როგორ მოვაწყოთ ბავშვის კუთხე
ფუნქციური და კომფორტული საბავშვო კუთხე კი მოკრძალებულ ბინაშიც შეიძლება მოვაწყოთ. ის უნდა მიესადაგებოდეს ბავშვის სურვილებს და ასაკობრივ მოთხოვნილებებს და იყოს უსაფრთხო.
-
ახალშობილი
ახალშობილს უპირველესად დედის მზრუნველობა სჭირდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის საკუთარი ოთახი ან კუთხე, სადაც იდგმება ბავშვის საწოლი, გადასახვევი მაგიდა, კომოდი. მიზანშეწონილია, ეს ავეჯი ერთად მოვათავსოთ დედის კომფორტისთვის.'
ტრადიციულად, ბავშვის საწოლს კარისგან, ფანჯრისგან, გამათბობელი მოწყობილობებისგან მოშორებით დგამენ. ბავშვის ოთახისთვის საჭიროა მქრქალი განათება - ღამის ნათურა ან ბრა საწოლის ან გადასახვევი მაგიდის თავზე, რადგან პირველ თვეებში დედას ღამღამობით არაერთხელ მოუხდება ადგომა. საბავშვო ავეჯი, უმჯობესია, ნატურალური მასალისა იყოს, ჰქონდეს მომრგვალებული კუთხეები. დღეს ბევრი კომპანია გვთავაზობს ავეჯ-ტრანსფორმერს, რომელსაც შეიძლება ბავშვის განვითარების კვალობაზე, მისი ასაკისა და მოთხოვნილებების მიხედვით ვუცვალოთ ფორმა. ასეთი ავეჯი საგრძნობლად შეამცირებს ბავშვის კუთხის მოსაწყობად საჭირო დანახარჯს და მომჭირნედ გამოგვაყენებინებს საცხოვრებელ სივრცეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივი საწოლი სიმაღლის რეგულირებით და კარადა-ტრანსფორმერი, რომელიც შეიძლება გადასახვევ მაგიდად გარდავქმნათ, მხოლოდ რამდენიმე წლით გაგვათავისუფლებს ავეჯის ცვლისგან. შემდეგ ბავშვი ფეხს აიდგამს და დაიწყება მისი ცხოვრების მომდევნო ეტაპი ახალი მოთხოვნებით.
-
პატარა ფეხს იდგამს
როგორც კი ბავშვი ხოხვას დაიწყებს, მას უნდა მოვუწყოთ უსაფრთხო და კომფორტული სივრცე. ეს შეიძლება იყოს პატარა კუთხე საწოლის გვერდით, სადაც ბავშვი სათამაშოებით შეიქცევს თავს. იატაკიდან უნდა ავიღოთ სადენები, დავგმანოთ შტეფსელები, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას გადავაწყოთ წვეტიანი, ბასრკუთხეებიანი საგნები, სარკეები და ყველა ის ავეჯი თუ სხვა ნივთი, რაც კი შეიძლება პატარამ მოქაჩოს, გადმოაგდოს და თავზე დაიმხოს. იატაკზე უმჯობესია დავაგოთ ნატურალური მასალის ფარდაგი ან შევიძინოთ სპეციალური საბავშვო ხალიჩა, რომლის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი ნებისმიერ საბავშვო საქონლის სავაჭრო ცენტრში.
როდესაც პატარა ფეხს აიდგამს, მას ერთ კუთხეში ვეღარ გააჩერებთ. მისთვის მთელი ბინა გამოსაკვლევი ობიექტი იქნება, თუმცა მაინც უნდა გქონდეთ ადგილი, სადაც შეინახავთ ბავშვის სათამაშოებს, ტანსაცმელს, საწოლის თეთრეულს. არ არის აუცილებელი, საბავშვო კუთხის ინტერიერი შევუხამოთ დანარჩენი სივრცის სტილს. უმჯობესია, გავაფორმოთ ის ინდივიდუალურად. დიზაინი შეიძლება შევასრულოთ მშვიდ პასტელურ ტონებში, კედლები მოვხატოთ საბავშვო ნახატებით, ანდა მივაკრათ საყვარელი მულტფილმებისა და ზღაპრების გმირების გამოსახულება, სათამაშოების შესანახ ყუთს მივცეთ რომელიმე ცხოველის ფორმა და ა.შ. ასეთი გადაწყვეტა ბავშვს აგრძნობინებს, რომ ეს სივრცე მხოლოდ მას ეკუთვნის.
