საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა
საშვილოსნოს დაწევა უმეტესად მრავალნამშობიარევ ქალებს ემართებათ მუცლის კედლისა და მენჯის ფუძის კუნთების მოდუნების გამო, ჩვეულებრივ კი საშვილოსნო, მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მსგავსად, მტკიცე იოგოვანი და კუნთოვანი აპარატით არის ფიქსირებული. ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა, საზოგადოდ, მენჯის ფუძის ანატომიური დეფექტის შედეგად ვითარდება, ამ დეფექტის მიზეზებს შორის კი ძირითადად სამი გამოიყოფა:
- მენჯის ფუძის ტრავმირება (შორისის დაზიანება, გასკდომა) მშობიარობის დროს (ამავე რიგში ხვდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა მშობიარობის შემდგომ პერიოდში და სხვა);
- შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დისპლაზია (გენეტიკური პათოლოგიაა, რომელსაც შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე ახასიათებს);
- ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) დეფიციტი, რომელიც მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს (მენჯის ფუძის დამჭერი აპარატი ჰორმონდამოკიდებულია, შესაბამისად, ესტროგენების ნაკლებობა ამ აპარატის სიმტკიცეს აქვეითებს).
აღსანიშნავია აგრეთვე საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა (უკან გადახრა), მისი დამფიქსირებელი იოგების მოდუნება, სწრაფი გახდომა და ქსოვილთა ატროფია (განლევა) ასაკოვან ადამიანებში (ასთენიური კონსტიტუციის ქალებს სასქესო ორგანოთა დაწევა-გამოვარდნა უფრო ხშირად ემართებათ). საშვილოსნოს დაწევის შემთხვევაში მცირე მენჯში სისხლის შეგუბება ვითარდება - საშვილოსნო იზრდება, შუპდება, თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
- ზეწოლის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში;
- მქაჩავი ტკივილების შეგრძნება საშოში;
- ტკივილები კუდუსუნის, იშვიათად წელის არეში;
- შარდის გამოყოფის დარღვევა - გახშირება ან გაძნელება, მისი უნებლიე გამოყოფა ხველის, სიცილის, სწრაფი სიარული დროს, ზოგჯერ შეკავებაც;
- თეთრად შლა - გამონადენი საშოდან;
- სისხლიანი გამონადენი;
- საშოში უცხო სხეულის შეგრძნება.
განასხვავებენ საშვილოსნოს დაწევის სამ ხარისხს:
I - საშვილოსნოს ყელი არ სცილდება სასქესო ნაპრალს;
II - საშვილოსნოს ყელი სასქესო ნაპრალის გარეთაა;
III - სასქესო ნაპრალის გარეთ არის საშვილოსნოს არა მხოლოდ ყელი, არამედ ტანიც.
საშვილოსნოს დაწევა ზოგჯერ ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ შესაძლოა, მისი ყელი მოკლე ხანში სასქესო ნაპრალამდე ჩამოვიდეს და გასცდეს კიდეც მას. ასეთ დროს საშვილოსნოს დაწევის მესამე ხარისხის კონსტატირება ხდება. აღნიშნული მდგომარეობა ქალს ძლიერ დისკომფორტს უქმნის, თუმცა ზოგიერთი ეგუება ამ პრობლემას და წლობით ცხოვრობს საშვილოსნოს გამოვარდნის დიაგნოზით.
ზოგჯერ პათოლოგია უკიდურეს მდგომარეობას აღწევს - გამოვარდნილი საშვილოსნო ქალს სიარულში უშლის ხელს. ქალების უმრავლესობას ერიდება ექიმთან მისვლისა და იმის აღიარების, რომ სიარულისას ფეხებში რაღაც ებლანდება. არადა შორს წასული დაავადება ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან ერთად მრავალ გართულებასაც აძლევს დასაბამს. კერძოდ, ირღვევა მეზობელი ორგანოების ფუნქცია, მცირდება შრომისუნარიანობა. ამიტომაც აუცილებელია, საშვილოსნოს დაწევის დროს ქალმა დროულად მიმართოს ექიმს და მკურნალობა დაიწყოს.
პირველი ხარისხის დაწევის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა. ის მოიცავს სპეციალურ სამკურნალო ფიზკულტურას და გინეკოლოგიურ მასაჟს, რომელიც მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად არის გამიზნული. ზოგჯერ იყენებენ საშვილოსნოს რგოლს - პესარიას. ეს უკანასკნელი საშოში იდგმება, გარს ერტყმის საშვილოსნოს ყელს და მას აწეულ მდგომარეობაში აკავებს.
მაღალი ხარისხის დაწევის შემთხვევაში საშვილოსნო ზოგჯერ საშოს გარეთაც კი გამოდის. ასეთ დროს საუბრობენ საშვილოსნოს გამოვარდნაზე.
საშვილოსნოს გამოვარდნას, როგორც წესი, თან ახლავს საშოს კედლების დაწევა ან გამოვარდნა. ანალოგიურად, საშოს კედლების დაწევისას მისი კედლების გამობურცვას აქვს ადგილი. საშოს გამოვარდნისას ამ უკანასკნელის კედლები მენჯის ფუძეზე ქვემოთ მდებარეობს. საშოს წინა კედელთან ერთად დაწევას განიცდის შარდის ბუშტი, უკანა კედლის დაწევას კი, ჩვეულებრივ, სწორი ნაწლავის წინა კედლის დაწევა ახლავს თან.
საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის მკურნალობის რადიკალური და ეფექტური მეთოდია ქირურგიული ოპერაცია. ასაკოვან პაციენტებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას აღარ აპირებენ, ზოგჯერ ორგანოს კვეთენ, ახალგაზრდებს კი უკეთებენ ორგანოდამზოგველ ოპერაციას სინთეზური მასალების გამოყენებით. დღეს ფართოდ არის დანერგილი ნაკლებინვაზიური (ლაპაროსკოპიული, ვაგინალური ანუ საშოსმხრივი) მეთოდები. ისინი, გარდა იმისა, რომ ნაკლებტრავმულნი არიან, საგრძნობლადაც ამცირებენ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს. გარდა ამისა, ამ მეთოდებით ოპერირებისას მუცლის წინა კედელზე ნაწიბური (კოსმეტიკური დეფექტი) არ რჩება.
გირჩევთ, მიბრძანდეთ ექიმთან, რომელიც სათანადო დიაგნოსტიკური გამოკვლევების საფუძველზე შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ. შეგახსენებთ: ჯანმრთელობა ყურადსაღებია ნებისმიერ ასაკში, ვინაიდან ის არის საფუძველი დღეგრძელობისა და მშვიდი ცხოვრებისა.