ბავშვი და მსოფლიო საინფორმაციო ქსელი
ინტერნეტში შესვლისას პატარა მომხმარებელს ხელი მიუწვდება ყოველგვარ ინფორმაციაზე, მათ შორის - სექსუალურზე, ძალადობრივზე, დისკრიმინაციულზე, ამიტომ ეცადეთ, 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი მარტო არ დატოვოთ მსოფლიო ქსელში. შეისწავლეთ და აითვისეთ ინტერნეტი ერთად:
- აჩვენეთ ბავშვს, როგორ ისარგებლოს საძიებო სისტემებით. მიმართეთ მისი ყურადღება და ძალისხმევა გარე სამყაროს შეცნობისაკენ.
- აუხსენით, რომ ინფორმაცია, რომლის მიღებაც შესაძლებელია ინტერნეტით, ყოველთვის არ არის მართალი, ამიტომ აუცილებლად უნდა გადაამოწმოს დამატებით წყაროებში (წიგნებში, გაზეთებში, ჟურნალებში). თუ გულწრფელად დაინტერესდებით იმით, რაც იტაცებს თქვენს შვილს, ის თქვენს რჩევებს მიიღებს.
- ერთად შეადგინეთ საბავშვო საიტების სია. დაამატეთ ის “რჩეულ” პაკეტს. ეს ჩამონათვალი უნდა შეივსოს თქვენი თანხმობით. შეუთანხმდით ბავშვს, ეწვიოს მხოლოდ ამ სიაში მითითებულ საიტებს.
- უამბეთ მას “უფროსებისთვს” განკუთვნილი საიტების შესახებ. რაკი არასასურველი საიტების დაბლოკვა შეუძლებელია, უმჯობესია, ბავშვმა თქვენგან გაიგოს მათ შესახებ. აუხსენით, რომ ასეთი საიტები, როგორც წესი, დაავადებულნი არიან ვირუსებით, რომელთაც შეუძლიათ კომპიუტერში არსებული ყველა ფაილის, მათ შორის - მისი საყვარელი თამაშების, მულტფილმების, ფოტოსურათების განადგურება. ეს არგუმენტი აუცილებლად გაჭრის.
- პირობა ჩამოართვით, რომ გაცნობებთ ყველაფერს, რაც შეაშინებს ან შეაშფოთებს.
აუცილებელი შეზღუდვები
არსებობს რამდენიმე ხერხი, რათა ბავშვს საეჭვო საიტებზე წვდომა შევუზღუდოთ. ახალ საოპერაციო სისტემებში, ასევე - ანტივირუსულ პროგრამებში ჩართულია სპეციალური ფუნქცია - “მშობელთა კონტროლი”, რომელიც მასალების გაფილტვრის საშუალებას იძლევა. არსებობს სპეციალური პროგრამებიც, რომლებიც ამგვარი კონტროლისთვის არის განკუთვნილი. მათი მეშვეობით შესაძლებელია:
- არასასურველი საიტების დაბლოკვა, მათ შორის - თამაშების მოყვარულთათვის განკუთვნილი საიტებისაც - ზოგიერთი თამაში ხომ ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე, ზრდის აგრესიას;
- ბავშვის მიერ ნანახი საიტების აღრიცხვა;
- კომპიუტერთან ურთიერთობის ხანგრძლივობის შეზღუდვა. ამრიგად, შეგიძლიათ, გამოუყოთ ბავშვს კვირის განსაზღვრული დღეები და საათები. როცა ეს დრო ამოიწურება, პროგრამა სისტემიდან იძულებით გამოსვლას უზრუნველყოფს.
თუ აირჩევთ ბლოკირების მაღალ ხარისხს (არსებობს საშუალო და დაბალი ხარისხიც), ბავშვს მხოლოდ იმ საიტებზე შეეძლება შესვლა, რომლებიც 8-დან 12 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.
შეამოწმეთ კონტაქტები
შექმენით საოჯახო ელექტრონული საფოსტო ყუთი, რათა ბავშვმა მხოლოდ ამით ისარგებლოს - ამგვარად თვალს მიადევნებთ მის მიმოწერას. სოციალურ ქსელში მისი პირადი პროფილი ხელმისაწვდომი გახადეთ მხოლოდ ნაცნობებისთვის. შეამოწმეთ კონტაქტების სია, კითხვები მეგობართა სიაში ჩასართავად. ჩართეთ დამცავი სისტემა, გაააქტიურეთ სტატუსი “უჩინარი” - ბავშვი შეძლებს ურთიერთობას მხოლოდ მათთან, ვისაც იცნობს. აუხსენით ბავშვს, რომ ენდობით, მაგრამ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავთ.
ხუთი “არას” წესი
ასწავლეთ ბავშვს:
1. არ გაამჟღავნოს თავისი ვინაობა - ინტერნეტმიმოწერის დროს არ გამოიყენოს თავისი ნამდვილი სახელი. მოიფიქრეთ მეტსახელი (ნიკი), რომელიც არ შეიცავს პირად ინფორმაციას.
2. არ უამბოს სხვას საკუთარ თავზე - არ გასცეს თავისი გვარი, ტელეფონის ნომერი, ბინის მისამართი, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ.
3. არ დათანხმდეს შეხვედრაზე ინტერნეტმეგობრებს - ისინი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთები, როგორადაც აჩვენებენ თავს.
4. არაფერი შეიძინოს ინტერნეტით.
5. არ ჩამოტვირთოს ვიდეო- თუ მუსიკალური ფაილები და პროგრამები - მათთან ერთად შეიძლება კომპიუტერში ვირუსი მოხვდეს.