ორგანოთა გახევა ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა გახევა ქალებში

რა იწვევს ამას, რა საფრთხეს უქადის ორგანიზმს და როგორ მკურნალობენ, ამის შესახებ სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს ვესტუმრეთ.

- ქალბატონო სოფიო, მოდი, ჯერ საშვილოსნოს გახევაზე ვისაუბროთ. როდის შეიძლება გაიხეს საშვილოსნო?

- საშვილოსნოს გახევა ორსულობისა და მშობიარობის უმძიმესი გართულებაა. მართალია, მედიცინის მიღწევების წყალობით ბოლო ხანს ასეთი რამ გაიშვიათდა, მაგრამ ეს საფრთხე უნდა გაითვალისწინონ როგორც შინ მშობიარობის მოსურნე ქალებმა, ასევე მათაც, ვისაც გადატანილი აქვს რაიმე სახის ოპერაციული ჩარევა, მაგრამ, სამედიცინო ჩვენების მიუხედავად, დაჟინებით ითხოვს, ბუნებრივი გზით ამშობიარონ.

სამწუხაროდ, ზოგჯერ მხოლოდ დროულად გაკეთებულ ოპერაციას შეუძლია, გადაარჩინოს დედაც და ბავშვიც. სწორედ ასეთი შემთხვევაა საშვილოსნოს გახევა.

- ყველაზე ხშირად რისი ბრალია საშვილოსნოს გახევა?

- წინათ ამ პათოლოგიას იწვევდა მრავალჯერ მშობიარობა, სამეანო ტრავმა გახანგრძლივებული მშობიარობის გამო, ნაყოფის მაკროსომია (ანუ დიდი წონა), ნაყოფის არასწორი წინამდებარეობა, ფეხზე მობრუნება, ბავშვის გამოყვანა ჯდომით წინამდებარეობის დროს, საშვილოსნოს ყელის მანუალური დილატაცია და ინსტრუმენტული ვაგინალური მშობიარობა.

დღეს ნაყოფის მაკროსომიასა და არასწორ წინამდებარეობას ულტრასონოგრაფიულად ადგენენ, ხოლო გახანგრძლივებული მშობიარობა და გართულებული ვაგინალური მშობიარობა სრულდება საკეისრო კვეთით. ამის შედეგად სამეანო ტრავმაც გაიშვიათდა და ნაწიბურის გარეშე საშვილოსნოს გახევაც. ამჟამად საშვილოსნოს გახევის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა ქირურგიული პროცედურები და ის მანიპულაციები, რომელთა შედეგად საშვილოსნოზე ნაწიბური რჩება. ესენია: საკეისრო კვეთა, მიომექტომია, პერფორაცია, საშვილოსნოს რქის რეზექცია, ჰისტეროსკოპიული პროცედურები, ლაპაროსკოპიული ტროაკარით მიყენებული ტრავმები, მუცლის ღრუს პენეტრირებული ჭრილობები და სხვა.

ამის კვალობაზე, საშვილოსნო შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში გაიხეს. უმთავრესად ეს სიტუაციებია:

  • ნაყოფის წინამდებარე ნაწილის (ძირითადად ეს არის თავი, რომელიც პირველი გაივლის სამშობიარო გზებს) და მენჯის შეუთავსებლობა (ვიწრო მენჯი, ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა);
  • ნაყოფის თავის გაშლითი ჩადგმა (თუ ნორმაში ნაყოფის თავი იბადება კეფით, - ამ დროს ყველაზე პატარა ზომებით გადის მენჯში, - გაშლითი მდგომარეობების, მაგალითად, სახით ან შუბლით წინამდებარეობის დროს თავის გავლა სამშობიარო გზებში გაძნელებულია);
  • დიდი ნაყოფი, მცირე მენჯის სიმსივნე, რაც ხელს უშლის მშობიარობის ბუნებრივი გზით დასრულებას;
  • საშვილოსნოს კედლის პათოლოგიური ცვლილებები ანთებითი და დისტროფიული პროცესების, აგრეთვე - საკეისრო კვეთის ან სხვა ოპერაციული ჩარევის შემდგომი ნაწიბურების გამო.

