გაუთვალისწინებელი შემთხვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაუთვალისწინებელი შემთხვევები

გვესაუბრება პედიატრი დარეჯან შენგელია.

- ქალაქიდან აგარაკზე ჩასული პატარა, სრულ თავისუფლებას მოწყურებული, ხან რას დაიშავებს, ხან - რას. როგორ მოვუაროთ, თუ რამე გაიკაწრა ან გაიჭრა?

- კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ნატკენი ადგილი უნდა დავამუშაოთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ჩამოვბანოთ სუფთა წყლით - ის ამშვიდებს და ანელებს ტკივილს. შეიძლება, წყალში გავხსნათ ანტიბაქტერიული საპონი და ამ ხსნარით ჩამოვბანოთ დაზიანებული ადგილიდან მტვერი, ქვიშა, ტალახი.
  • შემდეგ დგება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის დრო. ჭრილობაზე დააწვეთეთ ხსნარი - წარმოქმნილი ქაფი ჭრილობიდან გამოიტანს მტვერს, ჭუჭყს, ეს უმტკივნეულო პროცედურაა. ქაფი მოწმინდეთ სუფთა ბამბით და ისევ დააწვეთეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმეჯერ, ვიდრე სუფთა ქაფს არ მიიღებთ.
  • ჭრილობის გარშემო არე (და არა თვითონ ჭრილობა) დაამუშავეთ მწვანე ბრილიანტით, იოდით, არყით, სპირტით, ოდეკოლონით. ეს ასეპტიკური ხსნარები ჭრილობას არ მოახვედროთ, რადგან შესაძლოა ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. ეს ძალიან მტკივნეულია და მისი შეხორცება უფრო მეტ დროს მოითხოვს.
  • რეკომენდებულია ჭრილობის დამუშავება ფურაცილინის ან რივანოლის ხსნარით, მეტადრე - თუ ჭრილობის ადგილას კანი ამოიბურცა, გაწითლდა და დაჩირქება დაიწყო. ხსნარის მომზადება თვითონვე შეგიძლიათ: ერთი აბი ფურაცილინი გახსენით ნახევარ ჭიქა - 100 მლ - თბილ, ანადუღარ წყალში, გააგრილეთ და ნატკენი ადგილი ჩამოიბანეთ.
  • თუ არც ერთი ეს ხსნარი არ აღმოგაჩნდათ ხელთ, შეიძლება სოდიანი წყლის გამოყენება - 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) წყალში გახსენით. ეს ხსნარი ეფექტურად აქრობს ადგილობრივად ანთებით პროცესს. სულ რამდენიმე დღეში ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს.

ამ პროცესს დააჩქარებს ქაცვის ზეთი. იგი უკვალოდ გააქრობს ნაჭრილობევ ადგილას წარმოქმნილ ნაწიბურს.

- საჭიროა თუ არა ჭრილობის ადგილის ლეიკოპლასტირით გადაკვრა?

- მცირე ზომის ნაკაწრ ჭრილობას ჰაერი უხდება, ლეიკოპლასტირის გარეშე უფრო მალე შეხორცდება, მაგრამ თუ გაჩნდა ბუშტუკები გამჭვირვალე შიგთავსით და თავისით არ სკდება, საჭიროა დავეხმაროთ, დაჩირქებამდე გავხსნათ. შეიძლება ბუშტუკების დამუშავება სპირტით ან ოდეკოლონით. სანამ მათი მთლიანობა დარღვეული არ არის, ეს პროცედურა უმტკივნეულოა.

სპირტში ჩაყავით და ერთხანს გააჩერეთ ნემსის თავი ან გამოიყენეთ სტერილური ერთჯერადი შპრიცის ნემსი. ფრთხილად ჩაჩხვლიტეთ ბუშტუკი, კანი არ მოაშოროთ - იგი ინფექციისგან დაიცავს ნატკენ ადგილს. დააკარით ბაქტერიციდული პლასტირი 2-3 დღით.

