ჭურჭელი ბავშვისთვის
დამოკიდებული იმაზეც, როგორ ჭურჭელში მზადდება ესა თუ ის კერძი - მომზადებისას ხომ შეიძლება, მავნე ნივთიერებების ნაწილი ჭურჭლიდან საკვებში გადავიდეს.
უჟანგავი ფოლადი
ყველაზე უსაფრთხოდ უჟანგავი ფოლადი მიიჩნევა. უჟანგავი ლითონი, რომლისგანაც სამზარეულოს ჭურჭელს ამზადებენ, ქრომსა და ნიკელთან (18% ქრომი და 10% ნიკელი) რკინის შენადნობს წარმოადგენს. ასეთი მასალის მთავარი ღირსება საკვებში არსებული აგრესიული ფაქტორების მიმართ გამძლეობაა.
უჟანგავ ჭურჭელში ნებისმიერი საკვების – როგორც წვნიანის, ისე ფაფის - მომზადება შეიძლება. მომზადებისას კერძს არც გემო ეცვლება, არც ფერი. ამასთანავე, უჟანგავი ფოლადი ჰიგიენურიც არის - ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას (შემთხვევითი როდია, რომ ქირურგიულ ინსტრუმენტებს ამ შენადნობისგან ამზადებენ). აღნიშნული თვისებების გამო ფოლადის ჭურჭელში მომზადებული საკვები უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვარგისობას. ყველაფერთან ერთად, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი იოლად ირეცხება, არ იჟანგება და დიდხანს გემსახურებათ. სითბოს დაბალი გამტარობის გამო მასში მომზადებული კერძი დიდხანს არ ცივდება.
შეძენისას
- შეამოწმეთ, რამდენად სქელია ქვაბის ფსკერი და კედლები. თხელი ჭურჭელი გაცხელებისას ადვილად დეფორმირდება და მალე ფუჭდება.
- შეამოწმეთ, კარგად ეხურება თუ არა ქვაბს სახურავი.
მოვლა
- გარეცხვის შემდეგ ჭურჭელი კარგად გაამშრალეთ.
- თუ ფსკერზე საკვებია მიმწვარი, ჩაასხით ქვაბში თბილი წყალი და დატოვეთ 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ.
- საკვებს მარილი მხოლოდ ადუღების შემდეგ ჩაამატეთ, რათა ჭურჭლის ფსკერზე თეთრი ლაქების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ.
- შეძლებისდაგვარად ერიდეთ უხეში ჯაგრისისა და აბრაზიული სახეხი საშუალებების გამოყენებას.
მომინანქრებული ჭურჭელი
მომინანქრებულ ჭურჭელს უსაფრთხოების მიხედვით მეორე ადგილი უკავია. მას თუჯის ან ლითონთა შენადნობისგან ამზადებენ და მინანქრის რამდენიმე ფენით ფარავენ. Mმინანქარი ლითონს დაჟანგვისგან იცავს, ასე რომ, მასში მომზადებული საკვებით მოწამვლის საფრთხე აღარ გვემუქრება. მინანქრის თანამედროვე ჭურჭელი ძალიან გამძლეა. ის შეუვალია არსებული მარილების, Mმჟავებისა და ტუტე რეაქციის ნივთიერებათა ზემოქმედების მიმართ, ამიტომ მასში მხოლოდ საკვების მომზადება კი არა, ნებისმიერი პროდუქტისა თუ მზა კერძის შენახვაც შეიძლება. ასეთი ჭურჭელი ადვილად ირეცხება და თუ სათანადოდ მოუვლით, დიდხანს მოგემსახურებათ. მომინანქრებული ქვაბი რძიანი ფაფის მოსამზადე-ბლად მოუხერხებელია – ფსკერი კერძს ადვილად მიიწვავს. სამაგიეროდ, იდეალურია სუპისა და კომპოტისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ მომინანქრებული ჭურჭელი უნაკლო არ არის. დროთა განმავლობაში მას ნაკაწრები და ნახეთქები უჩნდება. ეს მით უფრო მალე მოხდება, რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ რეცხვისას მაგარ ჯაგრისს და აბრაზიულ სახეხ საშუალებებს. დაზიანებული ჭურჭელი უვნებელი აღარ არის - შესაძლოა, ნახეთქებიდან საკვებში ლითონის ტოქსიკური ელემენტები გადა-ვიდეს. არ არის გამორიცხული საკვებში მინანქრის ნატეხების მოხვედრაც, მახვილწვერა ნატეხმა კი, ადვილი შესაძლებელია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დააზიანოს. ასე რომ, დაზიანებულ ჭურჭელს დროზე უნდა შეველიოთ.
