ჩემი დედიკო გათხოვდა
როგორ დავეხმარო ჩემს შვილს, უმტკივნეულოდ მიიღოს ახალი “მამა”.
ოჯახში უცხო ადამიანის შემოსვლა ბავშვისთვის სტრესია. ჩვენზე, უფროსებზეა, დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა ის ამ სტრესთან გამკლავებას და მოახერხებს თუ ვერა თქვენი მეუღლე, მამა თუ არა, მეგობარი მაინც გახდეს თქვენი შვილისთვის. სამწუხაროდ, პატარები ხშირად ცუდად იღებენ მამინაცვალს.
“საიდან ამდენი აგრესია?” - ეკითხებით საკუთარ თავს. ეს იოლი ასახსნელია. ცხოვრების ახალი თანამგზავრის გამოჩენას წინ უძღოდა შესაძლოა რთული, მაგრამ სტაბილური პერიოდი. პატარა მიჩვეული იყო თქვენთან ერთად ცხოვრებას, თუნდაც უმამოდ. მის სამყაროში ახალი ადამიანის შემოსვლამ დამკვიდრებულ ჰარმონიას საფრთხე შეუქმნა.
თუ ადრე ბავშვს გვერდით ნამდვილი მამა ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ახლაც ჩნდება მის ცხოვრებაში, მას უფრო მეტად გაუჭირდება ახალ მდგომარეობასთან შეგუება. მამისგან მოშორებით მცხოვრები ბავშვი აიდეალებს მას, უყვარს ის და ენატრება.
ბავშვის უხეში გამოხტომები ხშირად უპასუხოდ რჩება: თქვენს ქმარს მიაჩნია, რომ არ აქვს უფლება, შენიშვნა მისცეს პატარა მეამბოხეს. თქვენ კი გეცოდებათ ის და ბავშვი უმართავი ხდება. მაგრამ ურთიერთობის მოგვარება საჭიროა. ამაში მოთმინება და სიყვარული დაგეხმარებათ.
-
რჩევა მამინაცვალს: მოიკრიბეთ მოთმინება!
ქალები შვილებს თავიანთ ნაწილად მიიჩნევენ. თუ გიყვართ ბავშვის დედა, მაგრამ გიჭირთ თავად ბავშვის ატანა, ის ალბათ ვერ იქნება ბედნიერი თქვენ გვერდით.
- ახლახან შეძენილი პირმშოს მიმართ ძლიერი გრძნობა შესაძლოა არ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, არ მოახდინოთ ამის დემონსტრირება. ამბობენ, რომ საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოს მამამ ბავშვისთვის, ის არის, უყვარდეს მისი დედა. მამინაცვალს ეს უფრო მეტად მოეთხოვება.
- ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე პატარას მტრულ დამოკიდებულებას. უნდა შეიგნოთ, რომ ის უშუალოდ თქვენკენ არ არის მომართული - თქვენს ადგილას ნებისმიერი ადამიანი იმავე რეაქციას გამოიწვევდა.
- ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ბავშვს მალე შეუყვარდებით. ასე იშვიათად ხდება. ურთიერთობის დასალაგებლად დროა საჭირო. იყავით მომთმენი - თქვენ ხომ უპირატესობა გაქვთ, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება.
- ნუ მოითხოვთ, მაშინვე დაგიძახონ მამა - ამისთვის ბავშვს შინაგანი წინააღმდეგობის, რთული ბარიერის გადალახვა მოუწევს.
- ყველაფრის უფლებას ნუ მისცემთ, ზომიერი სიმკაცრე აუცილებელია. ამასთან, ბავშვი ზოგჯერ არ სცემს პატივს იმას, ვისაც არ შესწევს უნარი, მას წესრიგისკენ მოუწოდოს.
-
რჩევა დედას: ერიდეთ შედარებას
- ნუ განიცდით, რომ ქმარს თქვენ უფრო ძლიერ უყვარხართ, ვიდრე თქვენი შვილი. სიყვარულს არ მოითხოვენ, ის თავისთავად ჩნდება. დროა საჭირო, რათა თქვენმა შვილმა მამინაცვალს თბილი გრძნობები აღუძრას.
- თავი არიდეთ მამინაცვლის ნამდვილ მამასთან შედარებას. თუნდაც უპირატესობა მამინაცვლის მხარეს იყოს - ბავშვს შეფასებების საკუთარი სისტემა აქვს და შესაძლოა საპირისპირო შედეგი მიიღოთ.
- აგრძნობინეთ შვილს, რომ, თუმცაღა თქვენს ოჯახში ახალი წევრი გაჩნდა, ის ადრინდელზე ნაკლებად არ გეყვარებათ; ის ყოველთვის თქვენი უსაყვარლესი ადამიანი იქნება.
- თუ ბავშვი და მამინაცვალი ჩხუბობენ ან კამათობენ, ეცადეთ, არ დაიკავოთ არც ერთის მხარე - თითოეულ მათგანს ხომ თავისი სიმართლე აქვს. შეასრულეთ მომრიგებელი მოსამართლის როლი, რომელიც ორ მტრულად განწყობილ ადამიანს შეარიგებს.
- წააქეზეთ მეუღლე, მეტი დრო დაუთმოს ისეთ საქმიანობას, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება, რომელშიც ყველა ჩაებმება.
- ურთიერთობა ლაგდება უშუალო კომუნიკაციის პროცესში, როცა ყველა საერთო საქმეზეა კონცენტრირებული. მოიფიქრეთ ოჯახური ტრადიციები და დაიცავით ისინი - ამით უფრო მეტად დაუახლოვდებით ერთმანეთს.