ასეთი ბუშტუკები ხშირად ფეხზე უჩნდებათ პატარებსა თუ მოზრდილებს არასწორად მორგებული ფეხსაცმლის ტარების, კანზე მისი მუდმივი ხახუნის გამო. სწორად შეარჩიეთ საზაფხულო სანდლები - მათი ზონრები არანაკლებ 2 სმ სიგანისა უნდა იყოს, რომ შიშველ კანში არ ჩაეჭიროს. ფეხსაცმელი მსუბუქი უნდა იყოს, რომ ბავშვმა ადვილად ირბინოს, ნაკლებია ტრავმებისა და ბებერების გაჩენის რისკი.

- როგორ ამოვიღოთ ეკალი?

- ეკალისა და ხიჭვის ამოღება შეიძლება გასტერილებული ნემსით. ნემსის წვერი ფრთხილად შეაცურეთ კანის ზედაპირული შრის - ეპიდერმისის ქვეშ. ამ ადგილას ტკივილის რეცეპტორები არ არის, ამიტომ პროცედურა უმტკივნეულოა. წვერის კანის ზედაპირზე ამოტანის შემდეგ პინცეტი დაიხმარეთ და მთლიანად ამოიღეთ იგი კანიდან. ჭრილობას დააწვეთეთ იოდი, ბრილიანტის მწვანე ან ადეკოლონი და ზემოდან გადააკარით ბაქტერიციდული პლასტირი. პროცედურის ჩატარებისას დაიხმარეთ ვინმე ბავშვის წინააღმდეგობის შესაკავებლად, რათა პროცედურამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

- როგორ მოვიქცეთ, თუ აუზზე ან ზღვაში ჭყუმპალაობის დროს ბავშვს წყალი ჩაეყლაპა?

- თუ წყალი სასუნთქ გზებში მოხვდა, ბავშვს ხველას დააწყებინებს, რეფლექტორული სპაზმის შედეგად იწყება მოხრჩობა. მისი ნიშნებია ხმაურიანი, მამლის ყივილის მსგავსი ან ყივანახველისებური სუნთქვა. ბავშვი შემოაბრუნეთ ზურგით თქვენკენ და ოდნავ წინ გადახარეთ. ცალი ხელით კუჭის არეში დააწექით, მეორე კი ბეჭებშორის დაარტყით. ის გადაცდენილი წყლის ულუფას ამოახველებს.

- ზაფხულში მზის დაკვრა და დამწვრობაც მოსალოდნელია. ბავშვი უფრო ადვილად იწვება, ვიდრე მოზრდილი. რა ვიღონოთ ამ დროს?

- მზის დაკვრა შესაძლოა განვითარდეს თუ პატარა აგარაკზე მზეზე დამცავი ქუდის გარეშე თამაშობდა, ხოლო სითბური დაკვრა-გადახურება - ცხელ, ტენიან ამინდში არაშესაბამისი სამოსით ყოფნამ. ორივე შემთხვევა ერთნაირად გამოვლინდება.

  • კანის სიფითრე;
  • გაძლიერებული ოფლდენა;
  • ძლიერი წყურვილი;
  • პირღებინება და გულისრევა;
  • თავის ტკივილი;
  • ყურების შუილი;
  • თავბრუხვევა გულის წასვლამდე.

იმატებს სხეულის ტემპერატურა - 40 გრადუსამდე, ასევე - გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე ბავშვი დააწვინეთ ჩრდილში ბალიშის გარეშე, ფეხები მუხლებში მოუკეცეთ და აუწიეთ. ასე გავაუმჯობესებთ ტვინისკენ სისხლის მიდენას. დაალევინეთ და ასხურეთ გრილი წყალი, ასევე გადააცვით სველი მაისური. 10-15 წამი ცერა თითებით დააწექით და დაუმასაჟეთ ე.წ. სასწრაფო დახმარების წერტილები - წარბებს შორის, ცხვირის დასაწყისში, ნიკაპისა და ტუჩის ნაოჭის შუაში, ხელისა და ფეხის თითების ბალიშები. ყოველ 30 წუთში დაალევინეთ სითხე - წყალი, უგაზო მინერალური წყალი.

