებელი მდგომარეობები - ორსულობა და მშობიარობა. დიდ როლს ასრულებს ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა და მემკვიდრეობაც.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ქალის სხეულის ანატომიურ თავისებურებებს?

- რასაკვირველია. ქალს მამაკაცზე განიერი მენჯი აქვს, რაც იწვევს თეძოს ვენების უფრო მახვილი კუთხით ჩართვას ქვედა ღრუ ვენაში, ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვენური ნაკადის სიჩქარეზე.

- რით გამოიხატება ქრონიკული ვენური დაავადება?

- მისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი;
  • სიმძიმის შეგრძნება;
  • დაბუჟების შეგრძნება;
  • ღამის კრუნჩხვები;
  • ტელეანგიოექტაზიები;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • შეშუპება;
  • ტროფიკის დარღვევა.

- როგორ აისახება ქალის ჰორმონული ფონი ვენებზე?

- ცნობილია, რომ ქრონიკული ვენური დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • მაღალი ტემპერატურა (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ხშირი, ცხელი, ხანგრძლივი აბაზანები);
  • ადინამია;
  • დიდხანს ფეხზე დგომა.

ქალებში ამას ემატება ჰორმონული ფონიც - ჩივილები ძლიერდება მენსტრუაციის წინ, ორსულობისა და ჰორმონული თერაპიის დროს.

- რატომ რთულდება უკვე არსებული დაავადება ორსულობისას ან პირველად ამ დროს რატომ იჩენს თავს?

- ორსულობა ნამდვილი გამოცდაა ქალის ვენური სისტემისთვის, რომელსაც ამ დროს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თვალი გადავავლოთ ზოგიერთ მონაცემს: ქალების დაახლოებით 30%-ს ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს და მათი 80% ამ პრობლემას სწორედ ორსულობის დროს ეჯახება. დადგენილია, რომ საშვილოსნოს ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება სისხლის ნაკადის სიჩქარე ბარძაყის ვენებში, მესამე ტრიმესტრში - თითქმის 50%-ით. ამ პერიოდში ქვედა ღრუ ვენა მკვეთრად ვიწროვდება და სისხლი გულისკენ უმთავრესად კოლატერალური გზებით - ხერხემლის ვენური წნულითა და წელის ვენებით მიედინება. ამას ემატება ჰორმონული ფაქტორი - ესტროგენებისა და პროგესტერონის კონცენტრაციის მომატება, რაც ვენის კედლის გლუვკუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას იწვევს. ორსულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისთვის.


9 თვის განმავლობაში ქალმა დაახლოებით 10 კგ უნდა მოიმატოს. აქედან ბავშვის წონაზე მოდის არა უმეტეს 4 კგ-სა. დანარჩენი უმეტესად სითხეა, ხოლო 6 ლიტრი წყალი - მძიმე ტვირთია. იმისთვის, რომ ნაყოფი უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით, ორსულის ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა 20-35%-ით იმატებს. მზარდი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მუცლის ღრუს ვენებზე, რომლებიც აგროვებს სისხლს სხეულის ქვედა ნაწილებიდან - ფეხებიდან და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. ისედაც მიჭყლეტილ ქვედა ღრუ ვენაში შედის გაცილებით მეტი სისხლი, რაც უფრო მეტად ტვირთავს მას და აძლიერებს შეგუბებას ქვედა ნაწილებში; ამის შედეგად ვენების დატვირთვა იმატებს და მათი სარქველები მოვალეობას ვერ აუდის. ვითარდება შეშუპება. ამრიგად,  ვენების დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  • ორგანიზმში სითხის მოცულობის მატება;
  • ფეხებზე დატვირთვის მატება და ქვედა კიდურებიდან ვენური სისხლისა და ლიმფის უკუდენის დარღვევა;
  • ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნები, რის შედეგადაც მცირდება შემაერთებელი ქსოვილის ელასტიკურობა, წელვადობა. ვინაიდან სწორედ ამ ქსოვილისგან შედგება ვენები და მათი სარქვლები, ბუნებრივია, ეს სტრუქტურები დუნდება და იწელება, ვეღარ ეწინააღმდგება წნევას, რომელიც ორსულობისას კვირიდან კვირამდე იმატებს.

- რა საფრთხეს უქმნის ვენების გაგანიერება ორსულებს?

