გულისრევა და პირღებინება ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და პირღებინება ორსულობისას

მოუთმენლად ელიან - ისინი ხომ მათთვის საოცნებო მდგომარეობაზე – ორსულობაზე მიანიშნებს. გულისრევა და პირღებინება ბევრს ორსულობის ნორმალური გამოხატულება ჰგონია. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია - ეს სიმპტომები ქალს საშუალებას არ აძლევს, თავისი “ახალი მდგომარეობით” დატკბეს. რისი ბრალია გულისრევა და ღებინება ორსულობისას და საშიში ხომ არ არის ეს დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობისთვის? სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმს, მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს.

- ორსულობას ზოგჯერ უსიამოვნო სიმპტომები - გულისრევა, პირღებინება - ახლავს თან. რისი ბრალია ეს და ნორმალურია თუ არა?

- გულისრევა და პირღებინება, ისევე როგორც ნერწყვდენა, ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის გამოხატულებაა. ის ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვითარდება და, წესისამებრ, გაივლის მე-12 კვირის შემდეგ. ტოქსიკოზის განვითარების მრავალი თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული... საერთო აზრამდე ექიმები ჯერ ვერ მისულან. ორსულთა ტოქსიკოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება ქალის ორგანიზმში. ის უშუალოდ სანაყოფე კვერცხის განვითარებას და ორსულობის თანმხლებ ჰორმონულ, სისხლძარღვოვან და იმუნოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ორსულობაზე ქალის ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა. ნერწყვდენა უმეტესად ღებინებას ახლავს თან, იშვიათად კი მიმდინარეობს როგორც ადრეული ტოქსიკოზის დამოუკიდებელი ფორმა. ძლიერი ნერწყვდენის დროს ორსული დღე-ღამეში 1 ლიტრამდე სითხეს კარგავს. ჭარბი ნერწყვდენა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ჰიპოპროტეინემიას, კანის აქერცვლას, უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე, მცირდება სხეულის მასა. ღებინება კი ადრეული ტოქსიკოზის შედარებით ხშირი ფორმაა. ის ორსულთა 50-60%-თან გვხვდება, მაგრამ მკურნალობას შემთხვევათა მხოლოდ 8-10% მოითხოვს. რაც უფრო ადრე დაიწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი. თან ახლავს გულისრევა, მადის დაქვეითება, გემოვნების ცვლილებები. განასხვავებენ ორსულთა ღებინების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ტოქსიკოზი - პერიოდული პირღებინება დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე - ამა თუ იმ სუნის შეგრძნებისას, ორსულთა უმეტესობას აწუხებს. ის უსაფრთხოა როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვისაც და მედიკამენტურ ჩარევას არ მოითხოვს. წესისამებრ, თავს იჩენს ორსულობის მე-5-6 კვირას, იოლად ექვემდებარება მკურნალობას და თავისთავად გაივლის 2-3 თვის შემდეგ. ამ დროს მკურნალობა ამბულატორიულად ტარდება. საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს ღებინება ხშირდება (6-10-მდე დღეში), არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე, თან ახლავს წონის კლება, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება. არტერიული წნევა უმნიშვნელოდ იწევს დაბლა. ამ დროს აუცილებელია ორსულის ჰოსპიტალიზაცია ან დღის სტაციონარში ინფუზიური თერაპიის ჩატარება (სითხეების გადასხმა). მკურნალობით აღდგება ორგანიზმში სითხისა და საკვები ნივთიერებების დონე. მძიმე ტოქსიკოზი სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ამ დროს ღებინება მრავალჯერადია ან შეუკავებელი. მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, ზოგჯერ - ნებისმიერი მოძრაობისას და არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ორსულის საერთო მდგომარეობა მძიმდება, ირღვევა ძილი, ხშირი ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და წონის მკვეთრ კლებას (კანი შრება და ეშვება). სხეულის მასის დანაკარგი 8-10 კგ-მდეა. მწყობრიდან გამოდის ნივთიერებათა ცვლა. პირიდან ამოდის უსიამოვნო სუნი, იმატებს სხეულის ტემპერატურა, პულსი - წუთში 110-120-მდე, მცირდება არტერიული წნევა, შარდში ჩნდება აცეტონი. თუ ორსულის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, დაისმის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი. აუცილებელია ადრეული ტოქსიკოზის დიფერენცირება სხვა დაავადებებისგან, რომლებიც ასევე ღებინებით ვლინდება (კვებითი ინტოქსიკაცია, გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნეიროინფექცია და სხვა).


