მეტყველების დარღვევათა კორექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტყველების დარღვევათა კორექცია

- მეტყველების ყველაზე გავრცელებული მოშლილობაა დისლალია - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას ან წარმოთქვამს დამახინჯებულად, უსუფთაოდ. დისლალიას განეკუთვნება მდგომარეობებიც, როცა ადამიანი რომელიმე ერთ ბგერას ყოველთვის ანაცვლებს მეორე ბგერით, მაგალითად ხშირია რ-ლ-ს დიფერენცირების დარღვევა, გ-დ, კ-ტ და ქ-თ ბგერათა ერთმანეთის ნაცვლად გამოყენება. რაც შეეხება უსუფთაო წარმოთქმას, ამ კუთხით ყველაზე ხშირია სიგმატიზმი - შიშინა და სისინა ბგერების დარღვევა, აგრეთვე როტაციზმი, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერა რ-ს და ლამბდაციზმი - ლ ბგერის წარმოთქმის დარღვევა.

- რა გზით არის შესაძლებელი ამ დარღვევათა გამოსწორება?

- მეტყველების თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის პირის ღრუსა და საარტიკულაციო აპარატის საგულდაგულო დათვალიერება, შემოწმება. ზოჯერ ბგერათა უსუფთაო წარმოთქმა სწორედ საარტიკულაციო აპარატითაა პროვოცირებული ანუ ენის, სასის, ხახის თანდაყოლილ პათოლოგიებს, არასწორ თანკბილვასა და სხვა ორთოდონტიულ ან ნევროლოგიურ პათოლოგიებს უკავშირდება. თუ დარღვევა ამ ტიპის მიზეზითაა პროვოცირებული, ჯერ ის უნდა გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს მეტყველების თერაპია. თუ მსგავსი რამ გამორიცხულია, პირდაპირ იწყება ბგერის კორექცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად.  პირველი ეტაპი - მოსამზადებელია, იგი მიზნად ისახავს საარტიკულაციო აპარატის მომზადებას ბგერის წარმოსათქმელად და მოიცავს ენის, ტუჩების, ყბების ვარჯიშებს. მეორე ეტაპი სწორი არტიკულაციის გაცნობაა, რომელიც თითოეული ბგერისთვის მკაცრად განსაზღვრულია. ამ ეტაპზევე ხდება ბგერის სმენითი განსხვავება, ანუ პაციენტმა კარგად უნდა დააფიქსიროს, თუ რა ტიპის ბგერის მიღწევაა აუცილებელი. იმ შემეთხვევაში, თუ შედარებით მაღალი ხარისხითაა გამოხატული საარტიკულაციო აპარატის მოდუნება ან პირიქით ჰიპერტონუსი, დამხმარე მეთოდის სახით ვატარებთ ენის, ტუჩებისა და ყბების როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (აპარატით) მასაჟს. ბგერის სმენითი აღქმის გასაძლიერებლად გამოიყენება ელექტრორეფლექსოთერაპია, რათა დაჩქარდეს ბგერის დაყენება. მესამე ეტაპი უშუალოდ ბგერის დაყენებაა და იგი მაშინ სრულდება, როდესაც პაციენტი შეგნებულად, დაფიქრებით ახერხებს ბგერის სწორად წარმოთქმას. შემდეგ იწყება ბგერის ავტომატიზაციის ეტაპი, როდესაც უკვე დაყენებული ბგერა საუბრისას სიტყვებში, ფრაზებსა და წინადადებებში უნდა ჩამაგრდეს, რის შემდეგაც პრობლემა დაძლეულად მიიჩნევა.

- საშუალოდ რამდენი ხანი სჭირდება დისლალიის მკურნალობას და როდის არის რეკომენდებული მისი დაწყება?

- სასურველია, ბგერათა არასწორი წარმოთქმის კორექცია მოხდეს სკოლამდელ ასაკში, რათა პატარას თავიდან ავაცილოთ სკოლაში არასწორი წარმოთქმით გამოწვეული უამრავი როგორც აკადემიური, ისე ფსიქოლოგიური სტრესი. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მართალია ბგერათა არასწორი წარმოთქმა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ მას შეუძლია, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მოაყენოს, შეაფერხოს მისი განვითარება და პროფესიული წინსვლა, ამიტომ უმჯობესია, მშობლებმა, შეამჩნევენ თუ არა შვილს ამას, მიმართონ მეტყველების თერაპევტს, რადგან ადრეულ ასაკში ნებისმიერი ტიპის დისლალიის აღმოფხვრა, თუ იგი თანდაყოლილი პათოლოგიით არ არის გამოწვეული, შესაძლებელია 3-6-თვემდე, მაშინ როდესაც მოზრდილ ასაკში მკურნალობის ხანგრძლივობა რამდენჯერმე იზრდება და შედეგიც ყოველთვის სასურველი როდია.