- ვის აქვს ამ გართულების განვითარების მაღალი ალბათობა?

- რისკის ჯგუფში შედიან:

  • ორსულები დამძიმებული სამეანო ანამნეზით (ქალები, რომლებმაც იმშობიარეს 3-ჯერ და მეტჯერ ან გადატანილი აქვთ რამდენიმე აბორტი);
  • ორსულები, რომლებსაც ემუქრებათ თავისა და მენჯის ზომების შეუთავსებლობა (დიდი ნაყოფი, ვიწრო მენჯი, თავის არასწორი ჩადგმა, ნაყოფის ჰიდროცეფალია);
  • ორსულები, რომლებიც ელიან ტყუპს, აღენიშნებათ მრავალწყლიანობა, ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა;
  • მშობიარეები მეტისმეტად ძლიერი ან სუსტი სამშობიარო მოქმედებით;
  • ორსულები ნაწიბურით, ადრე გადატანილი საკეისრო კვეთით ან კონსერვატიული მიომექტომიით, ხელოვნური აბორტის დროს საშვილოსნოს მთლიანობის დარღვევით და ა.შ.

საშვილოსნოს გახევა შეიძლება იყოს თვითნებითიც და იძულებითიც - გამოწვეული გარეგანი ჩარევით, დაზიანების ხარისხის მიხედვით - სრული, როდესაც დაზიანებულია საშვილოსნოს სამივე შრე სეროზული გარსის ჩათვლით (ამ დროს ვითარდება საშვილოსნოს ღრუს კონტაქტი მუცლის ღრუსთან) და არასრული, როდესაც გახევა მოიცავს მხოლოდ ენდომეტრიუმს და მიომეტრიუმს.

- როგორია საშვილოსნოს გახევის კლინიკური სურათი?

- განასხვავებენ საშვილოსნოს მოსალოდნელ, დაწყებით და დასრულებულ გახევას.

გახევის მექანიზმიდან გამომდინარე, მოსალოდნელი გახევა კლინიკურად განსხვავებულად მიმდინარეობს. ნაყოფის ზომებსა და მენჯის ზომებს შორის სივრცული შეუთავსებლობის შემთხვევაში სანაყოფე წყლების დაღვრის შემდეგ ვლინდება საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის გადაძაბვის ნიშნები; საშვილოსნო განლაგდება გრძივად, კონტრაქციული რგოლი განლაგდება მაღლა (ჭიპის დონეზე) და ირიბად, საშვილოსნოს კონტურები მოგვაგონებს ქვიშის საათს, მრგვალი იოგები დაჭიმულია და მტკივნეული. ნაყოფი თითქმის მთლიანად მოქცეულია გადაჭიმულ და გადაწელილ ქვედა სეგმენტში. მშობიარე შფოთავს, აქეთ-იქით აწყდება, ცდილობს გაიჭინთოს. სწრაფად დგება ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ასფიქსია.

საშვილოსნოს მოსალოდნელი გახევის კლინიკური სურათი, რომელიც საშვილოსნოს კედლის პათოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, ნაკლებგამოხატულია, ამიტომ ძნელად დიაგნოსტირდება. სამშობიარო მოქმედება სუსტია, ჭინთვები, მიუხედავად რეგულარული სამშობიარო მოქმედებისა - მტკივნეული. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფის თავი ჯერ კიდევ მაღლაა, იწყება უნებლიე და ნაკლებფექტური ჭინთვები, მაღლა მდგომი თავი მცირე მენჯის შესავალთან დგას, ბოქვენის ზემოთ შარდის ბუშტის ირგვლივ არსებული ქსოვილების შეშუპებისა და შარდის ბუშტის გადაჭიმვის გამო ჩნდება გამობერილობა. ქვედა სეგმენტი ნაკლებადაა გადაჭიმული და ამიტომ ნაკლებმტკივნეულია.

