ცხვირიდან სისხლდენა- რატომ ხდება და როგორია პრევენციის გზები
იშვიათ შეთხვევებში, შესაძლოა სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის ნიშანი იყოს.
ცხვირიდან სისხლდენის ერთ-ერთი მიზეზი მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელანგიექტაზიაა, გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვები არასრულფასოვნად არის ჩამოყალიბებული და სისხლდენისადმია მიდრეკილი.
ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ცხვირის ღრუ დიდი რაოდენობით სისხლით მარაგდება. კერძოდ, ბევრი სისხლი მიედინება ცხვირის ძგიდის წინა ნაწილში, რომელიც ცნობილია როგორც კისელბახის წნული. ცხვირიდან სისხლდენის თითქმის 90% ხდება ამ რეგიონში. ცხვირის ძგიდის ეს უბანი განსაკუთრებით მდიდარია წვრილი არტერიოლებითა და კაპილარებით. მათ მსუბუქი ტრავმაც კი ადვილად აზიანებს, მაგალითად, მშრალი ქერქის უხეშად მოცილება, ცხვირის უხეშად მოხოცვა, ცხვირის ქექვა თითითა თუ სხვა უხეში საგნით.
ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, უმეტესად - ემოციური დაძაბულობის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ასეთ დროს სისხლდენა ხანმოკლე და სუსტია და უმეტესად თავისთავად წყდება. ჯანმრთელ ადამიანს ცხვირიდან სისხლი შეიძლება სიცივეშიც წასკდეს - ეს იმიტომ, რომ ცივი და მშრალი ჰაერით დიდხანს სუნთქვისას ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და წვრილი კაპილარები სკდება. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს მზის დაკვრაც. ამ დროს სისხლდენას თავის ტკვილი, საერთო სისუსტე, ყურების შუილი ახლავს თან.
თუ ცხვირიდან სისხლდენა არაინტენსიურია და სისხლის შედედებულ კოლტებს ლორწოვანი გამონადენიც ერთვის, სავარაუდოდ, საქმე ეხება რინიტს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის კოლტები რინიტის დროს ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული წვრილი კაპილარების ტრავმის შედეგია.როდესაც ეპიტაქსისი თავის ტკივილის, სურდოსა და სიცხის ფონზე აღმოცენდება, მიზეზია წიაღების ანთება - სინუსიტი (ფრონტიტი - შუბლის წიაღის ლორწოვანის ანთება - ან ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება). გჰიპერტონიული დაავადების დროს ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა დაერთოს არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებას - ჰიპერტონიულ კრიზს. ამ დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვები სკდება და ეპიტაქსისს იწვევს.
ცხვირიდან სისხლდენის რისკს ზრდის რეგულარულად სისხლის გამათხელებელი საშუალებების, ან სხვა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აშრობენ ცხვირის ღრუს.
კანის ატროფია გავრცელებული მდგომარეობაა ხანდაზმულებში, რომელიც იწვევს ელასტიურობის დაკარგვას, ასევე ზრდის ცხვირიდან სისხლდენას. ძგიდის და მიმდებარე სისხლძარღვების ქსოვილი ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება.
თუ გაწუხებთ ცხვირიდან სისხლდენა, პრევენციისათვის არსებობს რამდენიმე რჩევა:
- გამოიყენეთ დამატენიანებელი. ზამთრის თვეებში, როცა ჰაერი მშრალია, გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები;
- გამოიყენეთ მარილიანი სპრეი. ის ხელს შეუწყობს ცხვირის ტენიანობის შენარჩუნებას;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალზე დაფუძნებული დამატენიანებელიც
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
- ტრავმის შედეგად განვითარებული ეპიტაქსისის დროს, როდესაც აღინიშნება ცხვირის კონტურის ან მთელი სახის დეფორმაცია, ცხვირის მიმდებარე ქსოვილები შეშუპებული და მტკივნეულია;
- ცხვირიდან ინტენსიური სისხლდენისას, რომელიც განვითარდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე ან ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების გამო;
- როდესაც ეპიტაქსისი ცხვირის ღრუში მოხვედრილი უცხო სხეულის ბრალია. ასეთ დროს არაფრით არ შეიძლება საკუთარი მეთოდებით უცხო სხეულის ამოღება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (ოტორინოლარინგოლოგს).
- როდესაც ეპიტაქსისი 30 წუთზე მეტხანს გრძელდება და რეკომენდებული საშუალებები უეფექტოა.
- ხშირი სისხლდენის დროს, რომელიც დიდხანს არ წყდება, შეუღლებულია სილურჯეებსა და სისხლჩაქცევებთან, თან ახლავს ინტენსიური სისხლდენა ღრძილებიდან და სხვა ორგანოდან(ვინაიდან, ცხვირიდან სისხლდენა, განსაკუთრებით - საშვილოსნოდან და ღრძილებიდან სისხლდენასთან შეუღლებული, ახასიათებს აპლაზიურ ანემიას, ლეიკოზს)
პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს
ადამიანი უნდა დავსვათ და თავი ოდნავ წინ დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის უკან გადაწევა - შესაძლოა, ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, ან სისხლი სასუნთქ გზებში გადასცდეს.
ეპიტაქსისის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება. ადამიანს უნდა შეუხსნათ საყელო და გამოაღოთ ფანჯარა რათა თავისუფლად ისუნთქოს.
სასურველია ცხვირთან ყინულიანი საფენის მიდება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით ნესტოს ისე უნდა მიაწვეთ, რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და 5-10 წუთს ასე გაჩერდეთ. ნესტოზე თითის მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და სისხლდენა უმეტესად წყდება.
ეპიტაქსისის დროს არ შეიძლება ცხვირის მოხოცვა - ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. აქედან გამომდინარე, სისხლდენა შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.
თუ ეპიტაქსისის დროს ადამიანს გული წაუვიდა, აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე მიუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.
თუ ეპიტაქსისი ტრავმით არის გამოწვეული და ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ, მერე კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.