- დისლალია თითქმის ყველა სმენადაქვეითებული ბავშვის პრობლემაა თუ არსებობს განსხვავებებიც კორექციის კუთხით?

- სმენის დაქვეითებით პროვოცირებული დისლალიის მქონე პირებში მეტყველების თერაპიას ატარებს სურდოლოგი და ნამდვილად არსებობს განსხვავება, რამდენადაც სმენის მაღალი ხარისხით დაქვეითებისას ბგერის დაყენება ხდება დამატებით ჟესტიკულაციის და სენსორული ელემენტების გამოყენებით, ზოგჯერ ბავშვს საერთოდ არ აქვს სმენა, მაგრამ სურდოლოგის დახმარებით იგი ახერხებს ბგერის სწორ წარმოთქმას ისე, რომ მას სმენით არ აკონტროლებს.


- როგორც მშობლები, ისე ბავშვები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ ენის ბორძიკს - ლოგონევროზს. ამ შემთხვევაში თუა შესაძლებელი მდგომარეობის გამოსწორება?

- არცთუ შორეულ წარსულში ლოგონევროზების მკურნალობას ცდილობდნენ ე.წ. ლოგოპედიური ხერხებით, რომლებიც ითვალისწინებდა სამეტყველო ე.წ. დიქციური სუნთქვის დაყენებას, კითხვისა და თხრობისას გარკვეულ რეკომენდაციათა შესრულებას. თანამედროვე ხედვა ამ დარღვევის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მთელ მსოფლიოში ლოგონევროზი განიხილება როგორც სამედიცინო პრობლემა, კლინიკური სიმპტომი, რომელიც მეტყველების თერაპიასთან ერთად მოითხოვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მეთოდების გამოყენებას. ამ მხრივ საუკეთესოს წარმოადგენს კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებს ენის ბორძიკში მონაწილე ყველა შესაძლო რგოლის დარღვეული ფუნქციების სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას. საუბარი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ ერთი მესამედი მოჩანს, ორი მესამედი კი წყალქვეშ არის, უხილავია. სწორედ ასეა მეტყველებაც. ის, რაც ჩვენ გვესმის, მეტყველების როგორც ფუნქციის მხოლოდ ერთი მესამედია. დანარჩენი ორი თავის ტვინის ქერქქვეშა მოტორულ ცენტრებში, სასუნთქ სისტემაშია მოქცეული, ამიტომ კომპლექსური მეთოდით მკურნალობა იწყება სუნთქვითი ვარჯიშებით, აუცილებელია მოწესრიგდეს საუბრისას ჰაერის საჭირო რაოდენობისა და ინტენსივობის ნაკადით მომარაგება, რადგან ჰაერი მეტყველების ერთგვარი საწვავია. ამისთვის გამოიყენება სუნთქვითი ვარჯიშების სპეციალურად ლოგონევროზების სამკურნალოდ შემუშავებული სისტემა. მეტყველებაზე პასუხისმგებელი ქერქქვეშა ცენტრების სინქრონული მუშაობის მიღწევა შესაძლებელია კომპიუტერული კორექციით, არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ცენტრების მუშაობის ერთ რეჟიმში გადაყვანას, რათა მეტყველება იყოს თანაბარი, ლაღი, რიტმული. მნიშვნელოვანია სამეტყველო სუნთქვის დაყენებაც. შესაძლოა, ადამიანმა მშვენივრად იცოდეს სახლის აშენება, მაგრამ ვერ შეძლოს ეს ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში. ანალოგიურად, თუ პაციენტის ნერვული ფონი მშვიდი არ არის, შედეგის მიღწევა რთულდება, ამიტომ ნერვულ სისტემაში აგზნების გასაქრობად ტარდება ფიზიოთერაპია და სხვა ტიპის სარელაქსაციო მანიპულაციები, რომელიც პაციენტის ასაკის და დარღვევის კლინიკური ფორმის შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. დაახლოებით 8-10 წლის ასაკამდე ბავშვებს ენის ბორძიკთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ, სამაგიეროდ ეს დიდი დოზით არის გამოხატული შედარებით მოზრდილ ასაკის პაციენტებში, შესაბამისად მათთვის საჭიროა ფსიქოთერაპიის ელემენტების გამოყენებაც. საკმაოდ ხანგრძლივი, ძლიერი და ქრონიკული მიმიკური თუ სხვა ტიპის საარტიკულაციო კუნთების სპაზმები, რაც დამახასიათებელია ლოგონევროზისთვის, იწვევს მათი ტონუსის ცვლილებას, ამის გამოსასწორებლად რეკომენდებულია საარტიკულაციო აპარატის ვიბრომასაჟი. დაუშვებელია ლოგონევროზის დროს ენის პირდაპირი დამასაჟება, რადგან ამან შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.