საშვილოსნოს მოსალოდნელი გახევისთვის ნაწიბურის გასწვრივ დამახასიათებელია ნაწიბურის გათხელება და მტკივნეულობა მოსალოდნელი გახევის მიდამოში. ამ დროს, გარდა მოსალოდნელი გახევისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, თავს იჩენს საშვილოსნოს კედლის ნახეთქისთვის ჩვეული სიმპტომებიც: საშოდან სისხლიანი გამონადენი, სისხლის გაჩენა შარდში, ნაყოფის ასფიქსია. დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზს - წინა ოპერაციების მომდევნო პერიოდის გართულებულ მიმდინარეობას და ჭრილობების გაძნელებულ შეხორცებას.

საშვილოსნოს დასრულებულ გახევას ტიპური კლინიკური სურათი აქვს და, ჩვეულებრივ, მისი დიაგნოსტირება ძნელი არ არის. გახევისას მშობიარე შეიგრძნობს ძლიერ ტკივილს, სამშობიარო მოქმედება წყდება, ვლინდება შოკის ნიშნები. ნაყოფი სწრაფად იღუპება საშვილოსნოში, საშოდან მოედინება სისხლი. მუცლის ღრუში ნაყოფის გამოსვლისას მუცელი იღებს უსწორმასწორო ფორმას. მუცლის წინა კედელზე კარგად ისინჯება ნაყოფის წვრილი ნაწილები. ზოგჯერ საშვილოსნოს გახევის დიაგნოზს სვამენ გვიან - მშობიარობის დასრულების შემდეგ ან ლოგინობის პერიოდის პირველ დღეებში, რაც ქმნის გავრცობილი პერიტონიტისა და სეფსისის განვითარების საფრთხეს.

- როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიას?

- მოსალოდნელი და დაწყებითი გახევის დროს აუცილებელია, სასწრაფოდ შეწყდეს სამშობიარო მოქმედება ძლიერი ეთერის ნარკოზით. მშობიარობის დასრულება ხდება ადგილზე, ოპერაციული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სამეანო სიტუაციაზე (საკეისრო კვეთა, ნაყოფის დამშლელი ოპერაცია). საშვილოსნოს დასრულებული გახევისას დაუყოვნებლივ უნდა გაიკვეთოს მუცელი და წინასწარ მოშორდეს ნაყოფი. ამავე დროს ტარდება ღონისძიებები შოკისა და კოლაფსის საწინააღმდეგოდ.

ქირურგიული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია გახევის ხანდაზმულობაზე, ინფექციის არსებობაზე, გახეული ქსოვილების დაზიანების მდგომარეობაზე, მის ლოკალიზაციაზე (საშვილოსნოს გაკერვა, საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცია, ექსტირპაცია). სამეანო ოპერაციები (მობრუნება და ნაყოფის გამოყვანა, სამეანო მაშების დადება, ვაკუუმექსტრაქცია) უნდა ჩატარდეს პირობებისა და ჩვენებების მკაცრი კონტროლით.


- როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს გახევა?

- ყველა ქალს, რომელსაც აქვს დამძიმებული სამეანო ანამნეზი (გადატანილი საკეისრო კვეთა, მიომური კვანძების ამოკვეთა, აბორტის დროს საშვილოსნოს პერფორაცია), ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, დიდი ნაყოფი და სხვა ფაქტორები, რაც საშვილონოს გახევის საშიშროებას ქმნის, ქალთა კონსულტაციაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს მოსალოდნელ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე.

- შეუძლიათ თუ არა საშვილოსნოზე ნაწიბურის მქონე ქალებს, ბუნებრივად იმშობიარონ?

- სადღეისოდ ექიმების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეიცვალა. თუ ადრე გადატანილი საკეისრო კვეთა აუცილებლად გულისხმობდა მომდევნო ორსულობის საკეისრო კვეთით დასრულებას, დღეს ამ თეორიას უარყოფენ. ახალი მიდგომა ასეთია: ნორმად უნდა იქცეს მშობიარობა არა ერთი, არამედ ერთზე მეტი საკეისროს შემდეგაც და ტყუპ ნაყოფზე ორსულობის შემთხვევაშიც კი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ ქალების 50-80%-ს, ვინც ეს ოპერაცია გადაიტანა, შეუძლია შემდგომში ბუნებრივად იმშობიაროს.

