რატომ იღლება ორსული
- ძილიანობა, დაღლილობა, ემოციური აღმაფრენა და დაცემა, გაოცება და სიხარული - არაჩვეულებრივი აკომპანემენტია იმ იდუმალი გარდაქმნებისა, თქვენს ორგანიზმში რომ მიმდინარეობს.
დაღლილობა ორსულობისას... რისი ბრალია ეს და საყურადღებოა თუ არა? როდის უნდა მივმართოთ ექიმს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმს, მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს.
- ქალბატონო სოფიო, რისი ბრალია, ორსულები გამუდმებით დაღლილობას რომ უჩივიან?
- სისუსტეს უჩივის თითქმის ყველა ორსული, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად, ზოგს კი გამუდმებით უწევს დაღლილობასა და ძილიანობასთან ბრძოლა. სისუსტე გამოწვეულია იმ ჰორმონული გარდაქმნებით, ორსულის ორგანიზმში რომ მიმდინარეობს. ადრეულ ვადებზე ორსულის ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც პროვოცირებას უწევს მოდუნებას და ძილიანობას. გარდა ამისა, ორსულის ორგანიზმი მუშაობს დამატებითი დატვირთვით, რათა მის წიაღში ჩასახულ ახალ სიცოცხლეს შეეგუოს. ამ დროს იმატებს ენერგიის ხარჯვა, იცვლება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე. სისუსტე ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის წნევის დაქვეითებით, რკინისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობით. ყველაფერთან ერთად, ამ დროს 50%-ით იზრდება სისხლის მოცულობა, რათა ნაყოფს საკვები ნივთიერებები სათანადო ოდენობით მიეწოდოს, მაგრამ ფილტვების მოცულობა მცირდება 20%-ით. ეს ნიშნავს, რომ იმატებს გულისა და სხვა ორგანოების დატვირთვა. ყველა ეს ცვლილება ორგანიზმისთვის სტრესია, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე და ძილიანობა.
- როდის უფრო აშკარაა ეს შეგრძნება?
- ქალები სისუსტეს უმეტესად უჩივიან ორსულობის პირველ თვეებში და მშობიარობის მოახლოებისას. ორსულობის პირველ თვეებში მომავალი დედის ორგანიზმი ადაპტირდება ახალ მდგომარეობასთან - ხდება ყველა სისტემის “გადაწყობა”, რათა ორსულობა ნორმალურად წარიმართოს, ბოლო თვეებში კი ორგანიზმი უკვე მშობიარობისთვის ემზადება.
- ზემოთ ბრძანეთ, რომ დაღლილობის შეგრძნება ზოგჯერ ანემიის ბრალიც არის...
- ორსულებს ხშირად აქვთ რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც იწვევს რკინის მომეტებული ხარჯვა - ეს ელემენტი ხომ დედასთან ერთად ნაყოფსაც სჭირდება. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინისთვის, რომელიც პასუხს აგებს ჟანგბადის მიწოდებაზე. ამ ელემენტის უკმარისობისას საჭიროზე ნაკლები ოდენობის ჰემოგლობინი გამომუშავდება. ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება.
ანემიისთვის, გარდა სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებისა, დამახასიათებელია სიფითრე, თმისა და ფრჩხილების სიმყიფე, ქოშინი, თავბრუხვევა. ჰემოგლობინი ორსულობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნაყოფს ჟანგბადი მხოლოდ დედის სისხლიდან მიეწოდება. ყოველი ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი შეადგენს 900 მგ-ს. ამ დანაკლისს ორგანიზმი 2-3 წელიწადში აღიდგენს, მაგრამ თუ ქალი რკინის მარაგის აღდგენამდე ხელმეორედ დაორსულდა და იმშობიარა, აუცილებლად დაემართება ანემია. ამიტომაც არის, რომ ასე ყურადღებით აკვირდებიან ჰემოგლობინის დონეს მომავალი დედის სისხლში. იგი უნდა იყოს არანაკლებ 110 გ/ლ-ისა. თუ ჰემოგლობინის რაოდენობა ნაკლებია, ლაპარაკობენ ორსულთა ანემიაზე, რომელიც მკურნალობას მოითხოვს.
- ორსულობის რა ვადაზე ვითარდება ანემია და რით არის იგი საშიში?
- ორსულთა ანემია, ანუ ანემია, რომელიც ორსულობით არის გამოწვეული, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში იჩენს თავს. მისგან უნდა განვასხვაოთ ანემია ორსულებში, რომელიც ორსულობის დასაწყისში გვხვდება. რკინის მარაგის შემცირება ვნებს ჰემოგლობინის წარმოქმნას და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რასაც ნაყოფის ჰიპოქსიამდე (ჟანგბადოვან შიმშილამდე) მივყავართ, ჟანგბადის დეფიციტი კი აფერხებს ნაყოფის ზრდა-განვითარებას.
ანემია ართულებს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას, მოსალოდნელია თვითნებითი აბორტი, ხშირია ნაადრევი მშობიარობაც. ბავშვი იბადება წონის მკვეთრი დეფიციტით, იმატებს შედარებით ნელა. ანემიის მძიმე ფორმების დროს მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილიც. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკულ ჰიპოქსიას, იმუნური სისტემის დათგუნვას.