მზეზე დამწვრობისას კანი პომიდორივით გაწითლებულია, შეხებისას ხურს. პირველი 4-6 საათის განმავლობაში ნუ შეაზელთ კანს ზეთს ან კრემს - ის ხელს შეუშლის ორგანიზმიდან სითბოს გაცემას.

  • დაასველეთ საფენი გრილ წყალში, კარგად გაწურეთ და დამწვარ ადგილას დააფარეთ. საფენი რომ გაცხელდება, ისევ დაასველეთ. წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან მაწონი. მხოლოდ პროცედურების დამთავრებისთანავე ჩამობანეთ და არ დატოვოთ კანზე, გამოიყენეთ ამისთვის წყალი.
  • მოუმზადეთ გრილი წყლის აბაზანა და ჩასვით 15-20 წუთით.
  • ქავილისა და ტკივილის შესამცირებლად დამწვარ ადგილას დააფინეთ თხლად დაჭრილი კიტრის ან კარტოფილის ნაჭრები.
  • აჭამეთ ხილი და ბოსტნეული - ატამი, გარგარი, ალუბალი, სტაფილო, პომიდორი. ამ პროდუქტებს აქვს მზისგან დამცავი ეფექტი და ორგანიზმს ძალების სწრაფ აღდგენაში ეხმარება.
  • ხშირ-ხშირად და ყლუპობით ასვით ხილის წვენი და კომპოტი, მინერალური წყალი. დამწვარი ადგილებიდან სწრაფად ორთქლდება სითხე, ამიტომ ორგანიზმი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია შევსება.
  • ძლიერმა დამწვრობამ შესაძლოა ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს. დაალევინეთ ასაკის გათვალისწინებით პარაცეტამოლი. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.


- ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდებიან მწერები, მათი ნაკბენი პატარებისთვისაც სახიფათოა და დიდებისთვისაც. როგორ დავიცვათ თავი მათგან?

- კოღოს ნაკბენის ნაკვალევი შესაძლოა ადვილად აგერიოთ ბავშვთა ინფექციური დაავადებების გამონაყარსა და დიათეზში. კოღოს ნერწყვი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ ნაკბენი ადგილები წითელია და მქავანა, ქავილის დროს კანზე ნაკაწრები ჩნდება და შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც.

  • საჭმელი სოდის ხსნარი ამცირებს ქავილსა და ანთებით პროცესს.
  • ანთების ჩაცხრობას ხელს უწყობს ფურაცილინის ხსნარის საფენები - 12 საათით დააფინეთ ნაკბენ ადგილას.
  • თუ მოქავებული ადგილები გაწითლდა და ბუშტუკები გაჩნდა, წაუსვით ბრილიანტის მწვანე.

ფუტკრისა და ბზიკის პირველი ნაკბენი უკვალოდ გაივლის, განმეორებითი კი საშიშია, რადგან ორგანიზმი უკვე სენსიბილიზირებულია ამ მწერების შხამის მიმართ და შესაძლოა ალერგიული რეაქციები განვითარდეს.

ნაკბენში მწერი ნესტარს ტოვებს. პინცეტით ფრთხილად ამოაცალეთ იგი კანიდან. ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგით დასველებული ბამბით და დაიდეთ ყინულის ბუშტი. შემდეგ დაიდეთ კომბოსტოს ფურცლის კომპრესი. დაალევინეთ პატარას ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

დაარიგეთ ბავშვი: ფუტკრის ან მისი მსგავსი მწერის დანახვისას ხელის ქნევას ნუ დაიწყებს. ამით უფრო მიიქცევს მწერის ყურადღებას. ნურც თქვენ შეეცდებით ხელის მოქნევით გააძევოთ ოთახიდან მწერი. იგი თავისით გავა შენობიდან. ოთახში კი მაგიდაზე ნუ დატოვებთ ტკბილეულს ან მის ნარჩენებს დასუფთავების გარეშე.

- ვის არ ჰქონია შუბლზე კოპი. ბევრმა არ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ დროს. რას ურჩევთ დედას ამ შემთხვევაში?