- რით შეიძლება შეიმსუბუქოს მდგომარეობა ორსულმა?

- შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც ორსულს გულისრევის, ღებინების, საკვების აუტანლობის დროს დაეხმარება:

  • გულისრევა და პირღებინება შესაძლოა გამოიწვიოს საკვების სუნმაც. ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ საუზმედ უმჯობესია მიირთვათ ცივი კერძი.
  • ტოქსიკოზზე გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. საწოლთან დაიდეთ მსუბუქი საკვები, რათა ღამით ან დილით, გაღვიძებისთანავე, წაიხემსოთ.
  • ერიდეთ დაკონსერვებულ წვენებს, ტკბილეულს.
  • ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ ერიდეთ. ტოქსიკოზს პროვოცირებას უწევს ცხარე, მჟავე და შემწვარი კერძებიც.
  • მიიღეთ საკმაო რაოდენობის სითხე (ჩაი, წყალი). სვით მცირე ყლუპებით, რადგან ერთ ჯერზე უხვად მიღებამ შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს.
  • ზოგჯერ გულისრევას შველის კოჭა. შეგიძლიათ, დაღეჭოთ მისი ფესვი ან ჩაიში ჩააგდოთ.
  • რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც გულისრევას იწვევს.
  • ლუდის საფუარი ორსულთა ტოქსიკოზს ამსუბუქებს.
  • შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით მიირთვით მარცვლოვნები, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო - ისინი მდიდარია ვიტამინ ბ6-ით, რომელიც, ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, ტოქსიკოზის გამოვლენას ამცირებს.
  • ლიმონს შეუძლია შეაჩეროს გულისრევა. გაჭერით ოთხად და როდესაც გულისრევას იგრძნობთ, მოწუწნეთ.
  • კუჭ-ნაწლავს ამშვიდებს პიტნაც. მოიდუღეთ პიტნის ჩაი. ნერწყვდენის შესამცირებლად ღეჭეთ პიტნის საღეჭი რეზინა.

ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი

აიღეთ:

  • პიტნის ფოთოლი - 2 ჩაის კოვზი;
  • კატაბალახას ფესვი - 1 ჩაის კოვზი;
  • გულყვითელას ყვავილი - 2 ჩაის კოვზი;
  • ფარსმანდუკი - 2 ჩაის კოვზი.

ნარევს დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. სვით 50 მლ დღეში 6-ჯერ 25 დღის განმავლობაში. კურსი გაიმეორეთ სამჯერ 15-დღიანი შესვენებით. ეს მცენარეები მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ასტიმულირებს კუჭისა და თირკმლის სეკრეციას, აქვს სპაზმოლიზური ეფექტი. გარდა ამისა, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

- მოითხოვს თუ არა ორსულთა ტოქსიკოზი მკურნალობას?

- ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს. საშუალო სიმძიმის, უფრო კი მძიმე ფორმის დროს, შეუჩერებელი ღებინების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად ინიშნება ინფუზიური თერაპია - 2,0-2,5 ლ დღე-ღამეში.

- ორსულობის შეწყვეტის საკითხი თუ დაისმის?

- ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუ ქალს აღენიშნება:

  • შეუკავებელი ღებინება;
  • მზარდი გაუწყლოება;
  • წონის პროგრესირებადი კლება;
  • პროგრესული აცეტონურია;
  • ნერვული სისტემის დარღვევები (ადინამია, აპათია, ბოდვები, ეიფორია);
  • ბილირუბინემია.

ყველა სხვა შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის მიზანი ორგანიზმის სტაბილური, ნაყოფის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და ორსულობის ბოლომდე მიყვანის ხელშეწყობაა.