- როგორ უნდა მოიქცეს ორსული ასეთ დროს?
- უნდა მიიღოს პროდუქტები, რომლებიც მდიდარია რკინით. უპირველესად, წითელი ხორცი, ღვიძლი, პარკოსნები, კაკალი, ზღვის პროდუქტები. ბურღულეული, ყველი, რძე და ჩაი ანელებს რკინის შეწოვას, ნატურალური წვენები კი ხელს უწყობს. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა რკინის პრეპარატების გარეშე, მხოლოდ რკინით მდიდარი სურსათით, შეუძლებელია. რკინის მაქსიმალური ოდენობა, რომლის საკვებიდან ათვისებაც შეუძლია ორგანიზმს, დღეში 2,5 მგ-ია, სამკურნალო პრეპარატებიდან შეწოვა კი 15-20-ჯერ უკეთესია.
- კიდევ რა შეიძლება იყოს ორსულობისას დაღლილობის მიზეზი?
- ზემოთ, სისუსტის მიზეზთა ჩამოთვლისას, უკვე ვახსენე არტერიული წნევის დაქვეითება. ეს მდგომარეობა იმით არის საშიში, რომ აფერხებს ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ვინაიდან წნევის დაქვეითებისას ნაყოფის ორგანიზმი ცუდად მარაგდება სისხლით. ჟანგბადის ნაკლებობის უსიამოვნო შედეგებზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა სისუსტისა, ორსულებში ჰიპოტონიას თან სდევს თავბრუხვევა, არც გულყრებია გამორიცხული.
- როგორია ამ დროს ექიმის ტაქტიკა?
- ამ დროს საკმაოდ ეფექტურია დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, წყლის პროცედურები. უნდა მოწესრიგდეს შრომისა და დასვენების, აგრეთვე ძილის რეჟიმი: ორსულს დღე-ღამეში 10-12 საათი უნდა ეძინოს. არტერიული წნევის დაქვეითებას ამწვავებს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა, ცხელი აბაზანა, დახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსულმა საკვები უნდა მიირთვას მცირე ულუფებით, ერიდოს უხვ ვახშამს, არამც და არამც არ მიიღოს თვითნებურად მედიკამენტები.
ჰიპოტენზიის მკურნალობისას კარგია ფიტოთერაპია, მაგალითად, ასეთი ნაკრები:
- აიღეთ 1 კოვზი კოთხუჯის ფესვი, 7 კოვზი კრაზანას ბალახი, 1 კოვზი მარწყვი, 0,5 კოვზი ღვია, 2 კოვზი ფარსმანდუკი, 1 კოვზი ვარდკაჭაჭა, 2 კოვზი ასკილის ნაყოფი. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2,5 ჭიქა ადუღებული წყალი და 6-8 საათით დააყენეთ. მიიღეთ 3 ულუფად, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისა, ეფექტურია ალოე, არყის ფოთლები, ჭინჭარი, ჟოლო, პიტნა, მრავალძარღვა, ავშანი, სალბი და სხვ. მატონიზებელ ეფექტს ახდენს ჟენ-შენი, პანტოკრინი, ჩინური ლიმონურა, ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, არალიის ნაყენი.
- როგორ მოვერიოთ დაღლილობას?
- თუ სისუსტე და დაღლილობა ორსულობისას მხოლოდ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების ბრალია, ნუ აღელდებით. მაქსიმალურად ერიდეთ მღელვარებასა და სტრესს, მეტი დაისვენეთ და ნაკლები იმუშავეთ. დროდადრო თვალიც მოატყუეთ. დაწექით დასაძინებლად ჩვეულებრივზე ადრე, მით უმეტეს, თუ დაღლილობას გრძნობთ. სვით ბევრი სითხე - სითხის დეფიციტი ხელს უწყობს დაღლილობის შეგრძნებას, ოღონდ ერიდეთ სითხის მიღებას ძილის წინ, რომ ღამით ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გამო ადგომა არ მოგიხდეთ. დაძინებამდე დაიზილეთ ფეხის კუნთები - ამით თავიდან აიცილებთ ღამის კრუნჩხვებს. შეძლებისდაგვარად ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაიცავით რკინით, ცილებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი, დაბალანსებული დიეტა.
ერიდეთ კოფეინს, ტკბილეულს, ნამცხვრებს. არასაკმარისი განათება, ცუდი ვენტილაცია ან ძლიერი ხმაური შინ ან სამსახურში დაღლილობის შეგრძნებას აძლიერებს. თუ ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს და ექიმი ფიზიკური ვარჯიშის ნებას გრთავთ, შეეცადეთ, გამონახოთ თუნდაც 30 წუთი ზომიერი ფიზიკური დატვირთვისათვის. ეს გამოგიკეთებთ განწყობას და შეგმატებთ ენერგიას. გარდა სპეციალური ვარჯიშებისა, ორსულისთვის ნებადართულია ცურვა, იოგა და პილატესი.
- როდის მივმართოთ ექიმს?
- როდესაც დაღლილობა მეტისმეტად ძლიერია, თან ახლავს გულყრები, სიფითრე, ქოშინი ან გულისცემის გახშირება, გაღიზიანება, - მიმართეთ ექიმს, რათა გაირკვეს მიზეზი და დროულად დაინიშნოს კვალიფიციური მკურნალობა.