ბავშვი და საზაფხულო შთაბეჭდილებები
იშვიათად გადიან და მუდამ ერთფეროვან გარემოში უხდებათ ყოფნა. მართალია თუ არა? აქ გასაკვირი არაფერია.
-
რა არის საჭირო ოჯახის სიმტკიცისთვის?
ოჯახის სიმტკიცისთვის საჭიროა: მეგობრული ატმოსფერო, ერთმანეთზე ზრუნვა, საერთო ინტერესები, ერთსულოვნება - სწორედ ის, რაც ერთად დასვენებისა და მოგზაურობის დროს გარდაუვალი და აგრერიგად აუცილებელია.
ასეთ ოჯახებში უმეტესად ჰარმონიული ურთიერთობაა, არც "მამათა და შვილთა" პრობლემა დგას ისე მწვავედ, როგორც სხვაგან. მამა, რომელიც ყოველთვის მზად არის, დასვენების, მოგზაურობისა თუ ლაშქრობის დროს ნებისმიერი სირთულე თავად იტვირთოს და გადაჭრას, მისცეს სხვებს ამტანობის, ნებისყოფისა და სიმტკიცის მაგალითი, საფრთხის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე, ბუნებრივია, შვილების მეტ პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს, ვიდრე ის, ვინც კომფორტულად მხოლოდ მყუდრო, ოჯახურ გარემოში ანდა მეგობრების გარემოცვაში, მოხერხებულ სავარძელში ან ტელევიზორთან გრძნობს თავს. ასეთ მამებს შვილების ინტერესები, მათი განწყობა, ემოციები და შთაბეჭდილებები ნაკლებად აღელვებთ.
-
მოგზაურობა და ლაშქრობა
მოგზაურობა და ლაშქრობა მხოლოდ დასვენება როდია; ეს საუკეთესო გზაა მეგობრების შესაძენად, ბევრი რამის სასწავლად, ბუნებასთან უშუალო ურთიერთობით გამოცდილების გასამდიდრებლად. ვერავითარი სკოლა იმდენ სარგებლობას ვერ მოუტანს ბავშვს, რამდენსაც ოჯახთან ერთად დასვენება და მოგზაურობა.
თუ პირველად მიდიხართ სამოგზაუროდ ან სალაშქროდ ბავშვებთან ერთად, თანაც თუ ისინი სკოლამდელი ასაკისანი არიან, თქვენი მთავარი მიზანი პატარების ინტერესების გათვალისწინება, მათი დასვენება და გართობა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, როგორ არის მომზადებული პატარა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.
3-4 წლის ბავშვები მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის აუცილებლად წინასწარ უნდა მოამზადოთ, შეუქმნათ განწყობა, რათა სირთულეებმა ვერ შეაშინონ. წინასწარ რამდენჯერმე წაიყვანეთ ქალაქგარეთ, პიკნიკზე, ექსკურსიაზე, რათა ბუნებაში ყოფნას, მასთან ურთიერთობას შეეჩვიონ. ერთი მწერალი ამბობდა, ბუნება წიგნია, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავსო. მაგრამ ამ საოცარი წიგნის წაკითხვა ყველას როდი შეუძლია; ჯერ ანბანი უნდა ისწავლოთ, გამოიმუშაოთ უმცირესი დეტალების შემჩნევის უნარი, არ გამოგეპაროთ უცნაური ნაკვალევი, ნაყოფი, მწერების ბუდე, იდუმალი სიჩუმე, უცხო ხმაური... პირველი დასვენება, მოგზაურობა თუ ლაშქრობა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, დაგეგმილი, რომ თქვენს შვილებს კიდევ არაერთხელ გაუჩნდეთ მოგზაურობის სურვილი.
მარშრუტის სიგრძე უნდა შევუსაბამოთ ლაშქრობის ყველაზე პატარა წევრის ასაკს. გზა მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს, რათა პატარა არ დაიღალოს და ინტერესი არ დაკარგოს. ეს უფროსები უნდა მოერგოთ ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს და არა ის თქვენსას.
სასურველია, მარშრუტს ჰქონდეს ემოციური ცენტრი:
- ორიგინალური ისტორიულ-კულტურული ძეგლი,
- არაჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნი (ჩანჩქერი, კლდე, ტბა, წყარო, გამოქვაბული, შთამბეჭდავი პეიზაჟი), ადგილი, საიდანაც მშვენიერი პანორამა იშლება.
უკეთესი იქნება, თუ ამ შთამბეჭდავ ადგილს მოგზაურობის ბოლოსთვის შემოინახავთ, რადგან დასაწყისში შთაბეჭდილება ისედაც უამრავია. რაც მთავარია, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, რომელთა ნახვა ან გავლაც მოგიწევთ.
მზად უნდა იყოთ პატარების უამრავ კითხვაზე დასაბუთებული და ამომწურავი პასუხის გასაცემად. ბავშვები ამაყობენ, როცა მათმა მშობლებმა "ყველაფერი იციან".
მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მოხერხებული ტანსაცმელი და საჭირო აღჭურვილობა. წინასწარ უნდა იცოდეთ ამინდის პროგნოზი, რათა ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ არ დაგაბრკოლოთ.
გახსოვდეთ: მოგზაურობისას მადა ძლიერდება. ამასთან, როგორც გამოცდილი ტურისტები ამბობენ, როცა მაძღარი ხარ, ირგვლივ ყველაფერი ერთიორად მშვენიერი გეჩვენება.
თუმცა მოგზაურობის მიზნად ჭამას ნუ აქცევთ. ისე მოიქეცით, რომ მის შესახებ მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დაგრჩეთ. ასეთ სიტუაციაში მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვს მთელი სიცოცხლე თან სდევს. ცუდად ნუ მოექცევით, ნუ დააბინძურებთ ბუნებას, ნუ მისცემთ ბავშვებს ცუდ მაგალითს - ისინი ხომ გარე სამყაროსთან ურთიერთობას ახლა სწავლობენ.