ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი - პრობლემის მოგვარების გზები და საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი - პრობლემის მოგვარების გზები და საშუალებები

გვესაუბრება რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “ემბრიოტოქსის” ექიმი რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ ხოჯაშვილი.

- ჭარბთმიანობას მედიცინაში ჰირსუტიზმსა და ჰიპერტრიქოზს უწოდებენ. რას გამოხატავს ეს ტერმინები და რა განსხვავებაა მათ შორის?

- ჰირსუტიზმი არის ქალებში მამაკაცური ტიპის ტერმინალური თმიანობის ჭარბად ზრდა. მამაკაცური ტიპის თმიანობას ახასიათებს თმის ზრდა:

  • ნიკაპზე;
  • ზედა ტუჩზე;
  • გულმკერდის ზედა ნაწილზე;
  • ზურგისა და მუცლის ზედა ნაწილზე;
  • ხოლო ტერმინალური თმის წარმოქმნა მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილში, დვრილების ირგვლივ, ხელებზე, ფეხებზე ნორმალური მოვლენაა.

მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჰირსუტიზმის შესახებ საუბარი მხოლოდ ქალებს ეხება. ჰიპერტრიქოზს, ჰირსუტიზმისაგან განსხვავებით, ახასიათებს თმის ჭარბი ზრდა იმ ადგილებში, სადაც ის ნორმაშიც უნდა იყოს ასაკის, სქესისა და ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინებით. საქმე ის არის, რომ როდესაც ზრდასრულ ქალს თმა ეზრდება ფეხზე, ეს შეიძლება განვიხილოთ ნორმად, ხოლო ათი წლის გოგონასთვის იგივე ნორმა უკვე აღარ არის. თმიანობა გულმკერდზე მამაკაცისთვის ნორმაა, ხოლო ქალებში იგივე ჰირსუტიზმად განიხილება.

მნიშვნელოვანია ეთნიკური ფაქტორიც. თუ ფეხების გადაჭარბებული თმიანობა ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებში ქალისთვის ნორმად ითვლება, ჩრდილოეთის ქალებისთვის ეს ასე არ არის.

- რისი ბრალია ჰირსუტიზმი?

- მედიკოსები განასხვავებენ ჰირსუტიზმის რამდენიმე მიზეზს:

  • მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის მომატება;
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, მენოპაუზა;
  • ჰიპოფიზური წარმოშობის მოშლილობა (იცენკო-კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია);
  • გენეტიკური და ქრომოსომული ჰირსუტიზმი;
  • წამლისმიერი ჰირსუტიზმი;
  • იდიოპათიური ჰირსუტიზმი.

მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის მომატებას ჰიპერანდროგენემია ეწოდება. ქალებში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს მიზეზთა წყებამ. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს თირკმელზედა ჯირკვლის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპერპლაზია, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები) და საკვერცხეების (საკვერცხის პოლიკისტოზი, ანდრობლასტომა, სიმსივნე, ორსულთა ლუთეომა, ქრონიკული ანოვულაცია, ჰიპოთალამური ამენორეა) დაავადებებზე.

ჰირსუტიზმს ხშირად თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უნაყოფობა. შემდგომ აღინიშნება კუნთური მასის მატება, კლიტორის ზრდა, საფეთქლებთან თმის ცვენა, ხმის გაუხეშება და დაბოხება. არ არის გამორიცხული დეფემინიზაციის ნიშნები - სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება.

გენეტიკური ჰირსუტიზმი განპირობებულია გენეტიკური მიზეზებით და წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ენდოკრინული სისტემის სხვა პათოლოგია არ აღინიშნება.

წამლისმიერი ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი, როგორც წესი, შეიძლება წინასწარ გავითვალისწინოთ, რადგან სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტები უმეტესად ცნობილია. ყველაზე გავრცელებული “თმის წარმომქმნელებია” კორტიკოსტეროიდები: კორტიზონი, ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და სხვა. ცხადია, უბრალოდ ასეთ ძლიერმოქმედ საშუალებებს არავინ ნიშნავს. გარდა გლუკოკორტიკოსტეროიდებისა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფენიტოინი, ჰექსაქლორბენზოლი, პროგესტინი, ანაბოლური პრეპარატები, ანდროგენები და სხვა.

იდიოპათიური ჰირსუტიზმის მიზეზის პოვნა, ჩვეულებრივ, ვერ ხერხდება, იგი ნაკლებად არის შესწავლილი. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის ჰირსუტიზმი გამოწვეულია ზოგიერთი ფერმენტის მოქმედების გაძლიერებით და ანდროგენების ზემოქმედებაზე თმის ბოლქვების ზედმეტად გაზრდილი მგრძნობელობით. ამ დროს ჰირსუტიზმი უმნიშვნელოა, თან ახლავს ფერიმჭამელების მსგავსი გამონაყარი და არარეგულარული მენსტრუაცია მნიშვნელოვანი ჰორმონული გადახრების გარეშე.


- ჰიპერტრიქოზის მიზეზი რაღაა?

