როდის და რატომ ხდება შინაგანი ორგანოების დაწევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ხდება შინაგანი ორგანოების დაწევა

  • მშობიარობისთვის სწორი მომზადებისა და მშობიარობის შემდგომი აღდგენითი ღონისძიებების უგულებელყოფა;
  • ასაკი, განსაკუთრებით - კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ;
  • მძიმე ფიზიკური შრომა;
  • ქრონიკული ხველა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ჭარბი წონა, დიაბეტი);
  • შინაგანი ორგანოების ნორმალურ მდგომარეობაში შემაკავებელი კუნთოვანი და იოგოვანი აპარატის სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და კონსტიტუციური ასთენიით გამოწვეულიც;
  • კუნთ-მყესის აპარატის შეძენილი უკმარისობა, რომელიც მუცლის პრესის იოგოვანი აპარატისა და კუნთების დასუსტებისა და დაჭიმვის შედეგად ვითარდება. მუცლის ღრუსა და მენჯის ფსკერის შემომსაზღვრელი კუნთების ჰიპოტონიის შედეგად ირღვევა მათი დამჭერი ფუნქცია, რის გამოც კუჭი, ნაწლავები და მენჯის ღრუს ორგანოები ქვევით იწევს, ხოლო მათი დამჭერი იოგები იჭიმება.

წინათ ეს პრობლემა მოხუცებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ ბოლო ხანს შინაგანი ორგანოების დაწევა შუახნის და ახალგაზრდა პირებს შორისაც გახშირდა.

შინაგანი ორგანოების დაწევის პირველი სიმპტომები

მუცლის ხანგრძლივი, ყრუ ტკივილი კუჭისა და ნაწლავების დაწევაზე მეტყველებს. უსიამოვნო შეგრძნებები, ჩვეულებრივ, აღმოცენდება ვერტიკალურ მდგომარეობაში და გაივლის წოლისას. მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის არეში ტკივილი, შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები ხველის, ცემინების, სიცილის, ფიზიკური დაძაბვის დროს გვაეჭვებინებს საშვილოსნოსა და საშოს დაწევას, რომელიც ზოგჯერ გამოვარდნით მთავრდება.

რა უნდა გაკეთდეს, როცა რომელიმე შინაგანი ორგანოს დაწევის დიაგნოზია დასმული?

დღეს მკურნალობის საშუალებად ოპერაცია მიიჩნევა, თუმცა, როგორც პრაქტიკა მოწმობს, არსებობს რეციდივის ალბათობა, რომელიც მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელსაც მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როდესაც ყველა სხვა საშუალება ამოწურულია.

დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძაფრად იჩენს თავს: ძლიერდება ტკივილი, ყაბზობა და გულისრევის შეგრძნება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. შეინიშნება საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, გაღიზიანებადობა, ირღვევა ძილი.

შინაგანი სასქესო ორგანოების დაწევა

შინაგანი სასქესო ორგანოების დაწევა და გამოვარდნა საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი პაციენტების მკურნალობა და რეაბილიტაცია ყოველთვის სწორად და დროულად ვერ ხერხდება.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ საშვილოსნოს დაწევა უმთავრესად ხანდაზმულთა ხვედრია. სინამდვილეში ეს პათოლოგია 30 წლიდან გვხვდება. საკმაოდ ხშირად იწყება რეპროდუქციულ ასაკში და პროგრესირებადი ხასიათი აქვს. ამასთან, პროცესის განვითარებასთან ერთად მძიმდება ფუნქციური დარღვევებიც, რომლებიც არა მარტო ფიზიკურ ტკივილს იწვევს, არამედ პაციენტს ზოგჯერ ნაწილობრივ ან სრულიად ართმევს შრომის უნარს.

ნორმალურ მდგომარეობაში საშვილოსნო და მისი დანამატები ინარჩუნებენ განსაზღვრული ფიზიოლოგიური მოძრაობის უნარს, რაც ხელს უწყობს მათ ნორმალურ ფუნქციობას და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა არქიტექტონიკის შესანარჩუნებელი პირობების შექმნას.

გენიტალიების დაწევა პოლიეტიოლოგიური დაავადებაა და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური, გენეტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. მიზეზთაგან გამოსაყოფია:

  • ასაკი;
  • მემკვიდრეობა;
  • მშობიარობა;
  • სამშობიარო ტრავმები;
  • მძიმე ფიზიკური შრომა;
  • მუცლის შიდა წნევის მომატება;
  • გადატანილი ანთებითი დაავადებების შემდგომ დარჩენილი ნაწიბურები;
  • ქირურგიული ჩარევების შედეგად აღმოცენებული ცვლილებები, რომლებიც სასქესო სტეროიდების პროდუქციასა და ამ გზით გლუვი მუსკულატურის რეაქციაზე ახდენს გავლენას.

ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება შინაგანი სასქესო ორგანოების მყესოვანი აპარატისა და მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციური უკმარისობა.


შარდის ბუშტსა და საშოს კედელს შორის არსებული მჭიდრო ანატომიური კავშირი მენჯის დიაფრაგმის პათოლოგიური ცვლილებების ფონზე ხელს უწყობს საშოს წინა კედლის დაწევას. საშოს წინა კედელს მიჰყვება შარდის ბუშტის კედელიც და ვითარდება ცისტოცელე.

საშვილოსნოს დაწევისას ირღვევა მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევა, იწყება შეგუბებითი მოვლენები, აღმოცენდება ტკივილი, დისკომფორტი წელისა და გავის არეში, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს და მის შემდეგ.

იცვლება მენსტრუალური ფუნქცია და ჰორმონული ბალანსი. ამას ხშირად უშვილობამდე მივყავართ, თუმცა ამ ფონზე ორსულობაც სავსებით შესაძლებელია.

მრავალფეროვნებით გამოირჩევა თანდართული უროლოგიური პრობლემები, რომლებიც შარდის გამოყოფის პრაქტიკულად ყოველგვარ დარღვევას მოიცავს.

ძლიერი გამოვარდნისა და დაწევისთვის, ცისტოცელესთვის დამახასიათებელია შარდის გამოყოფის გაძნელება, ნარჩენი შარდის არსებობა, შარდის გამომყოფ სისტემაში შეგუბება და შედეგად მისი ჯერ ქვედა, ხოლო პროცესის პროგრესირებასთან ერთად ზედა განყოფილებების ინფიცირებაც. განსაკუთრებული ადგილი უკავია დაძაბვის შარდის შეუკავებლობას. მეორეულად ხშირად ვითარდება პიელონეფრიტი, ცისტიტი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვა. უროლოგიური გართულებები ამ პრობლემის დროს აღენიშნება პრაქტიკულად ყოველ მეორე ქალს.

ხშირია პროქტოლოგიური გართულებებიც, რომლებიც უმთავრესად ყაბზობით ვლინდება. მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა კოლიტითაა გამოხატული. შორისის ქსოვილების, სწორი ნაწლავის კედლისა და მისი სფინქტერის დაზიანების ან მენჯის ფუძის ღრმა ფუნქციური დარღვევების შედეგად ვითარდება აირთა შეუკავებლობა.

ასეთ პაციენტებს ხშირად აქვთ ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რაც აიხსნება, ერთი მხრივ, ვენური მიმოქცევის დარღვევით მცირე მენჯის არქიტექტონიკის ცვლილების გამო, მეორე მხრივ კი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების უკმარისობით.

დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია კოლპოსკოპიური გამოკვლევა, შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ექსკრეტორული უროგრაფია, უროდინამიკური გამოკვლევა, რექტალური გამოკვლევა, ჰისტეროსკოპია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ჰორმონული გამოკვლევა, ნაცხის ანალიზი ფლორაზე და ატიპური უჯრედების არსებობის დასადგენად.

პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს:

  • შრომისა და აღზრდის რაციონალურ რეჟიმს, დაწყებული ბავშვობის, განსაკუთრებით - პუბერტატული ასაკიდან;
  • ორსულობისა და მშობიარობის მართვის რაციონალურ ტაქტიკას;
  • ჩირქოვან-ანთებითი გართულებების პროფილაქტიკასა და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს;
  • სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს, ლაზეროთერაპიას, მენჯის ფსკერის კუნთების ელექტროსტიმულაციას ანალური ელექტროდის გამოყენებით.

განსაკუთრებით რთულია მკურნალობის რაციონალური ტაქტიკის არჩევა. შესაძლებელია როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.

ნაწლავის დაწევა

მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური ანომალიაა ნაწლავის დაწევა, რომლის დროსაც ნაწლავის მარყუჟი იმაზე დაბლაა, ვიდრე უნდა იყოს. ამ პათოლოგიას ჯანმრთელობისთვის ისეთი ნეგატიური შედეგები მოაქვს, როგორებიცაა სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი მოშლა, სპაზმი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულფასოვანი ფუნქციობის შეფერხება.

ნაწლავის დაწევას განაპირობებს:

  • გენეტიკური ფაქტორები;
  • აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებები - მუცლის კუნთების ტონუსის დაქვეითება და ნაწლავის შემაკავაბელი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე (ასთენიური ტიპის ადამიანებთან);
  • დიაფრაგმის დაბლა დგომა.

