რატომ უნდა იყოს ბავშვისთვის მშობელი თანატოლზე მნიშვნელოვანი
თვითმოტივაციისთვის აუცილებელია ინტეგრაციული აზროვნება - აზროვნება, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად მოიცვას ურთიერთსაპირისპირო აზრები და გრძნობები. როცა ბავშვს კარგად აქვს განვითარებული ინტეგრაციული აზროვნების უნარი, სკოლის გაცდენის სურვილს ერწყმის მოუსვენრობა გაცდენილი გაკვეთილების გამო, ხოლო დილით კარგად გამოძინების მოთხოვნილებას - გაკვეთილზე დაგვიანების შიში; წარმატების სურვილი თრგუნავს გაკვეთილზე ცელქობის სურვილს, უსიამოვნებათა შიში კი - დაუმორჩილებლობისას.
ინტეგრაციული სწავლება წარმატებულად რომ მიმდინარეობდეს, ბავშვი საკმაოდ მოწიფული უნდა იყოს, რათა გაუმკლავდეს გაუბედაობას - ის მშვიდად უნდა განიცდიდეს შერეულ გრძნობებს, ფიქრის შედეგად იცვლიდეს აზრს, გრძნობდეს განსხვავებულ ემოციებს.
გამაწონასწორებელი ელემენტის გამოსავლენად ბავშვს სჭირდება ძლიერი მიჯაჭვულობა. სწორედ გამაწონასწორებელი ელემენტია ის, რაც სწავლებაზე ნეგატიურად მოქმედ იმპულსებს თრგუნავს.
ბავშვს უნდა შესწევდეს უნარი, შეიგრძნოს ღრმად და მტკივნეულად. მაგალითად, ის იმდენად უნდა იყოს მიჯაჭვული მშობლებს ან მასწავლებლებს, რომ აღელვებდეს მათი აზრი, მისდამი განწყობა, შეფასებები, მოლოდინი და ის ფაქტი, ხომ არ დასცილდნენ მას უფროსები.
მოსწავლე ემოციურად უნდა იყოს დაინტერესებული სწავლით, შემეცნების პროცესი მისთვის საინტერესო უნდა იყოს. გულგრილობა სწავლების პროცესის პარალიზებას ახდენს და შეუძლებელს ხდის ბავშვის განსწავლას.
ინტეგრაციული აზროვნება აუცილებელია იმისთვის, რომ სწავლა არ იქცეს უბრალო ზეპირობად. ამოცანის ამოსახსნელად ბავშვი რამდენიმე პროექციაში უნდა აზროვნებდეს - მხოლოდ ფაქტებს კი არ ხედავდეს, არამედ სწვდებოდეს საგანთა და მოვლენათა არსს, ესმოდეს მათი აზრი, აღიქვამდეს მეტაფორებს, შეეძლოს ძირითადი კანონების აღმოჩენა.
მოსწავლემ უნდა იცოდეს, როგორ დაინახოს მთავარი და “ჩამოაცილოს” მას მეორეხარისხოვანი და პირიქით, შეეძლოს ნაწილებისგან ჰარმონიული მთელის აგება. ყველაფერი, რაც კონკრეტული აზროვნების ჩარჩოებს სცილდება, ინტეგრაციულ აზროვნებას მოითხოვს.
ისევე, როგორც სივრცითი მხედველობისთვის გვჭირდება ორი თვალი, სრულფასოვანი სწავლებისთვისაც აუცილებელია საგნების მინიმუმ, ორი მხრიდან დანახვის უნარი. როცა აზროვნება ერთგანზომილებიანია, იგი მოკლებულია სიღრმესა და პერსპექტივას. ამგვარად მოაზროვნე ადამიანს არ გააჩნია სინთეზისა და ანალიზის, ჭეშმარიტებისა და ღრმა აზრის წვდომის უნარი, არ შეუძლია კონტექსტის გათვალისწინება, ერთმანეთისგან ვერ არჩევს ხატსა და ფონს.
ნიჭიერება იმთავითვე არ გულისხმობს ინტეგრაციული აზროვნების არსებობას. ინტეგრაციული აზროვნება ზრდის პროდუქტია, თანატოლებზე ორიენტაცია მას მხოლოდ აფერხებს. უმწიფარ ადამიანს არ შეუძლია, ინტეგრაციული აზროვნების უნარი განივითაროს.