- ჰიპერტრიქოზიც უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ენდოკრინული პათოლოგიები (საკვერცხისა, თირკმელზედა ჯირკვლისა, ფარისებრი ჯირკვლისა, ჰიპოფიზისა);
  • ჰორმონული ფონის ცვლილება ორსულობის დროს;
  • კლიმაქსი;
  • წამლები - კორტიკოსტეროიდები და ანდროგენები;
  • თავის ტვინის სიმსივნეები;
  • სტრესი;
  • შიმშილი;
  • ეპილეფსია;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

თმის ადგილობრივი ზრდა შეიძლება გამოიწვიოს:

  • კანის ქრონიკულმა ანთებამ;
  • ხშირმა პარსვამ;
  • კორტიკოსტეროიდული მალამოების გამოყენებამ;
  • ადგილობრივმა სითბურმა პროცედურებმა.

ჰიპერტრიქოზის ყველაზე რთული ვარიანტია თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზი, რომელიც რომელიმე გენეტიკურ სინდრომზე მიუთითებს.

შეძენილი ჰიპერჰიდროზი შეიძლება ტრავმული წარმოშობისაც კი იყოს.

- რა სახის კვლევები ტარდება ჭარბთმიანობის დროს?

- ჰირსუტიზმის დიაგნოზს სვამენ ექიმი ენდოკრინოლოგი და ექიმი გინეკოლოგი კვლევის სპეციალური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდებია:

  • სისხლის შრატში ტესტოსტერონის განსაზღვრა;
  • სისხლის შრატში დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (DHEA) განსაზღვრა - ამ გამოკვლევის პასუხი თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეტორული აქტივობის მაჩვენებელია;
  • ანდროსტენდიონის განსაზღვრა შრატში - მისი შემცველობის მომატება საკვერცხეების დაავადებზე მიანიშნებს;
  • 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა შრატში - მისი დონე იმატებს სხვადასხვა ფერმენტის უკმარისობისას;
  • კორტიზოლის განსაზღვრა - შრატში ამ ჰორმონის კონცენტრაცია იმატებს იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს;
  • გონადოტროპინების განსაზღვრა - მალუთეინიზებელი ჰორმონის ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონთან შეფარდების შედარებითი მატება საკვერცხეების პოლიკისტოზზე მიუთითებს.

- როგორ მკურნალობენ ჭარბთმიანობას?

- თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ, რომელი სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდეთ:

  • თუ ჰირსუტიზმს თან ახლავს სიმსუქნე, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება სხეულის ზედა ნაწილზე, არტერიული წნევის მატება, მრავალრიცხოვანი სტრიების გაჩენა - უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს;
  • თუ ჰირსუტიზმს თან ახლავს უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის მასის მატება, თავზე თმის ცვენა, შაქრიანი დიაბეტი - უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგსა და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს;
  • უბრალო ჭარბთმიანობის შემთხვევაში, გინეკოლოგ-ენდიკრინოლოგთან წინასწარი კონსულტაციისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს.

ჭარბთმიანობის მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მკურნალობისკენ. კოსმეტიკური დეფექტის მოსაშორებლად შეიძლება ეპილაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. ჭარბთმიანობის მიზეზების აღმოფხვრა გულისხმობს:

  • საკვერცხისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის ამოკვეთას;
  • იმ სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტას, რომლებიც ჭარბთმიანობას იწვევს;
  • თირკმელზედა ჯირკვალში ანდროგენების წარმოქმნის დათრგუნვას;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომის, ჰიპოთირეოზის ან აკრომეგალიის მკურნალობას.

ჭარბთმიანობის სამკურნალო თერაპია ტარდება ანდროგენების მასეკრეტირებელი სიმსივნის გამოთიშვის შემდეგ. ანტიანდროგენული თვისებების პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება იდიოპათიური ან საკვერცხეების დაავადებასთან დაკავშირებული ჰირსუტიზმის მკურნალობისას. ანტიანდროგენული საშუალებები ინიშნება პერორალური კონტრაცეპტივების უეფექტობის შემთხვევაში, თუმცა ბევრი გვერდითი ეფექტიც აქვს.

- როგორია პროგნოზი, რამდენად ეფექტურია მკურნალობა და რამდენი ხანია საჭირო შედეგის მისაღებად?

- თმის ჭარბი ზრდის შესამჩნევ შემცირებას შესაძლოა 6-12-თვიანი მკურნალობა დასჭირდეს. ხანგრძლივი მკურნალობისას ახალი თმის ზრდის შეწყვეტის თვალსაზრისით პროგნოზი კარგია, ხოლო უკვე არსებული თმის მოშორების კუთხით - საეჭვო. ჰირსუტიზმის მკურნალობის მიზანია ახალი თმის ზრდის პროცესის შეჩერება და არა არსებული თმის მოშორება.

ჭარბი თმის გაპარსვა არასასურველია - თმა უხეშდება და წარმოიშობა ყოველდღიური პარსვის აუცილებლობა. ეპილაციის ქიმიური საშუალებები ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებას და შესაძლოა, თანდათან მისი ყოველდღიური გამოყენებაც გახდეს საჭირო. არ არის სასურველი თმის პინცეტით ამოძრობა - ეს ხშირად ნაწიბურის წარმოქმნას იწვევს. თმის მოცილების რადიკალური დამატებითი საშუალებაა ელექტროლიზისი, რომელიც არღვევს თმის ბოლქვს. საუკეთესო შედეგს იძლევა ჰირსუტიზმის მკურნალობის ჰორმონული და დამატებითი მეთოდები.