რამდენი წყალი უნდა დალიოს ორსულმა
რა და რამდენი სითხე უნდა მიიღოს ორსულმა.
ადამიანის ორგანიზმი მეტწილად წყლისგან შედგება. ამასთან, რაც უფრო მეტია ქსოვილებში წყლის შემცველობა, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მასში სასიცოცხლო პროცესები. მაგალითად, კბილის მინანქარში 10% წყალია, ძვლებში - 20%, კუნთებში - 65%, თავის ტვინში - 80%. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა წყალი ჩანასახის ქსოვილებში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მან (ჩანასახმა) 280 დღეში უნდა გაიაროს განვითარების ის გზა, რის გავლასაც კაცობრიობამ 3,5 მლრდ წელი მოანდომა.
ადამიანი სითხის სიმცირესთან ბიოლოგიურად შეგუებული, ხმელეთზე მოსიარულე არსებაა. მას შეუძლია წყლის მომარაგება და, ამდენად, მისი დეფიციტისთვის მუდამ მზადაა. სამაგიეროდ, ადამიანის ორგანიზმი ვერ ეგუება სითხის სიჭარბეს - ზედმეტი სითხე მასში შეშუპებას იწვევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს, როდესაც საქმე ეხება ორსულს.
რის სმაა ორსულებისთვის ნებადართული, ან რამდენი სითხე შეიძლება მიიღოს მან ორსულობის ამა თუ იმ ვადაზე, რათა ზიანი არ მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც ნაყოფს? ამ საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგს სოფიო ჯაშს ვესტუმრეთ.
- ქალბატონო სოფიო, სითხის როგორი მოთხოვნილება აქვს ორსულის ორგანიზმს?
- ორსულის ორგანიზმი გაორმაგებული ძალით იმარაგებს წყალს და საგულდაგულოდ ემზადება მისი დეფიციტისთვის. რაც უფრო დიდია ორსულობის ვადა, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს სითხის მომარაგება. ორსულის ორგანიზმის სითხეზე ასეთი მოთხოვნილება გამოწვეულია იმით, რომ:
- იზრდება ნაყოფი და მას სითხე სჭირდება;
- იმატებს რაოდენობა სანაყოფე სითხისა, რომელიც იცავს ნაყოფს;
- მომატებულია ორსულის სისხლის მოცულობაც;
- ახლოვდება მშობიარობა, რომელიც სისხლისა და სითხის (ინტენსიური სუნთქვისა და ოფლდენის გამო) დიდ დანაკარგთან არის დაკავშირებული.
ორსულობის მე-20 კვირიდან ქალის ენდოკრინული სისტემა და თირკმელები იწყებენ ნატრიუმის მარილების მომარაგებას, რასაც მოჰყვება წყლის შეკავება, ამიტომ საჭიროა ორსულის წყალმარილოვანი რეჟიმის გადახედვა და ადრე მიცემული ყველა რეკომენდაციის რადიკალურად შეცვლა.
- რა და რამდენი შეიძლება სვას ორსულმა?
ორსულობის I ნახევარი
- ორსულობის პირველ ნახევარში რეკომენდებულია უფრო მეტი სითხის მიღება. დღეში ორ ლიტრამდე სითხე საშუალებას მოგცემთ, თავი დააღწიოთ ტოქსიკოზს, შეკრულობას და აღიდგინოთ სითხის დეფიციტი. წყალი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისა და ნაწლავთა მოქმედების გასაუმჯობესებლად, მედიკამენტების უკეთ ასათვისებლად, კარგი გუნება-განწყობის, ნორმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად და კარგი ძილისთვის.
ორსულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველგვარი სასმელი არ არის სასარგებლო. ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა ყავის, ჩაის, ალკოჰოლის, გაზიანი სასმელების მიღება. მოდი, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.
ყავა მატონიზებელი სასმელია. ქალები ჩვევისა და დაბალი წნევის გამო ხშირად სვამენ მას. ყავა შარდმდენია და ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, ამიტომ ორსულმა ეს სასმელი უნდა დაივიწყოს.როგორც გითხარით, ორგანიზმი ორსულობის პირველ ნახევარში წყლის დეფიციტისთვის ემზადება, ყავას კი, პირიქით, ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე. გარდა ამისა, აძლიერებს გულისცემას, რაც ისედაც აწუხებს ორსულს და მაღლა სწევს არტერიულ წნევას, რაც ორსულობისას საშიშია.
