ზღვაზე დასვენება სასიამოვნო რომ იყოს
გარუჯვა ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ჯანსაღი და ეფექტური რუჯის მისაღებად ექიმების რამდენიმე რჩევას უნდა მივდიოთ.
ზღვის წყლისა და კლიმატის კეთილისმყოფელ გავლენასა და ზღვაზე დასვენების თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრის პროფესორი, კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხთა და სამკურნალო ტურიზმის განყოფილების გამგე, რევმატოლოგ-კურორტოლოგი თამარ ჩილინგარიშვილი.
-
ქალბატონო თამარ, წინათ ხალხი ჯერ მთაში მიდიოდა, შემდეგ მცირე ხნით ზღვაზე. აქვს თუ არა მნიშვნელობა რიგითობას და პირიქით თუ შეიძლება დავგეგმოთ დასვენება?
- დღეს, როდესაც ყველაფერი დროსა და ფინანსებს უკავშირდება, სქემები, რომლებიც წინათ იყო მოწოდებული კურორტოლოგიაში, აქტუალურობას კარგავს. ეს სქემები გულისხმობდა ჯერ მთის გამაკაჟებელ ანუ მატრენირებელ რეჟიმს ერთი თვით მაინც, შემდეგ - ზღვის გამაჯანსაღებელ კლიმატს ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. მთის კურორტზე ადაპტაცია, აკლიმატიზაცია 3-5 დღეს გრძელდება.
მთაში, როგორც ვიცით, ჟანგბადის ნაკლებობაა და ეს ორგანიზმში რთულ ფიზიკურ, ქიმიურ და იმუნურ ცვლილებებს იწვევს. თუ ბავშვის ან მოზრდილის ორგანიზმი ამისათვის არ არის მზად, ნაავადმყოფარია ან რაიმე დაავადება აქვს, მთის კლიმატით მკურნალობა საერთოდ არ არის ნაჩვენები. ზღვის კლიმატი D ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს.
ბავშვი ზღვაზე უმჯობესია სამი წლიდან წავიყვანოთ, თუმცა ბრტყელტერფიანობის, რაქიტისა და სკოლიოზის დროს ზღვის წყლის აბაზანები ნაჩვენებია უფრო ადრეულ ასაკშიც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით კარგია ურეკის ქვიშა. მაგრამ დასვენება არ უნდა გაგრძელდეს ორ კვირაზე მეტ ხანს და უმჯობესია დაემთხვეს სექტემბრის თვეს. ზღვის კურორტებზე აკლიმატიზაცია გაცილებით სწრაფად ხდება.
-
როგორ გავირუჯოთ?
- თუ გარუჯვა გვინდა, სანაპიროზე უნდა გავიდეთ დილის 11 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ. პირველ დღეს მზის აბაზანა უმჯობესია ნახევარ საათს გაგრძელდეს. შემდეგ ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ. რაც მთავარია, აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი მალამოები.
თეთრი კანის პატრონები ცუდად იტანენ მზის სხივებს, ძალიან იწვებიან და ეს მალამოები მათთვის აუცილებელია. თუ დავიწვით, კანი იმავე დღეს უნდა დამუშავდეს სპირტით, მეორე დღეს კი მოვერიდოთ მზეს. ამ წესების დაცვა საწინდარია იმისა, რომ ნორმალურად დავისვენებთ. არაფრით არ შეიძლება ლეღვის ნახარშის და იოდის ხსნარის წასმა რუჯის მისაღებად. არსებობს საშუალებები, რომლებიც თან იცავს კანს დამწვრობისგან და თან გარუჯვაში გვეხმარება.
-
ლაქებზე რას გვეტყვით?
- მათი გაჩენა პიგმენტ მელანინსა და ადამიანის მიდრეკილებაზეა დამოკიდებული. დამცავი მალამოების გამოყენება კი მეტ გარანტიას მოგვცემს, რომ ლაქები არ გაგვიჩნდება.
-
\არსებობს თუ არა შეზღუდვები ზღვის აბაზანების მიმართ?
- თალასოთერაპიულ კურორტებზე მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ შემთბარი ზღვის წყლის აბაზანები, რომლებიც შეიძლება 15 წუთამდე გაგრძელდეს. უკუჩვენებები იგივეა, რაც, საზოგადოდ, ბალნეოთეაპიის დროს: ნებისმიერი დაავადება მწვავე სტადიაში, სახსრების დაავადებები გამწვავების პერიოდში, გულის III ხარისხის უკმარისობა, პრეკანცეროგენული და ავთვისებიანი დაავადებები, კახექსია, ორსულობა.
-
ცურვასაც აქვს ლიმიტი?
- გააჩნია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ამ სისტემის ქრონიკული დაავადება დეკომპენსაციის სტადიაში, ფიზიკური დატვირთვა და დიდხანს წყალში ყოფნა დაუშვებელია.
-
ზაფხული კია, მაგრამ მაინც ხომ არ არსებობს გადაცივების საშიშროება?