შეძენისას
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის კედლების სისქეს. იდეალურია 4-5 მილიმეტრი. ასეთი ჭურჭელი თანაბრად თბება. გარდა ამისა, რაც უფრო სქელია მომინანქრებული ჭურჭელი, მით უფრო უკეთ უძლებს დარტყმას და ძნელად ზიანდება.
- სასურველია, მომინანქრებულ ჭურჭელს კიდეზე უჟანგავი ფოლადის არშია გასდევდეს.Eეს მის კიდეს მინანქრის ჩამოტეხისგან დაიცავს.
მოვლა
- არასოდეს გამოიყენოთ მომინანქრებული ჭურჭლის გასაწმენდად აბრაზიული საწმენდი საშუალება და უხეში ჯაგრისი.
- თუ ქვაბმა კერძი მიიწვა, ჩაასხით შიგ თბილი წყალი, 2 საათს დატოვეთ და მერე გარეცხეთ.
- ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ მერყეობას, ნუ ჩაასხამთ ძალიან ცივ ჭურჭელში ძალიან ცხელ წყალს და პირიქით.
- ნუ დადგამთ დიდ ქვაბს მეტისმეტად პატარა გამათბობელ ხელსაწყოზე.
- გამუქებული ჭურჭელი პირვანდელ ფერს დაიბრუნებს, თუ მას ძმრიანი ნაჭრით გავწმენდთ და შემდეგ კარგად გავრეცხავთ.
თუჯი
მართალია, ამ მასალისგან დამზადებულ ჭურჭელს ჯერ კიდევ ჩვენი დიდი ბებიები იყენებდნენ, მაგრამ ამის გამო მასზე უარის თქმა არ ღირს. თუჯის ჭურჭლის უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ მისი ძირითადი კომპონენტია რკინა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე ნაკლებად ტოქსიკურ და აგრესიულ მასალად ითვლება. განსაკუთრებით მოხერხებულია თუჯის ჭურჭელი ხანგრძლივი ხარშვისა და შუშვისთვის. მასში შესანიშნავი ფლავი, მოშუშული კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხორცის რაგუ მზადდება – კერძი თანაბრად იშუშება და არც ფსკერი იწვება. გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ დეფორმირდება, არ იკაწრება და დიდხანს გემსახურებათ.
შეძენისას
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭურჭლის ფსკერი გლუვი იყოს. მისი უსწორმასწორობა ნაწარმის დეფექტზე მეტყველებს.
- ფსკერი საკმარისი სისქის უნდა იყოს, რათა დეფორმაცია არ განიცადოს.
მოვლა
- ახალშეძენილი ჭურჭელი საპნიანი წყლით გარეცხეთ (ის ტექნიკური ზეთით არის დაფარული) და გააშრეთ. შემდეგ ფსკერზე 1 სმ სისქეზე დაყარეთ მარილი და ჭურჭელი 2-3 საათით ცეცხლზე გამოწვით.Aამის შემდეგ მარილი გადმოყარეთ და ფსკერზე მცენარეული ზეთი მოუსვით.
- ჭურჭელი ყოველი გარეცხვის შემდეგ კარგად გააშრეთ.
- მიმწვარ საკვებს ადვილად მოაცილებს მარილი.
- თუ ჭურჭელს ჟანგი გაუჩნდა, ზეთი წაუსვით და 1,5-2 საათით ღუმელში გამოწვით.
- ეცადეთ, ჭურჭელი ძირს არ დააგდოთ - დარტყმისაგან თუჯი შეიძლება გასკდეს.