ერთი ფინჯანი მაგარი ჩაი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობის ყავა, ამიტომ ჩაისთანაც სიფრთხილე გმართებთ. მწვანე ჩაი ბაცი ფერისაა, ამიტომ ნაკლებად მაგარი გვგონია. ეს შეცდომაა - იგი შავ ჩაიზე არანაკლებ მაგარია.
ორსულებისთვის სასარგებლო სასმელების რიგს ვერ მივაკუთვნებთ კოკა-კოლას, პეპსი-კოლას, ფანტას, სპრაიტს და სხვა სინთეზურ მატონიზებელ და გაზიან სასმელებს. სინთეზური გზით მშრალი კონცენტრატისგან მიღებულ წვენებსა და რძეში უხვადაა საღებავები, გემოვნებითი დანამატები, სხვა არაბუნებრივი ნივთიერებები. სპირტიანი სასმელები ორსულობისას გამორიცხულია, მათ შორის - უალკოჰოლო ლუდი, წითელი ღვინო, კატაბალახას სპირტიანი ნაყენი და სხვა.
- მაშ, რა უნდა სვას ორსულმა?
- ბუნებრივი, ახალგამოწურული წვენები, ნატურალური რძე, ხილისა და კენკრის ახალმოხარშული კომპოტები და მორსები, ბალახის ნახარშები და ნაყენები. სითხის საუკეთესო წყარო კი სუფთა წყალია. იგი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს, ნაკლებად კავდება ორგანიზმში და არ იწვევს გვერდით ეფექტებს.
ორსულობის II ნახევარი
- ორსულთა წყალმარილოვანი ბალანსის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, მე-20 კვირიდან აუცილებელია სუფრის მარილის შეზღუდვა. სწორედ მარილი იწვევს სითხის შეკავებას და წყურვილის შეგრძნებას, ამიტომ მარილის შეუზღუდავად სითხის შეზღუდვას მხოლოდ გაუწყლოებამდე მივყავართ და ვერც შეშუპებას შველის.
მარილს შეიცავს მჟავე კიტრი, კომბოსტო, დამარილებული თევზი, ძეხვეული, მაგარი ყველი, კონსერვები, მაიონეზი, კეტჩუპი... რაციონიდან მარილის ამოღება ერთ დღეში ძნელია, ორგანიზმს ახალ რეჟიმთან შესაგუებლად ერთი კვირა მაინც დასჭირდება, ამიტომ უმჯობესია, ულუფის შემცირება დაიწყოთ ადრე, როდესაც მარილის მიღება ჯერ კიდევ შეიძლება, ორსულობის მე-20 კვირას კი საერთოდ უარი თქვათ მასზე. 1-2 კვირის შემდეგ ორგანიზმი შეეგუება ასეთ კვებას და მარილიანი საკვები უგემურიც კი მოგეჩვენებათ. ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი კვებით ორგანიზმს სულ უმარილოდ დატოვებთ. მარილი ბუნებრივი სახით შედის პურის, ბოსტნეულის, ხორცის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც მარილს გამორიცხავთ, სითხე შეიძლება აღარც კი შეზღუდოთ; წყალი და წვენები ნაწილობრივ შეცვალეთ ხილით, ბოსტნეულით. ფორთოხალი, ვაშლი, კიტრი, საზამთრო არაჩვეულებრივად აცხრობს წყურვილს და არც შეშუპებას იწვევს, თანაც ორგანიზმს ამარაგებს უჯრედისით, ვიტამინებით, სასარგებლო ნახშირწყლებით და ებრძვის შეკრულობას.
- ორსულობის დასასრულს ქალი ზოგჯერ შუპდება...
- თუ შეშუპება, მიუხედავად რეჟიმის დაცვისა, მაინც განვითარდა, აკონტროლეთ მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა. აწარმოეთ დღიური, სადაც მილილიტრებში აღნუსხავთ მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის მოცულობას. უფრო მარტივი მეთოდია წონის კონტროლი.