- გადაცივება ზაფხულშიც შესაძლებელია. თუ ზღვაში მეტისმეტად დიდხანს დავრჩით, თავს იჩენს სისხლძარღვთამიერი რეაქცია, რეინოს სინდრომი: გალურჯება, აკროციანოზი. ასეთი რამ ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს. დოზირებული ცურვა უფრო სპორტული მედიცინის პრეროგატივაა - იკვლევენ გულის კუნთის მდგომარეობას და ამის შემდეგ უნიშნავენ. ჩვენი პრეროგატივაა ზღვის აბაზანები, არა ცურვა და კინეზოთერაპია, არამედ ზღვის წყლის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
-
რა დადებითი ეფექტი ახასიათებს ზღვის წყალს?
- ეს არის მაღალკონცენტრირებული მინერალური წყალი, რომელიც სხვადასხვა ზღვაში სხვადასხვანაირია. შავი ზღვის წყლის მინერალიზაცია საშუალოდ 15-17 გრამამდეა. შეიცავს ძალიან ბევრ მინერალს და ისეთივე ბალნეოთერაპიული ეფექტი აქვს, როგორიც გოგირდის წყალს. მისი ჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანის დაავადებები, ფსორიაზი.
ზღვის წყალში ყოფნა და ზომიერი ცურვა კარგია ძვალსახსროვანი სისტემის, ხერხემლის დაავადებების, სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გარკვეულ სტადიაში, თუ არ არის უკმარისობა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ვყოფილვარ შავი ზღვის სანაპიროზე ბულგარეთშიც და თურქეთშიც - ვერც ერთი ვერ შეედერება ჩვენს სანაპიროსა და ზღვას. ჩვენი ბუნებრივი პირობები ბევრად უკეთესია.
სამწუხაროდ, აფხაზეთის სანაპირო ზოლი ამჟამად არ არის ჩვენს იურისდიქციაში, მაგრამ ქობულეთი, ურეკი, გრიგოლეთი, ბათუმი საუკეთესო კარდიოლოგიური კურორტებია. თალასოთერაპიული მკურნალობა ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების - ნევროზების, ნევრასთენიების სამკურნალოდ.
-
საზღვარგარეთის კურორტებზეც მინდა გკითხოთ. ვისაც საშუალება აქვს, დასასვენებლად უცხოეთში მიდის. მარტო კომფორტშია საქმე თუ სხვა მიზეზიც არის?
- კომფორტი, სერვისი, ფასები... მე ეგეოსის ზღვაზეც ვყოფილვარ და ხმელთაშუა ზღვაზეც. იქ უმთავრესად აუზებში ბანაობენ, რადგან ზღვის წყალი საცურაოდ არ არის სასიამოვნო - ძალზე მაღალკონცენტრირებულია, თანაც მედუზებითაა სავსე. დღეს შეუძლებელია, კურორტი განვითარდეს მისი ძირითადი ფუნქციის გარეშე. სასტუმროები, რესტორნები, სხვა გასართობები ძალიან კარგია საკურორტო ინფრასტრუქტურისთვის და მნიშვნელოვანია, საზოგადოდ, დასვენებისთვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბათუმი არაჩვეულებრივი კარდიოლოგიური პროფილის კურორტია. პასიური კლიმატოთერაპიაც კი ძალიან კარგად მოქმედებს გულზე. მთავარია, მოხდეს მისი რეკლამირება ამ მიმართულებით.
ერთ-ერთი მოტივი უცხოელი დამსვენებლისთვის არის ჯანმრთელობა. მათ იმდენად ცოტა დრო აქვთ, რომ ყველაფერი ერთად უნდათ და ეს სამკურნალო ტურიზმი სწორედ იმით არის მიმზიდველი, რომ საქართველოში შეუძლიათ ერთი ტურისტული პაკეტით მიიღონ გართობა, თავგადასავალი, შემეცნება, - ვგულისხმობ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, - კლიმატი, ზღვის წყალი, მინერალური წყლები. სერვისიც მეტად მნიშვნელოვანია, თანდათანობით ისიც უნდა განვითარდეს... მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა: როდესაც ამდენი რამ კეთდება რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, რატომ არ შეიძლება, საპროცედუროებიც გაკეთდეს? ეს ხომ კიდევ უფრო მიმზიდველია, კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყაროა.
-
ზღვის კონცენტრაცია ახსენეთ და მინდა, გკითხოთ მკვდარი ზღვის სამკურნალო თვისებების შესახებ - ის ხომ ყველაზე მდიდარია მინერალებით და ყველაზე კონცენტრირებულია.
- მკვდარი ზღვის ტალახი ძალიან კარგია ფსორიაზის სამკურნალოდ, თუმცა ცურვა ამ წყალში, რამდენადაც ვიცი, დიდად სასიამოვნო არ არის. აქცენტი უმთავრესად ტალახზე კეთდება. მაგრამ როდესაც საქმე მკურნალობას ეხება, ახტალის ტალახის პატრონებს მკვდარ ზღვაზე რა გვინდა? ახტალის ტალახს ბალნეოლოგიურ კურორტზე დღემდე ვიყენებთ როგორც აბაზანებისთვის (გოგირდიან მინერალურ წყალში განზავებულს), ასევე ადგილობრივი აპლიკაციებისთვის ფსორიაზის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის და სხვა დაავადებების დროს.
-
ხომ არ მოითხოვება კვების განსაკუთრებული რეჟიმი ზღვაზე დასვენების დროს?
- უნდა მივიღოთ მეტი სითხე, უმთავრესად - ხილის წვენები, ვერიდოთ ცხიმიან საკვებს.