- ვენების ვარიკოზული გაგანიერება, როგორც ყველა სხვა ქრონიკული დაავადება, საშიშია გართულებებით. ორსულებში პლაცენტის აცლის პროფილაქტიკისა და სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნებისთვის დედის სისხლსა და ნაყოფის შემდედებელ სისტემაში იმატებს ისეთი ფაქტორების კონცენტრაცია, რომლებიც იცავს მათ სისხლდენისაგან. მომატებულია სისხლის შედედების უნარი და, ამის კვალობაზე, თრომბების წარმოქმნისადმი განწყობაც. ამისგან დამოუკიდებლად, ორსულობის დროს განვითარებული ვენური შეგუბება დამატებით ზრდის ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში თრომბების წარმოქმნისა და ზედაპირული ვენების ანთების (თრომბოფლებიტი) რისკს. თრომბების წარმოქმნა შეიძლება იქცეს მძიმე გართულების - ფილტვის არტერიის თომბოემბოლიის - მიზეზად, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის სიცოცხლეს. მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით - საკეისრო კვეთის ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში, ნარჩუნდება თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი, ამიტომ აუცილებელია ამ გართულებების აქტიური პროფილაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რისკის ფაქტორები უკვე არსებობს.

- რა ტიპის მკურნალობა ტარდება ორსულობის დროს? საზოგადოდ, შესაძლებელია მკურნალობა?

- არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ამ დროს რეკომენდებულია:

  • აქტიური რეჟიმი;
  • სითხის უხვად მიღება;
  • მედიკამეტური თერაპია;
  • კომპრესიული თერაპია - კომპრესიული ტრიკოტაჟი ორსულთათვის (ორსულობისას) და ანტიემბოლიური ტრიკოტაჟი მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში.

ინიშნება ვენოტონიკები - ვენურ კედელზე მოქმედი პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს ვენის კედლების ტონუსს - დეტრალექსი, ვენორუტონი, ანტისტაქსი, ტროქსერუტინი... ამ პრეპარატების მიღება ნაჩვენებია ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ბოლომდე. ადგილობრივად გამოიყენება კრემები, გელები, მალამოები, რომლებიც შეიცავს მატონიზებელ საშუალებებს და ჰეპარინს - ნივთიერებას, რომელიც ზრდის ვენურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას. დასავლეთის ქვეყნებში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დედათა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. თრომბულ გართულებათა პროფილაქტიკისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაფრაქციული და დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კუმარინის მსგავსი პრეპარატები და ასპირინი. ორსულებში ამ მხრივ არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ჰეპარინი, ვინაიდან იგი, პერორალური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით, ვერ გადის პლაცენტურ ბარიერს, შესაბამისად, არ იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებს და სისხლდენას. უკანასკნელ ხანს ხშირად იყენებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს, რომელიც ეფექტითა და უსაფრთხოებით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივს და მასთან შედარებით აქვს ზოგიერთი უპირატესობაც. რაც შეეხება კუმარინის მსგავს პრეპარატებს (ვარფარინი), ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება გამოიწვიონ განვითარების მანკები (ცხვირის ჰიპოპლაზია პირველ ტრიმესტრში და ცნს-ის ცვლილებები ნებისმიერ ვადაზე), აგრეთვე - ნაყოფის სისხლდენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მოქმედება მშობიარობის პერიოდში - ტრავმასთან ერთად ეს შეიძლება ახალშობილის სისხლდენის მიზეზად იქცეს.

- როგორ მკურნალობენ მეძუძურ დედებს?

- არც ჩვეულებრივი, არც დაბალმოლეკულური ჰეპარინი არ გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ შეიძლება დაენიშნოს მეძუძურ ქალებსაც. მეძუძური დედის მიერ მიღებული ვარფარინი არ იწვევს ანტიკოაგულაციურ მოქმედებას ახალშობილებში, აქედან გამომდინარე, მეძუძურ ქალებს ამ პრეპარატის მიღებაც შეუძლიათ. რანდომიზებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპირინის მცირე დოზა (60-150 მგ დღეში) უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში. უფრო დიდი დოზების უვნებლობა, ისევე როგორც საზოგადოდ ასპირინის უვნებლობა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შესწავლილი არ არის. ორსულობის დროს გეგმური მანიპულაციები (სკლეროთერაპია, ლაზერი და ოპერაციები), გარდა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებისა, არ ტარდება.


- რას ურჩევდით ორსულებს ?