ორსულობის მე-20 კვირამდე წონის მატება უმნიშვნელოა, ზოგიერთი იკლებს კიდეც. ამ პერიოდში მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს წონის საწყისი დეფიციტით.
მე-20 კვირიდან წონა შესამჩნევად იმატებს. ორსულობის მეორე ნახევარში წონის ნორმალური ნამატი კვირაში დაახლოებით 350 გრამია. წონის ჭარბი ნამატი საშიშია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ნაყოფის ჭარბი წონის ბრალია. ასე არ არის, ბავშვის ზომა და წონა დედის წონაზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს. გარდა ჭეშმარიტი სიმსუქნისა (რაც, როგორც წესი, მე-20 კვირამდეც არსებობს) და ენდოკრინული დაავადებებისა, წონის პათოლოგიურ მატებას ორგანიზმში სითხის შეკავებაც იწვევს. დროული და სწორი დიაგნოსტიკისთვის ერთსა და იმავე სასწორზე რეგულარული აწონაა საჭირო და არა საკუთარ თითებსა და ბეჭდებზე დაკვირვება.
შეშუპების კონტროლისთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი არსებობს - სარკე. შეშუპება დილით ყოველთვის ჩანს სარკეში. საკუთარ თავს ცვლილებებს ადამიანი ვერ ამჩნევს, რადგან თავს ყოველდღე რამდენჯერმე უყურებს სარკეში. იმავე მიზეზის გამო ამას შინაურებიც ძნელად ამჩნევენ. ამ დროს დიდი დახმარება შეუძლია მკურნალ ექიმს. დაუჯერეთ მას, სარკეზე ჩამოიკიდეთ ორსულობამდე გადაღებული სურათი და ყოველდღე შეადარეთ თავი მას.
წონის ზედმეტი მომატებისას ნუ გადახვალთ მკაცრ დიეტაზე, მხოლოდ მარილი გამორიცხეთ რაციონიდან და დაიცავით სმის რეჟიმი.
ძლიერი შეშუპებისას ზოგჯერ განტვირთვის დღეებიც ინიშნება, მაგრამ არა შიმშილით, არამედ შარდმდენი ეფექტით და სითხის დაკარგვით. მაგალითად, ასეთი: მიიღეთ დღეში მხოლოდ 2 კგ ახალი ხაჭო ან ვაშლი და სხვა არაფერი. ჩვეულებრივ, ქალი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ, ორსულობის ამ ვადისათვის მისაღებ წონას, რაც წყალმარილოვანი წონასწორობის დაცვის შემთხვევაში შეიძლება შემდეგაც შევინარჩუნოთ.
ზოგჯერ, გამოხატული შეშუპებებისა და ანალიზების ცვლილების დროს, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. შეშუპებისას გართულებები ვითარდება სწრაფად და მეტად საშიშია დედისა და ბავშვის სიცოცხლისათვის. ამიტომაცაა ეს თემა ასე მნიშვნელოვანი.
სითხის შეზღუდვა არ შეიძლება თირკმელების დაავადების, პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. აუცილებელია ბევრი სასმელი, რათა შარდი არ იყოს მეტისმეტად კონცენტრირებული და არ შეგუბდეს თირკმელებში. ამ შემთხვევაში შეშუპების პროფილაქტიკისთვის მარილი უნდა გამორიცხოთ და სვათ ე.წ. “თირკმელების სასმელი” - შემჟავებული, სუსტი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტით. მაგალითად, შტოშის, წითელი მოცვის მორსი, წითელი მოცვის ფოთლების ნახარში, შავი მოცხარის ფოთოლი, თირკმლის ნარევი.
ჯანმრთელი კვების პრინციპების დაცვა მსხვერპლი კი არა, უდიდესი საჩუქარია. ცვლილებები უპირველესად თქვენს შეგნებაში უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში სწორ კვებაზე გადასვლას ადვილად, ძალდაუტანებლად და უმსხვერპლოდ მოახერხებთ და ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ როგორც შვილს, ისე საკუთარ ჯანმრთელობას.