ლაპაროსკოპიული ოპერაციის უპირატესობა - რით განსხვავდება ის ლაპაროტომიული ოპერაციისაგან?
- რა განსხვავებაა ჩვეულებრივ - ლაპაროტომიულ და ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს შორის?
- ლაპაროსკოპიას უსისხლო ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს, ტრადიციული ოპერაციული ჩარევისგან განსხვავებით, მუცლის წინა კედელი არ იკვეთება. მასზე კეთდება სამი მცირე ზომის (5 და 10 მმ) ნახვრეტი, რომლებიც, ტრადიციული განაკვეთისგან განსხვავებით, არ აზიანებს კუნთოვან ქსოვილს. პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. თავად ნახვრეტში ატარებენ ტროაკარს (სპეციალურ მილს). მასში შეჰყავთ გარკვეული რაოდენობის ნახშირჟანგი მუცლის გასაბერად და მასში მოცულობის შესაქმნელად. შემდეგ ტროაკარში შეაქვთ ტელესკოპის მილი, რომელსაც უერთებენ სპეციალურ მცირე ზომის ვიდეოკამერას და სინათლის წყაროს, რაც საშუალებას გვაძლევს, ოპერაციის დროს ეკრანზე დავინახოთ მუცლის ღრუს ორგანოები მნიშვნელოვანი გადიდებით.
- რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ოპერაციას?
- პირველ რიგში - ის, რომ ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში არ წარმოიშობა ოპერაციისშემდგომი შეხორცებები. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ გამოჯანსაღების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა. საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება, ხოლო ექსტირპაციის შემდეგ - მესამე დღეს. ოპერაციის შემდეგ მათ მხოლოდ ორდღიანი ანტიბიოტიკოთერაპია უტარდებათ, ხოლო ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკებიც კი არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლის ინექციაც საკმარისია. სამ დღეში მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. დაბოლოს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე არ რჩება არავითარი ნაწიბური.