სამწუხაროდ, პედაგოგიკა და სასწავლო გეგმა ხშირად ორიენტირებულია ინტეგრაციული უნარის როგორც საწყისი მოცემულობის არსებობაზე. ამავე დროს პედაგოგები ვერ გრძნობენ, რა აკლიათ ბავშვებს, ვერ ხვდებიან, რას ეჯახებიან, როცა მათი აზროვნებისა და ქცევის რეგულირებას ცდილობენ. უფროსები აიძულებენ ბავშვებს რაღაცის კეთებას, თუმცა ეს მათ გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება, და როცა შედეგს ვერ იღებენ, სჯიან მათ წარუმატებლობის გამო.
მას, ვისაც ინტეგრაციული აზროვნება აქვს, მიაჩნია, რომ ყველა მასავით აზროვნებს, თუმცა თანამედროვე მოსწავლეებზე ამას ვერ ვიტყვით. ბავშვები, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრაციული აზროვნება, არ არიან მგრძნობიარენი აღზრდის არსებული მეთოდების მიმართ, მათთან სხვაგვარი მიდგომაა საჭირო.
თანატოლებზე ორიენტირებული მოზარდები, როგორც წესი, სუსტი მოსწავლეები არიან, მათი აზრები, გრძნობები, ქმედებები გაუწონასწორებელია.
-
თანატოლებზე ორიენტაცია მასწავლებლებს მოსწავლეებს ართმევს
მოწიფულ ახალგაზრდებს სწავლაში მიჯაჭვულობა ეხმარება. რაც უფრო ნაკლები აქვს ბავშვს ჩამოყალიბების ენერგია, ინტეგრაციული და ადაპტაციური უნარი, მით მეტადაა ის დამოკიდებული მიჯაჭვულობაზე. სწორედ მიჯაჭვულობის წყალობით ახერხებენ მშობლები და მასწავლებლები ბავშვის ყურადღების მიპყრობას, მისი პატივისცემის მოპოვებას, ბავშვის გარდაქმნას დამჯერ არსებად, რაც აუცილებელია წარმატებული სწავლებისთვის.
უფროსებზე ორიენტირებული ბავშვები მათ უყურებენ როგორც ორიენტირებს, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განსაზღვრო, საით და როგორ იმოძრაო. ამ შემთხვევაში ბავშვები მასწავლებლის ერთგულნი უფრო იქნებიან, ვიდრე თანატოლებისა და აღიქვამენ მას მისაბაძ პიროვნებად, ავტორიტეტად, შთაგონების წყაროდ.ბავშვების მიჯაჭვულობა მასწავლებელს სძენს ბუნებრივ ძალას, აკონტროლოს მათი ქცევა, გაუღვიძოს კეთილი ზრახვები, შთაუნერგოს საზოგადოებრივი ფასეულობები.
ინ იქნება მასწავლებლის როლში თანატოლებზე ორიენტირებული ბავშვისთვის? რა თქმა უნდა, არა მასწავლებელი.
როცა ბავშვი თანატოლებზეა ორიენტირებული, ნამდვილი სწავლება მიმდინარეობს სკოლის გარეთ და იმას, რასაც იგი სწავლობს, არაფერი აქვს საერთო სასწავლო პროცესთან. მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელი სერტიფიცირებულია, ბავშვი მას ავტომატურად არ მიეჯაჭვება, არ მიენდობა. როცა მიჯაჭვულობა გამრუდებულია, მასწავლებელი უსარგებლო ხდება, რა ნასწავლი, მიზანსწრაფული და პატივცემულიც არ უნდა იყოს. რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ გვინდა დამცირება მასწავლებლისა, რომელსაც თავისი საქმე გულწრფელად უყვარს, აქვს კარგი განათლება, მდიდარი გამოცდილება, სათანადო სასწავლო გეგმა და წვდომა თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებზე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ბავშვების ყურადღების მოსაპოვებლად.
ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა მასწავლებელი უყვართ და მიაჩნიათ, რომ ისიც იმავე გრძნობით პასუხობს. როგორც ცნობილია, გზა ბავშვის აზრებისკენ მის გრძნობებზე გადის.
(გაგრძელება იქნება)