რა იწვევს ორსულობისას კუჭის ტკივილს

რა იწვევს ყველაზე ხშირად ამ მოვლენებს და როგორ ავიცილოთ ეს უსიამოვნებები თავიდან, შესაძლებელია თუ არა მკურნალობა, ანდა რამდენად ეფექტური, ნაყოფისთვის რამდენად უსაფრთხო იქნება იგი? ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ირმა თედორაძეს ვეწვიეთ.
ქალბატონო ირმა, მოგეხსენებათ, ორსულთა განსაზღვრულ კატეგორიას ხშირად აწუხებს ტკივილი კუჭის მიდამოში (ეპიგასტრიუმში). რით არის ეს გამოწვეული უმეტესად?
- ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ორსულობით, ისე კუჭ-ნაწლავისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებებით.
რა როლს ასრულებს ამაში თავად ორსულობა?
- კუჭის მიდამოში უმნიშვნელო ტკივილის ყველაზე უსაფრთხო მიზეზი ორსულებში მზარდი საშვილოსნოა, რომელიც დროთა განმავლობაში მუცლის ღრუში უფრო და უფრო მეტ სივრცეს იკავებს. კუჭის არეში მზარდი საშვილოსნოთი გამოწვეული ტკივილი და გულძმარვა ორსულობის პირველ სამ თვეს შედარებით იშვიათია, ორსულობის მეორე ტრიმესტრში კი ეს ჩივილები ხშირდება, რადგან ზრდას იწყებს საშვილოსნო. მუცლის ღრუს დანარჩენი ორგანოები იძულებულნი ხდებიან, დაუთმონ მას ადგილი და ხელი შეუწყონ პაწიას განვითარებას. საშვილოსნო აწვება კუჭს და ამის შედეგად ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში.
რას გვეტყვით პროგესტერონზე?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში დომინირებს ე.წ. ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი. იგი იწვევს საშვილოსნოს მოდუნებას, ამით ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას. მაგრამ, ამასთან ერთად, იგი იწვევს სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების, მათ შორის - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის მოდუნებასაც და ამით ზრდის კუჭის არეში დისკომფორტის აღმოცენების ალბათობას. ეს იწვევს გულძმარვას, გულისრევას და მეტეორიზმს (მუცლის შებერვას). სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც კუჭის არეში დისკომფორტს იწვევს; არსებობს სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზებიც.
კუჭ-ნაწლავის რომელი დაავადებების დროს ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში ორსულობისას?
- ორსულობისას ეპიგასტრიუმში ტკივილის ძირითადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
- ბაქტერიული გასტრიტი (გამომწვევი - ჰელიკობაქტერ პილორი);
- ეროზიული გასტრიტი - მედიკამენტების, ალკოჰოლის, ცხარე საკვების და ა.შ. ხანგრძლივი მიღების შედეგი;
- მწვავე სტრესული გასტრიტი - სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის, მძიმე ტრავმების, დაავადებების შედეგი;
- ვირუსული, სოკოვანი გასტრიტი - უნდა ვივარაუდოთ იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ძალიან ხშირია ორსულებში;
- ეოზინოფილური გასტრიტი - ალერგიული რეაქციების შედეგი;
- ატროფიული გასტრიტი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- კუჭის პოლიპები;
- რძის აუტანლობა. ზოგიერთი ვერ იტანს რძეს, განსაკუთრებით - მის შაქარს, ლაქტოზას. როდესაც ასეთი ადამიანი იღებს რძეს, კუჭის არე სტკივდება;
- საკვებისმიერმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ტკივილი ალერგიული პროდუქტების მიღებისას. ეს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდეს ორსულებში, განსაკუთრებით - ორსულობის გვიანდელ სტადიებზე.
რა თავისებურებები ახასიათებს ორსულებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, მათ სიმპტომებს?