- ერიდონ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომას ან დგომას. თუ მათი საქმიანობა მოითხოვს დიდხანს ჯდომას, საათში ერთხელ ადგნენ და გაიარ-გამოიარონ, ავიდნენ და ჩავიდნენ კიბეზე. რეგულარული სეირნობა წესად აქციონ. ისეირნონ დღეში არანაკლებ 2 საათისა. ნუ დასხდებიან დაბალ სკამზე, ნუ გადაიდებენ ფეხს ფეხზე. მოხრილი ფეხები ართულებს სისხლის დენას. უმჯობესია, იწვნენ ზემოთ აწეული ფეხებით, თუ ამის საშუალება ექნებათ. ღამით ფეხებქვეშ ამოიდონ ბალიში - ეს უზრუნველყოფს სისხლის საუკეთესო ცირკულაციას. აკონტროლონ წონა და მისი ნამატი - ივარჯიშონ, იცურონ, მისდიონ იოგას - ფიზიკური დატვირთვის იმ სახეობას, რომელიც მოსწონთ. რეგულარული ვარჯიშისას წვივის კუნთები საჭირო რეჟიმში მუშაობს. აკონტროლონ წონა. ერიდონ ინტენსიურ დატვირთვას - სირბილს, ჩოგბურთს. ერიდონ სიმძიმის აწევას - ორსულობისას მხოლოდ 2 კგ-მდე ტვირთის აწევაა ნებადართული. რეგულარულად გადაივლონ ფეხებზე გრილი შხაპი. წყლის ჭავლმა  უნდა გაიაროს ტერფიდან ბარძაყისკენ ვენის გასწვრივ - ეს ამტკიცებს მათ და ტონუსს მატებს. სასარგებლოა ცურვაც. ნუ გადახურდებიან, ნუ მიიღებენ ცხელ აბაზანებს - სიცხე ხელს უწყობს ვენების მოდუნებას და აღრმავებს სისხლის შეგუბებას, ერიდონ მზის პირდაპირ სხივებს. ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, არა უმეტეს 3-4 სმ სიმაღლისა, ტანსაცმელი - თავისუფალი, განსაკუთრებით - საცვლები, წინდები და კოლჰოტები. ვარიკოზული სინდრომი სასურველია ალაგდეს მოსალოდნელ ორსულობამდე 6-12 თვით ადრე. გამოცდილი ფლებოლოგები თავიდან აგაცილებენ ვარიკოზულ დაავადებას. ეს დაგეხმარებათ, კეთილსაიმედოდ დაასრულოთ ორსულობა, გააჩინოთ ჯანმრთელი ბავშვი და თავიდან აიცილოთ საშიში გართულებები. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს:

  • ჯდომისას მოზიდეთ ტერფები თქვენკენ, შემდეგ განზიდეთ თქვენგან.
  • დგომისას აიწიეთ თითის წვერებზე. რამდენჯერმე ჩაჯექით.
  • ტერფი აბრუნეთ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

ეს ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ თითქმის ყოველთვის. იგი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუ შეგაწუხათ წვის შეგრძნებამ, ტკივილმა, ვენის გასწვრივ კანი გაწითლდა, ძლიერ შეგიშუპდათ ფეხები, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ, სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს - შესაძლოა, ეს იყოს თრომბოფლებიტის ნიშანი, რაც სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს. არამც და არამც არ გამოიყენოთ არავითარი წამალი ნაცნობ-მეგობრების რჩევით, რადგან ბევრი მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულთათვის.

- ზემოთ მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი ახსენეთ. რა არის ეს?

- ეს არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მენჯის ქრონიკულ ტკივილს. გამოწვეულია მენჯის მსხვილი ნერვების უშუალო სიახლოვეს ვარიკოზული ვენების განვითარებით. მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის გამომწვევ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ვენური ჰიპერტენზია.

- როგორ ვლინდება ეს სინდრომი?

- ამ მდგომარეობას სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია, რაც მის დიაგნოსტირებას აძნელებს. მან შესაძლოა თავი იჩინოს ტკივილით გავის მიდამოში,  მენჯში დიდხანს დგომის შემდეგ, მენსტრუაციამდე, აგრეთვე დისპარეუნიით (ტკივილით სქესობრივი აქტის დროს), გასტროენტეროლოგიური (გულისრევა, აბდომინალური კოლიკა, სიმაძღრის შეგრძნება), ნევროლოგიური (შაკიკის მოვლენები, დაღლილობა, ძილიანობა), ფსიქოემოციური (დეპრესია, სუიციდური მოვლენები) სიმპტომებით. ამიტომ პაციენტები დიდხანს რჩებიან ადეკვატური მკურნალობის გარეშე. ობიექტურად მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს ატიპური ვარიკოზული ვენების სახით.

- როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს საკვერცხის ვენების კათეტერული ემბოლიზაცია. უკანასკნელ ხანს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვენოტონური პრეპარატები ეფექტურად ამცირებს ქრონიკულ მენჯისმიერ ტკივილს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მენჯის ვენების ვარიკოზის შედარებით მსუბუქი ფორმა (ვენების მაქსიმალური დიამეტრი ნაკლებია 7 მმ-ზე) და აჩქარებს სიმპტომების უკუგანვითარებას ინვაზიური მკურნალობის შემდეგ.