ნაწლავის დაწევა შესაძლოა შეძენილი იყოს:

  • მძიმე ფიზიკური შრომის ან გადაჭარბებული (განსაკუთრებით - ძალოსნური) ვარჯიშის შედეგად კუნთების გადაძაბვისა და დაჭიმვის გამო;
  • წონის სწრაფი დაკლების;
  • არაერთჯერადი და მრავალნაყოფიანი მშობიარობის;
  • მუცლის ღრუდან ასციტის დროს სითხის გამოღება;
  • დიდი ზომის სიმსივნის ან კისტის ქირურგიული გზით ამოკვეთისა და სხვა მიზეზის გამო.

ხშირად ნაწლავის დაწევა კუჭის დაწევასთანაა დაკავშირებული. ამ დროს საკვების მასების მონელება და გადაადგილება ირღვევა, რაც წვრილ ნაწლავზე დამატებით მექანიკურ წნევას იწვევს.

პათოლოგია გამოიხატება პერიოდული ყრუ ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ, მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულსა და წელის მიდამოში. პაციენტები უჩივიან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებიც თავს იჩენს დგომისას, ხოლო დაწოლისას გაივლის. ყველაფერ ამას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, სწრაფი დაღლა და გულისრევის შეტევები, ნაწლავებში აირების დაგროვება (მეტეორიზმი) და ქრონიკული შეკრულობა. მამაკაცებს აწუხებთ ხშირი შარდვა, ქალებს - მტკივნეული მენსტრუაცია.


დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, რომელიც, გარდა პაციანტის ჩივილებისა და ანამნეზის შეკრებისა, გასინჯვისა და მუცლის ღრუს პალპაციისა, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებსაც მოიცავს, მათ შორის:

  • მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვით რენტგენოგრაფიას;
  • ირიგოსკოპიას;
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა კონსერვატიულია და ითვალისწინებს დიეტოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟსა და ნაწლავის დამჭერი ბანდაჟის ტარებას.

ქირურგიული მკურნალობა იწყება მაშინ, როდესაც კონსერვატიული მეთოდები უშედეგოა და დაავადების სიმპტომები უფრო და უფრო ინტენსიურად ვლინდება ან დაწეული ნაწლავი იწვევს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ორგანოთა სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა, თუმცა ოპერაცია არ აქრობს რეციდივის ალბათობას.

ბანდაჟი ნაწლავს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აკავებს. ის ექიმმა უნდა შეარჩიოს პაციენტის კონსტიტუციური თავისებურებების და დაავადების კლინიკის გათვალისწინებით. ბანდაჟი უნდა ჩავიცვათ დილით, საწოლში, ზურგზე მწოლიარემ და ამავე მდგომარეობში გავიხადოთ. მუცლის კუნთების გაძლიერებაში დაგვეხმარება ფიზიკური ვარჯიში.

ნაწლავის დაწევის პროფილაქტიკა გულისხმობს მძიმე ტვირთის აწევისგან თავის შეკავებას, მასის კორექციას (ზომიერ და თანაბარ კლებას). ძალიან სასარგებლოა ცურვა, ფეხით თუ ველოსიპედით სიარული.

მამაკაცებთან ნაწლავის დაწევა რთულდება შარდის შეუკავებლობით, პროსტატიტით, პროსტატის ადენომით, ქალებთან - მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებით.

ღვიძლი

ღვიძლის დაწევას სხვადასხვა მიზეზი აქვს და ის ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის ადამიანებს შეიძლება დაემართოთ, თუმცა უმთავრესად ემუქრებათ ქალებსა და ბავშვებს, მამაკაცებთან ჰეპატოპტოზი შედარებით იშვიათია.

ღვიძლის მნიშვნელოვანი გადაადგილებისა და ცდომისას მისი წილები დეფორმირდება, რის გამოც აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება მუცელში და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც ბეჭებსა და ხერხემალში გადაეცემა. ღვიძლის მნიშვნელოვანი დაწევისას შეინიშნება პორტული სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნაღვლის თავისუფალი მოხვედრა ნაწლავებში. ჰეპატოპტოზს, წესისამებრ, თან ახლავს ნაღვლის ბუშტისა და კოლინჯის მარჯვენა ნაოჭის დაწევაც.

ქალებთან ჰეპატოპტოზი ვითარდება:

  • მკვეთრი გახდომის შემდეგ;
  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად;
  • ღვიძლის იოგოვანი აპარატის განვითარების გენეტიკური დარღვევის ფონზე.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, პალპაცია, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, კომპიუტერული გამოკვლევა.

მკურნალობა უმთავრესად კონსერვატიულია და მოიცავს წყლის პროცედურებს, ზოგადგამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, დიეტას, ბანდაჟის გამოყენებას.

ძლიერი ჰეპატოპტოზის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ოპერაცია, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვების გრაფიკის შედგენა სხეულის სტაბილური მასის შესანარჩუნებლად, პერიოდულად - სამკურნალო ფიზკულტურა, ორსულებისთვის - სპეციალური ბანდაჟის ტარება.