შეძლებს თუ არა ქალი ნაწიბურის მქონე საშვილოსნოთი მშობიარობას, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ნაწიბურის მდებარეობას, მის სიმტკიცეს. მტკიცე და საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში მდებარე ნაწიბურის შემთხვევაში მშობიარობის შანსი დიდია, თუმცა ამ დროს მშობიარობა მიმდინარეობს დედისა და ნაყოფის მდგომარეობის მონიტორული კონტროლით.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმას, რატომ ჩატარდა ადრე საკეისრო კვეთა. თუ იგივე მიზეზი გამორიცხულია, ანდა მისი განვითარების ალბათობა დიდი არ არის, ბუნებრივი მშობიარობა დასაშვებია. ასეთი მიზეზებია: მწვავე ჰიპოქსია (ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა), პლაცენტის ნაადრევი აცლა, პლაცენტის წინამდებარეობა (როცა იგი მდებარეობს უშუალოდ საშვილოსნოს შესასვლელთან). მაგრამ თუკი მიზეზი იყო ქრონიკული დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები), სავარაუდოდ, საკეისო კვეთას ვერც ამჯერად ავცდებით.

- რას გვეტყვით საკვერცხის გახეთქვაზე?

- საკვერცხის აპოპლექსია, ანუ უეცარი გახეთქვა, არის საკვერცხის მთლიანობის უეცარი დარღვევა, რასაც მოჰყვება შინაგანი სისხლდენა და მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრა მწვავე ტკივილით. აპოპლექსია იყოფა მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებად, რასაც სისხლის დანაკარგის მიხედვით აფასებენ.

- რა უწყობს ხელს საკვერცხის აპოპლექსიას?

- რისკის ფაქტორებია:

  • სისხლძარღვების პათოლოგიური გადაგვარება, მაგალითად, ვარიკოზული გაგანიერება ან სკლეროზი.
  • საკვერცხის გადატანილი ანთება.
  • ოვულაციისა და ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის პერიოდი (მენსტრუალური ციკლის შუა და მეორე ფაზა). საკვერცხის აპოპლექსია ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში - ოვულაციის მომენტში, ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზა) ვითარდება.

საკვერცხის გახეთქვას ხშირად ხელს უწყობს ტრავმა, მძიმე ტვირთის აწევა ან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, უხეში სქესობრივი აქტი.

- რას უჩივის ამ დროს ქალი?

- აპოპლექსიის დროს ყალიბდება მწვავე მუცლის (მუცლის ტკივილი, დეფანსი და სხვა) და შინაგანი სისხლდენისთვის (სისუსტე, წნევის დაცემა და სხვა) დამახასიათებელი სურათი. აპოპლექსია ვითარდება ერთბაშად, სრული ჯანმრთელობის ფონზე აღმოცენდება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შემდეგ ტკივილი ვრცელდება მთელ მუცელზე, შესაძლოა გადაეცეს ფეხში, სწორ ნაწლავში, საზარდულში. შინაგანი სისხლდენის ნიშნების გაძლიერებასთან ერთად ვითარდება სისხლდენის ნიშნები: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, გონების დაკარგვა, შოკი. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. მუცელი შებერილია და მტკივნეული, განსაკუთრებით - ქვედა ნაწილებში.

უმეტესად აპოპლექსია ვითარდება მენსტრუალური ციკლის შუაში, დაახლოებით მე-12-დან მე-15 დღემდე, ან ციკლის მეორე ნახევარში. ამ დროს აუცილებელია ქალის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. თუ შინაგანი სისხლდენისა და კოლაფსის სურათი არ არის გამოხატული, ტარდება კონსერვატიული მკურნალობა (მოსვენება და ცივი მუცელზე). შინაგანი სისხლდენის პროგრესირების შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა (საკვერცხის რეზექცია) და სისხლის დანაკარგის შევსება.

