ბავშვი და საახალწლო განწყობა
ემოციებით იყოს გარემოცული. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
ბავშვები ემოციების გამოხატვასა და განცდას ძალიან ადრე, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ. ამ დროს უამრავი რამ რჩება მათ ცნობიერებაში. ბავშვობაში მიღებული დადებითი ემოციები ადამიანს მთელი სიცოცხლე მიჰყვება, ბავშვის ქვეცნობიერი საოცარი ძალით ისრუტავს ყველაფერს, ყველაზე მკაფიოდ კი მის გონებაში გამორჩეული დღეები აღიბეჭდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ვაჩუქოთ მათ ლამაზი დღესასწაულები, მით უმეტეს - ახალი წელი:
ეს ხომ მართლაც ულამაზესი, ზღაპრული და ჯადოსნური დღეა, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს, უფრო მშვენიერი გახადოს სამყარო. სასწაულის მოლოდინი, სურვილების ასრულების იმედი სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დღესასწაულს მოუწყობთ და როგორ მიულოცავთ პატარებს. ახალი წელი საქართველოში ოჯახური ზეიმია, ამიტომ აუცილებელია სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა. ბავშვს პატარაობიდანვე უნდა გაუჩნდეს დღესასწაულის მიმართ მოწიწების გრძნობა.
საახალწლო ნაძვის ხე და საგანგებოდ მორთული ოთახი, ტკბილეულისა და სადღესასწაულო კერძების სურნელი - თუ ეს ყველაფერი იქნება, საახალწლო განწყობილებაც თავისთავად მოვა. არ არის აუცილებელი, საახალწლო სამზადისის დროს ბავშვები სახლიდან გავიყვანოთ, რომ ხელი არ შეგვიშალონ, მაგრამ არც უყურადღებოდ უნდა დაგვრჩეს. პირიქით, მათთვის სასიამოვნო იქნება ამ ორომტრიალში მონაწილეობა. შეიძლება ბევრი ვერაფერი გააკეთონ, მაგრამ აუცილებლად მიეცით საშუალება, ყველაფერს თვალი ადევნონ.
ხშირად მშობლებს ურჩევნიათ, თვითონ მორთონ ნაძვის ხე და ერთგვარი სიურპრიზი მოუწყონ ბავშვებს, მაგრამ ნაძვის ხის მორთვა პატარებს დიდ სიხარულს ანიჭებს; ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას. წარმოუდგენელია ახალი წელი საჩუქრების გარეშე. საჩუქრების მომზადებას კი ცოდნა უნდა. სასურველია, ბავშვის თანდასწრებით ისაუბროთ იმაზე, რომ ძალზე სასიამოვნოა საყვარელი ადამიანებისთვის საახალწლო საჩუქრის მირთმევა. ამასთან, უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს, - მთავარია ყურადღება. დღესასწაულის მთელი ხიბლი ის არის, რომ არა მარტო მიიღო, არამედ გასცე კიდეც.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევიან უფროსები. კარგი იქნება, თუ ისინი პატარებთან ერთად იმხიარულებენ, იცეკვებენ, იცელქებენ. ასეთი მშობლების შვილები ლაღები და თავისუფლები გაიზრდებიან, არასოდეს დაკარგავენ სიცოცხლის ხალისს, ყოველთვის ექნებათ უნარი, იმხიარულონ და შეჰხაროდნენ დღესასწაულებს.
საზეიმო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინი ბავშვებს ახალი წლის დადგომამდე უჩნდებათ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში წინასაახალწლო ზეიმები, საღამოები, მეჯლისები იმართება, მათთვის კი პატარები დიდი ხნით ადრე ემზადებიან, სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს. ამზადებენ სპექტაკლებს და სამეჯლისო კოსტიუმებს. სასურველია, ამ სამზადისში წვლილი მთელმა ოჯახმა შეიტანოს. ბავშვი გრძნობს ახლობლების ყურადღებას, ინტერესს, მზრუნველობას და თვითონაც იმავეთი პასუხობს.
არ დაგავიწყდეთ თოვლის პაპა და მისი ჯადოსნური ხურჯინი, რომელსაც ბავშვები მოუთმენლად ელიან. ხშირად არც კი იციან, რას ელიან - უბრალოდ სასიამოვნო მოლოდინს განიცდიან. XXI საუკუნის ბავშვები უამრავ ინფორმაციას იღებენ ტელევიზიის, კომპიუტერის, კინოს საშუალებით და შესანიშნავად იციან, ნამდვილად არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ მისი არსებობისა და დაიჯერებენ, სანამ თვითონვე ექნებათ ამის სურვილი. დაეხმარეთ, რომ ეს რწმენა დიდხანს გაჰყვეთ. ეს კიდევ ერთი გზაა, გამოხატოთ შვილებისადმი სიყვარული, ყურადღება, სიხარული აჩუქოთ მათ.
ბავშვის ემოციური სამყარო ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, მისი ემოციები განუწყვეტლივ იცვლება და ვითარდება. ზოგჯერ ისინი იმდენად მძაფრია, რომ ბავშვი ვერ უძლებს და განცდების ტყვეობაში ექცევა. ასეთ დროს ემოციები უბრალოდ სასიამოვნო ან უსიამოვნო განცდებად კი აღარ აღიქმება, არამედ აუტანელი ხდება. ალბათ შესწრებიხართ ასეთ შემთხვევას - ზეიმზე ან წვეულებაზე ბავშვი ზოგჯერ ისე აღიგზნება, რომ ტირილსაც კი იწყებს. ამ დროს იგი უნდა მოვარიდოთ ხმაურს, მკვეთრ სინათლეს, ვეცადოთ, მარტო არ დავტოვოთ და, საერთოდ, ძლიერი ემოციური გადატვირთვისგან დავიცვათ.
მშობლებმა ყოველთვის იციან, რაზე ოცნებობენ მათი შვილები. ზოგიერთ ოჯახში ასეთი ტრადიცია აქვთ: ბავშვები ბარათებზე წერენ, რა სურთ საჩუქრად ახალ წელს და თოვლის ბაბუას "უგზავნიან". შეგიძლიათ, აჰყვეთ თამაშში და სასურველი საჩუქრები საახალწლო ნაძვის ხესთან ახლოს დაალაგოთ - იქ, სადაც პატარაობისას თოვლის ბაბუა ალაგებდა. ნაძვის ხის ბრწყინვალება, საჩუქრები, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის სიხარული, საზეიმო განწყობილება, თანატოლებთნ ერთად მხიარულება - ეს შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება ბავშვის მეხსიერებაში და დაეხმარება მას, კარგ და კეთილ ადამიანად იქცეს.