დაიბანეთ ხელები სწორად
ყველამ კარგად იცის, რა ადვილად გადაეცემა კონტაქტის დროს ადამიანისგან ადამიანს გაციება, გრიპი და ინფექციური დიარეა. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ამერიკულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ტუალეტის შემდეგ ხელებს არ იბანს, თუმცა ამას ყველა მათგანი არ აღიარებს. თუ რეგულარულად და სწორად დაიბანთ ხელებს, ადვილად დაიცავთ თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას საშიში მიკრობებისა და ვირუსებისგან. თუნდაც ერთი მათგანი იყოთ, ვინც ხელებს იბანს, მაინც ბოლომდე წაიკითხეთ ეს სტატია - გაიგებთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.
1. კარგად დაისველეთ ხელები. ონკანში თბილი წყალი მოუშვით (უკიდურეს შემთხვევაში, ცივიც გამოდგება, თუმცა ამ შემთხვევაში დაბანის ხანგრძლივობა იზრდება) და ხელები თანაბრად დაისველეთ. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ცხელი წყალი თბილზე უკეთესად ვერ ჩამობანს ბაქტერიებს, ხოლო ზოგიერთი სახეობის საპონთან ერთად შესაძლოა კანის გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.
2. აიღეთ საპონი. ყველანაირი გამოგადგებათ, მაგრამ იმისთვის, რომ ხელების დაბანამ სიამოვნება მოგგვაროთ, მისი ფერი, სუნი თუ ფორმა გემოვნებისამებრ შეარჩიეთ. ნუ გეგონებათ, რომ ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივზე უკეთესია - საპნის მოქმედების პრინციპი ბაქტერიების ჩამობანაა და არა მათი მოსპობა. სამეცნიერო წრეებში არსებობს სერიოზული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბაქტერიების მოშორებისა და დაავადების თავიდან აცილებისთვის ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივზე ეფექტურია. უფრო მეტიც - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტიბაქტერიული საპნის მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა ისეთი ბაქტერიები წარმოშვას, რომლებიც ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი იქნებიან.
3. კარგად გაისაპნეთ ხელები. გულდასმით გაისაპნეთ ორივე ხელის მტევანი (ორივე მხრიდან), თითები, თითებშორისი არეები და მაჯები. ხელები დაახლოებით 15-20 წამის განმავლობაში გაისაპნეთ. დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება ცნობილი ამერიკული სიმღერის “Happy birthday to you”-ს წამღერებას. ხელი ხელს ენერგიულად გაუსვით და საპონი მაშინვე არ ჩამოიბანოთ - რამდენიმე წამით გაიჩერეთ და დარწმუნდით, რომ მტევნის ყოველი უბანი კარგად არის გასაპნული. ამის მისაღწევად ერთ ხელს მჭიდროდ შემოაჭდეთ მეორე და წინ და უკან წრიული მოძრაობებით გაუსვით. შემდეგ ხელები შეცვალეთ.
4. გულდასმით ჩამოიბანეთ საპონი. შეყავით ხელები გამდინარე წყლის ქვეშ (ხელისგულებით ქვემოთ) და ეცადეთ, ხელი წყლის ნიჟარაზე არ მოგიხვდეთ.
5. ონკანი დაკეტეთ ხელსახოცით, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ტუალეტებში. ბუნებრივია, თუ ონკანი ავტომატურად იღება და იკეტება, ხელის მოკიდება არაფერზე მოგიწევთ, სხვა შემთხვევაში კი მის დასაკეტად ხელსახოცი, წინამხარი ან იდაყვი გამოიყენეთ.
6. კარგად გაიმშრალეთ ხელები პირსახოცით. გაცილებით უკეთესია ქაღალდის ხელსახოცების გამოყენება, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოებით გარემოს ზიანი ადგება, უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ქსოვილის პირსახოცები. თუ პირსახოცს იყენებთ, აუცილებელია მისი რეგულარული რეცხვა. საზოგადოებრივ ადგილებში შეიძლება ხელის ელექტროსაშრობის გამოყენებაც.
სასარგებლო რჩევები
- ხელის კარგად დასაბანად არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობით საპნის წასმა. მთავარია, წარმოიშვას საკმარისი რაოდენობის ქაფი. როცა ხელები ძალიან ჭუჭყიანი ან ცხიმიანია, შეგიძლიათ, ჩვეულებრივზე მეტი საპონი იხმაროთ.
- საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობისას კარი ქაღალდის ხელსახოცით გააღეთ და დაკეტეთ - გახსოვდეთ, რომ, სამწუხაროდ, ტუალეტის შემდეგ ყველა არ იბანს ხელებს.
- არ დაივიწყოთ წინამხრების იდაყვებამდე დაბანაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე ჭუჭყიან სამუშაოს ასრულებთ (მაგალითად, მუშაობთ მაღაზიის ხორცის განყოფილებაში). ამით არა მარტო მტევნიდან, არამედ მთელი ხელის ზედაპირიდან ჩამოიბანთ მიკრობებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები რაიმე საგნის შესახებად არცთუ ხშირად იყენებენ წინამხრებს, შეიძლება, ზოგჯერ ხელები გადააჯვარედინოთ და ამ დროს მტევნებზე არსებული მიკრობები ზემოთ დაიწყებენ მიგრირებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ამ ადგილების დაბანაც, თუ საკუთარი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობა გაღელვებთ.
- მხოლოდ წყლით ხელების დაბანას აზრი არ აქვს. პირიქით, ამით ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს შექმნით. საპნის გამოყენება აუცილებელია.
- თუ ხელები ცხიმით ან ზეთით დაგესვარათ, მაგალითად, მანქანაში ზეთის გამოცვლის შემდეგ, შეგიძლიათ, საპნისა და შაქრის ნარევით ჩამოიბანოთ. მსგავს შემთხვევებში ეს ნარევი კარგად მოქმედებს.
- თუ სასწრაფოდ უნდა დაიბანოთ ხელები, მაგრამ თქვენს სიახლოვეს არ არის ონკანი, შეიძლება ალკოჰოლის ფუძეზე დამზადებული ხელების ანტისეპტიკის გამოყენება. სწორი გამოყენებისას ანტისეპტიკური ხსნარი თითქმის ყველა ბაქტერიას ანადგურებს (ცლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ს გარდა), თუმცა ის ვერ აცილებს ცხიმს. მის მოსაცილებლად აუცილებელია ხელების საპნით დაბანა. ხელებისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკური ხსნარი მეტად მოხერხებული საშუალებაა, როცა ახლომახლო არც წყალია და არც საპონი, მაგრამ მისი ხშირად გამოყენების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ხელებზე და ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს ანტისეპტიკური ხსნარის მიმართ - და, შესაძლოა, ანტიბიოტიკების მიმართაც - იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ. ბუნებრივია, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
- რეგულარულად დაიბანეთ ხელები: ტუალეტის შემდეგ; პამპერსის გამოცვლის შემდეგ; დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოწმენდის შემდეგ; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არსებულ ზედაპირზე, მაგალითად, კარის სახელურზე ან კიბის მოაჯირზე შეხების შემდეგ; საჭმლის მომზადების ან მაგიდის გაწყობის წინ; ხორცთან ან მოუხარშავ კვერცხთან კონტაქტის შემდეგ; ნაგავთან კონტაქტის შემდეგ; ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ; ფულთან კონტაქტის შემდეგ - წარმოიდგინეთ, რამდენ ხელს ეჭირა ის თქვენს საფულეში მოხვედრამდე; სისხლთან კონტაქტის შემდეგ.