- ტკივილი და მისი ინტენსივობა
- ტკივილის ინტენსივობა კუჭის დაავადებების დროს შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, ქრონიკული გასტრიტის მქონე ორსულებში ტკივილი ნაკლებინტენსიურია, ამიტომ პაციენტმა მას შეიძლება დიდხანს არ მიაქციოს ყურადღება. ტკივილი შეიძლება ნაკლებინტენსიური იყოს კუჭის წყლულოვანი დაავადების, კუჭის კიბოს დროსაც. მაგრამ კუჭისა, უფრო მეტად კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილი ძლიერია, ზოგჯერ ძალიან ძლიერიც კი, რაც აიძულებს ორსულს, მიმართოს ექიმს და ჩვენც დაუყოვნებლივ ვიღებთ ზომებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
პერფორაციული წყლულის დროს ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ორსულს შესაძლოა განუვითარდეს შოკი. დუოდენიტის მქონე ავადმყოფებში ტკივილის ინტენსივობა ასევე შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ტკივილის ინტენსივობის მიხედვით დაავადების ხასიათზე მსჯელობა რთულია, რადგან ტკივილი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მისი ინდივიდუალური, პიროვნული აღქმით. კლინიცისტების მონაცემებით, პაციენტებში, რომლებმაც კუჭის ოპერაცია გადაიტანეს, ტკივილის ინტენსივობა გამწვავებული წყლულოვანი დაავადების დროსაც კი შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ასეთი პაციენტები წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ტკივილს შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდნენ.
აქვს თუ არა ორსულებში ტკივილის ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების დიაგნოსტიკისთვის?
- ტკივილის ხასიათი ორსულებში შეიძლება მიუთითებდეს არა ამა თუ იმ დაავადების, არამედ გართულების არსებობაზე. მაგალითად მძლავრი, მწველი ტკივილი გასტრიტიან, წყლულიან ავადმყოფებში შესაძლოა სოლარიტის დართვის მაუწყებელი იყოს. დაქვეითებული მჟვიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ჩვეულებრივ, შეინიშნება ღრღნის, სიმძიმისა და ჭრის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. ინტენსიური მჭრელი, მჩხვლეტი შეტევითი ტკივილი დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული დუოდენიტის გამწვავებისთვის. ხანჯლისებრი ტკივილი ვითარდება წყლულის პერფორაციის დროს.
ცნობისათვის: ორსულობის დროს შემთხვევათა 44%-ში ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისია (ჩაცხრობა) ორგანიზმში პროგესტერონის მაღალი დონის გამო - ეს ჰორმონი ასტიმულირებს ლორწოს გამომუშავებას, რომელიც კუჭს იცავს. დანარჩენ 44%-ში ცვლილებები არ შეინიშნება. სამწუხაროდ, წყლული ორსულობის დროს შეიძლება გამწვავდეს. გაუარესება 12%-შია მოსალოდნელი. ამ დროს რჩევისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. ასეთ პაციენტებში ინტენსიური ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის, კოლიტის დართვაც.
რას გვეტყვით ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე?
- ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფარულად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ქალებში ხშირად სწორედ ორსულობის დროს იჩენს თავს. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკფაქტორს ორსულობა წარმოადგენს. ორსულებისთვის უპირატესად დამახასიათებელია დისკინეზიის ჰიპომოტორული ტიპი.
ჰიპომოტორული დისკინეზიის დროს სანაღვლე გზების მოძრაობა შენელებულია. ჰიპომოტორულ დისკინეზიას საფუძვლად უდევს ნაღვლის ბუშტის არასაკმარისი დაცლა. სწორედ დისკინეზია და არა ანთება განაპირობებს ორსულებში ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოვლენას. ორსულობა ხშირად ართულებს უკვე არსებულ ქოლეცისტიტს. დაავადება შემთხვევათა თითქმის ნახევარში მწვავდება, ამასთან, უმეტესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო სიმპტომატიკაში უპირატესად ჰიპომოტორული დისკინეზიის ნიშნები ვლინდება.