თუ ფეხები გიოფლიანდებათ
ზამთარ-ზაფხულ სისველის შეგრძნება და უსიამოვნო სუნი ფეხებიდან იმდენად მტანჯველია ზოგიერთისათვის, რომ ამის გამო ხშირად ითრგუნებიან და კომპლექსდებიან, უგუნებობა და შფოთვა კი მათი თანმდევი ხდება.
საქმე ის გახლავთ, რომ ტერფებზე დიდი რაოდენობით საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი გამოყოფილი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს. ეს უკანასკნელი შემაწუხებელი ხდება სხვათათვის. ფაქტია, რომ პრობლემასთან მუდმივად და დაჟინებით ბრძოლაა საჭირო. მით უფრო, რომ სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც ისე ძნელია.
რეგულარულად დაიბანეთ ფეხები
ფეხების დეოდორირების საუკეთესო საშუალება მათი საპნით დაბანაა. „ეს თითქოს მეტად მარტივი საქმეა, - აცხადებს გლენ ჰასტუერტი - ორთოპედთა ამერიკული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, - თუმცა, ზოგიერთები ამას არ აქცევენ ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდებათ ტერფების საგანგებოდ გასაპვნა. ამის გამო ფეხების კანზე უამრავი ბაქტერია რჩება“. ფეხები დღეში რამდენჯერმე უნდა დაიბანოთ; უმჯობესია ცივი წყლით; თუ ამას წესად დანერგავთ და წლის ცხელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზამთარშიც გააგრძელებთ, ფეხების ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს აუცილებლად დაამარცხებთ.
კარგად გაიმშრალეთ ფეხები
დაბანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ. მიაქციეთ ყურადღება თითებს შორის უბნებს. დარჩენილი სისველე ბაქტერიების გამრავლების მიზეზი ხდება.
გამოიყენეთ ტალკი
ფეხსაცმლის ჩაცმისა და სახლიდან გასვლის წინ კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე, განსაკუთრებით თითებს შორის, დაიყარეთ სურნელოვანი ტალკი. ეს უკანასკნელი კარგად იწოვს სისველეს და იცავს ფეხების კანს დაზიანებისაგან.
იარეთ ფეხშიშველმა
ეცადეთ იაროთ ფეხშიშველმა. განსაკუთრებით სასარგებლოა ქვიშაზე, მიწასა და ქვებზე ფეხშიშველა სიარული. ამ დროს აქტიურდება ტერფებზე მრავლად არსებული ნერვული დაბოლოებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ნერვულ ტროფიკაზე.
ხალხური რეცეპტები
- აიღეთ ბორის მჟავას კრისტალები. წვრილად დაფქვით (დანაყეთ) და ყოველ დილით დაიყარეთ ტერფებზე (განსაკუთრებით უხვად თითებს შორის უბნებში). დღის განმავლობაში წინდები თუ წელწინდა ორ-სამჯერ გამოიცვალეთ, საღამოობით კი ფეხები ცხელი წყლით დაიბანეთ. ორკვირიანი კურსის შემდეგ უსიამოვნო სუნი აუცილებლად გაქრება.
- აიღეთ მუხის ქერქი, დაფქვით ფქვილისებრი (წმინდა ფხვნილისებრი) მასის მიღებამდე. წინდისა თუ წელწინდის ჩაცმამდე ტერფებზე მიიყარეთ (შეგიძლიათ წინდებშიც ჩაყაროთ). ეს პროცედურა რეგულარულად ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ.
- სასარგებლოა მუხის ქერქის აბაზანებიც. ამისათვის აიღეთ 70-100 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 30 წუთი. ნახარში ოდნავ გააცივეთ, შეამატეთ მცირე მოცულობის ადუღებული წყალი და ფეხები საღამოობით 10-15 წუთით გააჩერეთ.
- ფეხები ყოველდღიურად (საღამოობით, ორი კვირის განმავლობაში) 10 წუთით კალიუმის პერმანგანატიან აბაზანაში გააჩერეთ (ხსნარი ღია ვარდისფერი შეფერილობისა უნდა იყოს).
- ფეხსაცმელში არყის ქერქის თხელი ანათლები ჩაიფინეთ.
- ძილის წინ ფეხებზე მარილიანი წყალი გადაივლეთ.
- დილა-საღამოს სოდიანი ხსნარის პროცედურები ჩაიტარეთ. ამისათვის აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი სოდა. მიღებული ხსნარით გადაივლეთ და კარგად გაისრისეთ ტერფები. თითებს შორის ჩაიდეთ სოდიან ხსნარში დასველებული ბამბის ბურთულები. თუ ქავილმა ან უსიამოვნო შეგრძნებამ შეგაწუხათ, გაუძელით. დილით ფეხები კვლავ სოდიანი ხსნარით გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ჩაიცვით ფეხსაცმელი. უსიამოვნო სუნი რამდენიმე პროცედურაში გაქრება.
კარგად დაიბანეთ ფეხები თბილი წყლითა და საპნით, გადაივლეთ ცივი წყალი, საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. აიღეთ ხორბლის, ქერის, შვრიის ან ჭანგას ჩალა (ნამჯა) და თითებზე დაიწანით, ისე, როგორც ამას კალათის დაწვნისას აკეთებენ. ჩაიცვით სუფთა წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. ერთ კვირაში ფეხების ოფლიანობის პრობლემა აღარ გემახსოვრებათ.
დღეში ორჯერ ფეხის თითებს შორის არყის ფოთლები ჩაიფინეთ. კარგი იქნება, თუ არყის ფოთლებში მთლიანად ჩაფლობთ ტერფებს, ან ე. წ. ფოთლოვანი საფენით მთლიანად შეიფუთავთ ფეხებს 15-20 წუთით.
იმედია, მოცემული ხალხური საშუალებებიდან თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ მეთოდს ამოირჩევთ, არ დაიზარებთ და რეგულარულად, ყველა წესის დაცვით ჩაიტარებთ.
გახსოვდეთ, ამ გზით თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ ტერფების ოფლიანობას და აღარც უსიამოვნო სუნისა შეგრცხვებათ!