ფეხების ჰიგიენა
ფეხები ზამთარ-ზაფხულ აუცილებლად უნდა დაიბანოთ დღეში მინიმუმ ორჯერ. ზაფხულობით, თუ ღია ფეხსაცმელს იცვამთ და გიჭუჭყიანდებათ - მეტჯერაც. გახსოვდეთ, რაც უფრო ხშირად დაიბანთ ფეხებს, მით უფრო სუფთა და ჯანმრთელი გექნებათ ისინი და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმიც.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხების სწორად დაბანას. საპნის წასმის შემდეგ მთელი ტერფი, განსაკუთრებით - თითებშუა არეები, ინტენსიურად უნდა დაისრისოთ. ზომიერი ზეწოლით ტერფების დასრესა განსაკუთრებით რეკომენდებულია ასთენიური ტიპის ადამიანებისთვის. ამის შემდეგ ქუსლები პემზის ქვით ან ტერფებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯაგრისით უნდა დაიმუშაოთ, რათა გარქოვანებული კანი აიქერცლოს და ჩამოიფცქვნას.
დაბანის შემდეგ ფეხები, განსაკუთრებით - თითებშუა არეები, კარგად უნდა გაიმშრალოთ - ტენი მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას, კანის ტროფიკის მოშლასა და დაზიანებას უწყობს ხელს.
თუ ფეხები დიდი ხანია არ დაგიმუშავებიათ და კანი განსაკუთრებით გაქვთ გარქოვანებული, თავდაპირველად ცხელ სოდიან წყალში დაილბეთ. წყალი სასიამოვნოზე ოდნავ მაღალი ტემპერატურისა უნდა იყოს. ერთ ლიტრ წყალზე დაამატეთ ორი ჩაის კოვზი სოდა.
ნახეთქები ქუსლებზე
ქუსლებზე და, საზოგადოდ, ტერფებზე არსებული ნახეთქები ყოველთვის ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ასეთ დროს კარგია კარტოფილის ქერქისა და სელის თესლის აბაზანები.
აიღეთ ოთხი სადილის კოვზი წვრილად დაკეპილი კარტოფილის ქერქი და ოთხი სადილის კოვზი სელის თესლი, დაასხით ერთი ლიტრი თბილი წყალი და ადუღეთ სქელი მასის წარმოქმნამდე. შეაგრილეთ და 15-20 წუთით ჩაყავით ტერფები.
ამის შემდეგ ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ, ნახეთქების კიდეებთან არსებული გარქოვანებული (გაუხეშებული) კანი ფრთხილად მოიჭერით და ნაზად, საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ იოდის 2%-იანი ხსნარი წაისვით.
სასარგებლოა გვირილისა და კრაზანას თბილი აბაზანებიც. აბაზანის შემდეგ კი ფეხებზე ვაზელინი უნდა შეიზილოთ.
ფეხების ოფლიანობა
ფეხების ოფლიანობა ერთ-ერთი მეტად შემაწუხებელი პრობლემაა. მართლაც, რა სასიამოვნოა ზამთარ-ზაფხულ სისველის შეგრძნება და მძაფრი სუნი. საქმე ის არის, რომ ტერფებზე უამრავი საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს. საოფლე ჯირკვლებს, რაღა თქმა უნდა, ვერაფერს ვუზამთ, სუნის მოცილება კი შეიძლება, მით უმეტეს, სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც ისე ძნელია.
უსიამოვნო სუნის მოცილების ყველაზე მარტივი გზა ფეხების ხშირი ბანაა. თითქოს ამაზე იოლი რა უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ტერფებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდება მათი გასაპვნა, რის გამოც ფეხისგულებზე უამრავი ბაქტერია რჩება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხები დღეში რამდენიმეჯერ უნდა დაიბანოთ, უმჯობესია, ცივი წყლით, ზამთარშიც კი. ვიდრე ფეხსაცმელს ჩაიცვამდეთ და შინიდან გახვიდოდეთ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე სურნელოვანი ტალკი დაიყარეთ - ის ტენს იწოვს და კანს დაზიანებისაგან იცავს.
ხალხური მედიცინა გვირჩევს
- აიღეთ მუხის ქერქი, წმინდად დაფქვით და წინდების ჩაცმამდე ტერფებზე მიიყარეთ ან წინდებში ჩაიყარეთ. ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტარეთ ორი კვირის განმავლობაში.
- 70-100 გრამ მუხის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ნახარში ოდნავ შეაგრილეთ, ჩაამატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი და ფეხები 10-15 წუთით ჩაყავით. ეს პროცედურა საღამოობით ჩაიტარეთ.
- ფეხსაცმელში არყის ხის თხელი ანათლები ჩაიფინეთ.
- ძილის წინ ფეხებზე მარილიანი წყალი გადაივლეთ.
- დილა-საღამოს ჩაიტარეთ სოდიანი წყლის პროცედურები: აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი სოდა, გადაივლეთ ტერფებზე და კარგად მოისრისეთ. თითებს შორის ჩაიდეთ სოდის ხსნარში დასველებული ბამბის ბურთულები. თუ ქავილმა ან უსიამოვნო შეგრძნებამ შეგაწუხათ, გაუძელით. დილით ფეხებზე კვლავ სოდიანი წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ჩაიცვით წინდები. რამდენიმე პროცედურის შემდეგ უსიამოვნო სუნი გაქრება.
- დღეში ორჯერ ფეხის თითებს შორის არყის ფოთლები ჩაიფინეთ. უფრო უკეთესი იქნება, თუ არყის ფოთლებით 15-20 წუთით მთელ ტერფს შეიხვევთ.