- კოპის ან ჩალურჯების შემთხვევაში ვურჩევთ:

  • დაშავებულ ადგილას 10 წუთით დაიდეთ ცივი საგანი. ეს შეამცირებს შეშუპებას და სისხლჩაქცევას ტრავმის ადგილას. თუ არ გაქვთ სპეციალური ბუშტი ყინულისთვის, შეგიძლიათ მაცივრიდან გამოღებული ყინულები მოათავსოთ ერთჯერად პოლიეთილენის პარკში. სიფრთხილე გმართებთ, რომ არ გამოიწვიოთ ამ ადგილის გაყინვა.
  • ჩალურჯებულ ადგილას წაუსვით 1:1 შერეული ტროქსევაზინის და პირუდოიდის მალამოები. ეს ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების გარეშე გაწოვას.
  • ნატკენ ადგილას დააფინეთ 1:1 განზავებული ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის საფენი.
  • ჩალურჯებულ ადგილას დაადეთ გაჭრილი ალოეს ფოთოლი ან მრავალძარღვას ფოთოლი.
  • თუ ნატკენი ადგილი არ იცვლის ფერს იასამნისფერ-ლურჯიდან ყვითლამდე, უფრო მუქი წითელია და თანაც გახურებული შეხებისას - ეს ნიშნავს, რომ იწყება ჩირქოვანი პროცესი. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

ცხვირიდან სისხლდენა ზაფხულში იშვიათი არ არის - ცხვირის ლორწოვანი გარსი ადვილად შრება სიცხეში, კაპილარები კი გადავსებულია სისხლით. უმნიშვნელო ტრავმაც კი საკმარისია, რომ სისხლდენა დაიწყოს. ამ დროს:

  • დასვით ბავშვი ჩრდილში სკამზე, დაწოლა არ შეიძლება - სისხლი რომ არ გადაეყლაპოს; თავი ოდნავ წინ დაახრევინეთ.
  • ცხვირში ჩააწვეთეთ ნებისმიერი ცხვირის წვეთები, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ეს შეამცირებს სისხლის მოდენას ცხვირისკენ.
  • ნესტოში გაუკეთეთ ბამბის ტამპონი დასველებული წყალბადის ზეჟანგის ხსნარში. შემდეგ გარედან თითი მიაჭირეთ ნესტოზე.
  • ცხვირის დასაწყისში, წარბებშუა ადგილას დაადეთ ცივ წყალში დასველებული ცხვირსახოცი.

გირჩევთ, ერთი დღე ნუ მისცემთ ბავშვს ცხელ საკვებს, შეუზღუდეთ მოძრავი თამაშები, რომლებსაც შეუძლია, პროვოცირება გაუწიოს სისხლდენას, გარეთ გასვლისას თავზე დაახურეთ პანამა. შესაძლოა, სისხლდენა ისევ განმეორდეს.

რა უნდა გვეწყოს საოჯახო აფთიაქში?

- სააგარაკო სააფთიაქო ჩანთაში უნდა იყოს:

  • სიცხის საზომი, უმჯობესია ელექტრონული, რათა თავიდან ავიცილოთ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის გატეხისას ნიადაგის ვერცხლისწყლით დაბინძურების რისკი;
  • ბაქტერიციდული პლასტირი;
  • ანტისეპტიკური საშუალებები: წყალბადის ზეჟანგი, იოდი, ბრილიანტის მწვანე, ფურაცილინი;
  • ბამბა, ბინტი, მათ შორის - ელასტიკურიც, რათა ფეხის ტრავმული დაზიანებისას (დაჭიმულობა, ნაღრძობი, გადაბრუნება) მოვახერხოთ სახსრის ფიქსაცია;
  • სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფისა;
  • დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო ან სპრეი;
  • ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი საბავშვო წვეთები (გამოგადგებათ სურდოსა და ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად);
  • ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები - ადსორბენტი (ნახშირი), ფერმენტები, პრობიოტიკები (ნაწლავური ფლორის აღსადგენად);
  • ანტიჰისტამინური - ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ამოსახველებელი საშუალებები;
  • დასამშვიდებელი - ჰომეოპათიური საშუალებები ან სამკურნალო ბალახების ჩაი - ძილის დარღვევის, აღგზნების, მგზავრობისას თავბრუხვევის და სხვა შემთხვევების დროს.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.