- ბევრი სპეციალისტი ლოგონევროზს განუკურნებელ პათოლოგიად მიიჩნევს. რამდენად ეფექტიანია მკურნალობა?

- მკურნალობის სტატისტიკა ასეთია: პაციენტთა 40% სამუდამოდ ივიწყებს პრობლემას, სამწუხაროდ 13-15% არ ემორჩილება თერაპიას და მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. დარჩენილი 45%-ში შეიმჩნევა მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, თუმცა მოსალოდნელია რეციდივები, ანუ გამწვავებები, თუმცა ნამკურნალევ პაციენტებთან რეციდივები უკვე აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რამდენადაც ისინი დაუფლებულნი არიან მეტყველების თვითკონტროლს, რომლის დახმარებითაც ადვილად ნიღბავენ დარღვევებს.

- როდის არის ყველაზე სასურველი მკურნალობის დაწყება?

- მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 5-6 წლიდან, შედარებით რთული პერიოდია ე.წ. გარდატეხის ასაკი, თუმცა ასაკი თერაპიისთვის შეზღუდვას არ წარმოადგენს, მეტყველების ამ ტიპის დარღვევის აღმოფხვრა შესაძლებელია 40-45 წლამდე.

- მეტყველების დარღვევები შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაც. ყველაზე ხშირად რომელ ასეთ დარღვევას აწყდებით?

- ყველაზე ხშირია ცერებრული დამბლებით ან სხვა პათოლოგიით პროვოცირებული დიზართრიები, როდესაც დარღვეულია თავის ტვინის ნერვთა ნორმალური კავშირი საარტიკულაციო აპარატთან და ამიტომ მეტყველება ხშირად გაუგებარი, წაშლილი ბგერებით მიმდინარეობს. დიზართრია ერთ-ერთი რთული პრობლემაა, რადგან მისი კორექცია ყველაზე მეტ დროს მოითხოვს, შესაძლოა მდგომარეობის გამოსწორებას, დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. ამ დროს მხოლოდ მეტყველების თერაპია საკმარისი არ არის და საჭიროა ნევროლოგიური მკურნალობაც. რაც შეეხება ინსულტისა და ტრავმის შემდგომ მეტყველების დარღვევებს, ამ დროს ტარდება ხანგრძლივი აფაზიოლოგიური მუშაობა, რათა სავსებით და უნაკლოდ აღდგეს როგორც მეტყველების, ისე წერის უნარი. მკურნალობის შედეგი უშუალოდ არის დამოკიდებული ძირითადი დაავადების მკურნალობისა და მის ნეგატიურ შედეგთა აღმოფხვრის ხარისხზე.

- მეტყველების დარღვევა დამახასიათებელია ბავშვთა აუტიზმის, აუტისტური სპექტრის დარღვევების, ექსპრესიული და იმპრესიული მეტყველების მოშლილობებისთვისაც. ამ მდგომარეობათა კორექცია რას ითვალისწინებს?

- ამ შემთხვევებში ტარდება მეტყველების როგორც ფუნქციის განმავითარებელი მუშაობა, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, სათანადო დონის მიღწევის შემდეგ გადავდივართ უშუალოდ მეტყველების კორექციაზე, რომელიც პრობლემურ ბგერათა ჩვეული წესით დაყენებასა და ჩამაგრებას ითვალისწინებს.