ჭურჭელი, რომლის ფსკერიც არ იწვის
ასეთი მასალის ჭურჭელი უკვე მრავალმა დიასახლისმა დააფასა სათანადოდ. მის გლუვ და პრიალა ფსკერს არასოდეს არაფერი ეკვრის და ადვილადაც ირეცხება. ბოლო ხანს პრესაში გაჩნდა შემაშფო-თებელი ინფორმაცია ასეთი ჭურჭლის მავნებლობის შესახებ. წერენ, თითქოს მისი ორთქლი იწვევს თავის ტკივილსა და თავბრუხვევას, ჭურჭლის პოლიმერები საკმაოდ ტოქსიკურია და ასე შემდეგ. კვლევებმა კი აჩვენა, რომ მსგავს განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია - დაუზიანებელი ჭურჭელი არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მიაქციეთ ყურადღება: ლაპარაკია დაუზიანებელ ჭურჭელზე. თუ მისი ზედაპირის მთლიანობა დაირღვა, ჭურჭელი უვარგისად უნდა მივიჩნიოთ და გადავაგდოთ, რადგან დაშლილი პოლიმერიდან ტოქსიკური მონომერები საკვებში გადადის.
შეძენისას
- აიღეთ ჭურჭელი ხელში, შეაფასეთ მისი წონა. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად მსუბუქი. თუ წონა 500 გრამზე ნაკლებია, ესე იგი მასალად მეტისმეტად მსუბუქი შენადნობებია გამოყენებული და მოსალოდნელია, ჭურჭელმა მალე დაკარგოს ფორმა, შედეგად კი ის საფარიც დაზიანდება, რომელიც ფსკერს დაწვისგან იცავს.
- შეამოწმეთ, როგორ არის მიმაგრებული სახელური. თუ ის შიგნიდანაა დამაგრებული, დიდია რისკი, დაწვის საწინააღმდეგო საფარი უკვე დაზიანებული იყოს.
- უფრო გამძლეა ჭურჭელი, რომელსაც საცრის მსგავსი საფარი აქვს.
მოვლა
- საკვების მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ ხის ან პლასტმასის კოვზი, რათა ჭურჭლის ზედაპირი არ დაიკაწროს.
- ახალ ჭურჭელში თავდაპირველად 2-3-ჯერ აადუღეთ წყალი.
- გასარეცხად არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისი და აბრაზიული სახეხი საშუალება.
- ცხელ ჭურჭელს ცივ წყალს ნუ დაასხამთ - ამან შესაძლოა ფსკერის დეფორმაცია გამოიწვიოს.
ალუმინი
როდესაც საშიში ჭურჭლის შესახებ ვსაუბრობთ, გვერდს ვერაფრით ავუვლით ალუმინის ნაწარმს - ის ყველაზე მავნე მასალად მიიჩნევა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, მსგავსი შეხედულება საფუძველს მოკლებულია. რა თქმა უნდა, ალუმინი, რომელიც ჭურჭლის კედლებიდან გამოიყოფა და საკვებში ხვდება, სასარგებლო არ არის, მაგრამ თუ ჭურჭელს სწორად გამოვიყენებთ, საფრთხე აღარ დაგვემუქრება. ალუმინის ჭურჭელში თამამად შეიძლება მოვამზადოთ მაკარონი, კარტოფილი, მჭლე ხორცის ბულიონი, ფაფა. წვნიანი კერძებისა და კომპოტებისათვის კი უმჯობესია სხვა ჭურჭელი გამოვიყენოთ, რადგანაც მჟავა ან ტუტე გარემოში ალუმინის ხსნადობა რამდენჯერმე იმატებს.Aარ არის რეკომენდებული ალუმინის ჭურჭელში მზა საკვების შენახვაც.
მოვლა
- ნუ გაწმენდთ ალუმინის ჭურჭელს ლითონის ჯაგრისით. ჰაერთან კონტაქტისას ალუმინის ზედაპირზე წარმოიქმნება თხელი დამცავი ფენა, რომელიც ლითონის იზოლაციას ახდენს, მეტალის საწმენდი კი ამ ფენას აზიანებს და ინტოქსიკაციის რისკს ზრდის.
- თუ ასეთი საწმენდი მაინც გამოიყენეთ, ჭურჭელში კერძი 1-2 დღეს აღარ მოამზადოთ, რათა დამცავი ფენა აღდგეს.