-
სკოლამდელი ასაკი
სიცოცხლის ამ პერიოდში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თამაში. ბიჭუნას სჭირდება სივრცე, სადაც თავისუფლად ააშენებს კოშკებს, ააწყობს კონსტრუქტორს, ხოლო გოგონას - ადგილი თოჯინების სახლისთვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვს ერთი კომოდი აღარ ეყოფა; უნდა დავუმატოთ რამდენიმე უჯრა სათამაშოებისთვის, დავუდგათ თაროები წიგნებისთვის. ძალიან გამოსადეგია საბავშვო მაგიდა ხატვისა და ძერწვისთვის. უმჯობესია, ის გასაშლელი იყოს - როცა ბავშვი ხატვასა თუ ძერწვას მორჩება, ავკეცავთ და საკუჭნაოში შევინახავთ. შესაძლოა, დაგვჭირდეს საწოლის შეცვლაც - ძველი ამ დროისთვის უკვე პატარა იქნება. საუკეთესო ვარიანტია ორიარუსიანი საწოლი, რომლის ქვედა სართულზე სამუშაო მაგიდა და კომოდი იქნება მოწყობილი. პირველი იარუსი შეიძლება საერთოდ მოვხსნათ, შევუქმნათ რა ამით ბავშვს “საკუთარი სახლის” შექმნის შესაძლებლობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია, გარკვევით გამოხატოს თავისი სურვილები, გასაგებად აგვიხსნას პრიორიტეტები - მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ, რადგან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბავშვო კუთხის მოწყობაში ბავშვიც დაიხმარეთ: მასთან ერთად ორიგინალურად გააფორმეთ სათამაშოების ყუთი, მიუჩინეთ ადგილი წიგნებს, კონსტრუქტორებს.
-
უმცროსი სასკოლო ასაკი
სასკოლო ასაკის ბავშვისთვის, სათამაშო და საძინებელ ზონასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისად აღჭურვილი ადგილი სამეცადინოდ და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაკვეთილების მომზადება სამზარეულოში, დედის ზედამხედველობით, ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი. გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის აუცილებელია სიჩუმე, მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო, ამიტომ ნუ მოაწყობთ ბავშვის სამუშაო კუთხეს სასტუმრო ოთახში, სადაც ყოველთვის ჩართულია ტელევიზორი და საუბრობენ ოჯახის წევრები. უმჯობესია, საწერი მაგიდა საწოლ ოთახში დავდგათ.
პირველკლასელი გაცილებით ნაკლებ დროს უთმობს თამაშს, თუმცა ეს საქმიანობა კიდევ დიდხანს მიიზიდავს მას. პირველ ხანებში ბავშვს უჭირს სკოლასთან შეგუება, მისთვის ეს გარემო უჩვეულოა, ისევ გართობისკენ მიუწევს გული. მისთვის ხვედრის შესამსუბუქებლად გაათავისუფლეთ სახლი სათამაშოებით სავსე ყუთებისგან. ბავშვთან ერთად გადაარჩიეთ მისთვის საჭირო სათამაშოები, დანარჩენი კი დაურიგეთ უმცროსი ასაკის მეგობრებს ან ბავშვთა სახლებს. სარგებელი თვალსაჩინო იქნება: ბავშვს ნაკლებად გაექცევა ყურადღება სათამაშოებისკენ და მეტად იფიქრებს სწავლაზე, ხოლო გამოთავისუფლებული სივრცე შეიძლება ამ ასაკისთვის უფრო სასარგებლო ნივთებით შევავსოთ.
მოზარდი ასაკი რთული პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ის სულ უფრო მეტად მიილტვის განმარტოებისკენ. იდეალურ შემთხვევაში, მოზარდს საკუთარი ოთახი სჭირდება, მაგრამ ხშირად ბინის მეტრაჟი ამის საშუალებას არ იძლევა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევეცადოთ, შევუქმნათ მოზარდს მყუდრო კუთხე, სადაც იგი თავს სივრცის სრულფასოვან მფლობელად იგრძნობს. შეიძლება შევიძინოთ კომპაქტური ავეჯი, რათა ერთ ადგილას მოვუყაროთ თავი საძინებელ, დასასვენებელ და სასწავლო ზონებს. საბედნიეროდ, სათამაშო ადგილი მას უკვე აღარ სჭირდება, ამიტომ შეიძლება, იგი კომპიუტერით ან სტერეოსისტემით გაახაროთ. თუმცა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღოთ, აუცილებლად შეუთანხმეთ იგი თქვენს მოზარდ შვილს.
-
უსაფრთხოება
საბავშვო კუთხის მოწყობისას ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის აუცილებელი პირობაა უსაფრთხოება. ავეჯი დამზადებული უნდა იყოს ხისგან; პლასტიკატი და სხვა ხელოვნური მასალა ხშირად მავნე, საშიშ ნივთიერებებს გამოყოფს. ნუ დაზოგავთ ფულს მასალის ხარჯზე, რადგან იაფფასიანი საღებავები და ლაქები შესაძლოა საეჭვო ხარისხისა იყოს. შეამოწმეთ სერტიფიკატები. დღეს ბევრი ფირმა უშვებს ნაწარმს წარწერით “ნებადართულია ბავშვის ოთახისთვის”. უსაფრთხოების ეს კრიტერიუმები ეხება ბავშვის ტანსაცმელსა და სათამაშოებს, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ბავშვს ყველაფერი პირისკენ მიაქვს. საეჭვო წარმომავლობის ნაკეთობებს ნუ მიეძალებით, აირჩიეთ მარკა, რომელმაც დროს გაუძლო.
ბუნებრივია, ყველა ბავშვი საკუთარ ოთახზე ოცნებობს და არა საბავშვო კუთხეზე, მაგრამ თუ ბინის ფართობი ცალკე სათავსის გამოყოფის საშუალებას არ გვაძლევს, მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა თავი დამოუკიდებლად იგრძნოს და, ამასთან, არ დაკარგოს კომფორტის, მყუდროებისა და ოჯახური სითბოს შეგრძნება.