- რას გვეტყვით საშოს გახევაზე, როდის ხდება ასეთი რამ?

- საშოს თვითნებითი ჩახევა მოსალოდნელია სწრაფი მშობიარობის დროს კლინიკურად ვიწრო მენჯის მქონე ქალებში ან საშოს განუვითარებლობისას. გარდა ამისა, მიზეზად შეიძლება იქცეს ანთებითი და დისტროფიული პროცესები, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობა, დიდი ნაყოფი და სხვა.

ჩახევის კლასიფიკაცია ხდება დაზიანების სიმძიმის ხარისხისა და ადგილის მიხედვით (საშოს ქვედა, შუა ან ზედა ნაწილი).

- რას გვეტყვით სქესობრივი კონტაქტის დროს განვითარებულ საშოს ჩახევებზე?

- უხეში სქესობრივი კონტაქტის დროს საშოს ჩახევა იშვიათი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ გონების დაბინდულობის (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობისას) დროს ჩატარებული უხეში სქესობრივი აქტის შემთხვევაში მამაკაცი არ ითვალისწინებს პარტნიორის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა საშოს წინა კედლის ჩახევა. მეორე გავრცელებული ვარიანტია საშოს თაღის ჩახევა (ყველაზე ღრმა ნაწილისა, რომელიც საშვილოსნოს ყელის გვერდით მდებარეობს). ასეთი დაზიანება უმეტესად პატარა ტანის ქალებში გვხვდება ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოთა ზომების შეუთავსებლობისას (დიდი სასქესო ასო). განასხვავებენ საშოს ჩახევის 3 ხარისხს:

  • პირველი ხარისხი - ჩახევა არ აღემატება 2 სმ-ს ორივე ან ცალ მხარეს;
  • მეორე ხარისხი - ჩახევა 2 სმ-ზე მეტია, მაგრამ არ აღწევს საშოს თაღებს;
  • მესამე ხარისხი - ჩახევა აღწევს საშოს გვერდით თაღებს და გადადის მასზე.

საშოს ჩახევას, ჩვეულებრივ, თან ახლავს სისხლდენა, რომელიც ბავშვის დაბადებისთანავე იწყება. სისხლი ალისფერია. სისხლდენა გრძელდება მომყოლის დაბადების შემდეგაც, მიუხედავად საშვილოსნოს კარგი შეკუმშვისა. დიაგნოზს ადასტურებს საშვილოსნოს ყელის დათვალიერება საშოს სარკეების მეშვეობით. გარდა იმისა, რომ საშოს კედლის ჩახევა იწვევს ძლიერ ტკივილს, დაზიანებული ადგილი იქცევა ინფექციის კარიბჭედ მუცლის ღრუში, ინფექციას კი შეიძლება მოჰყვეს გართულება - პერიტონიტი.

- როგორ მკურნალობენ საშოს ჩახევას?

- მკურნალობა გულისხმობს ნახეთქებისა და ნახევების გაკერვას კეტგუტით - საოპერაციო ძაფით. თუ ჩახევა ღრმაა, ზოგადი ნარკოზის თანხლებით კერავენ. ამის შემდეგ ინიშნება ანტიბაქტრიული მკურნალობა და საშოს დეზინფექცია გართულებების თავიდან ასაცილებლად.

შორისის გახევა ხდება ქსოვილთა რიგიდულობის დროს, განსაკუთრებით - ხანში შესულ პირველმშობიარეებში, ასევე - მაღალი შორისის, ნაწიბურების, დიდი ნაყოფის, სწრაფი მშობიარობის დროს. დიაგნოზს სვამენ დათვალიერებით, საშოს სარკეების დახმარებით. პროფილაქტიკა ითვალისწინებს მშობიარობის სწორად წარმართვას და სამეანო ოპერაციების ფაქიზად ჩატარებას. შორისის გახევის საშიშროების დროს აუცილებელია პერიტონეოტომია (ჩაჭრა).